წარმატებისა და სურვილის ასრულებასთან დაკავშირებული რწმენათა სახეები | Jolo.ge


წარმატებისა და სურვილის ასრულებასთან დაკავშირებული რწმენათა სახეები

წარმატებისა და სურვილის ასრულებასთან დაკავშირებული რწმენათა სახეები

რწმენები და განწყობები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ არა მხოლოდ ჩვენს თითოეულ ქცევას, არამედ ჩვენს ცხოვრებას თავის მთლიანობაში, ცხოვრების ხაზსა და ბედისწერას. როცა რაიმე მტკიცედ გვწამს, იმის ალბათობა ძალიან დიდია, რომ ვიმოქმედებთ ჩვენი რწმენის შესაბამისად. წარმატების მიღწევის ან იღბლიანობის კონტექსტში არსებობს რამდენიმე სახის რწმენა და პოსტულატური დაშვება, რომლებიც დასახული მიზნის მიღწევაში ან სურვილის ასრულებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

წარმატებასა და სურვილის ასრულებასთან დაკავშირებული რწმენათა სახეები

1.რეზულტატის მოლოდინი

პირველი სახის ასეთი რწმენაა ე.წ. რეზულტატის მოლოდინი (Outcome expentancy).  ეს ნიშნავს იმ მენტალურ მდგომარეობას, როცა ჩვენ ვთვლით, რომ ესა და ეს კონკრეტული მიზანი პრინციპში მიღწევადია ან ესა და ეს სურვილი პრინციპში ასრულებადია („ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს პრინციპში შეუძლია მიაღწიოს“). მაგალითად, წარმატების ენაზე და  ჯანმრთელობის თვალსაზრისით ეს შეიძლება ნიშნავდეს „ ესა და ეს სენი, მაგალითად, კიბო პრინციპში განკურნებადია“ და ადამიანმა შეიძლება მიმართოს ამა თუ იმ ძალისხმევას, რათა  ებრძოლოს დაავადებას.  სწავლაში ეს შეიძლება ნიშნავდეს „უნვერსიტეტის წარჩინებით დამთავრება შესაძლებელია“ და სტუდენტმა შეიძლება ამ რწმენის ნიშნად დღე და ღამეები გაათენოს მეცადინეობაში. სპორტში ეს შეიძლება ნიშნავდეს „ ამა და ამ სახეობაში რეკორდის მოხსნა და ახალი რეკორდის დამყარება პრინციპში მიღწევადია“. ბიზნესის სფეროში შესაძლოა ვინმეს ჰქონდეს მტკიცე რწმენა „ამა და ამ ბიზნესის აგება და  მილიონერად გახდომა პრინციპში მიღწევადია“. სურვილების ახდენის ენაზე და რაიმეს შეძენის თვალსაზრისით ეს შეიძლება გამოითქვას: „სრულიად ახალი მოდელის  მერსედეს–ბენცის შეძენა პრინციპში შესაძლებელია“ და სხვა. თუ ადამიანი მტკიცედ დარწმუნებულია, რომ მიზანი პრინციპში მიუღწევადია ან სურვილი პრინციპში არ არის ახდენადი („არავის არ შეუძლია მიაღწიოს“), მაშინ ადგილი აქვს  უიმედობას. მაგალითად, თუ ადამიანი თვლის, რომ ესა და ეს სენი განუკურნებადია, მაშინ მან შეიძლება არც არავითარ ძალისხმევას არ მიმართოს დაავადებასთან საბრძოლველად. თუ ესა და ეს სპორტსმენი ჩათვლის, რომ ამა და ამ რეკორდის მოხსნა შეუძლებელია, მან შეიძლება არაფერი არ იღონოს თავდადებული წვრთნის თვალსაზრისით, რათა ამ მიზანს მიაღწიოს. უიმედობა იმის ძირია, რომ ადამიანმა თავიდანვე დაჰყაროს ფარ–ხმალი და არ იღონოს რაიმე ან არ ჰქონდეს თუნდაც მცდელობები, რათა სურვილი აისრულოს ან მიზანს მიაღწიოს. ამგვარად, რეზულტატის მოლოდინის არქონა უკვე უდრის უიმედობას და მითუმეტეს თუ თვლის, რომ არა მართო პრინციპშია შეუძლებელი გქონდეს რეზულტატის მოლოდინი, არამედ პირადადაც არ შეგიძლია შესაბამის შედეგს მიაღწიო, მაშინ უიმედობა სასოწარკვეთაშია გადასული.

2.თვით–ეფექტურობის მოლოდინი

მეორე ტიპის რწმენა წარმატების მიღწევისა  და სურვილის ასრულების თვალსაზრისით გახლავთ თვითეფექტურობის მოლოდინი (Self-efficacy expectancy). აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ გვწამს ორი რამ ერთდროულად: რეზულტატი პრინციპში მიღწევადია, და, ამასთან ერთად, მე  მაქვს ყველაფერი, რათა მიზანს მივაღწიო ან ავისრულო სურვილი („პირადად მე შემიძლია მივაღწიო“).  ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მაქვს ძალები იმისათვის, რომ ავადმყოფობას თვითონვე ვძლიო. სწავლაში ეს ნიშნავს, რომ ვგრძნობ საკუთარ ძალებში რწმენას, არ ვიშურებ არაფერს და თავგამოდებით ვშრომობ უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრებისათვის. სპორტში  შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ჩემი სპორტული მონაცემების მაღალი თვითსეფასება მახასიათებს და წვრთნას არათუ ვაკლებ რაიმეს, არამედ ვზრდი კიდეც მის დოზებს. ბიზნესში ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მარკეტინგულად შეისწავლე საკითხი და დარწმუნდი საკუთარი ბიზნესის მაღალ ღირებულებაში, შენი ბიზნესი ეწერება ქვეყნის პრიორიტეტებში, ნედლეულის ბაზა სახეზეა და არსებული საგადასახადო კანონმდებლობა არ გიქმნის გადაულახავ სიძნელეებს, და მეორეს მხრივ, გყავს ენთუზიაზმითა და რაციონალობით გამსჭვალულ თანამოაზრეთა გუნდი, დაბოლოს მტკიცე ნება აწარმოო მოცემული ბიზნესი. მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ ესა თუ ის მიზანი პრინციპულად მიღწევადია სხვათა მიერ ან ამა თუ იმ სურვილის ასრულება სხვებს ხელ–ეწიფებათ, მაგრამ პირადად თქვენ არ შეგწევთ მიაღწიოთ მას ან აისრულოთ იგი, მაშინ თქვენ ავლენთ არა უიმედობას, არამედ უსუსურობას („სხვებს შეუძლიათ, პირადად მე კი ვერ შევძლებ“). მაგალითად, თქვენ თვლით, რომ ამა თუ იმ სენის საკუთარი ძალისხმევით განკურნვა შეუძლიათ თქვენთვის ნაცნობ ან უცნობ ადამიანებს, მაგრამ თქვენ არა და არ შეგიძლიათ, ვერ პოულობთ სათანადო ცოდნასა და ძალას. უსუსურობა  იმით განსხვავდება უიმედობისაგან, რომ უიმედობა უფრო იმას ეხება, როცა რაიმე ცხადდება როგორც პრინციპში  განუხორციელებადი ადამიანთა მიერ; ხოლო უსუსურობის დროს ხაზგასმა ხდება იმის, რომ პირადად შენ არ შეგიძლია რაიმის განხორციელება, თორემ  სხვათა მიერ იგივე რაიმის განხორციელება სრულიად შესაძლებელია.

მე შევეცადე ყველა რწმენების, მათი განხორციელება – არ განხორციელების, შესაძლებლობა– ვერ შეძლების  ვარიანტების  კლასიფიკაცია გამეკეთებინა. გთავაზობთ 5 ვარიანტიან კლასიფიკაციას:

მოცემული მიზნის მიღწევა ან სურვილის ასრულება პრინციპში შესაძლებელია + პირადად მე ნამდვილად შემიძლია მივაღწიო ამ მიზანს ან ავისრულო ეს მიზანი = წარმატებულ ქცევას. ეს ის ვარიანტი, როცა მიზნის წარმატებული მიღწევა ობიექტურადაც შესაძლებელია და სუბიექტურადაც მწამს, რომ ნამდვილად მივაღწევ. ასეთი თანხვედრა მიზნის მიღწევის პრინციპულ, ობიექტურ მიღწევადობასა და სუბიექტური მიღწევადობის რწმენას შორის ოპტიმალური ვარიანტია წარმატების მისაღწევად. იგი ერთგვარი წარმატების მიღწევის გამარტივებული ფორმულაა;

მწამს, რომ მოცემული მიზნის მიღწევა ან სურვილის ასრულება პრინციპში შესაძლებელია + ვთვლი, რომ პირადად მე ნამდვილად არ შემიძლია მივაღწიო ამ მიზანს ან ვერ ავისრულებ ამ მიზანს = უსუსურობა; სხვებისთვის ობიექტურად შესაძლებელი ჩემთვის მიუღწევადია. ეს გახლავთ მიზნის მიღწევის ან სურვილის ასრულების თავლსაზრისით უსუსურობის ფორმულა;

პრინციპში შეუძლებლად მიმაჩნია მოცემული მიზნის მიღწევა ან სურვილის ასრულება + პირადად მე რაღაც რესურსები გამაჩნია მიზნის მისაღწევად და ცოტათი ვცდილობ, იქნებ რაიმე გამომივიდეს = უიმედობა; უიმედობის შემთხვევაში მიზნის მიღწევის პრინციპული შეუძლებლობა შეხამებულია მცირეოდენ ან ორდინარულ პირად ძალისხმევასთან, საშუალო ან დაბალი მოტივირების ხარისხთან; ეს გახლავთ უიმედობის ფორმულა წარმატებისა და სურვილის ასრულების სფეროში;

პრინციპში შეუძლებლად მიმაჩნია მოცემული მიზნის მიღწევა ან სურვილის ასრულება + მაგრამ მწამს, რომ ზეადამიანური ძალისხმევისა და მოტივაციის მეოხებით გავაკეთებ შეუძლებელს = გმირული და ლეგენდარული მიღწევა. ეს გახლავთ გმირული მიღწევის ფორმულა, როცა ადამიანი გადის თავისი და ზოგადად ადამიანის შესაძლებლობების ზღვარზე და აკეთებს იმას, რაც აქამდე პრინციპულად შეუძლებლად მიაჩნდა ადამიანთა 99%–ს. ასეთი ჰეროიკული დამოკიდებულების მაგალითები მართალია იშვიათია, მაგრამ მაინც მოიპოვება კაცობრიობაში. მაგალითად, ავიღოთ ჩვენი სახელოვანი ჯუმბერ ლეჟავა, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გამოსცადა და იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავისთვის მოევლო, მან გადალახა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზღუდეები, ამ გაძვალტყავებული ქვეყნის ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ გააკეთა შეუძლებელი: ველოსიპედით მოიარა მსოფლიო, გაუძლო უფულობასა და რიგ შემთხვევებში შიმშილსა და სიცივეს, ხოლო გზაში ახალ–ახალ სპორტულ რეკორდებს ამყარებდა ეს ხანდაზმული ადამიანი. ან კიდევ, კოსტა–რიკელმა ჩიტომ დაიმეგობრა ნიანგი ჩოპო, ოცი წელიწადი გრძელდებოდა ნიანგისა და ადამიანის ურთიერთ–ნდობასა და სიყვარულზე აგებული მეგობრობა. ამ ადამიანმა შეძლო შეუძლებელი – მოათვინიერა და დაიმეგობრა ნიანგი. შეუძლებლისა და წარმოუდგენლის შეძლება არის კაცობრიობის წინსვლის ძირითადი ძრავი, თუმცა არც თანდათანობითი და ნელი ტემპებით მიმდინარე პროგრესია ხელწამოსაკრავი რამ.

ახლა მინდა შემოგთავაზოთ სასოწარკვეთის ფორმულა = პრინციპში შეუძლებლად მიმაჩნია მოცემული მიზნის მიღწევა ან სურვილის ასრულება + ვთვლი, რომ პირადად არაფერი შემიძლია და რესურსები სრულიად შეზღუდული მაქვს; ჩემი რწმენით, ობიექტურად შეუძლებელიცაა და არც პირადად არ შემიძლია მოცემული მიზნის მიღწევა ან სურვილის ასრულება.

მოცემული 5 ვარიანტიდან 3 განეკუთვნება უსუსურობის, უიმედობისა და სასოწარკვეთის მდგომარეობებს, რაც ჩემი საავტორო პროგრამის „წარმატების 365 დღის“ სპეციალური საზრუნავია. კერძოდ, ტრენინგთა და კონსულტირების სხვადასხვა მეთოდებით ვცდილობ გადავიყვანო ესა თუ ის ადამიანი უსუსურობა–უიმედობა–სასოწარკვეთის პოზიციებიდან ოპტიმისტურ, პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებულ ლიანდაგებზე. ეს პროგრამა აგრეთვე გულისხმობს პიროვნების კიდევ უფრო გაძლიერებას, თუკი იგი უკვე ისედაც დაადგა წარმატებისკენ სავალ გზას („მიზანი პრინციპში მიღწევადია, ხოლო მე ნამდვილად შემიძლია მას მივაღწიო და ამის ყველა რესურსი მაქვს“).

3.რეაქციის მოლოდინი და პლაცებოს ეფექტი

არსებობს კიდევ ერთი სახის რწმენა, რომელსაც ეწოდება რეაქციის მოლოდინი (Response Expectancy). რეაქციის მოლოდინი აღნიშნავს იმის დაშვებას, რომ რაც ხდება, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, ყველაფერი არის  ჩვენი მოლოდინების შედეგი; ჩვენ გვაქვს რაღაც რეაქციის მოლოდინი და ამიის წყალობით მაინცადამაინც ეს რეაქციები ხორციელდება. მაგალითად, თუკი რომელიმე ადამიანთან ურთიერთობისას ველოდები, რომ ჩემს რომელიღაც შეთავაზებაზე იგი გამიბრაზდება, მაშინ ეს ადამიანი მართლაც გამოავლენს ბრაზის რეაქციას, თუმცა იგივე რაიმის შეთავაზებისას თუკი ველოდები, რომ იგი სიხარულს გამოხატავს, მაშინ მისი მხრიდან მართლა შეიძლება ჰქონდეს ადგილი სიხარულის რეაქციას. ჩემი მოლოდინი განსაზღვრავს იმას, თუ რა რეაქციას მომცემს ესა თუ ის ადამიანი.

რეაქციის მოლოდინის ყველაზე ნათელი მაგალითია პლაცებოს ეფექტი. პლაცებოს ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ღებულობს ფიზიოლოგიურად სრულიად ნეიტრალურ და არავითარი ზემოქმედების მქონე ფხვნილს, ხსნარს ან აბებს, მაგრამ მისი ორგანიზმი რეაგირებს  იმ სამკურნალო ეფექტით, რაც ინფორმაციის სახით მიეწოდა ამ ადამიანს, თითქოს ეს აბი, ფხვნილი თუ ხსნარი ახდენდეს ამდაგვარ სამკურნალო ზემოქმედებას. მრავალი კვლევით დადასტურდა პლაცებოს ეფექტურობა. აღნიშნავენ, რომ პლაცებო საშუალოდ კარგად მუშაობს და ერთი მესამედ შემთხვევებში მისი ეფექტი არ ჩამორჩება ნამდვილი მედიკამენტების ეფექტს. ისიც კი დადასტურდა, რომ პლაცებო აძლიერებს ნამდვილი მედიკამენტის ეფექტს, თუკი მიწოდებულია დამარწმუნებელი ინფორმაცია, რომ ეს მედიკამენტი ნამდვილად უხდება ამ დაავადებას, და პირიქით, ასუსტებს მედიკამენტის ეფექტურობას, თუკი ადამიანს მიეწოდება ინფორმაცია, რომ ეს მედიკამენტი საზიანოა ჯანმრთელობისათვის.

ერთი სიტყვით, რეაქციის მოლოდინი და პლაცებოს ეფექტი იმის დამადასტურებელი ფაქტია, თუ რა დიდი ძალა აქვს რწმენას ადამიანის ყველა სახის ქმედებებში და მათ შორის ჯანმრთელობის უზრუნველჰყოფის საქმეში: ნებისმიერი პრობლემა და მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემებიც წარმატებით გადაწყდება, თუკი ნდობას ვუცხადებთ და გვწამს იმ საშუალებების (მაგალითად, მედიკამენტის), რითაც ვცდილობთ ამ პრობლემის გადაჭრას. მაგალითად, თუკი ვცდილობთ გადავჭრათ სამუშაოს პოვნის ან თვითდასაქმების პრობლემა, საჭიროა გვწამდეს კიდეც იმ ძალისხმევის ან საშუალების  ან მცდელობების, რასაც მივმართავთ; გვწამდეს ის, რომ ყოველი მცდელობა მოიტანს სასურველ შედეგს; გვწამდეს, რომ  სასურველი შედეგი თვით მაშინაც კი გვაქვს ხელთ, როცა ერთი შეხედვით შედეგი არ ჩანს: ყოველი უშედეგობა მარცხი კი არ არის, არამედ ერთგვარი გამარჯვებაა, რაც გვაუწყებს, რომ ახალი გზაა გამოსაძებნი და ახალი  მცდელობა ახალ რეაქციას გამოიწვევს, რაც ცვლილებებს მოიტანს. ყველა რწმენითი მოქმედების შედეგი რაიმე ცვლილებაა. თვით მაშინაც კი, როცა ვმოქმედებთ იმ რწმენით, რომ ყველაფერს უცვლელად შევინარჩუნებთ, შედეგად და რეაქციის სახით გვაქვს სრულიად ახალი რეალობა: ჩვენმა ნება–სურვილმა ყველაფერი უცვლელად დარჩეს გამოცდა უნდა გაიაროს;  ხოლო ყოველი გამოცდა ახალი გაკვეთილი და გამოცდილებაა, ახალი გამოცდილება კი უკვე არის დიდი ცვლილება.

რწმენები ლოგიკას არ ექვემდებარებიან, ისინი პირიქით განსაზღვრავენ ლოგიკას. რწმენა იმისათვის არ არსებობს, რომ იგი რეალობას დაემთხვეს. ყველაზე დიდი რეალობა ისაა, რომ ჩვენ არასოდეს არ ვიცით რა არის რეალობა და ამიტომაც ჩვენ ვქმნით რწმენებს , რათა რაღაც რეალობის არსებობის გვწამდეს. „რწმენა ქმნის რეალობას“ – როგორც ამბობდა უილიამ ჯეიმსი.

ერთერთ კვლევაში გამოკითხულ იქნა ადამიანები, რომელთაც გადაიტანეს კიბო ანუ რომელთაც დაუსვეს ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადიის დიაგნოზი ყველაზე უარესი პროგნოზით, მაგრამ გადარჩნენ და აგრძელებდნენ მას შემდეგ ცხოვრებას მთელი 10–12 წლის განმავლობაში. რაში იყო გადარჩენაში ასეთი წარმატების ძირი?კვლევის შედეგად  აღმოჩნდა, რომ  ეს კიბო–გადატანილები სულ სხვადასხვა  მეთოდებით მკურნალობდნენ დაწყებული ქიმიოთერაპიით და დამთავრებული კვების სხვადასხვა დიეტებითა და სულიერი მკურნალობით. არც ერთ  მეთოდს არ გააჩნდა რაიმე უპირატესობა სხვებზე. მაგრამ რაც მთავარია აღმოჩნდა, რომ უკლებლივ ყველა კიბო–გადატანილს ახასიათებდა რწმენა იმ მეთოდისადმი, რასაც მიმართავდნენ. ეს გახლავთ ნათელი მაგალითი, თუ როგორ აღწევს ადამიანი რწმენის საფუძველზე წარმატებას უმძიმეს სენთან ბრძოლაში.

ცნობილია, რომ ნეიროლინგვისტური პროგრამირების ერთერთმა კორიფემ რობერტ დილტსმა საკუთარი დედა განკურნა ავთვისებიანი სიმსივნისაგან, მაშინ როცა ექიმების პროგნოზი ძალიან მძიმე იყო. რ. დილტსმა ოთხი დღის განმავლობაში თავაუღებლივად იმუშავა დედამისთან, რათა მოეხსნა მისი შემზღუდავი და დამასუსტებელი რწმენები, ხოლო გაეძლიერებინა მასტიმულირებელი და გამაძლიერებელი დაშვებები და რწმენები.  ჩატარებულმა სამუშაომ ფანტასტური შედეგი გამოიღო და დედამისი მრავალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სისხლსავსე ცხოვრებით, კითხულობდა ლექციებს კიბოს დაძლევის თაობაზე პირად მაგალითზე დაყრდნობით.

ავტორი — ნოდარ სარჯველაძე

წყარო:sarjveladze.blogspot.com

ნანახია:(276)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

სიბერე მრავალ რამეზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს – 80 წლის ჩინელი მოდელი

მან, გასულ წელს, პოდიუმზე მკერდმოშიშვლებულმა გაიარა. სწორედ ამის შემდეგ, 80 წლის მამაკაცს ჩინეთის ყველაზე „ცხელ პაპას” უწოდებენ. ვანგ დეშუნი პროფესიით


აღმოაჩინეთ შეცდომა და გადადით მოქმედებაზე

„თქვენს ცხოვრებაში თუ რამ ხდება და თქვენ ყოველთვის სხვას ადანაშაულებთ ამაში, ანუ თითს იშვერთ სხვისკენ — ღმერთისკენ, სამშობლოსკენ, წინაპრებისკენ, მშობლებისკენ,


ძალით წაიკითხე, სასარგებლოა …

არ შეთხზა, არ მოიგონო ისტორიები იმისთვის, რომ თავი დაიმშვიდო, ვითომ ბედნიერი ხარ. ნუ გექნება ილუზია, რომ შენი გამოგონილი ცხოვრება ნამდვილია.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*