შიში წარუმატებლობის წინაშე | Jolo.ge


შიში წარუმატებლობის წინაშე

შიში წარუმატებლობის წინაშე

ჯეკ კენფილდს თავის ერთ–ერთ წიგნში მოყავს შედეგები გამოკითხვისა, რომელიც ჩაატარეს  ღრმად მოხუცებულ, ავადმყოფ ადამიანებთან. ისინი პასუხობენ კითხვაზე: „რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში, რომ მოგცემოდათ მისი თავიდან დაწყების შესაძლებლობა?“

— მე მივცემდი ჩემს თავს მეტ თავისუფლებას;

— მე მოვიქცეოდი უფრო სულელურად;

— მე ვივლიდი ცეკვებზე;

— მე ბევრ რამეს არ აღვიქვამდი სერიოზულად;

— მე ბევრად უფრო ხშირად წავიდოდი რისკზე;

— მე ვიმოგზაურებდი ბევრს;

— მე ხშირად დავლაშქრავდი მწვერვალებს, შევერკინებოდი მძვინვარე ტალღებს;

— მე მივირთმევდი ბევრ ნაყინს;   

— შეიძლება მე მექნებოდა ბევრად უფრო მეტი ნამდვილი სირთულე, მაგრამ ნაკლები წარმოსახვითი;

— მე რომ თავიდან შემეძლოს ცხოვრების დაწყება, ადრიანი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე სულ ფეხშიშველი ვივლიდი;

— მე ბევრ დროს გავატარებდი კარუსელებზე;

— რა თქმა უნდა მეც მქონდა დაუვიწყარი წამები, მაგრამ რომ შემეძლოს თავიდან ცხოვრების დაწყება, მხოლოდ იმაზე ვიზრუნებდი, რომ ეს დაუვიწყარი წამები მქონოდა რაც შეიძლება მეტი;

— მე მივცემდი თავს უფლებას დამეშვა უფრო მეტი შეცდომა…

ალბათ შეამჩნიეთ, თითოეული მათგანი ნანობს არა იმას რაც ჩაუდენია ცხოვრებაში, არამედ იმას რაც არ გაუკეთებია. და ერთ–ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ უმოქმედობისა, არის შიში. შიში წარუმატებლობის წინაშე, შიში რომ სწორად არ გაგვიგებენ, გაგვჭორავენ, დაგვცინებენ და ა.შ.

შეიძლება თქვენც ხშირად გამხდარხართ ამ შიშის მსხვერპლი. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, გაიხსენეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელიდან ისე გაუშვით, რომ არც კი გიცდიათ რამე მოგემოქმედებინათ.

ნებისმიერი ნორმალური ადამიანი განიცდის შიშის გრძნობას, მაგრამ ერთია, როცა ის გვაიძულებს გამოვიჩინოთ სიფრთხილე, უფრო გულდასმით ავწონ–დავწონოთ თითოეული ჩვენი ნაბიჯი და მეორე, როცა შიშის გამო ჩვენ ვერ ვახერხებთ მოქმედებას, უარს ვამბობთ მიზნისკენ წინსვლაზე, როცა ეს გრძნობა  ფაქტიურად ახდენს ჩვენს პარალიზებას.

აქ არ იგულისხმება მარტო ისეთი მოქმედებები, რომლის შედეგებიც სამკვდრო–საციცოხლო მნიშვნელობისაა.

ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციაში, როცა  გვეშინია ვთქვათ სადღერგძელოს წარმოთქმის სუფრაზე, რადგან ვფიქრობთ რომ არ გამოგვივა, როცა გვეშინია სიყვარულში გამოვუტყდეთ ქალს (კაცს), რადგან გვეშინია რომ უარგვყოფენ, არასწორად გაგვიგებენ ან საერთოდ მასხრად აგვიგდებენ, როცა გვეშინია ახალი საქმის წამოწყების, რადგან ვფიქრობთ რომ შეიძლება არ გამოგვივიდეს და ა.შ. ანუ, როცა რამის კეთება გვინდა მაგრამ გვეშინია რომ მარცხს განვიცდით, ჩვენ გავურბივართ რისკს და ამით მივდივართ კიდევ უფრო დიდ რისკზე – განვიცადოთ სრული იმედგაცრუება, ვინაიდან ვინც არაფერს არ აკეთებს ის ვერაფერს ვერ მიაღწევს, ხოლო ვინც ვერაფერს ვერ მიაღწია, ის არის არარეალიზებული, წარუმატებელი ადამიანი.

პირადად მე, იდეების ნაკლებობას, იცოცხლე არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ სიმამაცე არ მყოფნიდა გადამედგა გადამწყვეტი ნაბიჯი და სწორედ წარუმატებლობის წინაშე შიშის გამო უქმად გავხარჯე ცხოვრების საუკეთესო წლები.  თუმცა ვთვლი, რომ ამ ყველაფერს მთლად უქმადაც არ ჩაუვლია. რადგან, როგორც ქეთევან გოგიაშვილ  ამბობს: „უსარგებლო გამოცდილება არ არსებობს – საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა, ასე მტკიცედ ხომ არ მეცოდინებოდა“

ხშირად შიში წარუმატებლობის წინაშე არის ზოგადი მიზეზი ჩვენი უმოქმედობისა, რომლის წიაღშიც იმალება სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პირველადი შიშები, როგორებიცა: შიში მარტო დარჩენისა, შიში კრიტიკისა, დაცინვისა და ა.შ.

მაგალითად, ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რას იტყვიან ან იფიქრებენ ჩვენზე სხვები. ანუ, წარუმატებლობის იმდენად არ გვეშინია, რამდენად იმისი, თუ რას იტყვიან ასეთ შემთხვევაში ადამიანები ჩვენზე, რომ ისინი შეიძლება დაგვცინებენ, მასხრად აგვიგდებენ, ზურგს შეგვაქცევენ, იჭორავებენ და ამის გამო ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცევა.

რაღაც მსგავსი განცდა, გამოგიტყდებით და მეც მქონდა როცა ამ ბლოგის გახსნა გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონება უკვე საკმაოდ გავარჯიშებული  და მომზადებული მეგონა, რაღაც მომენტში ვიგრძენი, თუ როგორ მომეპარა  ოდესღაც ნაცნობი და ჩემგან უკვე კარგა ხნის წინ განდევნილი ნერვიულობის განცდა იმაზე თუ „რას იტყვიან …?“ 🙂

არადა, ასეთი მიდგომა ძალზე მცდარია. თუ მართლა გამოჩნდებიან ასეთი ადამიანები, ეს ის ხალხია ვისაც თვითონ ეშინია მოქმედების, ვისაც თვითონ არა აქვს შნო და ლაზათი გააკეთოს ან შექმნას რამე ღირებული  და ამის გამო მთელი ცხოვრება პარალიზებულია და სხვისი წარმატება შურს აღუძრავს, ხოლო წარუმატებლობა ახარებს.

განა ღირს იმაზე ნერვიულობა, თუ რას იფიქრებენ ან იტყვიან ასეთი ადამიანები თქვენზე?

ის ადამიანებეი კი, ვინც თვითონაც მოქმედებენ, არ განგსჯიან,  პირიქით ისინი ყოველთვის მხარს დაგიჭერენ, გაგამხნევებენ ან უარეს შემთხვევაში საერთოდ არ ექნებათ რეაქცია, იმიტომ რომ მათ სხვებზე საჭორაოდ არ სცალიათ.

ცნობილი რუსი ფსიქოლოგი ნატალია გრეისი ამბობს:

„შიში ეს არის გამადიდებელი შუშა, რომელიც მრავალჯერ ადიდებს რეალურ საშიშროებას.

როცა ჩვენ შიში გვაჩერებს რაიმე არაგონივრული საქციელის ჩადენისგან, მაგალითად გავიდეთ მე–8 სართულის ფანჯრიდან – ეს არის თვითგადარჩენის ინსტიქტი, ხოლო თუ ჩვენ მოქმედებას ვაფასებთ როგორც სწორს და მართებულს, მაგრამ ვგრძნობთ შიშს და ვერ ვბედავთ ამ მოქმედების დაწყებას – ეს არის გარედან თავს მოხვეული შიში.

საიდან მოდის შიში, როგორც ტალღა, როგორც აზრი, როგორც მორალური პარალიჩი, ვის აწყობს ეს, ვინ თესავს მას?

ეშმაკი სინამდვილეში ეს არის არა რქებიანი და კუდიანი არსება არამედ ბოროტი სული, რომელიც ყოველთვის აღმართავს ბარიერებს იმ ადამიანის გზაზე, რომელიც გადაწყვეტს რამე კარგის, ღირსეულის, სასარგებლოს კეთებას.

ის, როგორც წესი, ზემოქმედებს ადამიანებზე ნაცნობების, მეგობრების ნათესავების მეშვეობით და მისი ამოცანაა, ნებისმიერი საშუალებით ააღებინოს ადამიანს ხელი საკუთარი ოცნების განხორციელების მცდელობაზე.

მას შეუძლია ჭორაობა, მას შეუძლია თქვენი გარემოცვის მეშვეობით ილაპარაკოს თქვენზე ათასგვარი სისაძაგლე, რომ თქვენ ხართ სუსტი,  უკვე ძალიან ასაკოვანი ან ჯერ ძალიან ახალგაზრდა, უნიჭო, რომ არაფერი გამოგივათ, არ შეგწევთ ამის უნარი, რომ ვერ გაქაჩავთ და ა.შ. (ეს პროცესი ბრწყინვალედ აქვს აღწერილი გიორგი თვალაძეს თავის სტატიაში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ. ავტ.)

ჭორი, ეს არის ერთ–ერთი საშუალება, რომლითაც ის აღწევს ეფექტს – დააშინოს ადამიანი, შიში კი  მისი ყველაზე საყვარელი და ქმედითი იარაღია და როცა მისი მეშვეობით ის ახერხებს თქვენს შეჩერებას, მორჩა, მან მიზანს მიაღწია, თანაც მისი ამოცანა განხორციელებულია მინიმალური რესურსებით.“

და რა უნდა ვქნათ, როგორ ვებრძოლოთ წატუმატებლობების წინაშე შიშს?

პირველ რიგში – უნდა შევიგნოთ, რომ წარუმატებლობა, ეს არის უბრალოდ შეცდომა, მაგრამ ვინაიდან ჩვენ, ყველანი, ვართ ცხოვრების გარდაუვალი  ევოლუციის მონაწილეები , არ არსებობს გამოუსწორებელი შეცდომები და როგორც უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ჭკვიანი სწავლობს თავის შეცდომებზე!“

შემდეგ – უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია ჩვენს ძლიერ მხარეებზე, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმარონ წარმატების მიღწევაში.

იფიქრეთ რა თვისებები, შესაძლებლობები, რესურსები გაგაჩნიათ? როგორი გამოცდილება შეიძლება გამოგადგეთ? როგორი ფაქტორები ზრდიან თქვენს შანსს?

მოიშორეთ შიში შესაძლო წარუმატებლობის გამო და ყურადღება გაამახვილეთ მოქმედებებზე, რომლებმაც უნდა მოგიტანონ წარმატება.

როდესაც გონება იქნება დაკავებული პროცესით და არა ბლოკირებული შიშისგან, თქვენ აუცილებლად მიიღებთ შედეგს.

და რაც ყველაზე მთავარია –  იყავით ოპტიმისურად განწყობილი, თქვენს წარმოსახვაში მუდმივად უნდა ტრიალებდეს მოვლენების განვითარების ოპტიმისტური ვარიანტი. ეცადეთ ისე მოიქცეთ რომ თითქოს უკვე გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გინდოდათ და წარატებას მიაღწიეთ. იარეთ, იჯექით, ისაუბრეთ, იფიქრეთ როგორც გამარჯვებულმა, წარმატებულმა ადამიანმა.

ნატალია გრეისი გვირჩევს აგრეთვე შიშთან ბრძოლის ეგრეთწოდებული რაციონალური თერაპიის  მეთოდს.  მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: წარმოიდგინეთ ყველაზე უარესი შედეგი რაც კი შეიძლება მოყვეს თქვენს მოქმედებას, კარგად გადახარშეთ ის თქვენ წარმოსახვაში და შემდეგ მოიშორეთ, «გადააგდეთ».

ასევე ბევრს წერენ იმაზე, რომ გაოცება არის შიშის თავისებური ფორმა. გაოცების დროს ყურადღების გამახვილება ხდება ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე, ხოლო შიშის დროს ყურადღება მახვილდება იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ფაქტს, მოვლენას. ამიტომ შიშის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია, სწორედ ამ მსგავსების გათავისება და  ყურადღების გადატანა შესაძლო შედეგიდან გამომწვევ მიზეზებზე.

და საერთოდ, იმისთვის, რათა დავამარცხოთ შიში წარუმატებლობების წინაშე,  უნდა შევიგნოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ  წარუმატებლობებს განიცდის ყველა და მასში არაფერია ტრაგიკული.

ცნობილი უკრაინელი ტრენერი და კოუჩი ნიკოლაი ლატანსკი ამბობს:

„წარუმატებლებს ეშინიათ წარუმატებლობების და სწორედ ამიტომ არიან წარუმატებლები.

მათ ეშინიათ მოქმედების დაწყების, ეშინიათ იკითხონ რჩევა, ითხოვონ დახმარება და ა.შ. მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ ყველაზე წარმატებულები ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხშირად განიცდიან წარუმატებლობებს. რატომ?  ერთადერთი მიზეზის გამო – ისინი ძალიან ბევრს მოქმედებენ და შესაბამისად წარუმატებლობებიც უფრო მეტი აქვთ, ოღონდ ეს არის რომ უსიამოვნებებს არ შეუძლიათ მათი შეჩერება. ისინი სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე და ხდებიან უფრო ბრძენები…

გახსოვდეთ ყველაზე წარმატებული ადამიანები არიან ისინი, ვისაც აქვთ ყველაზე მეტი წარუმატებლობები ?!“

უცნაურად ჟღერს? დიახ, მაგრამ მერწმუნეთ ნიკოლაი ლატანსკის ნამდვილად დაეჯერება, ვინაიდან ის არამარტო თვითონ არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი, არამედ უკვე ათეულ ათასობით ადამიანს დაეხმარა წარმატების მიღწევაში, ხოლო მის ტრენინგებს რომლებიც სისტემატურად იმართება მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაში, საერთო ჯამში, უკვე ასეულ ათასობით ადამიანი დაესწრო!

ნიკოლაი ლატანსკი

მაშ ასე მეგობრებო, თუ არ გინდათ წარუმატებლობის შიშით გამოწვეულმა უმოქმედობამ მთელი ცხოვრება დაგინგრიოთ, ეცადეთ დაამარცხოთ თქვენში ეს გრძნობა, ნუ დანებდებით მას, ნუ იქცევით მის მონად, არამედ გაწვრთენით ის და გახდით მისი ბატონი.

როგორც ამბობენ: „სიმამაცე – კარგად გაწვრთნილი შიშია!“

სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S.  ნუ შეგეშინდებათ კომენტარებში საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების.

 მოგვიყევით თქვენი «შიშების» შესახებ და თუ არა გაქვთ ისინი, მაშინ

 მოგვიყევით, როგორ მოახერხეთ მათი დამარცხება.

ამასთანავე ნუ დაიზარებთ კეთილი საქმის გაკეთებას, გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს .

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

წყარო: https://mebonia.com/saavtoro-statiebi/shishi

ნანახია:(170)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შეუძლია თუ არა ქვეცნობიერს ყველაფერი?

ქვეცნობიერის ძლევამოსილება გამაოგნებელია. ცნობილია, რომ ის აკონტროლებს და მართავს ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, სისხლის მიმოქცევიდან დაწყებული სუნთქვით და


ბედისწერის სათავე ჩვენსავე აზრებშია

ადამიანის ტვინი ზე–სიმძლავრის კომპიუტერია. ყოველ 3 წამში ერთხელ ტვინი ახდენს ფოტოგრაფირებასა და დაფიქსირებას თუ რას ვხედავთ, რა გვესმის, რას შევიგრძნობთ,


„ნამდვილი ადამიანები“ — დათო ტურაშვილი

«უუუხ როგორ მიყვარს უბრალო და ნამდვილი ადამიანები… უბრალოები და ნამდვილები ურთიერთობაში, უბრალოები და ნამდვილები ყველაფერში… ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ სულელური


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*