„სწორედ ეს გვაქცევს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ, უგუნურ და პლებეურ ერად“… | Jolo.ge


„სწორედ ეს გვაქცევს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ, უგუნურ და პლებეურ ერად“…

„სწორედ ეს გვაქცევს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ, უგუნურ და პლებეურ ერად“…

„გუშინ ერთმა მეგობარმა დამიკომენტა, რომ თურმე ყველა ადამიანის სიყვარული «პოზიორობა» ყოფილა და მეტი არაფერი… გული მწყდება, რომ საქართველოში იდეის დონეზეც კი არ ესმით ის რაც ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა ამ ქვეყნად…

თუ ეს ასეა, მაშინ ქრისტეც პოზიორი ყოფილა, ბუდაც, კრიშნაც, ლაო-ძიც, რუსთაველიც და საერთოდ ყველა ნამდვილი რელიგიური და უბრალოდ ყველა კარგი ადამიანი, ყველა ის ვინც ადამიანებს ემსახურებოდა — ექვთიმე თაყაიშვილიდან ალბერტ შვეიცერამდე…
ყველა რელიგიის არსი სწორედ სამყაროს ერთიანობის იდეაა და ეგოისტური «სიყვარულიდან» გამოსვლა და საყოველთაო სიყვარულის განცდა. სხვა აზრი არცერთ რელიგიას არა აქვს  თუ ეს ასეა, მაშინ»გიყვარდეს მტერი შენიც» პოზიორობა ყოფილა და სხვა არაფერი…

აქ არაა საუბარი იმაზე, რომ საკუთარი დედა არ გიყვარდეს, ან ვიღაც დედაზე მეტად გიყვარდეს. მაგრამ როგორც ერიხ ფრომი წერს თავის «სიყვარულის ხელოვნებაში», ნამდვილი სიყვარული ეგოისტურისაგან იმით განსხვავდება, რომ როცა მე მიყვარს ჩემი დედა, ან ჩემი შეყვარებული, მე მისი სახით და მასში მიყვარს ყველა დედა თუ ყველა შეყვარებული… ანუ ჩემი სიყვარული კონკრეტული ადამიანის მიმართ კი არ მაუცხოებს სხვებთან, არამედ პირიქით — მაახლოვებს, კი არ მაძულებს მათ, არამედ მაყვარებს.

ეგოისტური «სიყვარული» კი ყოველთვის სხვების ხარჯზეა — მე «მიყვარს» «ჩემიანები» და გამოვყოფ მათ დანარჩენი სამყაროსაგან, რითიც შემოვსაზღვრავ «ჩემს» სამყაროს და ვმიჯნავდა «სხვების» სამყაროსაგან. ამ შემთხვევაში მე ვუპირისპირდები მთელს სამყაროს. მე «მიყვარს» «ჩემები», იმიტომ, რომ ისინი ჩემს ეგოისტურ ჩაკეტილობაში ერთგვარ ადამიანურ ფონს მიქმნიან და მაგრძნობინებენ, რომ ჩემი ეგოიზმი სულაც არ არის ეგოიზმი, და ამავე დროს მძულს, ან ფეხებზე მკიდია «უცხოები».

ასეთ სიყვარულს იმიტომ ვსვამ ბრჭყალებში, რომ, როგორც ფრომი წერს, ეს სიყვარულის კი არა, სინამდვილეში სიძულვილის ფორმაა. ეს არის ერთგვარი სექტანტიზმი, ოღონდ აქ რელიგიური ჯგუფი კი არ არის სექტა, არამედ ოჯახი, სამეგობრო, შეყვარებული წყვილი და სხვა…

ეს იმიტომაც არ არის სიყვარული, რომ თუ მე ზოგადად არ მიყვარს ადამინები, შეუძლებელია რომელიმე კონკრეტული ადამიანი მიყვარდეს. თუ ასე ხდება, ჩემს ამ «სიყვარულს» ყოველთვის რაღაც ანგარება (ფსიქოლოგიური ან მატერიალური) უდევს საფუძვლად.

სამწუხაროდ, საქართველოში სწორედ ეს გონიათ სიყვარული — სწორედ ეს კარჩაკეტილობა, კლანურობა, ოჯახურ-ნათესაური შემოზღუდულობა და მკვეთრი გამიჯნულობა «ჩვენებსა» და «უცხოებს» შორის. ყოველდღიურ მეტყველებაშიც კი გვაქვს უკვე გამჯდარი «ახლობელი», «შენიანი», «ნაცნობი», და ა.შ.

ეს ჩამორჩენილი ფეოდალური მოდუსი იმდენად ჩაშტამპული გვაქვს, რომ არც კი გვჯერა, თუ ვინმე სხვანაირად ხედავს სამყაროს და სხვანაირად ცხოვრობს. ჩემი აზრით პირველ რიგში სწორედ ეს გვაქცევს  მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ, ყველაზე მდაბიო, უგუნურ, განუვითარებელ და პლებეურ ერად, — ის რომ ასე მყარად ვართ დამკვიდრებული სწორედ ამ მახინჯ, «ჩვენიანურ» მენტალიტეტში…  და სწორედ ეს და მხოლოდ და მხოლოდ ეს გვიშლის ხელს განვითარებაში. ყველა ჩვენს პრობლემას სხვაგან ვეძებთ, სინამდვილეში ჩვენი ჩამორჩენილობის მიზეზი მხოლოდ ჩვენი ფეოდალური ნათესაური მენტალიტეტია, მხოლოდ ამის გააზრებისა და გადაგდების შემდეგ მოგვეცემა შანსი თანამედროვე მსოფლიოს ნაწილად, სრულყოფილ ხალხად გადავიქცეთ, მანამდე კი სოფლის ორღობის დონეს ვერ გავცდებით.

გაგრძელება იქნება …

ლევან რამიშვილი

 

ნანახია:(246)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სიყვარული“ და „სექსი“, — სექსუალური რევოლუცია (ნაწილი5)

სიყვარული ჩვეულებრივ ჩვენ ისე ვხმარობთ სიტყვებს „სიყვარული“ და „სექსი“, თითქოს მათ შორის შინაგანი მსგავსება არსებობდეს. ეს ასე არ არის. სიყვარული


„ის, რაც ჩვენ ცხოვრება გვგონია, სინამდვილეში სიკვდილის მდგომარეობაა“ — ლევან რამიშვილი

თბილისში მედიტაციის კლუბი იხსნება კლუბის იდეის ავტორია ლევან რამიშვილი – მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, რუსთველოლოგი, რამოდენიმე წიგნის ავტორი. კლუბი გაიხსნება 20 აპრილს,


თუ თქვენში არ არის მიზეზი, თქვენს გარეთ ვერავითარი დაბრკოლება ვერ იარსებებს

სუფიური იგავები გზაჯვარედინზე ერთ დილას სუფია გზების გასაყართან, გზის პირას იჯდა. მასთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და სთხოვა, შენი მოწაფე ვიქნებიო.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*