„ყველაფერზე წამსვლელი ბებო“ — ალექსანდრე პაიკიძე | Jolo.ge


„ყველაფერზე წამსვლელი ბებო“ — ალექსანდრე პაიკიძე

„ყველაფერზე წამსვლელი ბებო“ — ალექსანდრე პაიკიძე

-არ მიყვარს გამომწვევი გარეგნობის ახალგაზრდები!

მეუბნება ინგლისის დედოფლის ხნის ქალი და მოხერხებულად იკავებს რიგში ადგილს ჩემს წინ.

ჩიაა, მხარ-ბეჭით არ გამოირჩევა და კოხტად მიეკვეხება ჩემსა და ტყავის ჩანთიან კაცს შორის, რომელიც ინტერესდება, რა ხდება მის ზურგს უკან, კისერს ატრიალებს, მაგრამ ქალს ვერ ხედავს და მე მიცქერს მეტად დაეჭვებული თვალებით, რომლებიც ამბობენ- რატომ ცმუკავ, ახალგაზრდავ?!

ქალი საბოლოოდ მოეწყო, ყოველი შემთხვევისთვის მაინც გადმომხედა, დასარწმუნებლად რომ არაფერს გავაპროტესტებდი და ახლა იმ კაცის პოზიციას შეუტია, ტყავის ჩანთიანის.

სიმართლეს გეტყვით, მე არასდროს მენახა ასეთი მიზანსწრაფული, ენერგიული და ყველაფერზე წამსვლელი მოხუცი, რომელიც უკან ჩამოიტოვებდა ყველაფერს, რაც მასა და აფთიაქარს შორის იყო განლაგებული და რაც, ოდნავ მაინც, წააგავდა ადამიანს.

ტყავის ჩანთიანი ჩემზე სწრაფად დანებდა, ვინაიდან კიდევ ერთხელ მოტრიალდა ჩემსკენ, ამჯერად მთელი კორპუსით და ვიდრე მიტრიალდა, ეს ჩემი ბებო- ოოპ და გაძვრა იმის წინ, ისე რომ, როდესაც კაცი ჩემსკენ მომართული მომაკვდინებელი მზერის დემონსტრაციით დაიღალა და მიტრიალდა, წინ ჯუჯა არსება დაინახა, რომლის წითლად შეღებილი თავი ღაღადებდა — არც იფიქრო რამე მითხრა, აღგვი პირისაგან მიწისა!

ამრიგად, აფთიაქის რიგში გამოჩენიდან ორ წუთსა და თერთმეტ წამში, ბებომ ორი პოზიციით წინ წაიწია და მიადგა რიგის ქვაკუთხედს, ზორბა დედაკაცს, რომელსაც ღაჟღაჟა ლოყები და ვერ მოვიტყუები, საჯდომი არ მინახავს და არც სურვილი გამჩენია, მაგრამ ვივარაუდებ, რომ იმავე ფერის ტრაკი ჰქონდა და სწორედ უკვე ნახსენები უკანალით ქმნიდა იმ ქვაკუთხედს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ხოლო დედაკაცი ესე იყო კლდე იგი, რომელზეც ყველაფრის აშენება შეიძლებოდა, დაწყებული ალექსანდრიის შუქურიდან, კოსმოდრომით დასრულებული და იგი, ხოლო კერძოდ გავა გაუძლებდა ნებისმიერ ადამიანისთვის ცნობილ კატაკლიზმებს, მათ შორის მეტეორების იმ წვიმას, რომლებმაც დინოზავრები გააქრეს დედამიწიდან.

დედაბერმა, იგრძნო რა წინააღმდეგობის სიმძლავრე, ჰოი, საოცრებავ, ხმა დაიტკბილა და დედაკაცს შემდეგნაირად მიმართა — ჩემო ლამაზო…..კოხტა გოგო….. — დამერწმუნეთ, სხვა სიტყვებს, რომელიც დედაბერმა ამათ მიაყოლა მნიშვნელობა აღარ ქონდა, ის ვეებერთელა ქალი დადნა და დაიფერფლა და ეს ჩემი ქონდრისქალი წარმოუდგენელი რუდუნებით და მზრუნველობით ჩააყენა წინ და კაი გამოცდილი პირადი მცველივით მზად იყო მისი მისამართით გასროლილ ტყვიებს გადაფარებოდა.

აქ ვეღარ მოვითმინე და რიგი დავტოვე. თქვენ ფიქრობთ რამის გაპროტესტება დავაპირე?- არა, როგორ გეკადრებათ, მე რიგიდან გამოვედი და მის პარალელურად განთავსებულ სკამზე ჩამოვჯექი, ვინაიდან ბებოს გადაადგილების სრული ტრაექტორია წინ მქონდა და მოვლენების განვითარებას დაველოდე. სულ აღარ მახსოვდა ზურგის ტკივილი, რომლის მიზეზების შესახებაც ჩემმა ექიმებმა ვერაფერი როცა დაადგინეს, ასე მითხრეს — არაფერი მოგივა, მაგარი ბიჭი ხარ და ტკივილის მაღალი ზღვარი გაქვს, ნიმესილი დალიე ხოლმე და მეც ამ ნიმესილის წყალობით აღმოვჩნდი სრულიად მოულოდნელ კორიდაზე, სადაც ბებო მოწინააღმდეგეებს ერთმანეთის მიყოლებით ყრიდა რინგიდან.

შემდეგ მსხვერპლს ყურთსასმენები ეკეთა, ეცვა დახეული ჯინსები, კისერზე ჰქონდა რომელიღაც ყვავილის ფორმის სვირინგი და მე ვინაიდან ყვავილებში და ზოგადად, მცენარეებში ისევე ვერკვევი, როგორც ჩვენი მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის მართვაში, ვერაფერს მოგახსენებთ, რა ერქვა ამ ყვავილს და მაშინვე გამახსენდა ის სიტყვები, რომელიც ბებომ მე მომახსენა: არ მიყვარს გამომწვევი გარეგნობის ახალგაზრდები!

მოხუცის მარჯვენა ხელი ნელა დაიძრა გოგონას მარცხენა ყურთსასმენისკენ, მიუახლოვდა, ერთხანს გაირინდა (მე ამასობაში ერთი ადგილის წამოწევა მომიწია, ვინაიდან ჩემი წერტილიდან ხელის მოძრაობა კარგად არ ჩანდა და წამოწევისას ისევ ამტკივდა წელი და გულში ექიმებს, თქმა რად უნდა, სულ მკვდარს და ცოცხალს ვუტრიალებდი და თან მადლიერი ვიყავი მათი, რომ იქვე კი არ მიმკურნალეს, არამედ უებარი ნიმესილის საყიდლად გამგზავნეს) და შემდეგ კი ერთბაშად წვდა პლასმასის ნაჭერს და თავისკენ მოქაჩა.

გოგონა შეკრთა, მისი მუსიკა აფთიაქს დამდუღრული ძაღლივით მოედო და რომელიღაც როკ ჯგუფის არცთუ დამაჯერებელი ვოკალისტის გნიასის ფონზე ბებოს სიტყვებმაც გაიჟღერა და გამოიცანით, რა თქვა მან? დია : არ მიყვარს გამომწვევი გარეგნობის ახალგაზრდები! და მიაყოლა, განსაკუთრებით გოგოები და ბიჭები!

ვიდრე ჩვენ ყველამ, მე, ტყავისჩანთიანმა, ქვაკუთხედმა, ყვავილის სვირინგიანმა და ფარმაცევტმა გავიფიქრეთ, თუ ვინ შეიძლება, კიდევ ეგულისხმა ბებოს ახალგაზრდებში, გოგოების და ბიჭების გარდა, მოხუცმა კოხტად გადაინაცვლა კიდევ ერთი საფეხურით წინ და ბოლო წინაღობას მიადგა, ხოლო ის კი- აზიური გარეგნობის კაცი, რომელსაც მოწყენილი ქათმის გამოხედვა ჰქონდა და ძებნაში მყოფი, სრულიად უმეგობრო ადამიანის ტანსაცმელი ეცვა, ძალიან გუმანიანი აღმოჩნდა, შექმნილ საშიშროებას ალღო მალევე აუღო და გვერდზე ისე მიდგა, როგორც ამას მატარებელთან შეჯახების საფრთხის გააზრებისას ყველა მოაზროვნე ადამიანი გააკეთებდა.

მაშ ასე, ბებო ფარმაცევტის წინ აღმოჩნდა, რიგს უკან გამოხედა, მაგრამ ეს არ იყო გამარჯვებულის მზერა, ეს სრული გულგრილობა გახლდათ იმ ჭია-ღუების მისამართით, რომლებიც სულ რაღაც ხუთიოდ წუთის წინ მის წინ იდგნენ და ფარმაცევტს მიუბრუნდა.

-გისმენთ, რა გნებავთ? — ჰკითხა გოგონამ და ყოველი შემთხვევისთვის ხალათზე ხელი ჩამოისვა.

მე აღარაფერი მტკიოდა! მზად ვიყავი იმავე წამს ოც კილოიანი ზურგჩანთა მომეკიდა ზურგზე და ბოღმაზე ხუთჯერ ავსულ-ჩამოვსულიყავი ისე, რომ არ შემესვენა, შემდეგ სირბილ-სირბილით ჩავსულიყავი ჭაუხებამდე და გადამერბინა უღელტეხილი და ისევ უკან, მყინვარისკენ გამომექუსლა, წამოუდგენლად აღტაცებული გახლდით და თუ ვინმე ჩემს ზურგჩანთას ამ დედაბრით დატვირთავდა სიკვდილამდე მისი მადლიერი ვიქნებოდი.

ბებომ ფარმაცევტი შეათვალიერა და სახეზე შეეტყო, ძალიან ნაწყენი დარჩა იმით, რომ გოგონამ შენიშვნის მიცემის საშუალება არ მისცა, იდეალურად იყო მოწესრიგებული.

-ორი შეკვრა პრეზერვატივი და წნევის აპარატი!

-ორი შეკვრა პრეზერვატივი და რა?

ფარმაცევტი დაიბნა და გამოვტყდები, მის ადგილას მეც სწორედ ამას ვიკითხავდი, ვინაიდან ამ ქალს წნევის აპარატის საჭიროებისა არაფერი ეტყობოდა და ისიც შემიძლია დავიფიცო, რომ უახლოესი ორმოცი-ორმოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას უფრო ჯანმრთელი ინდივიდის მოძიება ძალიან გაუჭირდება.

ბებომ ყველაფერი ჩანთაში ჩაალაგა და აფთიაქიდან გავიდა.

მე წელი აღარ მტკიოდა, ან მტკიოდა და ნანახით შოკირებული ჩემი ტვინი ჯერ ბრძანებებს ვერ იძლეოდა. მოხუცის გარდა, აფთიაქიდან სახლამდე კიდერ ერთ რამეზე ვფიქრობდი და ეს ჩემი ექიმის მიერ ნათქვამი სიტყვები გახლდათ, რომელმაც ნიმესილის დანიშვნის მერე, მაშინ როდესაც მე უკვე კართან ვიყავი, ასე მომაძახა: და ისა, ახალგაზრდავ, ( აქ ოდნავ შეიჭმუხნა, ეტყობა სიტყვა «ახალგაზრდას» ჩემი მისამართით გამოთქმის სისწორეზე ფიქრობდა) განმეორებით გასინჯვამდე სექსს მოერიდეთ, არ მოუხდება თქვენს წელს!

ალექსანდრე პაიკიძე

ნანახია:(288)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რაში და როგორ გვეხმარება სიცილი

თუ სიცილი, ისევე, როგორც ღიმილი თქვენი პიროვნების ნაწილია, ეს არაჩვეულებრივია, რადგან იზიდავს მეგობრებს, აუმჯობესებს ჯამრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. სიცილი დადებითად


მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის იუმორი „ფეისბუქზე“

უცხოეთში მოღვაწე საელგანთქმული საოპერო მომღერალი მიშა ქირია, როგორც ჩანს არა მარტო გენიალური ხმის ტემბრით არის დაჯილდოებული, არამედ იუმორის საოცარი ნიჭითაც.


„სად ნახეთ ჩემი „ან — სი“ ქალბატონო“ — სულა სულაშვილი

„ახლა თუ დამიბარა სუს-მა შესამოწმებლად მერე ნახეთ ცირკი. გვიან ვნახე, რომ ჩემი ახლო ნაცნობის ბიცოლაა და დავინდე“ — წერს სულა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*