შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორის განყოფილება გაუქმდა | Jolo.ge


შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორის განყოფილება გაუქმდა

შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორის განყოფილება გაუქმდა

„ნებისმიერი ცვლილება მიზნად უნდა ისახავდეს სიახლის დანერგვას ან წარმატებისაკენ სწრაფვას“ — ამბობს კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ვახტანგ ბერიძე, რომელიც 5 მაისს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაანთავისუფლა. 

გამგებლის ამ გადაწყვეტილებას ბევრის გაკვირვება და უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ვახტანგ ბერიძის ამ პოსტზე ყოფნას ბევრი სასიკეთო საქმე და პროექტი უკავშირდება აჭარაში. მათ შორის ფოლკლორის განყოფილების დაარსება და ძველი აჭარული სიმღერებისა და ცეკვების სცენაზე გაცოცხლება.

როგორც ირკვევა ფოლკლორის განყოფილება ახალი დირექტორის მოსვლისთანავე გაუქმდა.

ვახტანგ ბერიძე: „გამგებელმა სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალი დირექტორის დანიშვნა სიახლისაკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. და აი დადგა „სიახლის“ დროც. ერთხელ სუსტი მენეჯმენტის გამო დაწუნებულმა კულტურის ცენტრის მეორეგზის დირექტორმა მაკა მაკარაძემ, სიახლე შემოგვთავაზა — არსებული წარმატების ნგრევა დაიწყო. ჩემი მენეჯმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიასა და წარმატებას სტრუქტურის გააზრებულად ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

კულტურის ცენტრის არსებობის განმავლობაში პირველად შეიქმნა ფოლკლორის განყოფილება, რომელიც ადგილობრივი ტრადიციული მემკვიდრეობის დაცვას ემსახურებოდა. განყოფილებას ჯერ ქეთი ნაგერვაძე, შემდეგ კი ლოლა სურმანიძე ხელმძღვანელობდა. ამ ადამიანების მაღალი პროფესიონალიზმი და ცოდნა არამხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ცნობილია.

ფოლკლორის განყოფილების მთავარი ამოცანა მუნიციპალიტეტში არსებული მდიდარი ტრადიციების დაცვა, აღდგენა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია იყო. განყოფილების მთავარ ამოცანას არსებული საარქივო და საექსპედიციო მასალების აღწერა-დამუშავება და დღევანდელი ეთნოფორების შემოქმედების დაფიქსირება, აგრეთვე, ძველი აჭარული სიმღერებისა და ცეკვების სცენაზე გაცოცხლება, მუნიციპალიტეტში არსებული რესურსის შესწავლა და მეცნიერული კვლევა წარმოადგენდა, რაც 2015 წლიდან 2017 მაისამდე წარმატებით ხორციელდებოდა, რასაც ადასტურებს არაერთი აქტივობა საერთაშორისო კონფერენციებსა და ფესტივალებზე, ფოლკ-ტურები, ექსპედიციები, 50-მდე აღდგენილი სიმღერა თუ ცეკვა, გასტროლები, არაერთი სატელევიზიო გადაცემა და დოკუმენტური ფილმი.

ფოლკლორის განყოფილებაში ჩამოყალიბდა სხვადასხვა ხეობის ტრადიციის მატარებელი რამდენიმე ანსამბლი — ჭვანა, მარეთი, ნაი, უჩამბა, იმედი, ასევე, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ზე-კართან“, რომელიც ახალგაზრდა თაობაში ცეკვის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. განახლდა ანსამბლების „შუახევისა“ და „ფესვების“ რეპერტუარი და შემოქმედებითი პრინციპები, რაც ადგილობრივი ტრადიციული ნიმუშების აღდგენას ემსახურებოდა.

კულტურის ცენტრის ახალმა მენეჯმენტმა უარი უთხრა ტრადიციებს და გააუქმა ფოლკლორის განყოფილება. ერთის მხრივ, ახალი მენეჯერი გამოდის ინიციატივით ითანამშრომლოს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან და მეორე მხრივ, აუქმებს ფოლკლორის განყოფილებას, რაც მის დილეტანტიზმს ადასტურებს. როცა ფოლკლორის განყოფილების უფროსის შტატს აუქმებთ და მის ნაცვლად კონცერტების წამყვანის შტატს ამტკიცებთ, გამოდის, რომ თქვენი ცნობადობა თქვენივე ეზოს ვერ სცდება, ვერ ამყარებთ კონტაქტს საზოგადოებასთან და მისდევთ რადიკალიზმის გზას…

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი უკვე იბრალებს ჩემს გაკეთებულ საქმეებს, ყველას ჩვენი საქმე გამოგვაჩენს. ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მიღწეული შედეგების უკუსვლა მალევე დაიწყო:

1. ჩავარდა ზურაბ გორგილაძის საღამო, რომლის ტენდერი გამოცხადდა და მაისში უნდა ჩატარებულიყო

2. ჩავარდა ივნისის დასაწყისში თბილისში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში დაგეგმილი ეთნოგრაფიული გამოფენა (ტენდერი გამოცხადებულია)

3. ჩაიშალა ანსამბლების — ,,შუახევისა» და ,,ფესვების» გასტროლი პოლონეთში

4. გადაიდო „შუახევის“ წიგნის პუბლიკაცია

5. ანსამბლ ,,შუახევს» 50 წელი უსრულდება და 20 ივნისს დაგეგმილი იყო საიუბილეო კონცერტი, რომელშიც ანსამბლი ბასიანი იღებდა მონაწილეობას. ანსამბლის იუბილე და ვარსკვლავის გახსნა გაურკვეველი დროით გადაიდო

6. და ჰოი საოცრებავ, გააუქმეს ფოლკლორის განყოფილება, რომელიც თავისი საქმიანობით საქართველოში სამაგალითო იყო და რომლის ძალისხმევითაც შუახევი გახდა ქართველი და უცხოელი შემსრულებლებისა თუ მეცნიერების ინტერესისა და კვლევის საგანი…

ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ შურისმაძიებელმა გამგებელმა ჭორების ნიადაგზე უარი თქვა წარმატებებზე, რომელიც მიღწეული უკვე იყო და ამ ღონისძიების ჩატარების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა. ასპარეზი მისცა დილეტანტიზმს, რაც ამ ადამიანის ქართული კულტურის მიმართ დამოკიდებულებას კარგად ავლენს. შემაშფოთებელი მსგავსი მიდგომა და სანამ (უკვე დანგრეული) შენობა თავზე არ დაუნგრევიათ საჭიროა დროული რეაგირება. დაუშვებელია საზღვრისპირა რეგიონში ასეთი რამ ხდებოდეს. მაშინ, როცა მეზობელი ქვეყანა დაუფარავად დღითიდღე ცდილობს მოშალოს ქართული ტრადიციები, ამას ადგილობრივი მმართველობა ხელს არ უნდა უწყობდეს.

და ბოლოს, აღნიშნული ნგრევის ერთადერთი მიზანი მხოლოდ ის გახლავთ, რომ ამ ცენტრში ჩემი საქმიანობის კვალი წაიშალოს“.

ნანახია:(337)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნიუ იორკში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

ნიუ იორკში გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა პროექტ «საქართველოს სახელით» ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია გამომცემლობა «მინიატურა». ამ ეტაპზე ბიბლიოთეკა ათას ხუთას წიგნს მოიცავს


„ამის მერე ცხოვრება ფერს შეიცვლის, მეტად შეიღებება და“ …

„ხანდახან მგონია, რომ უშენოდ ძალიან ცარიელი ვარ, მაგრამ მერე მივხვდები, რომ შენი არსებობა სულის სიღრმიდან მავსებს. მე ყოველთვის მთელი ვარ,


როკი და ალტერნატიული მუსიკა „ფანARTის“ სცენაზე

დღეს „ფანARTის“ საფესტივალო სივრცე როკსა და ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. მაყურებლის წინაშე ორი მონაწილე — ანა ცუცუნაშვილი და თათია ყურაშვილი წარსდგნენ.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<