სურვილი, რწმენა, სიყვარული და სამყაროს ჯადოსნობები … | Jolo.ge


სურვილი, რწმენა, სიყვარული და სამყაროს ჯადოსნობები …

სურვილი, რწმენა, სიყვარული და სამყაროს ჯადოსნობები …

ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თუ რა დიდი ძალა აქვს გულიდან წამოსულ სურვილს, რწმენას და იმ საქმის სიყვარულს, რომელსაც ემსახურები. ამ ჯადოსნურ მაღაზიაში, რომელიც ჩემი მასპინძლის, თამარ გოდაძის ახდენილი ოცნებაა, 35 –ზე მეტი ხელოვანის საოცარი ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. თითოეული მათგანი საავტორო ფასად იყიდება… თავად თამარიც ხატავს, ქარგავს, ქსოვს და სხვადასხავა ხელნაკეთ ნივთებს ქმნის.

თამარ გოდაძე:  Mix Shop — საპოვნელაში ძირითადად იმ პატარა დედიკოების ნამუშევრებია, რომლებიც თან პატარებს უვლიან, თან სახლში ფუსფუსებენ და თან ამ საოცრებებს ქმნიან. მათი ნამუშევრები აქ საავტორო ფასად იყიდება. ეს არის ჩემი ერთგვარი თანადგომა მათდამი, რაც ძალიან მახარებს…

ამ მაღაზიის იდეაც სწორედ საავტორო ფასის გამო გაჩნდა. ჯერ კიდევ წლების წინ, როცა ჩემს მიერ შექმნილი სხვადასხვა ნაკეთობის რეალიზება გადავწყვიტე, არ გამოვიდა, რადგან მაღალი პროცენტი დაადო იმ მაღაზიამ, სადაც მივიტანე, სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი ისეთ მაღაზია–სალონზე, რომელშიც ხელნაკეთი ნივთები საავტორო ფასად გაიყიდებოდა და ავტორს ჯიბეში ზედმეტად ხელს არავინ ჩაუყოფდა.

დღეს ბედნიერი ვარ, თუმცა, გრძელი იყო გზა აქამდე. ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე და ეს ოცნებაც ძალიან დიდი ხანი ვატარე… სად არ მოვსინჯე ბედი – მიმტანიც ვიყავი, დამლაგებლადაც ვიმუშავე, ჭურჭლის მრეცხავადაც. მერე ბიზნესიც წამოვიწყე, მქონდა მაღაზიაც… მაგრამ ხომ არის, როცა გამუდმებით აკეთებ რაღაცას და ხვდები, რომ შენი არ არის, არ გყოფნის, არ გაკმაყოფილებს, უფრო მეტი გინდა. ეძებ… ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ აუცილებლად „საპოვნელა“ უნდა გამეკეთებინა და სხვადასხვა ავტორის ნამუშევრები საავტორო ფასად გამომეფინა და გამეყიდა. მაგრამ ამისთვის იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლა იყო საჭირო, რომელშიც ვიყავი, ეს კი ძალიან მიჭირდა…

–თუმცა, ფაქტია რომ მოახერხეთ, როგორ?

– „საპოვნელამდე“სხვა მაღაზია მქონდა. ერთხელაც „მოვხვეტე“ ერთიანად ყველაფერი და გავაჩუქე. ერთი ჩემი ნაცნობი ქალბატონი გურიაში მიდიოდა და სამოსებით სავსე ტომარა გავატანე, მეთქი წაიღე — თუ გინდა გაყიდე, თუ გინდა ვინმეს აჩუქე. ეს რომ არ გამეკეთებინა, დღემდე ისევ იქ ვიქნებოდი, სადაც ვიყავი და ჩემი ოცნება ისევ ოცნებად დარჩებოდა.

აუცილებლად უნდა შეელიო ძველს, რომ რაღაც ახალი დაიწყო. ასე დავტოვე კომფორტის ზონა და დავიწყე ნულიდან. არაფერი მქონდა, არც მაღაზია, არც ნივთები, არც ავტორები იყვნენ. მქონდა მხოლოდ იდეა და სურვილი.

დავიწყე ავტორების მოძიება.

რადგან ხელოვნებასთან ძალიან ახლოს ვარ, მსიამოვნებს ამ მაღაზიაში ყოველი ნივთის ცქერა, ასევე იმის ახსნა, თუ როგორი ფასეულია, რა დიდი შრომა და სიყვარული დევს თითოეულში. რამდენი ფიქრი, რამდენი გათენებული ღამე, თითების დაჩხვლეტები… მართლაც, თითოეული ნამუშევარი ავტორისთვის შვილივით არის. ამას ვერ მიხვდები თუ თავადაც არ განგიცდია, თუ ამ ხელნაკეთების შექმნის მთელი ეს პროცესი და შრომა არ იცი… აი, ეს ყველაფერი დამეხმარა.

ასევე ძალიან დამეხმარა „ჟოლოს“ სამოტივაციო სტატიები, თამარ კვარაცხელიას და სხვა ქოუჩების რჩევები, რეკომენდაციები… სწორედ მათი დახმარებით ვისწავლე, რომ თუ არ გაკმაყოფილებს რასაც აკეთებ და მეტი გინდა, იმ მეტს უნდა შეეჭიდო, უნდა იმოქმედო და აუცილებლად უნდა გააკეთო… თუ არ შეეჭიდე, არაფერი გამოგივა.

მეც შევეჭიდე, ვეძებდი ავტორებს, მივდიოდი მათთან, ჩემს იდეას ვაცნობდი, ბევრმა უარი  მითხრა. «მაღაზიის გახსნას ვაპირებ და თქვენი ნივთები მოიტანეთ ჩემთან»,  – ძალიან უცნაურად ჟღერს, ხო? ჯერ ნდობა უნდა მოიპოვო  და ეს ნდობის მოპოვება თავიდან ძალიან რთულია. თუმცა, არ გავჩერდი, გავაგრძელე გზა… ვწერდი თბილ და ემოციურ პოსტებს, ვაქვეყნებდი სოციალურ ქსელში, ვიხმობდი ავტორებს.

ძალიან დამეხმარა არაჩვეულებრივი გოგო, ქეთი თუშმალიშვილი, ჩემთვის საერთოდ უცხო ადამიანი და მადლობა მას ამ სიკეთისთვის…  ზოგადად ასეა, როცა კარგი საქმე გაქვს ჩაფიქრებული, სამყარო ძალიან გულუხვია მაგ დროს და კარგ ადამიანებსაც გიგზავნის.

ქეთიმ, რომელსაც მსგავსი სახის სალონი ჰქონდა და სხვა საქმეზე გადაერთო, აბსოლუტურად ყველა ავტორი ჩემთან გამოგზავნა. რა, თქმა უნდა იმ ავტორებიდან ბევრმა ვერ შეძლო ამ ეტაპების ჩემთან ერთად გადალახვა და ვერ მომყვა, მაგრამ ვინც მომყვა, ზუსტად იცის სად არის და ისიც იცის, რომ უცებ არაფერი კეთდება.

ერთ ლამაზ დღესაც სამყარომ გამომიგზავნა ლალუ. Lalu Art-ის მფლობელი, რომელმაც „საპოვნელას“ არა მარტო ლამაზი ნივთები, არამედ ბევრი ლამაზი იდეაც შემატა.

ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში არიან ადამიანები ღუზები და ადამიანები აფრები. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპმა რომელიც გავიარე, ზუსტად ეს მასწავლა, რომ ადამიანი ღუზა, რომელიც ქვემოთ გქაჩავს და გაჩერებს, აუცილებლად უნდა გაუშვა შენი ცხოვრებიდან და უნდა მიყვე იმას, რომელიც შენს აფრებად იქცევა.

ზუსტად ეს აფრები აღმოჩნდა ჩემთვის ლალუ. საოცარი ნაკეთობებითა და კარგი იდეებით. ერთ-ერთი იდეა არის საჩუქრების გათამაშება, რომლითაც ძალიან ბევრმა ავტორმა თუ მომხმარებელმა იპოვა „საპოვნელა“. აი, ასე გავხდით პოპულარულები. ასე დაგვემატნენ ის პატარა დედიკოებიც, რომლებმაც ამ ფბ. ჩართვების მეშვეობით შეიტყვეს მაღაზიის არსებობის შესახებ.

დღეს ჩემთან არიან, — ლალუ, თეია, გოია და ასე 35-ზე მეტი ავტორი… სამომავლოდ დიდი მიზნები გვაქვს დასახული. გვინდა  საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ ნამუშევრები.

ასე გვიპოვა მერაბ კოპალეიშვილმაც და მისი ქმნილებებით გაალამაზა მაღაზია. დადგა დიუმას და ასევე აფრიკელი ქალის ქანდაკება. ეს უკვე მისი მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერაა. მერაბის დიდი სურვილია დიუმას ქანდაკება რომელიმე ბაღში დაიდგას და ალბათ აუხდება ეს ოცნება.

აქვეა სამოცდაათი წლის ბებოს ნამუშევრებიც,–კინტო, დარეჯანი და ლუარსაბი… ყველა ავტორს გამორჩეული და ორიგინალური ხელწერა აქვს.

აქ გაყიდული თითოეული ნივთი შემქმნელს დიდ სიხარულს ანიჭებს, უფრო მოტივირებულს ხდის, აბედნიერებს… ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ ფაქტობრივად მთელ დღეებს აქ ვატარებ ხოლმე, ვმუშაობ ყოველ დღე, დილის თერთმეტიდან საღამოს ცხრა საათამდე. ორშაბათის გარდა, რადგან ორშაბათი ცეკვის დღეა.

— ანუ ცეკვაზეც დადიხართ?

დიახ, ეს ჩემი ასრულებული ოცნებებიდან ერთ-ერთია. არაბული ცეკვის სკოლა, ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, თან გვყავს საოცარი პედაგოგი, — ელენი. ადამიანი, რომელმაც არა მარტო ცეკვა, არამედ საკუთარი თავის სიყვარულიც მასწავლა და 45 წლის ასაკში სხვა ბედნიერება შეძინა ჩემს ცხოვრებას.

ელენი ჩიხლაძეც ჩემი აფრებია.

ბებია ვარ, უკვე, ორი შვილიშვილი მყავს, მაგრამ ვცეკვავ და მალე

ოლიმპიადაზე გამოსვლასაც ვაპირებ. ეს ელენის დამსახურებაა, რომელმაც შთამაგონა, რომ ვარ არაჩვეულებრივი ქალი, ვცეკვავ საუკეთესოდ და მიუხედავად იმისა, რომ ბებია ვარ, ყველაფერი წინ მაქვს.

ასე რომ ელენი, არა მხოლოდ თავისი საქმის, არამედ ურთიერთობების პროფესიონალიცაა. საერთოდ პროფესიონალიზმი არის ადამიანობა, როცა არასოდეს კარგავ შენს ჩვეულებრივობას, შენს ბუნებრივ დამოკიდებულებას სხვისადმი და შენს ადამიანობას, ვფიქრობ ეს ყველაზე დიდი წარმატებაა.

— მითხარით, არაბული ცეკვა ასრულებული ოცნებააო

— დიახ, ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, მაგრამ ბავშვობაში მე და ჩემი და რაღაცეებს შემოვიხვევდით ხოლმე და ასე ვცეკვავდით დიდხანს. სულ მომწონდა არაბული ცეკვა, თუმცა ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ამ ცეკვაზე დავიწყებდი სიარულს და მერე ოლიმპიადისთვისაც მოვემზადებოდი.

საოცრებები ხდება ცეკვის დროს. ყველაზე საოცარი ქალი ხარ როცა ცეკვავ. ყველაზე ქალური, ყველაზე ნაზი, ყველაზე ბედნიერი. აქ საკუთარი სხეულის მოსმენა ვისწავლე. ესეც ერთგვარი თერაპიაა იმისთვის, რომ ბედნიერება მთლიანად შეიგრძნო და მერე შენი დადებიტი ენერგიით სხვებიც დამუხტო.

საერთოდ ძალიან მჯერა ენერგიების. სახლიდან რომ გამოვდივარ ვინც არ უნდა იყოს, დიდი პატარა, მოხუცი, ახალგაზრდა, ყველას ვუღიმი. ზოგს უკვირს, ზოგი ღიმილითვე მპასუხობს და ასე დადებით ენერგიებს ვცვლით. რაც უფრო მეტს ვიღიმი, მით  უფრო მეტი დადებითი ენერგია მოდის, რაც უფრო მეტ სიყვარულს გავცემ და ამ სიყვარულის  უკან დაბრუნებას არ ველოდები, მით უფრო მეტს ვიღებ… სამყაროს თავისი კანონები აქვს და როცა ამ კანონებს ეუფლები მერე ყველაფერი შენდა სასიკეთოდ ხდება.

– რა თვისებები სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ გახდეს წარმატებული, ან მიაღწიოს იმ საწადელს რაც გულით უნდა?

– თუ ნებისყოფა არ გაქვს, ამას ვერ შეძლებ. შენი საქმე შვილივით უნდა გიყვარდეს და მოთმინების უნარი უნდა გქონდეს. ბევრ რამეს ხომ უთმენ შვილს, ზრდი მას, ასწავლი, აცმევ, უვლი… ასე შვილივით უნდა გაზარდო შენი საქმეც. არ უნდა შეეშვა, არ უნდა მოგბეზრდეს. ახლა ჩემი შვილი ოცნების ასაკშია. ყველაზე კარგი პერიოდი აქვს, რადგან ოცნებები სრულდება და ეს მე ყველაზე კარგად ვიცი.

ასევე აუცილებლად უნდა შეგეძლოს მწუხარების და ტკივილის გაშვება. ცხოვრების მანძილზე ხომ სულ კარგი არ გხვდება, ცუდიც გამოერევა ხოლმე. ჰოდა, მთავარია შეძლო ამ ცუდის დატოვება, თავისუფლად იგრძნო თავი და ასე გააგრძელო გზა. ასევე მთავარია გიყვარდეს საკუთარი თავი, საკუთარი საქმე, გჯეროდეს იმის რასაც აკეთებ და გჯეროდეს იმ ადამიანების, რომლებიც შენთვის ღუზა კი არ არის, აფრებია.

დეა თავბერიძე

ნანახია:(1720)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის ნახატიც მანჰეტენზე გაიყიდა

21 წლის  ქართველ ემიგრანტს ნანა ჩიხლაძეს, რომლის ნახატიც მანჰეტენზე,  Madatart-ის გამოფენის გახსნისთანავე გაიყიდა, ამერიკაში დავუკავშირდით. „მინდორი“ — The Field —


მთავარია ირწმუნო და მოინდომო — ოცნებები სრულდება

„ოცნებები სრულდება … მთავარია გულით ისურვო და დაიჯერო, მერე მოინდომო, მიზნები დაისახო და იმოქმედო, მაშინ მიხვდები რომ შეუძლებელი არაფერია“ —


„დადუ“-ს 24 წლის დირექტორი და გუნდი, რომელიც წარმატებას განსაზღვრავს

„ერთად დადგომა — ეს დასაწყისია, ერთმანეთის შენარჩუნება – პროგრესი. ერთად მუშაობა კი წარმატებას ნიშნავს” ჰენრი ფორდი „და-დუ“ — გუნდი, სადაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*