ტრადიციული საზოგადოების მთავარი ნაკლი | Jolo.ge


ტრადიციული საზოგადოების მთავარი ნაკლი

ტრადიციული საზოგადოების მთავარი ნაკლი
რა არის ტრადიცია? — ადამიანების მიერ მოგონილი ნორმების კრებული.
ყველა დრო და ეპოქა თავის ნორმებს ქმნის, მაგრამ ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ძველი ნორმები ჯობია ახლებს.
რა უნდათ ამ ადამიანებს, რა ამოძრავებთ მათ?
— ორი რამ — სიახლის, ანუ სიცოცხლის მიმართ შიში ან სხვებზე უპირატესობის მოპოვების ეგოისტური სურვილი. ასეთი ადამიანები ქმნიან ტრადიციულ საზოგადოებებს. ტრადიციული საზოგადოება ვითარდება ძალიან ნელა და წვალებით, ზოგჯერ ათას წელში ოდნავადაც წინ ვერ წავა, რადგან ის დამყარებულია რწმენაზე, რომ ახალი ყოველთვის ცუდია, ძველი კი ყოველთვის კარგი.
რა არის ტრადიციული საზოგადოების მთავარი ნაკლი?
— ის, რომ ის ახორციელებს კოლექტივის დაუნდობელ დიქტატურას ინდივიდზე. ტრადიციული საზოგადოება უმოწყალოდ ახშობს თავისუფლებას ადამიანში, ის უკრძალავს მას დამოუკიდებლად აზროვნებას, ართმევს შემოქმედების და საკუთარი უნიკალურობის გამომჟღავნების, თვითგამოხატვის შესაძლებლობასა და უნარს. ტრადიციული საზოგადოება ეუბნება ადამიანს — «შენს ფიქრებს, სურვილებს, მიზნებს თუ ოცნებებს არა აქვს მნიშვნელობა, შენ იქნები ისეთი, როგორიც ჩვენ მოგვწონს! არცერთი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ, ივლი მხოლოდ ჩვენს მიერ გატკეპნილ გზაზე!»
ტრადიციული საზოგადოება კრძალავს და ამით ანგრევს ყოველი მისი წევრის შინაგან სამყაროს, ის კლავს ადამიანის თვითმყოფადობას, ანუ მის სულს. ამიტომაც ტრადიციულ საზოგადოებებში ადამიანები გულისამრევად ერთნაირები არიან.
500 მილიონი ერთნაირი მუსულმანი, მილიარდნახევარი ერთნაირი ჩინელი, 3 მილიონი ერთნაირი ქართველი… აბსოლუტურად ერთნაირი წარმოდგენები სამყაროზე, ღმერთზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთობებზე… ერთნაირი აზრები, გრძნობები, მანერები, მიმიკები…
ტრადიციული საზოგადოების წევრი იმდენად მწარედ არის დაპროგრამებული, რომ კონტროლიც არ სჭირდება — მას შინაგანი თვითცენზორი აკონტროლებს! იმდენად მკაცრად, რომ ის აბაზანაშიც კი არ არის მარტო…
ყველგან, სადაც თქვენ დადიხართ, თქვენ დაგყვებათ მარად ვაჟკაცი და მართალი ჯიგიტების ბრბო, რომელიც გკარნახობთ, რა უნდა იფიქროთ ან იგრძნოთ, რა არის მართალი და ტყუილი…
ყოველი თქვენი აზრი სხვისია, ყოველი თქვენი ნათქვამი სიტყვა ყალბია, ყოველი თქვენი გამოხედვა ტყუილია… და ამაში არაფერი არ იქნებოდა ტრაგიკული, თქვენში რომ არ იყოს ის, რისი წაშლა ან გადაგდებაც შეუძლებელია! ეს რომ შესაძლებელი იყოს, თქვენ ბედნიერები იქნებოდით, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანში მართლაა რაღაც უსასრულოდ ღვთაებრივი და მშვენიერი, და იმის გამოც, რომ ეს რაღაც ყოველთვის ინდივიდუალურია და ასევე იმ მიზეზითაც, რომ ის მუდამ მოითხოვს, გამოხატვას, მისი ჩახშობით თქვენ კეტავთ მთელი თქვენი სიხარულისა და ბედნიერების წყაროს!
ამიტომ ტრადიციულ საზოგადოებაში ყოველთვის ყველა უბედურია…
ხოლო იმის გამო, რომ სხვის ჭკუაზე ცხოვრება კლავს ინტერესსა და აზროვნების უნარს, ტრადიციულ საზოგადოებაში ყველა ტუგადუმი და ჩლუნგია.
და რაც მთავარია — და ახლა კარგად მომისმინეთ! — მხოლოდ საკუთარ შინაგან სამყაროს შეუძლია დაბადოს ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი თანაგრძნობა და ნამდვილი სიკეთე, ამიტომ ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს ბავშვობიდანვე უუთოვებენ შინაგან სამყაროს, ყველა სიაფანდი, გაიძვერა და ფარისეველია. და რა «ჭეშმარიტი» რელიგიაც არ უნდა ქონდეს მას, ის ვერასოდეს დაბადებს ვერავის, გარდა ყველაფერზე წამსვლელი, უსულგულო ფილისტერებისა… ამიტომაც არ მუშაობს არც მუსულმანობა, არც მართლმადიდებლობა და არც სხვა რომელიმე კოლექტიური ზედახორა — იმიტომ, რომ სადაც ადამიანს არა აქვს უფლება, იყოს თავისი თავი, იქ მას არ შეუძლია იყოს ნაძირალაზე უფრო მეტი…
ლევან რამიშვილი

ნანახია:(86)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რაც არ შეიძლება, ის გესიზმრება, და ამიტომაც სიზმრები…

ზეზვა და მზია ზეზვას უნდოდა, მზიას იდაყვს შეხებოდა… უბრალოდ შეხებოდა. ეგონა, რომ თუკი ეს მოხდებოდა, უმალ დედამიწის ირგვლივ ათასი ბრწყინვალე


თუ თქვენში არ არის მიზეზი, თქვენს გარეთ ვერავითარი დაბრკოლება ვერ იარსებებს

სუფიური იგავები გზაჯვარედინზე ერთ დილას სუფია გზების გასაყართან, გზის პირას იჯდა. მასთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და სთხოვა, შენი მოწაფე ვიქნებიო.


სწავლების ძალადობრივი ფორმა სკოლებში და თავისუფალი სკოლები საქართველოში

„ბავშვთან დამოკიდებულების ზოგადი პრინციპი, რომელსაც ტრადიციული საგანმანათლებლო დაწესებულებები ეყრდნობა, არ ითვალისწინებს სიყვარულსა და თავისუფლებას“ — წერს მწერალი და პუბლიცისტი ლევან რამიშვილი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<