ტელევიზიაზე უზომოდ შეყვარებული ყველაზე პატარა ჟურნალისტი აკადემიური გადაცემით | Jolo.ge
Something went wrong with the connection!


ტელევიზიაზე უზომოდ შეყვარებული ყველაზე პატარა ჟურნალისტი აკადემიური გადაცემით

ტელევიზიაზე უზომოდ შეყვარებული ყველაზე პატარა ჟურნალისტი აკადემიური გადაცემით

პირველი სურვილი 10 წლისამ აიხდინა, მიზანი დასახა, გუნდი შემოიკრიბა, სპონსორი მოიძია, ვიდეო კამერა იყიდა და „ფილმიც გადაიღო“…  

ეს ბიჭი ბავშვობიდანვე უზომოდ არის შეყვარებული ტელევიზიაზე, ეს მის თვალებშიც ჩანს, როდესაც თავის საქმეზე საუბარს იწყებს… უნდა რომ წარმატებული ტელეწამყვანი იყოს, იქნება კიდეც… ამაში ინტერვიუს წაკითხვისას თავადვე დარწმუნდებით.

მოკლემეტრაჟიან ფილმებს 12 წლიდან იღებს, არის რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული. 14 წლიდან ტელეარხ “ერთსულოვნების” თანამშრომელია. 15 წლისამ გააკეთა საავტორო გადაცემა. წერს მოთხრობებს…

წელს სტუდენტი გახდა, ოღონდ არა ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის, არამედ კინომცოდნეობის. ფიქრობს, რომ თეატრალური უნივერსიტეტი იმ ცოდნას და გამოცდილებას მისცემს, რაც კარგი ტელეწამყვანისთვის აუცილებელია.

მაშ ასე, სიამოვნებით წარმოგიდგენთ 18 წლის ნიჭიერ, მიზანდასახულ და პოზიტიურ ბიჭს ავთო გვასალიას.

 

 10 წლის ბიჭის ამბიცია და განხორციელებული სურვილი

ბავშვობიდანვე ძალიან მომწონდა ყველაფერი, რასაც კავშირი ჰქონდა ტელევიზიასთან, მიკროფონი, კამერა… მიყვარდა “საბავშვო ამბების” ყურება, სადაც დაახლოებით ჩემი ასაკის ბავშვებს მიჰყავდათ გადაცემა. 10 წლის ვიყავი, როცა მძაფრი ინტერესი გამიჩნდა ტელევიზიის მიმართ. ჩემს კორპუსსა და უბანში ჩემი ასაკის გოგო-ბიჭები შემოვიკრიბე და ვუთხარი, თუ თქვენც გაინტერესებთ ტელევიზია, შევიძინოთ კამერა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღოთ- მეთქი.

ვიდეოკამერას ფული სჭირდებოდა, ოჯახისთვის არ მომითხოვია. თავიდანვე ჩაბეჭდილი მქონდა, რომ სპონსორის კუთხით უნდა მომეძია აპარატურა და ის რესურსი, რაც აუცილებელი იყო ტელევიზიისთვის. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ და ვიხსენებ იმ დროს, თურმე ტელევიზიის გახსნის ამბიცია მქონდა.

avtoვიდეოკამერის საყიდლად მოძიებული სპონსორი

ჩვენს უბანში ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ოფისი იყო და გადავწყვიტეთ იქ მივსულიყავით. ისე გამოვეწყვეთ, როგორც ოფიციალურ პირებს შეშვენოდათ. კომპანიის უფროსს წარვუდგინე ჩემი თავი – მე ვარ ავთო გვასალია, ესენი ჩემი მეგობრები არიან, ტელევიზიის გახსნა გვინდა, მაგრამ, ყველაზე მთავარი – ვიდეოკამერა არ გვაქვს- მეთქი. ფურცელზე ყველაფერი დახატული გვქონდა, როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი კამერა, მიკროფონი, ლოგო და ამ კაცს გულმოდგინედ ვუხსნიდით.

ბატონმა ნუგზარმა ისე მიგვიღო, როგორც სრულფასოვანი პიროვნებები, რომლებიც ტელევიზიის გახსნას აპირებენ. მოგვისმინა და … პრობლემა არ არის, რამდენი გჭირდებათ თანხაო. კამერა უკვე მოძიებული გვქონდა და ვიცოდით, რომ 120 ლარი ღირდა. თქვენს გვერდით მიგულეთ, შეიძინეთ კამერა და მიხედეთ საქმესო – 200 ლარი მოგვცა.

ფაქტის წინაშე რომ დავდექით, ცოტა დავიბენით, ასე უცებ არ ველოდით სურვილის ასრულებას. მოკლედ, შევიძინეთ კამერა და დავიწყეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება. ეს არ იყო ისეთი შინაარსის ფილმები რომ დიდი ეფექტი მოეხდინა, მაგრამ ცუდიც არ იყო. ზოგჯერ მეზობლებს „ვუვარდებოდით“ კამერით სახლში და ინტერვიუ მოგვეცი თქო ვეუბნებოდით. დღესაც ხალისით იხსენებენ ამას ჩემი მეზობლები…

 12 წლის ასაკში გადაღებული რელიგიური სიუჟეტები

მოგვიანებით მარტო დავრჩი ამ კამერით ხელში, ბავშვებმა აღარ ისურვეს ამ საქმის გაგრძელება. 12-13 წლის ასაკში რელიგიური თემებით დავინტერესდი და გადავწყვიტე, პირადად მე რაც მაინტერესებდა იმის შესახებ მომემზადებინა სიუჟეტი. გადავიღე 3 წუთიანი სიუჟეტი პირჯვრის გადაწერაზე, თუ როგორ უნდა გადავიწეროთ და რატომ ვიწერთ პირჯვარს, მაინტერესებდა თუ ჰქონდა ინფორმაცია მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით და გამოკითხვა ჩავატარე. მიზანი შესრულდა, სიუჟეტი მქონდა, მაგრამ სად უნდა წამეღო?! ვიფიქრე და გადავწყვიტე, რადგან თემატურად რელიგიური იყო საპატრიარქოს ტელევიზიაში მიმეტანა.

ტელევიზია და სოციალური ქსელით მიღებული შეტყობინება

წარმოიდგინეთ, საკმაოდ დიდ და მასშტაბურ ტელევიზიაში შედის 13 წლის ბიჭი და დაბნეული უყურებს ყველაფერს. შესვლამდე გეგმებს ვაწყობდი, რას და როგორ ვიტყოდი, მაგრამ როგორც კი საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსთან პირისპირ აღმოვჩნდი, ყველაფერი დამავიწყდა. თამარ არჩუაძემ მკითხა, მოტივი რა არისო. დავიბენი, რა მინდოდა არ ვიცოდი, მე უბრალოდ ბუნებრივად მქონდა მოთხოვნილება ტელევიზიასთან მქონოდა შეხება. სიუჟეტი წარვუდგინე და ვუთხარი, თქვენთან მუშაობა მინდა თქო. თავიდან ალბათ იფიქრეს, კარგი ბიჭია, მონდომებული, მაგრამ ცოტა გაიზარდოსო. დრო გავიდა, არ დამიკავშირდნენ. რამდენჯერმე ისევ მივედი. როცა მივხვდი, რომ ამ ფილმით არაფერი გამოდიოდა, მეორე ფილმი გადავიღე – “რა არის ეკლესია”, სასულიერო პირთანაც მქონდა ინტერვიუ. ისევ მივიტანე და დავტოვე. ორ კვირაში სოციალურ ქსელში მივიღე შეტყობინება. ტელევიზიაში მიბარებდნენ.

avto1პირველი სიუჟეტი და პირველი პასუხისმგებლობა

მივედი ტელევიზიაში, შევხვდი არხის მთავარ რეჟისორს, ლევან ქიქავას, რომელმაც მითხრა, რომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავი მათთან დილის გადაცემაში და მეყურებინა, თუ როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, ოპერატორები და ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან გადაცემას.

დავრჩი დილის გადაცემაში და სიამოვნებით ვაკვირდებოდი ამ სამზადისს. ერთი კვირა არ იყო გასული, სიუჟეტის გაკეთების სურვილი გამიჩნდა. გადაცემის ხელმძღვანელს ვუთხარი, რამე მეც დამავალეთ, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას – მეთქი. ჩემი ასაკის გამო ამ პასუხისმგებლობას კარგად ვერ ვაცნობიერებდი. ჩემი ამბიცია გაითვალისწინეს და მომცეს სიუჟეტის მომზადების შანსი. პირველი სიუჟეტი პუნქტუაციის შესახებ იყო, თუ რა დატვირთვა აქვს სასვენ ნიშნებს. თავის გამოჩენა მინდოდა და ჩემი ქართულის მასწავლებელი მივიყვანე ტელევიზიაში ამ თემაზე სასაუბროდ. ძალიან დასამახსოვრებელი განცდა იყო, როდესაც პირველად გამოაცხადეს ტელევიზიით “ახლა კი შემოგთავაზებთ ავთანდილ გვასალიას მიერ მომზადებულ სიუჟეტს”. მთელი ოჯახი ვისხედით ტელევიზორთან. მაშინ 14 წლის ვიყავი. ამის შემდეგ კვირაში ორ სიუჟეტს ვაკეთებდი.

15 წლის ასაკში პირველი პირდაპირი ეთერი

შემოთავაზება მივიღე. დილის გადაცემას არ ჰქონდა სპორტული რუბრიკა და სპორტი უნდა წამეყვანა პირდაპირ ეთერში. პირდაპირი ეთერი ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო, როცა 15 წლის ასაკში ასეთ შემოთავაზებას ღებულობ განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. პირდაპირ ეთერში შენ ხარ ის, ვინც ხარ, კამერა ძალიან შიფრავს ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ სპორტი დიდად არ მაინტერესებდა, დავთანხმდი, ვიფიქრე მაინც გავართმევდი თავს.

წამყვანები გაფრთხილებული მყავდა, რომ კითხვა არ შემოებრუნებინათ, თორემ შეიძლება ისე ავიჭრა, რომ მაყურებელი მიხვდება კარგად რომ არ ვარ სპორტში ჩახედული თქო. პირველი პირდაპირი ეთერი არასოდეს დამავიწყდება, იმ განათების სიმხურვალე დღესაც მახსოვს, რომელიც თავზე დამნათოდა. იმ დროს მივხვდი რეალურად რას ნიშნავს პასუხისმგებლობა…  როგორღაც დავასრულე ჩემი პირველი ეთერი, გამოვედი სტუდიიდან და დილის გადაცემის უფროსმა, ელისაბედ აბულაძემ დამირეკა და მომილოცა, ცოტა დაძაბული იყავი, მაგრამ ნელ-ნელა ეს დაძაბულობა მოგეხსნებაო. შემდეგ გადაცემებში დაძაბულობა მართლაც გაქრა.

საავტორო გადაცემა

რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ცვლილებების დრო იყო. საავტორო გადაცემის გაკეთების სურვილი გამიჩნდა. ზაფხული იყო, ერთი თვე ოთახში ჩავიკეტე და ვფიქრობდი როგორი გადაცემა გამეკეთებინა. მინდოდა ყოფილიყო ნიჭიერ ახალგაზრდებზე. ვუყურებდი უცხოურ გადაცემებს, რაღაც ეპიზოდებს ვიმახსოვრებდი. ბოლოს ჩამოვყალიბდი გადაცემაზე, რომელსაც შემდეგ “თაობა Z” დავარქვი. ამ გადაცემას რეჟისორ გიორგი ნოზაძესთან ერთად ვაკეთებდი. გადაცემა იყო 20 წუთიანი, 15-25 წლის ახალგაზრდებზე გათვლილი და კვირაში ერთხელ გადიოდა. ერთი წელი იარსება ამ გადაცემამ და თავისი თავი ამოწურა. უკვე სხვა მასშტაბებს მოითხოვდა. მნიშვნელოვანი რესურსები იყო საჭირო და ამის ფუფუნება აღარ გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ შეჩერება.

ამის შემდეგ, მეუფე პეტრესგან მივიღე შემოთავაზება მეწყვილესთან ერთად გადაცემა “შუადღე” წამეყვანა. დავფიქრდი, ეს უკვე ადვილი აღარ იყო. თუ დილის გადაცემაში სპორტი მიმყავდა და დაწერილ ტექსტს ვკითხულობდი, თუ საავტორო გადაცემაში იმ თემაზე ვსაუბრობდით, რასაც მე თვითონ ვარჩევდი. “შუადღე”-ში სხვა სიტუაცია იყო, ყოველდღე 4 თემა, 4 ბლოკი, სხვადასხვა თემები. შეიძლება ისეთი თემა ყოფილიყო, რომელთანაც საერთოდ შეხება არ მქონია, ამან დამაბნია ძალიან, მაგრამ მეუფე პეტრემ ისეთი რჩევა-დარიგება მომცა და ისე დამარწმუნა რომ დავთანხმდი.

ყველაზე პატარა ჟურნალისტი    

4 თვე ისე მოხდა, რომ ერთდროულად დილითაც ვიყავი ეთერში, შუადღითაც და საღამოსაც. ეს ხდებოდა გასულ წელს, მაშინ როცა აბიტურიენტი ვიყავი. როგორც კი მოვრჩებოდი დილის გადაცემას ეგრევე სკოლაში გავრბოდი. პირველზე ვამთავრებდი სკოლას, ორის ნახევარზე უკვე “შუადღე” მიმყავდა. ოთხ საათზე “თაობა Z”-ის ჩაწერას ვიწყებდით. ამასობაში გახდებოდა 6-7 საათი და მერე ვიწყებდი მეორე დღის “შუადღის” თემებზე მუშაობას. 9 საათის შემდეგ კი სწავლის დრო დგებოდა. იმ პერიოდში გადაცემის რეჟისორი მეხუმრებოდა, სახლში უთო რომ ჩავრთო იქაც შენ იქნებიო.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა და მაქვს, არასდროს არ დამიწუწუნია, კარგად მახსენდება ის განსაკუთრებულად დატვირთული პერიოდი, იმიტომ რომ ეს ის საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს. როგორც არხის ხელმძღვანელმა მეუფე პეტრე ჭყონდილელმა მითხრა, საქართველოში ყველაზე პატარა ჟურნალისტი მე ვიყავი, რომელსაც აკადემიური გადაცემა მიჰყავდა პირდაპირ ეთერში.

იყო პერიოდი, მე თვითონ ვიღებდი, ინტერვიუსაც მე ვწერდი, ვამონტაჟებდი და შემდეგ ეთერშიც მე წარვადგენდი. ამაზე მეხუმრებოდნენ “ყველაფერშიკი“ ხარო. ოპერატორობაც მომწონს, მაგრამ კამერის წინ დგომა უფრო სასიამოვნოა ჩემთვის.

ტელევიზიის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და არც შემიძლია. არა მგონია, რომ სხვა მიმართულებით და სხვა პროფესიით განვაგრძო ცხოვრება. მინდა მადლობა გადავუხადო მეუფე პეტრეს, ელისაბედ აბულაძეს, თამარ არჩუაძეს და ლევან ქიქავას. ეს ის ოთხი ადამიანია, რომლებმაც მომცეს საშუალება, რომ ჩემი შესაძლებლობები წარმომეჩინა. დიდი მადლობა მათ ამ ნდობისთვის.

 

 კონკურსების გამარჯვებული

2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტებისთვის – “არა ბიონარკოტიკს”. ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სიუჟეტი, რომელიც პარალელურად სამინისტროს საიტზე განთავსდებოდა. ჩემი სიუჟეტი საუკეთესო სიუჟეტად დასახელდა, არადა როცა სხვა არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს ვუყურებდი, ვფიქრობდი ამათთან შედარებით ჩემი რა უნდა იყოს- მეთქი… მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პირადად გადმომცა მადლობის სიგელი. მაშინ 15 წლის ვიყავი. ჩემს ასაკს არ ვამხელდი, ვმალავდი, ზოგჯერ ვიმატებდი, მაკომპლექსებდა, მეგონა რაღაცაში მზღუდავდა. არ მინდოდა როგორც ბავშვს ისე შემოეხედათ ჩემთვის.

2013-2014 წლებში საბავშვო კინოფესტივალზე “ოქროს პეპელა”, რომელიც საქართველოში შვიდი წელია ტარდება, ორჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული და ორივეჯერ გავიმარჯვე. ერთ-ერთი იყო სოციალურ თემაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმი “მათხოვრის ერთი დღე”.

სასურველი რესპონდენტი

რესპონდენტი, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ეს იყო პირველი რესპონდენტი ჩემი ქართულის პედაგოგი. ყველაზე კარგად მახსოვს გურამ დოჩანაშვილის სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. როცა გავიგე რომ ბატონი გურამი იქნებოდა ჩვენი სტუმარი წინა დღეს ყველაფერი გადავქექე, ყველა ინფორმაცია მოვიპოვე, ამ ადამიანთან უხერხულად რომ არ ვყოფილიყავი. მეორე დღეს ეთერში როგორც კი დაიწყო საუბარი ბატონმა გურამმა, კითხვა არ დამისვამს, დავდუმდი, უბრალოდ ვუსმენდი და სიამოვნებას ვიღებდი.

საშუალება რომ მქონოდა ჩემთვის სასურველი რესპონდენტი იქნებოდა, ჩემი საყვარელი მსახიობი ჯიმ ქერი. იმ ეპოქაში რომ მეცხოვრა დიდი სიამოვნებით ჩავწერდი ჩარლი ჩაპლინს, ძალიან ბევრ შეკითხვას დავუსვამდი მის საინტერესო ცხოვრებასთან დაკავშირებით.

  და ბოლოს…

ადამიანმა არასოდეს არ უნდა იფიქროს, რომ მან მწვერვალს მიაღწია. თუ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზანი, ინტერესი და ყველაფერს აკეთებს, რომ მივიდეს ამ მიზნამდე, მაშინ იგი ძალიან ბევრ დაბრკოლებას გადალახავს, მე ასე ვფიქრობ. იმედი მაქვს რომ მეც მივაღწევ ჩემს მიზანს_ გავხდე კარგი ტელეწამყვანი.

წინ არის განათლება, ახალი პროექტები… ცხოვრების ახალ რელსებზე გადავედი, უნივერსიტეტი შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. შეგუების ეტაპზე ვარ. მალე დავიწყებ ფიქრს იმაზე როგორ განვვითარდე და როგორ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა. ცვლილებების დროა. ოცნება არ მაქვს. მაქვს მიზანი მოვხვდე ამერიკის ტელევიზიაში. ვისურვებდი ვიყო ABC- ის დილის გადაცემის “Good morning America”-ს წამყვანი.

 

ავტორი: ნინო გონგაძე

 

ნანახია:(1099)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

„იქნებ ერთმანეთის თვალებმა რაიმე გვასწავლოს, რაიმე შეცვალოს“…

ხანდახან მინდება, რომ ფეისბუქი გავაუქმო, მერე უცებ შუქი ჩაქრეს, ცოტა დიდი ხნით, რომ ყველას დაუჯდეს ტელეფონი და ისინიც გაითიშოს… მინდა,


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

გოგონა ფერადი ნახატებითა და ემოციური ლექსებით

ეს ნიჭიერი ადამიანი ჩემი მეგობარია. კარგად ხატავს და წერს, მაგრამ მხოლოდ ვიწრო წრემ იცის მასზე. ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. მე კი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ექსკლუზივი: პირველად ქართულ რეალობაში 13 წლის ბიზნესლედი დიდი გეგმებით

„ფიქრები რეალობაში გადადის, როდესაც ამას აცნობიერებ, სტიმული გეძლევა რომ ოცნებები მიზნებად აქციო, მიზნები კი საქმედ“ – მეუბნება 13 წლის ელენე(დოდოლი)


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*