„უთხარით ყველას, მშვიდობით არისო“ — ლეგენდარული მსახიობი „მონანიებიდან“ | Jolo.ge


„უთხარით ყველას, მშვიდობით არისო“ — ლეგენდარული მსახიობი „მონანიებიდან“

„უთხარით ყველას, მშვიდობით არისო“ — ლეგენდარული მსახიობი „მონანიებიდან“

ავთანდილ მახარაძემ ქართულ კინოში ბევრი საინტერესო და სახასიათო როლი შექმნა, თუმცა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება „მონანიებიდან“ მიიპყრო და დღემდე ყველას სწორედ ვარლამ არავიძის პერსონაჟით ახსოვს. ჩვენი საუბარიც ამ როლის გახსენებით დაიწყო, საუბრის ბოლოს კი მითხრა : უთხარით ყველას, მშვიდობით არის და კარგად გრძნობს თავს-თქო… ვისაც კი ვახსოვარ, ყველას დიდი მოკითხვა ჩემგან, ძალიან დიდი სიყვარულით…. . “

არ უყვარს ინტერვიუები და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობა. ჩემი თვითმიზანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს ყოფილაო – ამბობს. ამიტომაც არ ჩანს არსად. ვერც ინტერვიუებს ნახავთ მასთან, ვერც ტელეგადაცემებში მოკრავთ თვალს. მე ალბათ ის გამონაკლისი ვარ, რომელსაც ძალიან გაუმართლა. 

ავთანდილ მახარაძე: „ეს ყველალფერი ასე დაიწყო: მოვიდა თენგიზი (რეჟისორი თენგიზ აბულაძე — ავტ.), მე სახლში არ ვიყავი, დატოვა სცენარი და თქვა, აბელს მიაქციოს ყურადღებაო. არტისტს რომ სცენარს დაუტოვებენ, რას იზამს? იმ როლს წაიკითხავს ყურადღებით, რომელსაც სთავაზობენ. მართლაც, დავუკვირდი და გენიალური როლია აბელი, მაგრამ ვარლამზე გავგიჟდი. შევხვდი რეჟისორს, მადლობა გადავუხადე და ვეუბნები: ძალიან კარგი როლია აბელი, მაგრამ ვარლამი უფრო მომეწონა და იქნებ ერთი სინჯი ვარლამისაც გადავიღო-მეთქი. კარგი, მოვიფიქრებო, მითხრა. ორი კვირის შემდეგ მეუბნება: არც სინჯი გვინდა, არც ფოტო, ორივე როლს შენ ითამაშებო. ორივე როლზე არც კი მიოცნებია, მე ვთქვი, აბელს ვარლამი მირჩევნია-მეთქი. ამიტომ ვუთხარი, ორი როლი როგორ მანდე?“

. . .

„სხვადასხვანაირი რეჟისორი არსებობს, ისევე, როგორც არტისტი. შეიძლება რეჟისორი შენთვის მუშაობდეს, ცდილობდეს, შეგასწავლოს პროფესია, გაგხადოს პროფესიონალი, აქ უამრავი ნიუანსია, მაგრამ თენგიზი სხვა ტიპის რეჟისორი იყო. თუ რამე ცოდნა, პროფესიონალიმზი მქონდა დაგროვილი, ყველაფერს ერთად მოუყარა თავი და გადმომანთხევინა. მას ჰქონდა უნარი, დიდი ამოცანა დაესახა თავისთვისაც და სხვისთვისაც“.

. . .

„ვარლამის ეპიზოდი ძალიან მომწონს ინტელიგეციასთან შეხვედრა – იქ იმდენი ნიუანსია, ერთ სცენაში იმდენი გადასვლაა. აბელთან კი აღსარება მიყვარს. ეს სცენა მილიონნაირად შეეძლო გადაეღო, მაგრამ მან აპარატი არ მომაშორა, სხვა კადრით არ შეუშალა ხელი. ვარლამის შეშლილობის ეპიზოდებზე ბევრს ვფიქრობდი და მომწონდა. თუნდაც იმიტომ, რომ ვარლამი დაბერდა და უკვე სხვა რამ ხდებოდა მის სულში. რაღაც განსხვავებული მინდოდა, გამეკეთებინა. მართლაც, ერთი სცენა მოვიფიქრე და ვაპირებდი, მარტო მეჩვენებინა თენგიზისთვის. ერთხელაც, დასვენების დღე გვქონდა და ბულვარზე ვსეირნობდით. მაშინ ჩამოვუგდე სიტყვა ამაზე და ვაჩვენე, იქნებ ასე გაიაროს-მეთქი. მიყურა, მიყურა და მითხრა, ობიექტზე წავიდეთ, იქ ვნახოთო. წავედით, უფრო თამამად ჩავატარე ეს სცენა და მაშინვე იყვირა, კამერა მოიტანეთ და გადავიღოთო. ესეც არის იმის დასტური, რომ თენგიზი ნებისმიერ შეთავაზებას ყურადღებით უსმენდა. თუ დარწმუნდებოდა, რომ საინტერესო იყო, უყოყმანოდ იღებდა“.

. . .

„ნიჭიერ ადამიანებს ყველა აფასებს. უბრალოდ, ჩვენს საქმეში, ჩვენს ქვეყანაში ნიჭიერი ადამიანი ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს, ეს სხვა რამ არის. ელემენტარულად პროფესიონალიზმი მოისპო, ჩემი აზრით, პროფესიონალიზმი აღარ არის და სასაცილოა ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ჩემს პროფესიაზე ვლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ამას თუ ადამიანი საფუძვლიანად შეეხე, გაცამტვერდება ძალიან ბევრი რამ, რასაც დღეს საქმის გაკეთებად მიიჩნევენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიჭიერი ადამიანები არ არსებობენ, ჩვენზე უფრო ნიჭიერებიც არიან და მოვლენ კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლა მოისპო, საერთოდ, და ეს არის ძალიან ცუდი. არ იწერება კარგი სცენარები, არ კეთდება მსახიობებისთვის კარგი ფილმები, არ კეთდება როლები… სამწუხაროდ, კარგა ხანს გაგრძელდა ეს პერიოდი. ალბათ, კიდევ გაგრძელდება რაღაც გარკვეული დრო. ხელოვნება ნაკლებად არის, სხვა რამეზე უფრო არიან გადასულნი ადამიანები… ეს ასე ხდება…“

ავტორი: დეა თავბერიძე

„პრაიმტაიმის“ არქივიდან

🎬 🎬 🎬

ავთანდილ მახარაძე დაიბადა ბათუმში 1943 წელს. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა რუსთაველის თეატრში.
მისი თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია — «აბიბო» (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“),» ბუხუტი» (ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), «ბორის გოდუნოვი» (ალექსეი ტოლსტოის „ივანე მრისხანის სიკვდილი“), «ტიბალტ»ი (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), «გლოსტერი» (უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“) და სხვა.
კინოში, კი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ავთანდილ მახარაძე მაყურებელს ახსოვს თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ — აბელ და ვარლამ არავიძეების ბრწყინვალედ განსახიერებული როლებით. ამ ნამუშევრისთვის მას მიენიჭა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო -„ვერცხლის ჰიუგო“ და ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987) ასევე პრემია „ნიკა“ – საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987, რუსეთი).
ავთო მახარაძე ასევე გადაღებულია ისეთ კინოფილმებში, როგორიცაა: რეზო ჩხეიძის „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, რამაზ ხოტივარის „ლაზარეს თავგადასავალი“, ვაგიფ მუსტაფაევის „გარეშე“ და „ნაციონალური ბომბი“ (Milli bomba), გიორგი ფარაჯანოვის „ყველა წავიდა“ და სხვ.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში — „გარეშე“, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა „ოქროს არწივი“ (1993).
აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ავთანდილ მახარაძემ შეასრულა იოსებ სტალინის როლი BBC-ის სატელევიზიო ფილმში „არხანგელი“ (Archangel), სადაც მასთან ერთად ითამაშა მსახიობმა დენიელ კრეიგმა.
სულ ახლახანს, ბატონმა ავთომ ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა, ანა ურუშაძის ახალ მხატვრულ ფილმში — «საშიში დედა».

ნანახია:(80)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

»Lagidze Gallery» და »ზღვარზე»

31 მაისს სტუმრებს ლევან ლაღიძის საავტორო გალერეა მასპინძლობს. „Lagidze Gallery“, რომელიც ირაკლი აბაშიძის 85—ში მდებარეობს დამთვალიერებელს ახალი ნამუშევრების გამოფენას სთავაზობს,


საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილმები თბილისის კინოფესტივალზე მოხვდა

 მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ორი ფილმი აჩვენეს. ლევან ადამიას «მე პატარა ქართველი ვარ» – ფილმი, რომელიც


დრამატურგებს, რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს…

სულ მალე !!! 13 — 14 დეკემბერს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე-VII, 24-საათიანი «ექპერიმენტული თეატრის ფესტივალი”გაიმართება !!!


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*