თუ გსურთ მიაღწიოთ იმას, რაც ყველაზე მეტად გსურთ …

by admin | Март 17, 2019 09:24

მიზანდასახულობა, ოცნება და წარმატება

თუ გსურთ მიაღწიოთ იმას, რაც ყველაზე მეტად გსურთ, უნდა გაარკვიოთ დანამდვილებით, თუ რა გსურთ და რამდენად გსურთ. რა გსურთ ნაღდად და გარდაუვალად? დარწმუნებული ხართ, რომ იცით რაც გსურთ? ძალიან კარგი, თუ იცით. მაგრამ მაინც გირჩევთ, ჩაატაროთ მცირეოდენი „გონებრივი შტურმი“  და გააკეთოთ შემდეგი სავარჯიშო:

პირველი სვლა:

აიღეთ სუფთა რვეული ან ფურცლები და დაიწყეთ თქვენი სურვილების ნუსხის შეუჩერებლად წერა, შეეცადეთ არ  გააკეთოთ პაუზა. იყავით სპონტანური, თავში პირველად მოსული აზრით წერეთ თუ რა გინდათ გქონდეთ, რას გინდათ მიაღწიოთ სასწავლებელში–ოჯახში–ადამიანებთან ურთიერთობაში–ემოციურ, მატერიალურ, ფინანსურ სფეროებში;

რა და ვინ გსურთ გახდეთ, რა საზოგადოებრივი ფუნქციები გსურთ განახორციელოთ, როგორ გსურთ გამოიყურებოდეთ, ვისთან–ვისთვის–რისთვის გსურთ ცხოვრება,  სად გინდათ იყოთდა ა.შ.

წერეთ მოკლე სიტყვებით. დაუშვით, რომ ხართ უზომო შესაძლებლობების მქონე, არ გაქვთ ლიმიტები და შეზღუდვები. ნებისმიერი შეზღუდვა, ეს თქვენს მიერ შექმნილი შეზღუდვებია. სად არის მისი ადგილმდებარეობა? ცხადია, თქვენსავე ცნობიერებაში. ამიტომაც, როგორც კი მოვა აზრი რაიმე შეზღუდვის შესახებ, გაუშვით ეს ფიქრი გონებიდან და შეუჩერებლად წერეთ ის, რაც ნამდვილად გსურთ.

მეორე სვლა:

ხელახლა გადახედეთ თქვენი სურვილების ჩამოწერილ ნუსხას და მიაწერეთ მათ ის ვადები, რომელთა განმავლობაშიც გსურთ მათი განხორციელება. რა დროის ფარგლებში გსურთ მათ მიაღწიოთ? ერთ კვირაში? ნახევარ წელიწადში? 1 წელში? 5 წელში? 10 წელში? 20 წელიწადში? თქვენ შეიძლება გქონდეთ მოკლევადიანი, საშუალო ვადიანი და გრძელვადიანი მიზნები. თუ ყველა თქვენი მიზანი მოკლევადიანია, დასაფიქრებელი ბევრი გაქვთ იმაზე, შესაძლოა თუ არა ყველაფრის ერთბაშად და მოკლე ვადაში შესრულება. რომც მიაღწიოთ ყველაფერს მოკლე დროში, რა იქნება ამის საზღაური? ყველაფერი ხომ რაღაცის ხარჯზე ხდება და ყველაფერი ხომ თავის საზღაურს მოითხოვს? ხოლო თუკი ყველა თქვენი მიზანი გრძელვადიანია, უმჯობესია ისინი  დაჰყოთ მონაკვეთებად, ეტაპებად.

მესამე სვლა:

თქვენს მიერ ჩამოწერილი სურვილებისა და მიზნების ნუსხიდან შეარჩიეთ მნიშვნელოვანთა შორის ყველაზე უმნიშვნელოვანესი 3 ისეთი სურვილი, რასაც გარდაუვალად გსურთ მიაღწიოთ. ამ სამეულიდან თითოეული სურვილის თაობაზე დაუსვით თქვენს თავს შემდეგი კითხვები:

რატომ არის ჩემს მიერ შერჩეული სურვილის განხორციელება მნიშვნელოვანთა შორის უმნიშვნელოვანესი?

რა იქნება ის მაქსიმალური დანაკარგი, თუკი ის არ განხორციელდა?

რა იქნება ის მაქსიმალური სარგებელი, რასაც მივიღებ მიზნის მიღწევისას?

რა საზღაურის გადახდა მომიწევს მიზნის მიღწევის შემთხვევაში? რას დავთმობ ან დავკარგავდი სანაცვლოდ?

რამდენად და რატომ ვარ დარწმუნებული, რომ მივაღწევ შერჩეული სურვილის გახორციელებას?

რამდენად და რით ვიმსახურებ ამ მიზნის მიღწევას? რა არის ჩემში ისეთი, რომ მაინდამაინც მე უნდა მხვდეს წილად ამ უაღრესად სასურველი მიზნის მიღწევა?

ოცნება ოცნებად დარჩება, თუ მისი რეალობაში გადასვლა გარდაუვალი არ გახდა, ხოლო ასეთი გადასვლის წინაპირობა მიზანდასახულობაა. მიზანდასახულობა თავის მხრივ წარმატების მიღწევაში ვლინდება. მაგრამ მიზანსწრაფვიდან წარმატების მიღწევამდე გზაა გასავლელი, რაც მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემასა და ძალისხმევას გულისხმობს. გაეცით დასმულ კითხვებს პასუხი, გასწიეთ სათანადო ძალისხმევა და წარმატება მოგძებნით თქვენ!

  ნოდარ სარჯველაძე

http://sarjveladze.blogspot.com/[1]

ნანახია:(544)-ჯერ


Endnotes:
  1. http://sarjveladze.blogspot.com/: http://sarjveladze.blogspot.com/

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/tu-gsurt-miagwiot-imas-rac-yvelze-metad-gsurt/