fbpx

რატომ ვერ მიდიხართ წინ – მატერიალური, ემოციური, გონებრივი თუ სულიერი ბლოკები

ავტორი ჟოლო
2,496 ნახვა

ჩვენ მუდმივი ევოლუციის პროცესში ვართ, ვვითარდებით, წინ მივდივართ, თუმცა ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. არსებობს ცხოვრებისეული ციკლები და იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, საჭიროა ციკლის სრულყოფა. დაუსრულებელი ციკლები გვბლოკავენ, ერთ ადგილზე გვყინავენ და საშინელ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ფინანსურ, ემოციურ, თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე. საიდან ჩნდებიან ეს ბლოკები?

მატერიალური – თქვენ რაღაცის კეთება დაიწყეთ, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანეთ. სახლში სიბინძურეა, არეულობა, უსარგებლო ნივთები, გადაუყრელი ნაგავი,  ჩანთაში – ქაოსი, სამუშაო მაგიდაზე – დომხალი. ეს ყველაფერი მატერიალურ ბლოკს აჩენს.

ემოციური – გაბრაზდით, განაწყენდით ვინმეზე, ან საკუთარ თავზე, თუმცა ჩაახშვეთ ეს ემოცია, არ გაარკვიეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ, დაგავიწყდათ. გგონიათ, რომ გაგიარათ, მაგრამ არა, ის ისევ თქვენშია. გამძიმებთ. ირგვლივ ნეგატივზე ორიენტირებული მეგობრები გყავთ, რომლებიც მუდამ უკმაყოფილონი არიან ცხოვრებით, სულ ცუდად არიან… ეს ყველაფერი ემოციურ ბლოკს აჩენს.

გონებრივი – ვიღაცას რაღაცას დაპირდით, არ შეასრულეთ – გბლოკავთ. აპირებდით რაღაცის გაკეთებას, არ გააკეთეთ – გბლოკავთ. დაუმთავრებელი წიგნები, შეუსრულებელი დავალებები, გადადებული გამოცდები, საქმეები… ეს ყველაფერი ინტელექტუალური განვითარების საშუალებას არ გაძლევთ. კარიერულ წინსვლას გიბლოკავთ.

სულიერი – თქვენ სიკეთე გაგიკეთეს, მაგრამ მადლიერება არ გიგრძვნიათ, არ გამოგიხატავთ, არ გადაგიხდიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, თუნდაც ცუდი გაგიკეთონ, მადლიერი უნდა იყოთ. ეს ხომ გაკვეთილებია. მათ გასწავლეს.

დაუსრულებელი ციკლები წარსულს გვაჯაჭვავს. თუკი მთელი სახლში მთელი სივრცე უსარგებლო ნივთებითაა სავსე, ახლისთვის ადგილი არ რჩება. ასევეა ყველა სფეროში, ემოციური, ინტელექტუალური თუ სულიერი თვალსაზრისით. ყველაფერი ზედმეტი უნდა მოვიშოროთ, ვთქვათ, ვიგრძნოთ, გავაკეთოთ და გავთავისუფლდეთ მისგან. თუ მომავალი გსურთ, წარსული უნდა გაუშვათ. ხვალინდელი დღე თუ გსურთ, დღევანდელი დღე დღესვე უნდა დაასრულოთ, ხვალეში ნუ გაიყოლებთ.

დაუსრულებელი ციკლი ძირგავარდნილ ტომარას ჰგავს, მთელი ჩვენი ენერგიის გადატყორცნა ხდება სრულიად უსარგებლოდ. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ძალისხმევას არ ვიშურებთ და მაინც ვერ მივდივართ წინ. ჯერ ციკლი დაასრულეთ. ადგილი გაათავისუფლეთ. ენერგეტიკული არხები გაწმინდეთ. გაწმენდა გათავისუფლებას გულისხმობს. გათავისუფლებას არამარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ დონეზეც. უნდა გათავისუფლდეთ შიშისგან, რომელიც არ გვაძლევს იმასთან გამოთხოვების საშუალებას, რაც თავის ფუნქციას უკვე აღარ ასრულებს, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი იქნება ეს, ნივთები, ჩვევები, თუ გუშინდელი ჩვენი თავი.

ცხოვრება მუდმივად ცვალებადი განზომილებაა. როცა რაღაც ახალი მოდის, ის, რაც სიხარულს განიჭებთ, უარი არ თქვათ, უნდა მიიღოთ, გაუფრთხილდეთ, მაგრამ იცოდეთ, აუცილებლად მოვა დრო, როცა მისი გაშვება მოგიწევთ. ყველაფერი დროებითია, მაგრამ როგორც ბახი იტყოდა : ,,არასოდეს თქვათ უარი შესაძლო მომავალზე და შესაძლო წარსულზე, თუკი დარწმუნებული არ ხართ, რომ იქ ვერაფერს ისწავლით!“

გადით კომფორტის ზონიდან, რადგან რახანია კომფორტული აღარაა, უბრალოდ მიჩვეული ხართ. მიჩვევა განვითარების, ახლის სწავლის საშუალებას არ გვაძლევს. ცხოვრება პროცესია და არა სტაგნაცია. თუკი წინ ვერ მიდიხართ, ნიშნავს რომ უკან ბრუნდებით. ეს დეგრადაციაა. გათავისუფლდით, გაუშვით, დატოვეთ! ბევრი ბარგით წინ ვერ წახვალთ და ვერც ახალი, უკეთესი რამეების შეძენას მოახერხებთ!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment