„საქართველო თვითსიძულვილის, საკუთარი თავის ნგრევის, და საკუთარი თავისგან გაქცევის რეჟიმში მცხოვრები ქვეყანაა“

by admin | Декабрь 8, 2016 18:59

ერი — ღამურა, ანუ ინფანტილიზმის 25 წელი…

ყველა, ვინც ამბობს, რომ ევროპელია, ჩემს თვალში ფაშისტია, რადგან ცდილობს, თავი მიაკუთვნოს რაღაც კავშირს (იტალ.: fascio — კავშირი, შეკვრა, გაერთიანება), და ამით თავი სხვებზე მაღლა (აზიელებზე, აფრიკელებზე და სხვ.) დააყენოს.

25 წელია მესმის, რომ «ევროპელები უნდა გავხდეთ», და ამ ხნის მანძილზე არ მომისმენია არცერთი მსჯელობა იმის შესახებ, თუ საერთოდ რას ნიშნავს ევროპელობა, ქართველობა ან აფრიკელობა. ქართველების «ევროპისკენ სწრაფვა» აშკარად პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს. ესაა ყოველგვარ ნამდვილ გააზრებას მოკლებული, ზედაპირულ-ქარაფშუტული და ნახევრად კრეტინიზმთან მოსაზღვრე ახირება-აკვიატება. ცხადია, რომ ასეთი «სწრაფვა» ვერავითარ ევროპამდე ვერ მივა. მან შეიძლება მხოლოდ სოფელ ჯანდამდე მიაღწიოს, რომელიც სხვათაშორის, თურქეთში მდებარეობს.

გულისამრევია ასევე ქართველების რუსოფობია, ისევე როგორც რუსოფილია, რადგან ორივე მოკლებულია რაიმე სახის აზროვნების ელემენტს და მხოლოდ ფრაგმენტული მენტალურ-ისტორიული ნაგლეჯების მონაქროლ ემოციებს ეყრდნობა.

საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად ყოფნის 25 წლის მანძილზე ამ ქვეყანას არ უფიქრია არაფერი, უბრალოდ არ უფიქრია, რადგან, როგორც ჩანს, მან არ იცის ფიქრი…

საქართვლო არის ქვეყანა აზროვნების გარეშე.

და აქ ცალკეულ პიროვნებებს არ ვგულისხმობ. საქართველო, როგორც საზოგადოება, არის ყრუ-მუნჯი, მთელი მისი ესტაბლიშმენტი, თავისი მას-მედიით, ცნობილი სახეებით, მღვდელმთავრებით, ექსპერტებით, პოლიტიკოსებით, პოლიტოლოგებით არის ნაგავი, ჩვეულებრივი ნაგვის ვედრო. ამ ნაგვის გროვაში შეუძლებელია იპოვო რაიმე, საღი აზრის მსგავსი. ქართული «ესტაბლიშმენტი» არის თავისებური ფაშისტური დაჯგუფება, რომელიც მოქმედებს მხოლოდ თავისი თავის, როგორც კავშირის შესანარჩუნებლად და ყოველგვარი ჯანსაღისა და ადამიანურის საწინააღმდეგოდ, რადგან ასეთი რამ მას პოტენციურად განადგურებით ემუქრება.
და რადგან ქართულ საზოგადოებაში, როგორც ასეთში, არ დაიშვებიან სხვები, გარდა კავშირის დაუწერელი წესდების აღმსარებლებისა, მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ფაშისტური საზოგადოება.

ქართული «საზოგადოებრიობა» ესაა ფაშიზმი ჩვეულებრივი ადამიანების, ქართველების წინააღმდეგ.

სწორედ ეს ნაგავი, რომელიც თავის თავს ნაღებს უწოდებს, მიექაჩება ქვეყანას ხან ევროპისკენ, ხან რუსეთისკენ და ხან ერაყისკენ, მოკლედ ყველგან, საკუთარი თავის, საკუთარი რეალობის გარდა…

ბოლო 25 წლის აჟიოტაჟი ქართველების «ევროპელობის» შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ამ ღრმად დაკომპლექსებული ნაციის კიდევ ერთი მცდელობა, გაექცეს საკუთარ შინაგან რეალობას, თავისი თავს და დაინთქას რაღაც სხვაში, რომ იქ იპოვოს განთავისუფლება საკუთარი თავისგან და არასრულფასოვნების შეგრძნებისაგან.

ეს ამ ერის პირველი მცდელობა არ გახლავთ. იგივე ხდებოდა სპარსელებთან და რუსებთან დამოკიდებულებაშიც. იყო დრო, როცა ქართველები სპარსულად და რუსულად ლაპარაკობდნენ და ქართულად ლაპარაკი ესირცხვილებოდათ.

ქართული უკიდურესი შოვინიზმი რატომღაც მშვენივრად ეგუება საკუთარი თავის აბსოლუტურ უარყოფას. ყველაზე თვალნათლივ ეს გამოიხატება ქართველის დამოკიდებულებაში უცხოელის მიმართ — ის მას ფეხქვეშ ეგება, ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავი მოაწონოს, თან ყვება და იმავდროულად ძულს და გააცილებს თუ არა «ძვირფას სტუმარს», წამსვე გულიანად შეუკურთხებს…

ეს მოწმობს, რომ ეს არის მარად მოუმწიფებელი, საკუთარ თავში ჩაუხედავი, დაუღვინებელი და უსასრულოდ ინფანტილურ მდგომარეობაში მყოფი ერთეული. ქართული ყოფითი კულტურა, ე.წ. «ტრადიციები» ესაა რეალობისგან (სიცოცხლისგან, სიკვდილისგან, თავისუფლებისგან, პასუხისმგებლობისგან) გაქცევის კულტურა. ქართული კულტურა პანაშვიდისა და ქელეხის კულტურაა, პანაშვიდი და ქელეხი კი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ჭირისუფალი მარტო არ დარჩეს რეალობასთან და არ დაინახოს სიკვდილი, რომ დაემალოს მას ნაცნობ-მეგობრების სიმრავლეში.

ქართველი, როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მუდამ გარბის. ის გაურბის საკუთარ თავში ჩახედვას, თვითანალიზს, გაურბის პასუხისმგებლობას საკუთარი თავის წინაშე. მისთვის ორგანულია მონის ფსიქიკა — სხვაზე ორიენტირებულობა. ევროპა ამ შემთხვევაში მორიგი «სხვაა», რომელიც, ქართულ-ხალხური ინფანტილიზმის თანახმად, მოვა და ყველაფერს დაალაგებს, ყველაფერს სწორად გააკეთებს, და ეს კარგია, რადგან ჩვენ ეს არ შეგვიძლია.

ქართველს უნდა იყოს სხვა, მას სურს საკუთარი თავი დაივიწყოს თავისთავში ჩაუხედავად. ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში არ გვხვდება ქართული ხასიათის კვლევის მაგალითები. საკუთარი თავის კვლევა ჩვენთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, მაშინ როცა ეს ნებისმიერი განვითარებული ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

აქედან მოდის საკუთარი თავის უნდობლობა. აქედან მოდის ის, რომ ნიჭიერი ქართველი აუცილებლად სხვებმა უნდა აღიარონ, რომ ის ქართველებმა მიიღონ, და თუ სხვამ არ აღიარა, ქართველები მას უბრალოდ შიმშილით მოკლავენ…~
საკუთარი თავის უნდობლობის ნათელი მაგალითია ქართული ტელევიზიები — ეს უსახურობის სამჭედლოები, სადაც მხოლოდ უცხოური პროექტების ასლებს გვთავაზობენ და ორიგინალური პროდუქციის შექმნას ჭირივით გაურბიან.

საქართველო თვითსიძულვილის, საკუთარი თავის ნგრევის, და საკუთარი თავისგან გაქცევის რეჟიმში მცხოვრები ქვეყანაა.
ამიტომაც ვერასოდეს ხარობს და ვერც გაიხარებს, სანამ არ დაიწყებს საკუთარი თავის არა პათეტიკურ-ექსტატიურად ან ნიჰილისტურად (რაც უაზრო უკიდურესობებია), არამედ ადეკვატურად აღქმას, სანამ არ ინებებს საკუთარი თავის სერიოზულ კვლევას.

საქართველო ის ოროსანი ბავშვია, რომელიც თავისთავს ვერ პოულობს, ლოთდება და ცხოვრებაზე დაბოღმილია.
გაქცევის თემა ქართული ბუნების (თუკი ასეთი რამ არსებობს) მთავარი თემაა. საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაქცეულია. დარჩენილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაქცეულია «რწმენაში», ანუ ცხოვრებისგან და სიკვდილისაგან დამალვის ყველაზე ინფანტილურ ფორმაში.

ბოლო დროს ეპიდემიადქცეული საბანკო და ონლაინ სესხებიც გაქცევის ფორმაა — იმის მაგივრად რომ თვალი გაუსწორო სიღარიბეს და ეძებო გამოსავალი, იღებ სესხს და დროებით «კარგად ხარ», ანუ გაქცეული ხარ.
და ეს სურვილი იმდენად დიდია, რომ არც კი ფიქრობ პროცენტებზე, რომლის დაბრუნებაც მოგიწევს.

იგივენაირად იქცევიან ამ ქვეყნის მთავრობებიც, რომლებიც საკუთარი ეკონომიკის შექმნას ყოველთვის საერთაშორისო პროცენტიან ვალზე ცხოვრებას ამჯობინებენ.

საქართველო პროცენტიანი სესხისა და პროცენტიანი ღმერთის ქვეყანაა.

რას უნდა მივაწეროთ, თუ არა ინფანტილურობასა და უპასუხისმგებლობას, როგორც ე რ ი ს თ ვ ი ს ე ბ ა ს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 25 წელია დღევანდელი მსოფლიოსთვის არნახულ გაჭირვებასა და შიმშილში იხრჩობა, ამ ქვეყანაში ვერაფრით ვერ დაიბადა ვერანაირი სოციალური მოძრაობა?!

ინფანტილურობა, საკუთარი თავის ტოტალური უნდობლობა, საკუთარი განუმეორებელი გზის ძებნაზე უარი თქმა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების შეუძლებლობა არის, ჩემი აზრით, საქართველოს, როგორც ქვეყნის მთავარი პრობლემა, რაც მას მარად ჩამორჩენილ, მაჩანჩალა, სხვის ხელებში შემყურე და სხვად ყოფნაზე ამაოდ მეოცნებე ფსიქო-სუბიექტად აქცევს.

ლევან რამიშვილი, მწერალი, პუბლიცისტი, რუსთველოგი

ნანახია:(1621)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/saqartvelo-tvitsidzulvilis-sakutari-tavis-ngrevisa-da/