„შენ კიდევ ბევრ რამეს უნდა გადაეჩვიო“ — საუბარი მენტორთან | Jolo.ge


„შენ კიდევ ბევრ რამეს უნდა გადაეჩვიო“ — საუბარი მენტორთან

„შენ კიდევ ბევრ რამეს უნდა გადაეჩვიო“ — საუბარი მენტორთან

„რატომ აირჩიე ეს გზა, რატომ?.. შენი ნიჭისა და ცოდნის პატრონს, ხომ შეგიძლია, უზრუნველად იცხოვრო მთელი ცხოვრება და ყველაფერი გქონდეს, რაც მოგინდება? …თუმცა ისევე, როგორც მე, არც შენ აგირჩევია ეს გზა… ამ გზამ აგირჩია შენ.“

2015 წლის დეკემბერი იდგა… მოწყენილი და ცივი ამინდი იყო… ჩვენ კაფეში შევედით და დავსხედით… მერლინმა ქუდი მოიხადა.

— შენ კიდევ ბევრ რამეს უნდა გადაეჩვიო, — დაბალი ხმით გამიმეორა მან. — მიკვირს, ამ მოკლე გზაზე როგორ შეძელი ამდენი ნაგვის დაგროვება… შენ უნდა გადაეჩვიო ურთიერთობების ისე აწყობას, როგორც ამას ისინი აკეთებენ. შენ ბევრი რამ გადაიღე სხვებისგან და ამ ნაგვის თავიდან ამოგდება საკმაოდ რთული იქნება… მაგრამ შენ ვერ შეძლებ, იყო ბედნიერი, თუ ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც ისინი. დააკვირდი მათ, ისინი ხომ აბსოლუტური ზომბები არიან… უბედურები ზომბები.

ჩვენი მაგიდის წინ, შუშის მიღმა, გიგანტური ხოჭოებივით დაქროდნენ სხვადასხვა მარკის ავტომობილები… უკვე კარგად მოსაღამოვებულიყო და მანქანებს ფარები ჰქონდათ ანთებული. ფეხით მოსიარულეები სადღაც მიიჩქაროდნენ… ალბათ, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. სამუშაო დღის ქაოსი კარგად იგრძნობოდა… გარშემო დაღლილობისა და სტრესის უცნაური არომატი ტრიალებდა.

— შენ უნდა გადაეჩვიო ტყუილს. ისინი ქვის სახეს იღებენ, როდესაც სტკივათ და სიახლოვე სჭირდებათ, — განაგრძო მერლინმა. — ისინი მაშინაც კი არ ენდობიან ერთმანეთს, როცა თავისუფლებასა და სიყვარულზე საუბრობენ. ირონიულად იღიმიან, როდესაც შინაგან ტკივილს განიცდიან… შემდეგ კი გულწრფელობას ითხოვენ…

ამ დროს მე მომიტანეს ჟასმინის ჩაი ლამაზი, წელში გამოყვანილი ფინჯნით. გვერდით მაგიდაზე ორი გოგონა თავიანთ შეყვარებულებზე საუბრობდა… ჩანდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა, რადგან მათი ჟესტები, სახის მიმიკა და სიტყვები ძალზე დაძაბული იყო…

— შენ უნდა გადაეჩვიო ბრძოლას. ისინი საუბრობენ სიყვარულსა და გრძნობებზე, სინამდვილეში კი წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული. მათ სიყვარული მიჯაჭვულობა და ვალდებულება ჰგონიათ, ხოლო თავისუფალი არჩევანი — ცოდვა და თავაშვებულობა. ისინი ამბობენ: „მე გპატიობ შენ“, შემდეგ კი სიბინძურეების ლაპარაკს და შურისძიებას იწყებენ.

მე ყურადღებით ვუსმენდი მერლინს და თან უგემრიელეს ჟასმინის ჩაის მივირთმევდი. მოწყენილი და შავთეთრი ადამიანები, უსიცოცხლო და ოდნავ გაბოროტებული სახეებით, კვლავ განაგრძობდნენ მოძრაობას შუშის მიღმა.

— შენ უნდა გადაეჩვიო სიღარიბეს. ისინი ადიდებენ სიღარიბეს და იმავდროულად, ეშინიათ მისი. ისინი განსჯიან სიმდიდრეს და იმავდროულად, ყელს გამოგჭამენ გროშების გულისთვის. მათ უნდათ კეთილდღეობა თავიანთი შვილებისთვის, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ფული — ბოროტებაა.

ვიგრძენი, რომ ამ თემამ ცოტათი დამძაბა… მე ავიღე კბილის ჩხირი და დავიწყე მისი ხელში ტრიალი… სმენაში გართული ვერც კი მივხვდი, როგორ ვაწვებოდი ჩხირის წვერს ცერა თითით, სანამ ძალიან არ მეტკინა… ტკივილმა გამომაფხიზლა და ჩხირი პირში გავიქანე… რამდენიმე წამში უკვე კბილებით ვსრესდი ჩხირს…

— შენ უნდა შეწყვიტო სიუხვის უარყოფა. ისინი ამტკიცებენ, რომ სამყარო კეთილგანწყობილია, შემდეგ კი ამბობენ, რომ არ აქვთ მეტი ფულის გამომუშავების შესაძლებლობა. ისინი კითხულობენ წიგნებს ღვთაებრივი მადლისა და ბუნების შესახებ, რომელიც ადამიანშია, შემდეგ კი წუწუნებენ და ჩივიან უნიათო

მთავრობებსა და არასწორ ქვეყანაზე. ისინი ასწავლიან სხვებს, რომ ყველაფრის მიზეზი ადამიანშია, თავად კი ეჭვებითა და აგრესიით არიან სავსე.

ამ დროისთვის ჩემს თეფშზე დაღეჭილი და დამტვრეული კბილის ჩხირების კოლონა დაგროვდა…

— შენ უნდა გადაეჩვიო შიშში ცხოვრებას. მათ უნდათ, ჰქონდეთ ცოდნა და უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ არაფრის გაღებას არ აპირებენ ამისთვის. ფასით მისცემ, არ მოვლენ… უფასოდ მისცემ, არაფერს დანერგავენ… მათ უნდათ მგზნებარე და მრავალფეროვანი სექსი, მაგრამ ერთადერთი, რაც შეუძლიათ, საწოლში გაუკეთონ ერთმანეთს — ეს არის: „მმმ… ცოტა ნაზად…“. მათ უნდათ გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობები, მაგრამ ამის თქმისაც კი ეშინიათ. მათ უნდათ თვითრეალიზება, მაგრამ ეშინიათ, რომ გარემოცვა განიკითხავს მათ. მათ უნდათ ფინანსური თავისუფლება, მაგრამ სამსახურეობრივი ვირთხების რბოლის გარდა, ეშინიათ რაიმე განსხვავებულისა და განუსაზღვრელის გაკეთების. მათ ურჩევნიათ ის საწყალი, მაგრამ სტაბილური 1250 ლარი თვეში, ვიდრე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და განუსაზღვრელობაში შებიჯება. ახლა კი, თავად განსაჯე, როგორი შეიძლება იყოს მათი ცხოვრება და რა გზა აირჩიე შენ?

— გასაგები და ძალიან საინტერესოა, მაგრამ რატომ უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი მე… ვის წინაშე ვარ ვალდებული? — ვკითხე მე.
ჟასმინის ჩაი ჩემი ლამაზი ფინჯნის ფსკერზე იყო დასული… და ბოლო გემრიელი ყლუპი მელოდებოდა…

— ვალდებული? — ღიმილით გაიმეორა ჩემი სიტყვები მერლინმა… საკუთარი თავის… მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე… ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცნობიერად ირჩევ, რომ იყო ბედნიერი და არა მათსავით თვალთმაქცობდე, რომ ვითომ ყველაფერი კარგად გაქვს…

ამონარიდი ჩემი ახალი და ჯერ დაუმთავრებელი წიგნიდან: «ილუზ[ი]ა თუ რეალობა?»

დატოვე კომენტარი და გააზიარე… თუ მოგეწონა

გიორგი თვალაძე

ნანახია:(313)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გაათავისუფლე ბავშვი, გაათავისუფლე მსოფლიო!»- ლევან რამიშვილი

 როგორია ადამიანის ბუნება?  რა არის ბუნებრივი ინტერესი და რას ნიშნავს ადამიანისთვის შემოქმედება?  როგორ ზემოქმედებს სტანდარტული სკოლა და ზოგადად თანამედროვე «აღზრდა»


რა სარგებლობა მოაქვს სიცილს

იცით თუ არა რომ   კომპლექსების დაძლევის ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალება სიცილია… და არა მარტო კომპლექსების დაძლევის…  უკანასკნელი სამეცნიერო დასკვნებით ამ ყველაზე იოლი მეთოდით ხდება  სტრესისგან განთავისუფლება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება,  და რაც არ უნდა უცნაურად გეჩვენოთ თქვენი ფინანსური კეთილდღეობის სტაბილურობაც. 31 ივლისს თითოეულ მსურველს საშუალება


გამოიყენე ყველაზე ძლიერი იარაღი სამყაროში — საკუთარი გონება

💡 მათთვის, ვისაც სურს, ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების, თავად შექმნას აზროვნების, ქცევის სასურველი მოდელი და მიაღწიოს წარმატებას პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<