სიამაყე | Jolo.ge


 სიამაყე

 სიამაყე

სიამაყე ყოველთვის დაკავშირებულია საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან შედარებასთან. ის ცბიერი და ქვემძვრომია. ის ყოველთვის ეცდება თქვენს ცდუნებას თქვენი მნიშვნელობის ცამდე აყვანით. სიამაყის ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ სიამაყე გიჭრით გზას ყველანაირი დახმარების მიღებიისგან („მე ამაყი ვარ და დახმარებას არ ვითხოვ!“).

ადამიანის ძალა

ოდესღაც ამ სამყაროში ცხოვრობდნენ მხოლოდ ღმერთები. ისინი იყვნენ ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველნი, მათ ჰქონდათ ყველაფერი, რასაც კი ისურვებდნენ. მათი ცხოვრება მიედინებოდა მშვიდად, სავსე იყო სიამოვნებითა და საოცრებებით. ცნობისმოყვარეობამ, ან იქნებ მოწყენილობამ უბიძგა მათ ადამიანის შექმნისკენ.

მათი ქმნილება  საკმაოდ ჭკვიანი და მოხერხებული აღმოჩნდა, ის მალე ითვისებდა და სწავლობდა ყველაფერს. რამაც გამოიწვია ღმერთების შეშფოთება: იქნებ ადამიანები ისეთივე ძლიერები გახდნენ როგორც ღმერთები?

და მათ დაიწყეს ადამიანის ძალების დამალვა სამყაროს სხვადასხვა წერტილებში: მთის მწვერვალებზე, ზღვის სიღრმეებში, გაუვალი ტყეების სიღრმესა და უდაბნოს ქვიშებში. მაგრამ ადამიანი ჯიუტი იყო და განაგრძობდა ცდას, ის ყოველთვის პოულობდა დამალულ საგანძურს. და სწორედ მაშინ, ღმერთები სერიოზულად შეშინდნენ — მათ მიერ შექმნილ არსებას შეეძლო მათთვის ეჯობნა კიდეც.

ღმერთების კრებაზე მათ შორის ყველაზე უმცროსმა შესთავაზა დაემალა სიძლიერე იქ, სადაც ადამიანი არ დაიწყებდა ძებნას, — მასშივე. იდეა ყველას მოეწონა, ასეც მოიქცნენ.

მას შემდეგ უამრავ ადამიანს უჭირს საკუთარი თავის პოვნა, რადგან ეძებენ ბედნიერებას არა საკუთარ თავში, არამედ სადღაც გარეთ: სხვა ადამიანებში, ნივთებში, ადგილებში, ძალა-უფლებაში…

მაგრამ ყველა დროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავმა ძებნამ მიიყვანა საკუთარი გულისა და სულის აღმოჩენამდე. მას შემდეგ რაც ასეთი ადამიანები შეიძენენ ძალასა და ჰარმონიას, ისინი იწყებენ სხვებისთვის ამის სწავლებას. საკუთარ ცოდნას სულიერ პრაქტიკებსა და ცდებში აქსოვენ.

ღმერთები კიდევ უფრო შეშინდნენ: ადამიანმა იპოვა გზა საკუთარი თავისა და სიძლიერისკენ! ამიტომ, მათ მოუხმეს ადამიანის მტრებს: სიხარბეს, მოუთმენლობას, შურს , სიჯიუტეს, სიზარმაცეს და ყველაზე საშიშს — სიამაყეს. ეს ყველაფერი დამალეს ადამიანის ბუნებაში და დაავალეს შეექმნათ მისთვის სიძნელეები და წინააღმდეგობები ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე.

მართლები იყვნენ ყველა დროის უდიდესი და უჭკვიანესი ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე იმალება იქ, სადაც არც კი ველოდებით. სულიერ გზაზე გარეშე მტერს ვერ შევხვდებით — ასებობს მხოლოდ შინაგანი მტერი,  რომელსაც ვებრძვით.

სიამაყის სენი

ადამიანები მთელ თავიანთ ცხოვრებას ატარებენ ბედნიერების ძიებაში, თითქმის ყველას უწევს ამ გზაზე სხვა ადამიანებთან ბრძოლა, რადგან ჰგონიათ, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან მათი უბედურების მიზეზი, თვლიან მათ მტრებად. ეს ბრძოლა ადამიანებს უამრავ ძალას ართმევს, მაგრამ რა მოაქვს შედეგად…?

დამარცხებული მოწინააღმდეგის ადგილს მუდამ იკავებს სხვა, ახალი მოწინააღმდეგე, ზოგჯერ კი რამდენიმე მათგანიც კი. ასეთ დროს ჩვენი შინაგანი მტრები სიხარულით იფშვნეტენ ხელებს, თავგზას გვიბნევენ და მტრებად ჩვენსავე ახლობლებს წარმოგვიდგენენ.

სიამაყე ბავშვის ფსიქიკაში არსებობას იწყებს 1 წლიდან 3 წლის ასაკამდე, როდესაც ის აღმოჩნდება მშობლების კრიტიკის ქარცეცხლში.

სიყვარული რომელსაც გააჩნია საფასური- საუკეთესო საფუძველია სიამაყისა და ქედმაღლობის აღსაზრდელად ადამიანში. ისეთი ფრაზები, როგორიც არის : „რისთვის უნდა მიყვარდე?“ –„ისე უბრალოდ?“ იწვევს სიამაყის გამოვლენას და ეძებს მიზეზს სიყვარულის დასამსახურებლად. ამ ”დაავადებით“ შეპყრობილი პატარა ბავშვი კი გაზრდის შემდეგ ვეღარ ახერხებს ადამიანებთან უბრალო, თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას… ორი ასეთი ადამიანი შეხვდება ერთმანეთს, შექმნიან ოჯახს, გააჩენენ შვილს და აღზრდისას დაამყარებენ მასზე ყველა იმ იმედს, რაც თავად ვერ გაამართლეს… ასე კი იკვრება დაუსრულებელი წრე.

მშობლებს სურთ იამაყონ საკუთარი შვილების განსაკუთრებული მიღწევებით. უნდათ, რომ მათი შვილები აღფრთოვანებას იწვევდნენ, წარმოიდგენენ კიდეც როგორ შეშურდებათ გარშემომყოფებს მათი…

რაში სჭირდებათ ეს? იმისთვის, რომ იგემონ სხვებზე აღმატებულობის გემო, თუნდაც საკუთარი შვილების ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვერ შეძლეს გამხდარიყვნენ საუკეთესოები.

და აი ასე, თითქმის დაბადებიდანვე, ბავშვს მხრებზე აწევს მშობლების მოლოდინებისა და ოცნებების სიმძიმე, რომელთა ვერ ასრულების შემთხვევაში, მას ელის იმედგაცრუება და განცდები, რომ ვერ გააბედნიერა  მშობლები. ამავე დროს, მას არ რჩება დრო და სურვილი იფიქროს საკუთარ გზასა და მიზნებზე, ან კი ვინ ასწავლის ამას? ბავშვები ხომ მთელი ცხოვრება თავდავიწყებით ისწრაფვიან საკუთარი მამებისა და დედების ოცნებების ასრულებისკენ.

ქედმაღლობით დაავადებული ადამიანები მუდამ ადარებენ საკუთარ თავს სხვებს, მტკივნეულად რეაგირებენ სხვების წარმატებაზე, იმაზე , რომ მათ შეიძლება ვიღაცამ აჯობოს. ამიტომ ნებისმიერ ურთიერთობაში ისინი ანალიზს უკეთებენ პარტნიორებს: მათ გარეგნობას, სტატუსს, მატერიალურ მდგომარეობას, დამსახურებებს და ა.შ. მიუხედავად ამ ყველაფრისა მათ მოსწონთ წარმატებული და ცნობილი ადამიანების წრეში ყოფნა, მათთვის ასეთ ხალხთან ურთიერთობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ სტატუსს კიდევ უფრო აამაღლებს საკუთარ თვალში.

ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია, რადგან ისინი მუდმივად ეძებენ თქვენს სუსტ მხარეებს (ხან გააზრებულად, ხანაც გაუცნობიერებლად).  მუდამ ცდილობენ დარტყმა მოგაყენონ სუსტ ადგილში, და თქვენი მარცხის ხარჯზე საკუთარი აღმატებულება კიდევ ერთხელ შეიგრძნონ…

როგორ ვლინდება სიამაყე

სირცხვილის გრძნობით

ამაყი ადამიანები გულის სიღრმეში სირცხვილის გრძნობას ძალიან უფრთხიან. ამის შიში ბავშვობიდანვე უყალიბდებათ, როცა დედას ეშინოდა შვილის გამო არ შერცხვენილიყო და იძლეოდა უამრავ შენიშვნასა და კრიტიკას, როდესაც ბავშვი ტიროდა, ყვიროდა ან უბრალოდ თამაშობდა. დედას რცხვენოდა ბავშვის სპონტანური ქმედებების, მისი ძლიერი ემოციების, სიცილის,  თამაშის დროს გახეული ან დასვრილი ტანსაცმლის. დედა ხშირად ადარებდა შვილს სხვა ბავშვებს, მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს, ან სულაც და-ძმას, რითაც აჩვენებდა მის ნაკლს და ხაზს უსვამდა იმას, რომ ისინი ჯობდნენ, მუდამ მასზე ძლიერები, დამჯერები, ჭკვიანები და ლამაზები იყვნენ. ამ ყველაფრის ფონზე ბავშვი სულ უდრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში და ნაკლებად გამოხატავდა საკუთარ თავს, რადგან ამით ეშინოდა არ გაებრაზებინა ისედაც მუდამ უკმაყოფილო დედა.  ბავშვმა თანდათან დაივიწყა საკუთარი სურვილები, ერთადერთი რაც მას სურდა, ეს იყო დედის მოთხოვნების დაეკმაყოფილება.

ასეთ ბავშვებს მალევე უყალიბდებათ შიში ყველაფრის მიმართ. მუდმივი შინაგანი შიში გამოდის გარეთ და ასე ჩნდება ძაღლების, სიბნელის, ცუდი ადამიანების შიში. მუდმივი დაძაბულობის ფონზე კი ყალიბდება არასრულფასოვნების შეგრძნება — ბავშვს საკუთარი თავი ჰგონია არარაობა, ცუდი და უღირსი. საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი იწვევს უფრო მეტ მორიდებულობას და სიმორცხვეს. თავს კი იმით შველის, რომ მის მიერ წარმოდგენილ სიამაყის გრძნობას ებღაუჭება, სხვებთან მუდმივი შედარებისას ის საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ის უკეთესია. იმ შემთხვევაში , თუ ვინმე მასზე უკეთესი აღმოჩნდება, ის აუცილებლად იპოვის გზას სხვისი წარმატების დასამცირებლად, რადგან სხვისი ნიჭი და ბრწყინვალება მისთვის აუტანელია.

მნიშვნელოვანსა და ნაკლოვანებას შორის

შინაგანი, (ხშირად გაუცნობიერებელი) ნაკლიანობისა, დამცირებულის მდგომარეობა და ამავდროულად საკუთარი მნიშნელოვნების აღზევება იწვევს დიდ პრობლემებს პარტნიორულ ურთიერთობებში. ასეთი ადამიანი მას შემდეგ, რაც ჩათვლის, რომ არ არის „ასეთი კარგი პარტნიორის ღირსი“, იწყებს მის დამცირებას და თვლის მას თავისთვის შეუფერებლად! ან ირჩევს ურთიერთობისთვის მასზე ბევრად უარეს ადამიანებს, რათა მათ ფონზე გამოჩნდეს უფრო ბრწყინვალე და კარგი.

თვალისმომჭრელი და შესანიშნავი პერსონების გვერდით ასთი ადამიანი გრძნობს საკუთარ არარაობას, რაც იწვევს მასში სხვების დამცირების სურვილს. ის ვერ აცნობიერებს საკუთარ საჭიროებებს და სურვილებს, ვერც საუბრობს ამ თემებზე. მას რცხვენია საკუთარი გაცნდების, ვერ იხსნება საუბრისას. ასეთ ადამიანებს უჭირთ ვინმესთვის საკუთარი პრობლემების შესახებ მოყოლა, ნამდვილი გრძნობების გამჟღავნება, დახმარების თხოვნა, რადგან თავს დამცირებულად გრძნობენ.

შეუძლებელი თავისუფლება

სიამაყით შებყრობილი ადამიანები ვერ იაზრებენ თავისუფლებას. როგორც წესი მათ ბავშვობაში ჰყავდათ კონტროლის მოყვარული, ძალაუფლების მქონე დედები, რომლებიც თრგუნავდნენ ბავშვის ნებისმიერ სწრაფვას თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ. ასეთი დედები უზღუდავენ ბავშვებს შინაგან თავისუფლებას. მას შემდეგ, რაც ბავშვი გაიზრდება, ის მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერ ჩარჩოს, კონტროლს და შეზღუდვას, იქნება ეს მუშაობის მკაცრი გრაფიკი თუ გაკვეთილების ცხრილი.

ასეთი ადამიანები ცხოვრებაში თითქმის ყოველთვის ირჩევენ მკაცრ და მაკონტროლებელ პარტნიორებს, უფროსებს, მეორე ნახევრებს, რადგან ეს მათთვის ჩვეული და კარგად ნაცნობია. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ადამიანები ბრძოლის შედეგად მოიპოვებენ თავისუფლებას, მათ არ იციან რა გააკეთონ, რა მოიმოქმედონ! მათ ეუფლებათ თავიანთი გამოუსადეგრობისა და სისუსტის გრძნობა.

ურთიერთობაში ასეთ ადამიანებს აქვთ პარტნიორთან შერწყმის დაუოკებელი სურვილი, რისგანაც ხშირად თავადაც იხრჩობიან. რაც იწვევს პარტნიორისგან განცალკევებას, ეს მას მიტოვებულად და მარტოსულად აგრძნობინებს თავს.

სიამოვნების მიღების არ ცოდნა

სიამაყით შებყრობილ ადამიანს არ შეუძლია მოდუნება, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. ზოგადად სიამოვნება მისთვის აკრძალული ხილია, რადგან მისი აზრით ეს არის დროის ფუჭი  კარგვა. თუკი მოხდა საოცრება და დანებდა ცდუნებას, შემდეგ დიდხანს იტანჯება სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობით.

ზიზღი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ

სიამაყის კიდევ ერთი თანმდევია ზიზღი.

ამაყი ადამიანები მეტად მგრძნობიარენი არიან, რაც ბავშვობიდან მოყოლებული მუდმივი კრიტიკის ბრალია, მათ რცხვენიათ საკუთარი სხეულის, საკუთარი თავს მახინჯადაც კი მიიჩნევენ, რაც საკმაოდ მძიმე გადასატანია. ასეთივე დამოკიდებულება უჩნდებათ მათ გარშემომყოფების მიმართაც.

საკუთარი ნაკლოვანების, საკუთარი „სიმახინჯის“ შეგრძნებისა და ამავ დროს საკუთარი  მნიშვნელოვნებისგან შემდგარი „კოქტეილი“ ძალიან ართულებს საკუთარი მიზნებისკენ მიმავალ გზას. პირველივე წარუმატებლობა უმძიმესი გადასატანია, წარმატებას კი მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც მარცხის შემდეგაც აგრძელებს ცდას.

შინაგანი მარტოობა და უიმედობა

სიამაყეს მუდამ თან სდევს დეპრესია. ადამიანი იტანჯება მარტოობით, რადგან არ შეუძლია პირად სივრცეში სხვა ადამიანის შემოშვება. ერთის მხრივ ასეთ ადამიანს სჭირდება სხვები, რომლებიც მხარში დაუდგებიან, აგრძნობინებენ რომ ის მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეს მხრივ- მას ეშინია ნამდვილი სახის გამოჩენის, რადგან საკუთარი თავი მას თვითონვე ეზიზღება. ეს ყველაფერი იწვევს უიმედობას.

როგორ გავუმკლავდეთ ქედმაღლობას?

მტრებს ახლოს უნდა ვიცნობდეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხშირად უნდა ვაღიაროთ საკუთარი ქედმაღლობა და სიამაყე, არ უნდა ვეცადოთ რომ ამ გრძნობებს გამართლება მოვუძებნოთ.

ცალკე გამოვყოთ ქედმაღლობა საკუთარი თავისგან. ჩვენ და ის სრულიად სხვადასხვა ვართ.

არ ვებრძოლოთ სიამაყეს, ასე ის მხოლოდ განაგრძობს ზრდას, გამოიკვებება ჩვენი ენერგიით. უბრალოდ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ის ჩვენში არსებობს. მივიღოთ ჩვენი ქცევები, ფიქრები, ემოციები, საქციელები და სისუსტეები ისეთები, როგორებიც არიან. ასე თანდათან შევძლებთ სხვა ადამიანების მიღებასაც.

ისწავლეთ საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე , სურვილებზე  ღიად საუბარი.

შეწყვიტეთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება, თქვენც და ყველა სხვა ადამიანიც თავისებურად ძვირფასი ხართ.

დაისვენეთ ისეთი ურთიერთობებისგან სადაც პარტნიორთან შერწყმაა საჭირო. მუდამ გახსოვდეთ თქვენი პირადი საზღვრები და სივრცე, ასევე თქვენი პარტნიორისაც. მიეცით საკუთარ თავს საშუალება იყოთ ის რაც ხართ.

წარუმატებლობისა და მარცხის შემთხვევაში ეცადეთ არ ჩავარდეთ უიმედობასა და დეპრესიაში. არ ეჩხუბოთ საკუთარ თავს ან სხვებს. იყავით უფრო მეტად მიმტევებელი. მცირე პაუზის შემდეგ განაგრძეთ ცდა.

დაიწყეთ თქვენ თავში თვითდისციპლინის გაძლიერება. თუ გადაწყვიტეთ რაიმეს გაკეთება, აუცილებლად გააკეთეთ ეს. ასე გამყარდება თქვენი გადაწყვეტილებები, თქვენი შინაგანი ბავშვი კი მეტად თავდაჯერებული და ძლიერი გახდება. თქვენ კი ყოველი პატარა გამარჯვების შემდეგ თავს მეტად დააფასებთ და იამაყებთ საკუთარი თავით.

სიამაყე თუ ქედმაღლობა?

ამაყობდე საკუთარი თავით…სად გადის ზღვარი სიამაყესა და ქედმაღლობას შორის?

სიამაყე-ეს არის სიხარული საკუთარი საქციელის, საკუთარი თავის ან ახლობელი ადამიანების გამო. ის არ არის დაბინძურებული შურით ან სხვისი დამცირების სურვილით.

ქედმაღლობა კი ყოველთვის დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან საკუთარი თავის შედარებასთან. საკუთარი უპირატესობის დამტკიცებასთან, მეტის ქონისა და სხვისი მიღწევების დაკნინებასთან. ქედმაღლობა საკმაოდ ცბიერია და მუდამ ეცდება თქვენს ცდუნებას. მთავარი საფრთხე ის არის, რომ ქედმაღლობა არავის მოუშვებს ახლოს თქვენს შინაგან სამყაროსთან, თქვენს სულთან, არ მოგცემთ უფლებას სხვას სთხოვოთ დახმარება. მასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია და მუდამ უნდა გვახსოვდეს საბოლოო მიზანი-მივაღწიოთ საკუთარი სიძლიერისა და ბედნიერების წყაროს. ვერანაირი მოწინააღმდეგე ვერ აღუდგება წინ ასეთ შემართებას.

გახსოვდეთ! ქედმაღლობის დამარცხება არც ისე ადვილია, თუმცა შესაძლებელია.

წყარო: ინგა ბლესის ფსიქოლოგიური ცენტრი

ნანახია:(117)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„აუცილებლად მიიღეთ, დაეხმარეთ და ანუგეშეთ“…

„თუ ადამიანს დაეხმარე, ხელი გაუმართე და სწორი გზა უჩვენე, მერე ამ ადამიანმა დაგივიწყა კარგად რომ იყო, აღარ ახსოვდი, დრო არ


… რომ მიიღო ის, რაც ნამდვილად გინდა …

ყველაფერი, რასაც კაცობრიობის ხელით შექმნილ სამყაროში ხედავ, სანამ რეალობად იქცეოდა, ვიღაც ერთი ადამიანის გონებაში ჯერ აზრად ან იდეად ჩამოყალიბდა. შენს


„მხოლოდ მამაც ადამიანებს შესწევთ ძალა მოიპოვონ იგი“

„რასაც არ უნდა აკეთებდე, გაბედულად აკეთე. რა გზაც არ უნდა აირჩიო, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ვინც გეტყვის, რომ არ ხარ მართალი.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*