„სკოლა ბავშვს „კლავს“ – ფსიქოლოგი ანა კვანტრიშვილი | Jolo.ge


„სკოლა ბავშვს „კლავს“ – ფსიქოლოგი ანა კვანტრიშვილი

„სკოლა ბავშვს „კლავს“ – ფსიქოლოგი ანა კვანტრიშვილი

სანამ მე და ჩემი რესპონდენტი სხვადასხვა საინტერესო და საჭირო  საკითხზე საუბარს დავიწყებდეთ, მინდა უფრო ახლოს გაგაცნოთ ამ „ხმაურიანი“ განცხადების ძალიან მშვიდი ავტორი – ანა კვანტრიშვილი.   

ანა კვანტრიშვილს უამრავი რეგალია აქვს: ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნლპ ტრენერი, პერსონალური ქოუჩი… და ყველაზე მთავარი – ის ფლობს იმ შინაგან ძალას, რომელიც მის გვერდით ყოფნისას პოზიტივითა და სიმშვიდით გავსებს. დღემდე მომყვება ის საოცარი ენერგია და დადებითი მუხტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამ ახალგაზრდა ფსიქოლოგთან ინტერვიუს ჩაწერისას მივიღე.

ანა კვანტრიშვილი ერთ-ერთი მოქმედი ქოუჩია, რომელსაც საკუთარი პრობლემებით ბევრი ადამიანი აკითხავს…

– ანა, რატომ უნდა მოვიდე თქვენთან, რას მივიღებ?

– ზოგადად, როცა ადამიანები ჩემთან მოდიან, იციან, რა უნდათ. და მე ვაძლევ მათ იმას, რაც სურთ. თუმცაღა, არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ სურვილებში ვერ გარკვეულან და ქაოსში არიან, ბევრი თვითგანადგურებამდეა მისული და ჩემთან მოდის, რათა დალაგდეს, ბურუსიდან გამოვიდეს… ქოუჩინგით სწორედ ამ ბურუსის გაფანტვაში ვეხმარები… თუმცა ამასაც თვითონ აკეთებს, უბრალოდ ჩემი დახმარებით, ბურუსი იფანტება და ჩნდება ნათელი ხედვა ცხოვრებისა. ახლა უკვე აცნობიერებს. ემოციებით კი არა, რეალურად აღიქვამს ყოველივეს და ხვდება, რომ სინამდვილეში არაფერიც არ ხდება.

– ანუ მათ კარგი განწყობის შექმნაში ეხმარებით…

– უფრო გამოღვიძებაში…

როცა უამრავი პრობლემა გაქვს მოსაგვარებელი, საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი, ვერ უმკლავდები წყენებს, ტრავმებსა და შიშებს, არ ხარ რეალიზებული, ძნელია, პირდაპირ კარგი განწყობის შექმნაზე გადახვიდე.

რა თქმა უნდა, შეგიძლია, გააკეთო სხვადასხვა სავარჯიშოები, მედიტაცია, მოუსმინო მანტრებს, თქვა აფირმაციები, მაგრამ თუ შიგნით ამ ყველაფერს არ მოიგვარებ, არ დაამუშავებ, არაფერი გამოვა.

პირველ რიგში, უნდა დაალაგო საკუთარი თავი და შინაგანი მდგომარეობა. აქ კი მთავარია, შეიქმნა არა კარგი განწყობა და იცხოვრო ილუზიით, არამედ განწყობა ისეთი ქცევის შესასრულებლად, რომელსაც შენი კონკრეტული მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია. მერე უკვე მიიღებ იმას, რაც რეალურად გინდა.

– თავად თუ გაიარეთ ეს გზა? გქონდათ თუ არა გარკვეული პრობლემები, რომელთა გადალახვაც მოგიხდათ?

– კი… არ ვიცი, ამ გადასახედიდან „პრობლემები“ დავარქვა თუ არა, მაგრამ მაშინ ასე ვფიქრობდი. ეს იყო პრობლემები, რამაც დეპრესიაც გამოიწვია. ჩავიკეტე, სახლიდან არ გამოვდიოდი, ლოგინიდან არ ვდგებოდი, არც ვინმეს ნახვის სურვილი მქონდა და არც რამის კეთების. ვისაც დეპრესია გამოუცდია, მან კარგად იცის, რაზეც ვსაუბრობ. დეპრესიას ასეთი რამ ახასიათებს: გლოვობ შენს თავს, გარდაცვლილი ხარ, არაფერი გინდა და არაფერი გაინტერესებს. მეც ასე ვიყავი არანაირი კონტაქტი, არანაირი მეგობრები, მხოლოდ ორი ადამიანი მოდიოდა ჩემთან… ეს რამდენიმე თვე გაგრძელდა…

მაგრამ დეპრესიას აქვს ერთი დიდი პლუსი შეგიძლია, თავიდან დაიბადო. ძველი ყველაფერი ნადგურდება და ახლიდან იბადები. ზუსტად ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დავიბადე. თავიდან შევქმენი საკუთარი თავი… და მას შემდეგ მხოლოდ აქ ვარ, აქ და ამჟამად. წარსულთან ემოციური კავშირი აღარ მაქვს.

– რამ განაპირობა ეს ხელახლა დაბადება?

– ხელახლა დაბადება საკუთარ თავზე მუშაობამ განაპირობა. იმ პერიოდში აღმოვაჩინე ინგა ბლესის ფსიქოლოგიური ცენტრი და იქ ქოუჩინგის სკოლაში დავიწყე სწავლა. ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი და წავედი… დავიწყე გულწრფელი ურთიერთობა ადამიანებთან, მოვიხსენი შებოჭილობა, გავანადგურე ყველაფერი ადრინდელი და ახლიდან დავიწყე ცხოვრება. აი, როგორც ფეხს იდგამ და სიარულს სწავლობ… ასე ავიდგი ფეხი და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმენი ჩემი თავი, ჩემი დღევანდელი რეალობა.

ინგა ბლესის ცენტრმა და თავად ინგამ, რომელიც ფსიქოლოგი და ჩემი მასწავლებელია, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. მისი დამსახურებაა ის, რომ ახლა ამ გზაზე ვდგავარ და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ მისი.

– ახლა როგორია ანა?

– ბედნიერი… ფანტასტიკური შეგრძნებაა, როდესაც საკუთარ თავზე მუშაობ და ამ მუშაობის შედეგად მიღებული გამოცდილებით სხვებს ეხმარები. და სხვების შედეგებსაც ხედავ.

ჩემი მთავარი მიზანი და მისიაა, ადამიანებს დავეხმარო იმის გაცნობიერებაში, რომ სინამდვილეში არაფერი ხდება ისეთი, რის გამოც შეიძლება დაძაბულები და უბედურები იყვნენ…

მთავარია განთავისუფლება, გამოღვიძება. ჩემი მისიაა, გამოვაღვიძო ადამიანმა, დავეხმარო, დაიცალოს იმ უაზრო ემოციებისგან, რომლებიც აღზრდამ, გარემომ, ბავშვობაში შექმნილმა ტრავმებმა მიაყენა და იცხოვროს იმ წუთით, რომელშიც არის…

– მამაკაცებიც მოდიან თქვენთან?

– იშვიათად. თუმცა ეს არ მიკვირს საქართველოში. ერთია, რომ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, „ვაიმე, როგორ მივიდე ფსიქოლოგთან“ და ა.შ…  მეორეა ის, რომ ქალი უფრო გახსნილია, ქალს მეტად შეუძლია თავის გრძნობებსა და შინაგან სამყაროზე საუბარი, ვიდრე მამაკაცს. თუმცა, მამაკაცებიც მოსულან და შედეგიც ძალიან კარგი მიგვიღია.

– იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ, ძირითადად რა პრობლემებზე გიხდებათ მუშაობა? და კიდევ,  ონლაინრეჟიმში თუ არის შესაძლებელი კონსულტაციის მიღება?

– კი, რა თქმა უნდა. ძირითადად ონლაინრეჟიმში ვმუშაობ. გამოწვევების გამკლავება, შიშებისა და შფოთვების განეიტრალება, უფრო მეტად გარკვევა საკუთარ თავში…

საკუთარი თავის მიღება, სიყვარული და პატივისცემა აქედან იბადება ყველა პრობლემა, რის შედეგადაც ვერ ურთიერთობ ადამიანებთან, ვერ აღწევ მიზნებს, გაქვს წყენები და ამ უამრავი პრობლემის მიზეზი არის ის, რომ არ გიყვარს საკუთარი თავი. რატომ? არავინ გვასწავლა ეს ბავშვობაში. დედა ასწავლის შვილს, უყვარდეს და-ძმა, მეგობარი, მაგრამ არ ეუბნება, რომ უნდა უყვარდეს საკუთარი თავი. ეს უდიდესი პრობლემაა. მუშაობისას ხშირად დაუსვამთ გულუბრყვილო კითხვა – რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული? თეორიულ დონეზე ვიცით, მაგრამ ეს როგორ გავაკეთოთ?

– რას ურჩევდით დედებს ამასთან დაკავშირებით?

– რჩევა ნაკლებად გაჭრის, რადგან რჩევამდე დედამ ჯერ თავის თავთან უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. ჯერ თავად უნდა შეიყვაროს საკუთარი თავი. მე რომ მასწავლო, როგორ უნდა შევიყვარო ჩემი თავი, ჯერ შენ უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის სიყვარული. ეს არის ზუსტად „მკვდარი ცოდნა“, რომ უბრალოდ იცი თეორიულად და ამას „გადასცემ“. და საქმეც ის არის, რომ ვერ გადასცემ. ფსიქოლოგიც ჯერ თავის თავში გარკვეული და მშვიდი უნდა იყოს, რომ შემდეგ სხვას გადასცეს ეს ცოდნა, „მკვდარი ცოდნა“ რომ არ გამოვიდეს… კი, ბატონო, ვურჩევ, რჩევა უამრავია, თვითონაც შეუძლიათ, „გუგლში“ მოძებნონ… მაგრამ შენს თავს თუ არ მიეცი ეს, შვილს როგორ მისცემ?

– სანამ შეგხვდებოდით, თქვენი ფბ-გვერდი გადავათვალიერე და ვნახე, რომ ამზადებთ ონლაინპროგრამას „შეიყვარე თავი შენი“…

– კი, ეს იქნება ონლაინპროგრამა, რომელიც საკუთარი თავის სიყვარულს შეეხება და  ახალი წლის შემდეგ შევთავაზებ მსურველებს. „შეიყვარე თავი შენი“ – კი, ნამდვილად ასე დავარქვი.

– რას მოგვცემს ეს პროგრამა?

– პირველ რიგში, საკუთარი თავის აღმოჩენას, გაცნობას, მიღებას. ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვჩვევია წუწუნი და რაღაცების სხვებისთვის გადაბრალება – აი, იმას რომ ასე გაეკეთებინა, ის რომ ასე მომქცეოდა… არადა, სხვა ადამიანი არაფერ შუაშია შენს ცხოვრებასთან, ეს ყველაფერი შენ ხარ. მაგრამ ამის გაცნობიერება ძალიან რთულია.

სწორედ ამიტომაც ვაკეთებ ამ პროგრამას, რომელიც ჯერ საკუთარ თავს აღმოგაჩენინებს, მერე კი შენს თავს ისეთს მიგაღებინებს, როგორიც ხარ. ფაქტობრივად, მიღებაში არის საკუთარი თავის სიყვარული. როდესაც საკუთარ თავს მიიღებ ისეთს, როგორიც რეალურად ხარ, მერე უკვე შეგიძლია, სხვა ნაბიჯებიც გადადგა – გამოსწორდე, განვითარდე, შენი სურვილები განახორციელო. მანამდე კი, თუკი თვალები დაბინდული გაქვს, წინ ვერ წახვალ… ფაქტობრივად, სიზმარშია ადამიანი. ამ პროგრამით ბევრის გამოღვიძება მინდა…

– როგორ ფიქრობთ, ეს ყოველივე, რაზეც თქვენ საუბრობთ, რაღაც დოზით სკოლებშიც რომ ისწავლებოდეს, ბავშვები ბევრად უფრო სხვანაირები არ გაიზრდებოდნენ, ანუ ცხოვრებისთვის უფრო მომზადებულნი?

– იცით, სკოლაზე ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს და შეიძლება ბევრისთვის სასიამოვნო არ იყოს ამის მოსმენა. არ მომწონს ჩვენი განათლების სისტემა. ბავშვი 11 წელი დაბმულია მერხთან და მუდმივად სტრესშია…  არის მუდმივი ბრძანებები, დირექტივები – ასე გააკეთე! ისე არ გააკეთო! ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება! ეს ისწავლე! ეს ტვინში ჩაიტენე და ა.შ. ამით ბავშვებს ართმევენ ბავშვობას, უაზრო ცოდნით თავს უტენიან და იმ უნარებს, რომლებიც უნდა განუვითარონ, პირიქით, უკლავენ. ფაქტობრივად, სკოლა ბავშვს „კლავს“. ასეთია ჩემი მოსაზრება! საერთოდ შესაცვლელია სისტემა, მხოლოდ ფსიქოლოგიის შეტანა არაფერს  მოგვიტანს. სამწუხაროა, რომ ასეთივე მიდგომა აქვთ მშობლებსაც ბავშვთან და სკოლის „ჯოჯოხეთი“ სახლშიც გრძელდება, გაკვეთილების მომზადების სახით. ეს კი ჩვეულებრივი ძალადობაა. რაც მერე ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა სახით იჩენს თავს… ტრავმები ხომ ძირითადად ბავშვობიდან მოდის… სკოლის პერიოდშიც ბევრს აქვს გაღიზიანება, მიუღებლობა, აგრესია… მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ, ბავშვთა ფსიქოლოგი უფრო დეტალურად ისაუბრებს…

– სამომავლოდ რა მიზნები გაქვთ?

– ამ ეტაპზე ჩემი მიზანია პროფესიულად კიდევ უფრო განვითარება ვაგრძელებ მუშაობას, ვაგროვებ გამოცდილებას, გზადაგზა პირადი სესიებითა და კონსულტაციებით ვეხმარები ადამიანებს.

დღეს ჩემი ცხოვრების 80% ჩემს პროფესიას ეთმობა. ძალიან ბევრი კურსი გავიარე და სამომავლოდაც ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი. სწავლა მოთხოვნილებად მექცა. თუ ორი თვე ისე გავიდა, რომ ტრენინგის ან მასტერკლასის გარეშე ვარ, ცოდნის შიმშილს ვგრძნობ… სწავლობ, სწავლობ და ხვდები, კიდევ რამდენი რამ არ იცი და საშინელი სურვილი გაქვს, კიდევ ისწავლო, რაც შეიძლება მეტი გაიგო… კარგია ის, რომ ამ ცოდნის რეალიზებას ვახდენ, სხვასაც  გადავცემ. სამომავლოდ ნლპ-ს შემქმნელთან მინდა სწავლის გაგრძელება. ეს არის ჩემი ერთ-ერთი დიდი მიზანი.

– როგორც ვიცი, ნლპ ქოუჩინგს ერთ-ერთ ლეგენდარულ ტრენერთან, მადიტა დისკუტთან დაეუფლეთ…

– მადიტას ძალიან დიდი ენერგია და საოცარი აურა აქვს. ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან ძლიერია… თვალებში შეხედავ და ეგრევე იგრძნობ, ვინც არის. აქედან გამომდინარე, მისი სწავლებაც არაჩვეულებრივია. რასაც ასწავლის, თვითონაც ის არის. ეს განასხვავებს მას ბევრი მასწავლებლისგან. კი, ასწავლიან, შეიძლება ძალიან კარგადაც იციან ის, რასაც ასწავლიან, მაგრამ, უბრალოდ, ცოდნას გიყვებიან. მადიტა კი თვითონ არის ცოდნა. თავისი ცხოვრებით, გამოცდილებით, ეს არის სინამდვილეში სწავლა. მასთან ცოცხალ ცოდნას ეუფლები, რაც ყველაზე ფასეულია. ნლპ ტრენინგი ადრეც მაქვს გავლილი ჩემს საყვარელ ლექტორთან, ახლა მადიტასგანაც მივიღე ეს ცოდნა და ამიტომ მინდა, უფრო ამ კუთხით განვავითარო ჩემი შესაძლებლობები….

– თუ შეიძლება, მოგვიყევით იმ ფსიქოლოგიურ ტრენინგშოუზეც, რომლის გამარჯვებულიც გახდით.

– ეს იყო „დისკომფორტის ზონა“, ფანტასტიკური შოუ, რომელშიც ამ ზაფხულს მივიღე მონაწილეობა – ტყე, კარვები, კოცონი, ფსიქოლოგიური თამაშები… შოუს იდეის ავტორი ფსიქოლოგი, ხათუნა მუზაშვილია. საოცარი იყო… სახელი გავიგე თუ არა, მაშინვე გადავწყვიტე და ვთქვი: აქ უნდა წავიდე. თუმცა, რამდენიმე წლის წინათ მსგავს შოუში მონაწილეობას ვერც კი გავბედავდი, შემეშინდებოდა… მეწყვილეც საოცარი მყავდა სალომე გოგეშვილი.

ამ შოუდან სამი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი და დიდი გამოცდილება წამოვიღე. ძალიან დიდხანს, მგონი, ფეხს არ ვაბიჯებდი მიწას. ვისაც ფსიქოლოგიასთან შეხება აქვს, იცის, რომ სხვადასხვა სავარჯიშოა, ზოგი წარმოსახვითი. იქ კი ამ ყველაფერს რეალურად აკეთებ, ეს იყო ძალიან მაგარი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ამ ტრენინგშოუმ მასწავლა, არის მიზნისკენ სიარული. ეს პრაქტიკაში განვახორციელე. ზუსტად ვიცოდი, რომ გამარჯვება მინდოდა, გამიზნულად ავიყვანე ჩემი თავი ხელში, თან გაკვეთილები მეძლეოდა – რა უნდა აკეთო, როგორ მოიქცე, როგორ იფიქრო, როგორი ემოციები გქონდეს… აბსოლუტურად საღად ხედავ იმას, როგორ უნდა იარო მიზნისკენ. მთლიანად პროცესში ხარ ჩართული, ხარ აქ და ამჟამად, სხვაზე არაფერზე ფიქრობ. ენერგიას ფუჭად არ ხარჯავ, რომ საქმეს არ მოაკლდეს. დავალებაზე კონცენტრირდები და მოქმედებ, რაც ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. ჩვენ, ადამიანები, კი ძირითად დროს წუწუნსა და მიზეზების ძებნას ვუთმობთ ვიდრე მოქმედებაზე გადასვლას.

დეა თავბერიძე

ფსიქოლოგ ანა კვანტრიშვილის გვერდის სანახავად გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე

/https://www.facebook.com/annakvantrishvili3/

 

ნანახია:(544)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კახეთში მისტიურ აკლდამას მიაკვლიეს

«კახეთის მხარეში, კერძოდ კი, ივრის ზეგანზე ძველი სამარხები იძარცვება. რა თქმა უნდა, არც ისტორიკოსი ვარ და არც არქეოლოგიის სპეციალისტი, თუმცა,


ადამიანები მზად არიან უფრო მეტად ბოროტებას გასცენ პასუხი, ვიდრე სიკეთეს

„ადამიანები მზად არიან უფრო მეტად ბოროტებას გასცენ პასუხი, ვიდრე სიკეთეს, რადგან მადლიერება – ტვირთია, ხოლო შურისძიება – სიამოვნება.“ პუბლიუს კორნელიუს


წყალი უზმოზე — რომელი დაავადებების სამკურნალოდაა კარგი

იაპონელებს დილით გაღვიძებისთანავე წყლის დალევა ჩვევად აქვთ. ეს მათი უძველესი ტრადიციაა სხვადასხვა დაავადებებთან გასამკლავებლად რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*