«ყველაში არის რაღაც ,,ის,, რომელსაც ვერაფერი ეხება» … | Jolo.ge


«ყველაში არის რაღაც ,,ის,, რომელსაც ვერაფერი ეხება» …

«ყველაში არის რაღაც ,,ის,, რომელსაც ვერაფერი ეხება» …

არ შეიძლება ასეო, ვისაც ყველა უყვარს, ან წმინდანია, ან გაიძვერა, რომელიც თავსაც იტყუებსო. რაღაც სპორტულ შეჯიბრზე წაგვიყვანეს სკოლიდან და ვიდრე შეჯიბრი დაიწყებოდა, იქამდე ვლაპარაკობდით, დარბაზში გაყვანამდე. შემეშინდა ასე რომ მითხრა, დავფიქრდი და აშკარად გაიძვერას უფრო ვგავდი, ვიდრე წმინდანს, მაგრამ მაინც არ დავიხიე უკან — კი, ყველა მიყვარს-მეთქი და ტირილი რომ არ დამეწყო, კბილები ერთმანეთს დავაჭირე ჩალეწვამდე.

ეტყობა არავის გაუმწარებიხარო.

გავუმწარებივარ, თან გაუსაძლისად და თან ოჯახის წევრს-მეთქი.

როგორ გიყვარს აბაო?

არ ვიცი, ჩემდაუნებურად-მეთქი.

ჩამოთვალა ვინც შეიძლებოდა მძულებოდა: ჰიტლერი, მუსიკის მასწავლებელი, სერიული მკვლელი, ათასი ვიღაც და ყველაზე ვამბობდი, რომ მიყვარს. გაცოფდა. ადამიანებს რომ ხოცავს, ის როგორ გიყვარსო? არ ვიცი-მეთქი და გული მეფშვნებოდა ტანში.

ჰიტლერმა ბავშვები აშიმშილა და დაწამლა და გაატყავაო და მაინცო?

კი-მეთქი მინდოდა მეთქვა და ვეღარ ვამბობდი, რადგან ხორხი მეგლიჯებოდა შეკავებული ღრიალისგან და მხოლოდ თავს ვუქნევდი. მინდოდა მეთქვა, რომ ასეთ საზარლობებს ვინც აკეთებს ისეთი უბედურია, შეუძლებელია არ გიყვარდეს-მეთქი. დაახლოებით ასე ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მეთქვა. მამაჩემიც საშინელებებს აკეთებს ზოგჯერ, მაგრამ არაა ცუდი-მეთქი — ესეც ვერ ვთქვი. კბილები სულ უფრო მეტად და მეტად მეჭირებოდა ერთმანეთზე.

მერე დარბაზში გაგვიყანეს და ჩაგვამწკრივეს სიმაღლის მიხედვით. ყვითელი ფორმები გვეცვა. ფოტოც გადაგვიღეს. ფოტო შავ-თეთრია, მაგრამ ყვითელი იყო, რაც გვეცვა, მახსოვს. მატერიის ხარისხიც მახსოვს.

ფოტოში მუშტი მაქვს საშინელი თავგანწირვით შეკრული, თითქოს საწამებლად გამიყვანეს ფაშისტებმა და უნდა გავუძლო, თორემ მარტო მე კი არა, მთელი სამყარო დაიღუპება, თუ ვიტყვი, რომ შევძლებ და ვინმეს შევიძულებ.

ყველაში არის რაღაც ,,ის,, რომელსაც ვერაფერი ეხება, ვერანაირი ჩადენილი სისასტიკე. ასე დავიჯერე და მორჩა.

ფოტო დღეს ვიპოვე. ვდგავარ ბეჭებში დიდი მონდომებით გამართული, გაჯგიმული და მარჯვენა მუშტის დაჭიმულობა თითქოს ჩემს მიღმა გადის და დარბაზსაც და ფოტოსაც და ყველა ადამიანურ ლოგიკასა და ახსნა-განმარტებას სცდება. როგორ საცოდავად, როგორ მთელი არსებით ვცდილობდი ახსნას და ვერ შევძელი. ძალიან პატარა ვიყავი. ვერც ახლა შევძლებ.

მაია სარიშვილი

 

ნანახია:(134)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სესილია თაყაიშვილის წერილი მომავალ მსახიობებს

ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობის სესილია თაყაიშვილის გმირები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სწორედ მისმა ინდივიდუალურობამ გამოიწვია ის, რომ მისი პერსონაჟები


დევით დეფის ახალი წიგნები და სიახLOVE მკითხველთან

„ვინც დღეს მოსვლა ვერ მოახერხეთ გულით გელით შაბათს,“ – ამბობს დავით დეფი და ჩვეულ ხელწერასაც არ ღალატობს — „სიახLOVE“.       არადა


„ეს წერილი სულ ერთი ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია“…

დედაჩემთან იოლი ურთიერთობა არასდროს მქონია. მისი აღზრდის წესი მკაცრ დათქმებს გულისხმობდა, ჩემი მისწრაფებები – ამ დათქმების დარღვევას. ჯიუტი ვიყავი და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<