„უზომოდ მომინდა დამეწერა… რომ…“ — ნატა თვალაძე

by admin | Август 29, 2016 22:53

ცხოვრება გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ მას… რომ ადამიანმა საკუთარ თავს თავად შეუქმნა პრობლემები, ისევ და ისევ საკუთარი თავის სახით…

მინდა, მოგიყვე, რა ხდება, როცა აცნობიერებ, რომ საკუთარ თავს პრობლემები თავად შეუქმენი და მერე ცდილობ ყველაფრის გამოსწორებას…

პირველი ის, რომ ქაოსს ცვლი წესრიგით… არა, უფრო სწორად, ჯერ წესრიგის სურვილით… მერე მცდელობით… მერე ამ მცდელობისთვის თავის დანებებით… მერე დაცემის შიშით… მერე ისევ ადგომით და ამ წესრიგის ხელახლა შექმნით… ხომ გქონია შემთხვევა, როცა თითქოს ყველაფერი დალაგდა, შენ კი უცებ გინდება, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ისევ აურიო და დომინოსავით «მოზილო», რომ ისევ შექმნა ქაოსი… «ძველ მე»-ს უყვარს ქაოსი… «ძველი მე» ითხოვს ქაოსს…

შენ ხდები «ახალი», ნელ-ნელა ხდები… ჯერ შეუმჩნევლად, მერე ოდნავ შესამჩნევად, მერე უკვე იკვეთება და იხატება შენი ახალი და ნამდვილი სახე… იშორებ გრიმებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება სახეზე ითხაპნიდი და ითხაპნიდი… წმენდ და ასუფთავებ შენს შიგნით ყველაფერს, რასაც წლების მანძილზე აბინძურებდი… და ნელ-ნელა უკვე მოგწონს ახალი, მსუბუქი და ნამდვილი გარემო შენში…

მაგრამ «ძველი მე» არ ჩერდება, არ ნებდება… თავისას ითხოვს… მას სწყურია ქაოსი და ყველაფერი, სახელად «ვითომ»… ის მიეჩვია თამაშს, თავდასხმით თავდაცვას, შიშსა და თავის «ბუნაგს» და ახლა გამწარებული გთხოვს, უფრო სწორად, მოითხოვს, დააბრუნო თავის კომფრტის ზონაში… ის ხომ ასე მიეჩვია დამალვასა და ქვიშაში თავჩარგულ ცხოვრებას…

ახალი მე — გიყენებს უმაღლეს სტანდარტებს, წარმატებული, მიზანსწრაფული, თავგადასავლებით, რისკებით სავსე ცხოვრებისათვის… შენ გინდა, ღმერთო, როგორ გინდა ეს ყველაფერი და მიფრინავ ამ სურვილისკენ… ის კი, მეორე, შეშინებული და დამფრთხალი, ყოველ სისხამ დილას გექაჩება უკან, საბნის ქვეშ, რომ დაიმალო და არაფერი განსაკუთრებული არ გინდოდეს…

და შენ ირჩევ… ყოველ დილას ადგომისას ირჩევ, ყავის სმისას ირჩევ, მუშაობისას ირჩევ, დაწოლის წინ ირჩევ, ვინ იყო — რომელს დაუჯერო, რომელს გაეკიდო… ერთი მომავლისკენ გეძახის, მეორე — წარსულში გექაჩება… შენ კი აქ და ამჟამად, აწმყოში უნდა გახდე ის, ვისაც ირჩევ…

იყავი ძლიერი და გააკეთე არჩევანი ყოველ წამს… ეს ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ ბედნიერი და თავისუფალი იყო… გინდა, გქონდეს უკეთესი ცხოვრება? — მაშინ უნდა გინდოდეს, გახდე «უკეთესი მე»… სხვა არასოდეს გააკეთებს არჩევანს ჩვენს მაგიერ…
გააკეთე არჩევანი ამ და ყოველ წამს… და იცოდე — მარტო არ ხარ… მე ამ არჩევანს ამ მომენტშიც კი ვაკეთებ და გწერ… წარმატებებს გისურვებ ახალი და ნამდვილი მე-სკენ სვლაში…

ნატა თვალაძე

ნანახია:(305)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/uzomod-mominda-damewera/