შალვა ლონდარიძე: »ფოტოგრაფია თავად ემოციაა, წამით აღბეჭდილი მარადიულობა…» | Jolo.ge


შალვა ლონდარიძე: »ფოტოგრაფია თავად ემოციაა, წამით აღბეჭდილი მარადიულობა…»

დაკვირვების უნარი, აღქმა… ეს ის მთავარი კომპონენტებია, რომელთა საშუალებითაც ადამიანი გარესამყაროს უკავშირდება, სწავლობს საზოგადოებას და შეიმეცნებს მას.  

ფანტაზია, ოცნება წარმოსახვის უნარი,  ეს ყველაფერი კი არის ის, რისი წყალობითაც ადამიანი საკუთარ, შინაგან სამყაროს აყალიბებს.

ყველა კომპონენტი რომ გავაერთიანოთ, მივიღებთ იმ მთავარ საყრდენს, რომელსაც კაცობრიობის განმავითარებელი ერთ-ერთი მთავარი დარგი — ხელოვნება ეფუძნება.
ხელოვნება ის დარგია, რომლის საშუალებითაც ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანები საკუთარ თავსა და ემოციებს გამოხატავდნენ.

ცნობილი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი ხელოვნებას ახასიათებს, როგორც ადამიანთა შორის კომუნიკაციის მთავარ პირობას. მისი თქმით, ეს დარგი გამოირჩევა თვისებით აიძულოს ადამიანს განიცადოს სწორედ ის, რასაც ხელოვანი საკუთარი ნამუშევრის შესრულების დროს განიცდიდა.

ემოციის გამოხატვის ხელოვნება და ხელოვნებით ემოციის გამოხატვა.  ორივე მათგანს ერთი რამ აერთიანებს  — შემოქმედებითი თვითგამოხატვა და, თვითრეალიზაცია.
რამდენიმე ხნის წინ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე.

სოციალურ ქსელ facebook-ის დახმარებით მეტად საინტერესო ადამიანი გავიცანი და მინდა, რომ ის ჩვენს მკითხველსაც წარვუდგინო.

შალვა ლონდარიძე — პოეტი, რომელიც პოეზიასთან ერთად ფოტოხელოვნებითაც გატაცებულია.

როგორც მან საუბარში აღნიშნა მისი პოეზია ხუთი წლის არის. პირველი ლექსი კი „ლამანის მირაჟი“ იყო, რომელსაც თავადვე შეგიძლიათ გაეცნოთ :

მზის სხივებით დასველებული უდაბნო გინახავს?

 ვარდისფრად დანამული ზღვა…

 ან, ცაზე მთვარის ფანტელი…?

 შავ – თეთრი კადრი, რომელიც მხოლოდ სევდის ფერია

 და შუქ – ჩრდილებს თვალის გუგებში გიხატავს.

 

 არც სეტყვით დაბზარული უდაბნო გინახავს?..

 სიცხით გათანგული, გახუნებული სიყვითლეებით…

 იქნებ არც გრძნობა გიხატავს

 თხემით ტერფამდე უმართავს რომ გაგხდის

 და ტანში გაგაჟრჟოლებს…

 

 მითხარი, იისფერი უდაბნოც არ გინახავს?..

 ტალღად დაგორგლილი, ქარვის ქვიშებით…

 ანდა წვიმა, მიწის რელიეფს რომ გათხაპნის

 და მორცხვად წამწამებში დაგასველებს… 

 

ამას წინათ მიჩურჩულე გახსოვს, ვინა ხარ?..

 შემდეგ, მიყვარხარ…ძლიერ მიყვარხარ…

 ისიც მითხარი — ჩემი დრტვინვა ხარ…

 სულს რომ მითბილავ, სწორედ ისა ხარ…

 

 მერე მზეს თითებით ეთამაშე და შეგრცხვა…

 ზღვა ცრემლებით დანამე და გაქრი…

 სიოს სული შეუბერე, მიწა კი ტერფებით გატკეპნე…

 

 ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გკითხავ,

 მზის სხივებით დასველებული უდაბნო გინახავს?“ 

 

 

ბატონო შალვა, ხშირად მწერლებსა თუ პოეტებს ჰყავთ შთაგონების წყარო, რომელიც მათ წერისაკენ უბიძგებს, ფანტაზიას უღვივებს… თქვენ თუ გყოლიათ ოდესმე მუზა?

 

-ჩემი მუზა უპირველეს ყოვლისა, ჩემივე შინაგანი ენერგიაა, მუხტი, რომელიც საშუალებას მაძლევს შევქმნა. სამყარო ძალიან საინტერესოდ არის მოწყობილი. შენს წინ შეიძლება ზღვის უკიდეგანო სივრცე გადაიშალოს, მაგრამ ნაპირს დააკვირდე და თუნდაც ისეთი ფორმის, ან ფერის კენჭი დაინახო, რომ მას შენი შემოქმედება მიუძღვნა, ის  შენში მხატვრული ღირებულებით შექმნა, ზუსტად იმ ფილოსოფიით, როგორიც ის გარდასახვით შენში დაინახე, ვიზუალურად, ასევე შინაგანი ენერგეტიკით. ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე და აბა დაფიქრდით, რა უსასრულოა ეს სამყარო…

 

საკუთარი შემოქმედებიდან თქვენთვის საყვარელი და გამორჩეული ლექსი თუ გაქვთ?

<p>

— თავისი დატვირთვით ჩემთვის ყველა ლექსი ღირებულია, თუმცა, „ლამანის მირაჟ“ -ს მაინც გამოვარჩევდი. ახლაც მახსოვს ის პირველი ემოციები, როდესაც ამ ლექსს ვწერდი. ამ ლექსმა განაპირობა ის, რომ დღეისათვის ათეულობით ლექსის ავტორი ვარ. ერთ-ერთი მათგანი კი ქალბატონი მაცაცო სებისკვერაძის ავტორობით სიმღერადაც გარდაიქმნა.

 

 

თქვენს ერთ-ერთ ლექსში ამბობთ:
მე ვარ პოეტი და მე ვარ ნავი,

სადაც ნიჩბები მუდამ სველია“ …
იგულისხმება ამაში ის, რომ სიახლის მოყვარული და მაძიებელი ადამიანი ბრძანდებით?

 

— ცხოვრება ზღვასავით არის, მშვიდიც და აფორიაქებულიც. მენავე კი ამ ცხოვრებას უნდა ენიჩბოს… თუ მას ძალა გამოეცალა და ხელი ჩაიქნია, ზღვა თავისი ტალღებით შთანთქავს, ამიტომ მოქმედებაა საჭირო, დინამიკა საკუთარი თავისა და ცხოვრების წინაშე.

 

საყვარელი პოეტი, მწერალი, რომელმაც გარკვეული გავლენა იქონია თქვენს სტილსა და წერის მანერაზე..

 

— მხოლოდ ერთი, რომელიმე განცალკევებული შემოქმედის გამოყოფა გამიჭირდება… ჩემს ერთ-ერთ ლექსში ასე მაქვს აღწერილი:

 

გალაკტიონმა გრძნობა მაჩუქა,

 ტატომ — ზღვისებრი ლურჯი მერანი,

 ვაჟა-ფშაველამ გული დამითმო,

 დიდმა ილიამ სულის პერანგი…

 

ამაზე მეტი განცდითა და ემოციით, თქვენ მიერ დასმულ კითხვას ვეღარ ვუპასუხებ…

 

როგორც ვიცი, თქვენს ლექსებს სოციალური ქსელის, facebook-ის მეშვეობით (Shalva Londaridze ART) ავრცელებთ. კრებულის გამოცემაზე თუ გიფიქრიათ?

 

— დიახ, ჩემი ლექსები, სწორედ ამ სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება. ახლაც მახსოვს, როდესაც პირველად შევქმენი გვერდი და 1000 (Like) მოწონება დაფიქსირდა, როგორ მილოცავდნენ ჩემი მეგობრები. დღეისათვის უკვე 5 000 -ზე მეტი ადამიანია ჩემს შემოქმედებით გვერდზე გაწევრიანებული და მათი რიცხვი ამ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე მატულობს. ნამდვილად სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ამ მოკლე პერიოდში ამდენი ადამიანისთვის შენი სულიერი სამყარო ასე ახლობელი და ღირებული ხდება. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი თუნდაც თქვენ ბრძანდებით ანნა. ჩვენ ერთმანეთი, სწორედ ამ სოციალურ ქსელში გავიცანით, დღეს კი უკვე თქვენი რესპონდენტი ვარ… მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენთან ერთად, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო იმ ყურადღებისა და მორალურად მხარში დგომისთვის, რომელსაც მე ყოველდღიურად ვგრძნობ ჩემი მკითხველების, მეგობრების მხრიდან.

 

 

პოეზიის გარდა ფოტოგრაფიითაც ხართ გატაცებული. რაიმე კონკურსში თუ გიცდიათ მონაწილეობის მიღება?

 

— ფოტოგრაფია ჩემი სულიერი სამყაროს კიდევ ერთი გამოვლინებაა, მისი ნაწილი. რაც შეეხება კონკურსებს, თავის დროზე ორ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ორივეჯერ წარმატებას მივაღწიე. ახლა სხვა მისწრაფებები მაქვს თუმცა, კონკურსებში მონაწილეობის მიღებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ.

 

როგორც ვიცი, უკრაინაში თქვენი ფოტოების გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „მე მიყვარს თბილისი“. რა არის თქვენი ობიექტივის ძირითადი სამიზნე?

 

— შევეცდები ამ კითხვას ძალიან მოკლედ ვუპასუხო, რადგან ჩემი ფოტოშემოქმედების მოყვარულებმა კარგად იციან გამოფენების შესახებ და მკითხველი აღარ მინდა გადავღალო… უკრაინაში გასულ წელს ოთხი პერსონალური გამოფენა მქონდა. გამოფენების მოწყობის ინიციატორი თავად უკრაინული მხარე იყო, რომელმაც სამი თვის განმავლობაში უდიდესი სამუშაოები შეასრულა. ჩემი ფოტონამუშევრები, ასევე ქალაქ მირგოროდში, დავით გურამიშვილის სახელობის მუზეუმშია დაცული და მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენს. რაც შეეხება ჩემი ობიექტივის სამიზნეს, ძირითადად ის თბილისის ხედებს ასახავს, თუმცა, მხოლოდ ამ მიმართულებით არ შემოვიფარგლები. გადაღებისას ყოველ  კადრში ვცდილობ სიუჟეტი შევქმნა, კადრი მეტყველი უნდა იყოს, და ემოცია გამოიწვიოს მნახველში.

 

 

თბილისში თუ გეგმავთ საკუთარი გამოფენის გამართვას?

 

— ვგეგმავ, თუმცა ამას უახლოეს მომავალში არ ვაპირებ. ამჟამად ჩემი ლექსების კრებულის გამოცემას ვგეგმავ და ჩემი კონცენტრაციაც აქეთკენ არის მიმართული. ჩემთან ერთად უამრავი ადამიანი ელოდება ამ გამოცემას. სოციალური ქსელის მეშვეობით თითქმის ყოველდღე ვიღებ ხოლმე წერილებს მკითხველებისგან, თუ სად შეიძლება ჩემი ლექსების კრებულის შეძენა, თუმცა, როდესაც ვპასუხობ, რომ ჯერ ასეთი კრებული არ არსებობს გასაგები მიზეზების გამო, გული სწყდებათ ხოლმე… იმედი მაქვს, მათ მალე მივანიჭებ სიხარულს, სავარაუდოდ, ეს მაისის ბოლოს მოხდება.

 

— ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, ელიოტ ერვიტის (Elliot Erwitt) თქმით, მისთვის ფოტოგრაფია დაკვირვების ხელოვნებასთან ასოცირდება და ფოტოგრაფის მთავარი როლი ჩვეულებრივ ადგილასაც კი საინტერესო რამის აღმოჩენაში მდგომარეობს.

თქვენთვის რა არის ფოტოგრაფია და გაძლევთ თუ არა ეს პროფესია საკუთარი თავისა და ემოციების გამოხატვის საშუალებას?

 

— ფოტოგრაფია თავად ემოციაა, წამით აღბეჭდილი მარადიულობა… არ ვიცი, რამდენად გასაგებად ავხსენი, მაგრამ მგონია, რომ ხანდახან ერთი კადრი უფრო მეტყველი შეიძლება იყოს და მრავლისმთქმელი, ვიდრე, რომელიმე სრულმეტრაჟიანი ფილმი. ერთი შეხედვით, ფოტოგრაფიას სიმარტივე ახასიათებს. აიღებ კამერას, ჩართავ, ჩააჩხაკუნებ და სურათიც გადაღებულია…

 

ფოტოგრაფია, უპირველეს ყოვლისა, აზროვნებას ემყარება და ძიების პროცესია, აქედან გამომდინარე სასურველი კადრი თავად უნდა შექმნა… ამისათვის კი რა არის საჭირო? მოკლე ჩამონათვალს გავაკეთებ: უნდა დაინახო სიუჟეტი, ამბავი, რომელსაც მნახველამდე მიიტან, ასევე, უნდა შექმნა კომპოზიცია, მიიღო სასურველი განათება, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთ შემთხვევაში სუნთქვაც კი უნდა აკონტროლო, რომ ზუსტად ის კადრი მიიღო, რომელიც ჩაიფიქრე. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გადაღებისას სწრაფი, მაგრამ გააზრებული რეაქციაა საჭირო. კარგი ფოტოგრაფი სნაიპერივით არის, ერთი „გასროლა“ — ერთი კადრი… არის სხვა არაერთი ნიუანსიც, თუნდაც ის, როდესაც შენ გადასაღები ობიექტის მოძრაობა უნდა გამოიცნო, რომელიც შემდგომში კადრის დინამიურობას განაპირობებს. ხედავთ? ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი საქმე, არც ისე მარტივად გამოიყურება… ჩემი პასუხიდან გამომდინარე, ალბათ დაასკვენით, რომ ფოტოგრაფია ჩემი ემოციების გამოხატვის საშუალებას ნამდვილად მაძლევს…

ყველაფერთან ერთად, ხელოვნება ადამიანს ინდივიდუალორობისაკენ უბიძგებს, უყალიბებს ხედვას, რომელიც  ყველაფერში სიახლის აღმოჩენის სურვილს უღვივებს და, რაც მთავარია, თითოეულ ჩვენგანს აძლევს თავისუფლებას იყოს ის, რაც სინამდვილეში არის. აქედან გამომდინარე, ალბათ, ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც ადამიანს საკუთარი თავის, განცდების, გრძნობებისა და ემოციის გამოხატვის საშუალებას აძლევს.

                                                                                                              ანნა ზერაგია

ნანახია:(126)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

«საშინლად დავითრგუნე და გავბრაზდი! გავბრაზდი ყველაზე და ყველაფერზე…»- თემო საჯაია მიმართვას ავრცელებს

მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაია ქუჩაში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. «მიმართვა: იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც ქუჩაში დგანან…


„მენატრები დედი“ — ემიგრანტის გზავნილი ამერიკიდან …

რა არის ემიგრაცია, თუ არა ძალიან დიდი მონატრება. ეს გრძნობა უფრო მეტად ძლიერდება, როდესაც ავად ვართ. მე რომ ეხლა დედა თავზე


მედია, როგორც ალტერნატიული რეალობა

ალტერნატიული რეალობის ხსენებისას, თითოეულ ჩვენგანი  ფიქრს სამეცნიერო ფანტასტიკაზე იწყებს და მაშინვე პარალელური სამყარო ახსენდება. სამყარო, სადაც ყველაფერი განსხვავებულია ამჟამინდელი მდგომარეობისგან.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<