თორნიკე ნაროზაული — რომანტიკოსი პოეტი ჩოხითა და პირადი განცდებით | Jolo.ge


თორნიკე ნაროზაული — რომანტიკოსი პოეტი ჩოხითა და პირადი განცდებით

თორნიკე ნაროზაული — რომანტიკოსი პოეტი ჩოხითა და პირადი განცდებით

თორნიკე ნაროზაულს ეთნოგრაფიულ მუზეუმში შევხვდი, სადაც ისეთი ბუნება, ჰაერი და გარემოა, არამხოლოდ პოეტს მოუნდება ლექსის დაწერა. ინტერვიუც ამ ლამაზ და მშვიდ გარემოში, მზის სხივებისა და ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე ჩაიწერა.

22 წლის პოეტი ამ მუზეუმის ერთ-ერთი სახლის, მე-17 საუკუნის ჭაჭკარის მამასახლისია. ხელფასი მიზერული აქვს, მაგრამ ხელფასის გამო არ მუშაობს, ეს სახლი და გარემო მის მშობლიურ ხევსურეთს ახსენებს, ამიტომ მუზეუმში თავს კარგად და მშვიდად გრძნობს. სამი წელი პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში სტიქაროსანი იყო. ამბობს, რომ რწმენა ერთადერთია, რაც ცხოვრების ძალას აძლევს. თუმცა ბოლო დროს ღმერთს დაშორდა და ამას განიცდის. სწავლობს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მისთვის დიპლომი და კარიერა უმნიშვნელოა, მთავარი ცოდნაა. 

ამბობს, რომ მე-17 საუკუნის კაცია, ძველებური სტილით და შეხედულებებით. ეტრფის შუა საუკუნეების რომანტიზმს და დღევანდელ თავისუფლებას. წერს ყველაფერზე, რაც აწუხებს. მისი ლექსები საოცარი პატრიოტიზმით, ძარღვით და ემოციურობით გამოირჩევა. სამომავლო გეგმები არ აქვს, ხელოვანია, ერთი დღით ცხოვრობს…

 

 ხევსურული ტრადიციები 

წარმოშობით ხევსური ვარ, არხოტიდან. კომუნისტების დროს დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში გადაგვასახლეს. ამგვარად, დედოფლისწყაროში დავიბადე. არხოტში ნასახლარი გვაქვს, სტუმრად ავდივართ ხოლმე მამიდასთან. მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს არხოტში, როგორც მთის დიდი ნაწილი ისიც დაიცალა. ახლა გზა გაჰყავთ და შესაძლოა ისევ დაბრუნდეს ხალხი, მეც დიდი სურვილი მაქვს იქ დაბრუნების…

რამდენიმე ხევსურული ტრადიცია ოჯახმა შემოვინახეთ და პატივს ვცემთ. არის ასეთი ტრადიცია- საკართანო ჰქვია და ძალიან მომწონს. როდესაც სტუმარი სუფრიდან დგება და წასვლას აპირებს, ამ დროს მასპინძელი ჩადგება კარში არყიანი ბოთლით ხელში, ადრე იყო ერბოიანი ჯამი და ხინკალი. ეს იყო სტუმრისთვის ერთგვარი ტესტი. გასვლისას სტუმარს მასპინძელი უნდა დაელოცა, ხოლო მასპინძელს სტუმარი. მითუმეტეს ხევსურეთში ღამე თუ ვინმე წავიდოდა სახიფათო იყო იმ გზებზე სიარული. კაცი არ უნდა ყოფილიყო იმდენად ნასვამი, რომ საკართანო არ დაელია და იმდენად გამაძღარი, რომ ის ხინკალი ვეღარ შეეჭამა. ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა სოფელში, როდესაც სიმთვრალისგან კაცს ფეხი აერეოდა. ამაზე დიდი სირცხვილი არ არსებობდა. ის კაცი სოფლის დასაცინი ხდებოდა.

კიდევ იყო ასეთი ტრადიცია, როდესაც ქალი და კაცი მიდიოდნენ, ხშირად ქალს უფრო მეტი ბარგი ჰქონდა აკიდებული, ვიდრე კაცს, ეს სხვის თვალში ცუდად ჩანდა, ქალი დატვირთული მიდიოდა კაცი თითქოსდა არხეინად. ეს იმით იყო განპირობებული, რომ კაცს ყოველთვის უნდა ჰქონოდა ხელი და თვალი თავისუფალი, რომ ჩასაფრებულ მტერს მისთვის სროლა არ დაესწრო. ამ დროს ქალი ყოველთვის კაცის მარჯვენა მხარეს იდგა. სროლის დროს კაცი იწეოდა და ქალს ტყვია გულში არ ხვდებოდა. ამგვარად იყო ყველაფერი გათვლილი. ტრადიციის დონეზე იყო ასევე ბილწსიტყვაობის მიუღებლობა. სუფრასთან, მითუმეტეს ქალის საზოგადოებაში, კაცი არასოდეს არ შეიგინებოდა. დღემდე ასეა ხევსურეთში. იშვიათად ვინმემ შეიგინოს, იბილწსიტყვაოს. სხვანაირი ბუნება აქვთ, სიტყვებს უფრო აფასებენ.

 

ბუნებით რომანტიკოსი 

რაც შეეხება ჩემს ხასიათებს და თვისებებს, საშინლად უჟმური, ფეთქებადი, გულჩათხრობილი, ემოციური და ბუნებით ძალიან რომანტიკოსი ვარ. მთაში მცხოვრებლების დიდი ნაწილი ეგეთია, მაგრამ გამოხატვა უჭირთ, მე ჩემს ნაწერებში გამოვხატავ ამას. როდესაც ტრადიციები ყალიბდებოდა ხევსურეთში, ხშირი ომიანობა იყო იმ დროს მთაში, ალბათ ამიტომაც არის მთის ხალხი მკაცრი ბუნების. ვინც ბარში ჩამოვსახლდით, იმათთან შედარებით მშვიდი ბუნების ვართ. ხევსურეთი ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება, იქ რომ ავდივარ მთლიანად სხვანაირი ვხდები. სულ ცეკვა-თამაშის ხასიათზე ვარ. არ მახსოვს, რომ მე იქ რამე ცუდი მომდომებოდა. ყოველდღიური რუტინით დაღლილი ენერგიის მისაღებად და განსატვირთად ხშირად გავდივარ ქალაქიდან. ყოფილა შემთხვევა მარტო წავსულვარ რომელიღაც სოფელში რამდენიმე დღით და ვყოფილვარ იდეალურად, მოშორებული ადამიანების გარკვეულ ჯგუფს. იქ მეტი დრო მაქვს ფიქრისთვის, აზროვნებისთვის და კითხვისთვის.

1897698_832382723551756_9098383315479528192_n

 ჩოხა და წვერი 

ჩოხა ძალიან მომწონს, თავისუფალი, პრაქტიკული სამოსია. ემოციური კუთხით, ჩოხაში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ზოგჯერ მინდება, რომ ჩოხით ვიარო ყველგან, ყოველდღიურ სამოსად ვაქციო. მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნის დისკომფორტს განვიცდი, სხვა რომ მედგას გვერდში ასევე ჩაცმული მაშინ არ მომერიდებოდა. ადამიანების მზერისგან ემოციებს ვიტოვებ, ან მახარებს, ან მამძიმებს… რაც შეეხება ჩემს წვერს, რაც ამომივიდა იმის მერე ვატარებ, მხოლოდ ერთხელ გავიპარსე ცხოვრებაში. უკვე ჩემი იმიჯის ნაწილი გახდა. საერთოდ, კაცს წვერი უხდება, რაც არ უნდა შეუხედავი იყოს, წვერი უფრო კაცურობას სძენს.

 

 პირველი ლექსი — პირველი ემოცია 

პატარა ვიყავი ერთ კუპლეტიანი რაღაცების წერა რომ დავიწყე, იმათ ლექსს ვერ დავარქმევ. ვრითმავდი და ძველი სურათების უკანა მხარეს ვაწერდი, ასე ვმაიმუნობდი. პირველი სერიოზული ლექსი 17 წლისამ დავწერე. ისეთი სუსტი აღარ იყო, ცოტა წონა ჰქონდა. ყველაფერზე იყო, სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, რელიგიაზე. ყველაფერი ჩავდე შიგნით. ამდენად, პირველი ლექსი ემოციური თვალსაზრისით ძვირფასია ჩემთვის. მიმბაძველობა ჩემგან შორსაა, თუმცა იყო გავლენა, თუნდაც ვაჟა-ფშაველასი. შემდეგ დავიხვეწე, ჩემი სტილი სიმძაფრით და ემოციურობით გამოირჩევა. ვწერ სხვადასხვა სტილში, ერთ სტილში კითხვა მღლის. ძალიან ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი, არ დამითვლია. მუზების არ მჯერა, მხარზე მუზა არ მიზის და არ მეჩურჩულება. შთაგონებაა ის, რაც მაწერინებს.

ვწერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილებში, მეტროშიც… ძირითადად ტელეფონში ვწერ, მერე კომპიუტერში გადამაქვს. უცებ შეიძლება მშობლებთან ვკამათობდე და რაღაც სიტყვა ამეკვიატოს, მერე იმას გავშლი და ეგაა. ყოფილა შემთხვევა დღეში რამდენიმე ლექსი დამიწერია, შეიძლება 3 თვე გავიდეს და არაფერი დავწერო. ცივ გონებაზე არაფერს ვწერ, სულ ემოციური ვარ, იმდენად, რომ შეიძლება ცუდად გავხდე წერის დროს. მე ვარ რეალისტი, პოეზიაშიც და ისეც. არანაირი თავმდაბლობა, არანაირი ამპარტავნობა. ზოგჯერ ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ჭკუას ვარიგებ, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ ტკივილს გადმოვცემ გული რომ არ გამისკდეს. სხვა ინტერესი არ მაქვს. ჩემს ნაწერებს პოპულარობის გამო არ ვაქვეყნებ, ყველაზე ნაკლებად რაც მინდა ეგ არის.

 

პოეტი ლექსების კრებულის გარეშე 

ლექსების კრებული ჯერჯერობით არ მაქვს. ამ საკითხს გადაჭარბებული პასუხისმგებლობით ვუდგები. მკითხველები, მეგობრები, ნათესავები მთხოვენ კრებულის გამოშვებას, მაგრამ თავის ნათქვამა ვარ. ჯერ ადრეა, უნდა დავიხვეწო. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცენზურა უნდა არსებობდეს. ამდენ სულელურ წიგნს არ უნდა ბეჭდავდნენ. ამიტომაც არ ვჩქარობ, არ მინდა, რომ ჩემი წიგნიც ასეთი იყოს. ლექსებმა თვითონ უნდა მომთხოვონ დაგვბეჭდეო. როდესაც ჩემი წიგნი თაროზე დიდი პოეტების გვერდით დაიდება, რაღაც წონა უნდა ჰქონდეს. ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ერთ-ორ წელიწადში გამოვუშვებ.

 

 სოციალური ქსელი 

სოციალური ქსელი კარგი საშუალებაა ლექსების, მოსაზრებების საზოგადოებამდე მისატანად. თუმცა რაღაცების გაუფასურებაც ხდება. ზოგიერთი ლექსს იმიტომ კითხულობს, რომ ხედავს ბევრი ნახვა აქვს. ავიღოთ თუნდაც ჩემი ყველაზე სულელური პოსტი, ვიღაცამ ნახა რომ 500 მოწონება აქვს და ამიტომ წაიკითხა, ამ დროს კი სერიოზულ, დახვეწილ ლექსს აქვს 10 მოწონება, ფიქრობს ეს არაფერი იქნებაო და არ კითხულობს. ასე პიარდება რაღაც სისულელეები.

როდესაც სოციალურ ქსელში ვპოსტავ ლექსს, ან უბრალოდ ჩემს მოსაზრებას სხვადასხვა საკითხზე და კომენტარებში მაქებენ უხერხულად ვგრძნობ თავს. ხან მეცინება, ზოგჯერ ვფიქრობ, რა ჭირს ამ ხალხს რატომ მაქებენ მეთქი. საერთოდ, ქება არ მიყვარს, არც მე რო მაქებენ და არც მე რომ ვაქებ. ბავშვობაში წაკითხული დღემდე გონებაში მაქვს ჩაბეჭდილი «გიყვარდეს ის, ვინც რჩევას გაძლევს და არა გაქებს». მწყინს, როცა ჩემს სურათს ბევრად მეტი მოწონება რომ აქვს, ვიდრე ლექსს, თან უცნობი ადამიანების მხრიდან, თორემ ნათესავი და მეგობარი მოგიწონებს და მოგიკითხავს ეგ არ არის გასაკვირი. აქ უკვე ვხვდები, რომ ის გოგონები ლექსებისთვის არ არიან ჩემს მეგობრებში.

მე მინდა რომ მეგობრებში მყავდეს მხოლოდ ისინი, ვისაც ჩემი პოეზია მოსწონს და აინტერესებს, ვისაც ფოტოების შეფასება უნდა იმათმა გამომიწერონ. უკვე ლიმიტი ამომეწურა, ვეღარავის ვამატებ. უყურადღებობად არ ვთვლი, როდესაც კომენტარებს პასუხს არ ან ვერ ვცემ. ერთი პერიოდი ძალიან ჩართული ვიყავი ამ ყველაფერში. ყველას ვპასუხობდი, ყველაფერს ვკითხულობდი. მერე საერთოდ გავქრი სოციალური ქსელიდან, მივხვდი, რომ ამის გავლენის ქვეშ ვექცეოდი, როცა დავბრუნდი უკვე სხვანაირი ვიყავი. მიხარია, როცა დიდ ლექსს დავდებ და იმას კითხულობენ, მაშინ ვხვდები, რომ იმათთვის ღირს ლექსის დადება. ამ ბოლო დროს იშვიათად ვდებ ძვირფას ლექსს სოციალურ ქსელში. ძალიან ეგოისტი გავხდი ჩემი ლექსების მიმართ, არავის აღარ ვანახებ, ვუვლი და ვეხუტები. პიროვნულად არ ვიცვლები, ტაშს დამიკრავენ თუ შემაფურთხებენ იგივე ადამიანად ვრჩები.

 

12308732_843947822395246_7714886240322020781_n«ქაღალდის თვითმფრინავები» 

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ქაღალდის თვითმფრინავების გაკეთება, რაც ჩემთვის ფრენასთან, თავისუფლებასთან და სილაღესთან ასოცირდებოდა. ძალიან ბევრი ქაღალდის თვითმფრინავი მქონდა. ვმშვიდდებოდი როდესაც ვაკეთებდი, დღემდე ეგრე ვარ. ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტია. პროექტის სახელიც აქედან გამომდინარე შევარჩიეთ. პირველი საღამოც ბავშვობის გახსენებაზე იყო. «ქაღალდის თვითმფრინავები» 4 პოეტს გვაერთიანებს (თორნიკე ნაროზაული, ალექსანდრე შურღაია, ირაკლი დეისაძე და ნიკოლოზ ხახუტაშვილი). არ ვიცი ისევ გაგრძელდება თუ არა ეს პროექტი, ვნახოთ…

 

 «ძვირფასო მარიამ» 

ეს ლექსი ბევრს ბესარიონის ჰგონია, ვინც ამას კითხულობს. «ძვირფასო მარიამ» სკოლის პერიოდში დავწერე, მარიამი ჩემი კლასელი იყო, სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ურთიერთობა გაუგებრობის, გაუცხოების გამო დასრულდა. ბავშვები ვიყავით, ზრდასთან ერთად სხვადასხვა მსოფლმხედველობა ჩამოგვიყალიბდა. სულიერი მეგობრები აღარ ვიყავით. ვანგრევდით და ვტანჯავდით ერთმანეთს, ამიტომ დაშორება გადავწყვიტეთ. ლექსიც დაშორების შემდეგ დაიწერა. ამ ლექსშიც სწორედ გაუცხოების აღწერაა, არის პოეტური გაზვიადებებიც, იუმორიც «დამღალეს ქალებმა ძალიან, გადაწყდა დღეიდან ვიქნები უქალოდ».

სერიოზული ურთიერთობებისთვის აღარ მინდოდა დროის გამონახვა. ბოლო წელს შინაგანად ძალიან ცუდად ვიყავი. იმედი, რწმენა, ხალისი დავკარგე. არ ვიცი რა ხდებოდა ჩემს თავში, ცუდ რაღაცეებზე ვფიქრობდი. ბავშვურმა სისუსტემ მძლია ეტყობა. მარიამს დიდად არ ჰყვარებია ჩემი ლექსები. არ მახსოვს რა რეაქცია ჰქონდა ამ ლექსზე. დიდი ხანია არ შევხვედრივარ, არ ვმეგობრობთ. თავიდანვე არ მომწონდა ეს ლექსი, ემოციურად მძიმე იყო ჩემთვის, ეს ემოციები დღეს გაქრა და დარჩა სუსტ ლექსად, რომელიც ხალხს უყვარს და ხალხისაა ჩემი აღარ არის, თუ მიწევს მისი წაკითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს უყვარს და ითხოვს. ჩემი მეგობრები და ძმაკაცები ხშირად ხუმრობით წამოიძახებენ ხოლმე «ძვირფასო მარიამ» და ამაზე ჩემს საცოლეს ნერვები ეშლება, მერე ისინი იმალებიან.

 

გოგო, რომელმაც პოეტი უარყოფითი ფიქრებისგან იხსნა 

14369962_787049874771207_8100431858677098218_nმყავს საცოლე, ეკა იმნაძე, რომელმაც ფაქტობრივად გადამარჩინა, ცუდზე აღარ ვფიქრობ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ეკა პატარა გოგოა, ჯერ სკოლაში სწავლობს, აბიტურიენტია. საშინლად რთული ვარ, მე რომ მიძლებს და მიგებს მაგარი გოგოა. ვერ ვიფიქრებდი, რომ დედაჩემის გარდა, სხვა ქალს თორნიკეს გვერდში დგომა, ატანა და გატანა შეეძლო. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მე არ ვარ მისი სიყვარულის ღირსი. როგორც ვიზუალი, სულიც ლამაზი აქვს. ჩვენი დაახლოება ერთმანეთის მსგავსმა შინაგანმა სამყარომ გამოიწვია.

ეკა «ქაღალდის თვითმფრინავებზე» იყო ნამყოფი, მერე ინტერნეტით დავუკავშირდით ერთმანეთს. მეგობრულად ვსაუბრობდით ყველაფერზე, სულიერად ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ერთხელაც გადავწყვიტე მენახა. არ ვფიქრობდი, რომ უნდა შემყვარებოდა. ვორონცოვზე, მშრალ ხიდთან შევხვდით და რომ ჩავეხუტეთ ერთმანეთს, დავრჩით ასე ნახევარი საათი შუა ქუჩაში ჩახუტებულები. მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი ვიპოვე, რომელმაც იმ მომენტში მიწაზე დამანარცხა. დღეს ჩვენს შორის ყველაფერი სერიოზულად არის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის განცდა მაქვს ეკას მიმართ, ოჯახის მიმართ. შესაფერის დროს ველოდებით. უსახლკარო პოეტი ვარ, ქირით ვცხოვრობ თბილისში. თუ არ მექნა ჩემი შესაძლებლობები, ისე რთულია ოჯახის შექმნა. ბოლო დროს დაწერილი სერიოზული ლექსები ეკას ეძღვნება. არ ვიცი, ამბობს, რომ მოწონს ჩემი ლექსები.

 

«სიყვარულს ზამთრის ღამეების სურნელი აქვს» 

საშინლად რომანტიკოსი ვარ. შემიძლია საათობით ვიჯდე და ფოთოლცვენას ვუყურო, ამ დროს ვიღაცას ეგონება, რომ ჩაფიქრებული ვარ, არა, უბრალოდ ვუყურებ და ვტკბები. შეიძლება მოსაწევად გამოვიდე უბანში, დავინახო მთვარე და დავრჩე ასე გაშეშებული. მიყვარს წვიმაში მშვიდი ნაბიჯით სიარული. ეს ჩემთვის ერთგვარი რელაქსაციაა. ფაქიზი, ემოციური ბუნება მაქვს. არ ვიცი რა არის ბედნიერება, მე მხოლოდ სიყვარული მჭირდება, რომ ვიყო კარგად და შევძლო ბრძოლა ამ ცხოვრებასთან. ჩემთვის სიყვარულს ზამთრის ღამეების სურნელი აქვს. ძილის წინ ვფიქრობ ხოლმე ადამიანებზე, რომლებსაც საწოლი არ აქვთ და ქუჩაში იყინებიან. და ბოლო დროს, პატიებას ვთხოვ ღმერთს, რომ არაფრად ვარგივარ და მთელი დღიდან 10 წუთი ვერ გამოვყავი ლოცვისთვის და ვიძინებ…

 

ავტორი: ნინო გონგაძე

 

 

ნანახია:(1531)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნუგზარ სულაშვილი:,,არადა როგორ მინდა ვიყვირო! ქვეყანა შევძრა და ყველას გავაგებინო, რომ არსებოებენ დედამიწაზე კეთილი ადამიანები»

საქართველო საფრანგეთის თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი «ფეისბუქზე» ემოციურ პოსტს აქვეყნებს:   ,,გუშინ ვითხოვე და მომეცა ახლა, ამ


ერთხელ, პატარა ქალაქში — ნამდვილი ამბავი

ქალაქის განაპირა უბანში, სკოლიდან გამომავალი ბავშვების ჟრიამული იკლებდა არემარეს. სასწავლო წელი მთავრდებოდა. დამამთავრებელი კლასი, ტრადიციულად, აფხაზეთში ექსკურსიისთვის ემზადებოდა.  ერთადერთი მოსწავლე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*