„საკვამურიდან ამოსული სითბო“- დადუნა ნადარაია | Jolo.ge


„საკვამურიდან ამოსული სითბო“- დადუნა ნადარაია

„საკვამურიდან ამოსული სითბო“- დადუნა ნადარაია

🗻💛 არ დაგიმალავ და მეგონა, როდესაც ჩემს წიგნს ხელში დავიკავებდი გული გამიჩერდებოდა, ცას ვარსკვლავი მოსწყდებოდა და ჩემი სულის საიდუმლო ყველასთვის გახდებოდა ცნობილი, მაგრამ ასე არ მოხდა.

დედამიწა ჩვეულებრივად აგრძელებს ბრუნვას, ადამიანები ყველანი სადღაც მიიჩქარიან, გოგონებს იები უჭირავთ ხელში და ბედნიერი არიან, მე ჩემი წიგნი და ყვავილები მიკავია და გული მაინც საოცრად მიცემს.

და რადგან გაზაფხულის დღეები მოდის თავმდაბლურად გეტყვი, რომ მართლა არ ვიცი, რატომ უნდა ჩაიცვა საწვიმარი, მხარზე ზურგჩანთა მოიკიდოთ და გაზაფხულის კოკისპირული წვიმა, როგორც კი დაიწყება მხოლოდ იმიტომ გახვიდე სახლიდან, რომ ზღვები, ოკეანეები გადასცურო, თეთრად შეფერილი მთები გადაიარო და შუაგულ ტყეში იპოვო ქოხი, რომელსაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თავზე დაჰყურებს, საკვამურიდან სითბო ამოდის, რომელიც ღმერთის სუნთქვას ჰგავს და ქოხში მხრებზე პლედმოხურული ზის ადამიანი, რომელიც შეშის ღუმელთან თბება და ყველაფერს განდობს — საკუთარ ფიქრებს, განცდებს და გულს.🍷📙

დადუნა ნადარაია

ანა-მარია

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი,როდესაც, მართალია, პურის ფული არ მქონდა, მაგრამ ჯიბეები ოცნებებით იყო სავსე. ჩავუვლიდი ბრენდულ მაღაზიებს და მინდოდა მეგრძნო, რას ნიშნავს, როდესაც ქუჩაში ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი მიდიხარ. მე მწერალი ვიყავი, ამიტომ მინდოდა, სიტყვებით გადმომეცა დიდებულად ჩაცმული ქალის ფიქრები, მაგრამ ხელები ცარიელ ჯიბეში მეწყო. მეგობრებიც არ მყავდა, მათ რომ მაინც გაეთბოთ ჩემი ღარიბი სული.

ხშირად დავდიოდი საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს მდებარე პატარა სამების ეკლესიაში. ის იყო ჩემი თავშესაფარი. ვფიქრობ, როდესაც ადამიანი ღარიბია, მის სულში უამრავი ყვავილი იღვიძებს. ყვავილებს სხვადასხვა სურნელი აქვთ. უნდა შეძლო და ღირსეულად გაუძლო გაჭირვებას – პიროვნული სიძლიერე ხომ ასე ყალიბდება. მე კი დავეხეტებოდი ქუჩა–ქუჩა. ყველგან მეცვა სტუდენტობის დროინდელი ტანსაცმელი და ვეძებდი სამსახურს. ვფიქრობდი, ბედი გამიღიმებდა.

ერთხელ, ტაძარში, ჩემი ასაკის გოგონა შევნიშნე, რომელიც შანდლებს ასუფთავებდა და ჩამწვარ სანთლებს პატარა რკინის ყუთში ათავსებდა. ძველი კაბა და დახეული ფეხსაცმელი ეცვა. ამიტომ ჩემი კაბები მივუტანე საჩუქრად. ძალიან გაუხარდა. მაშინვე ამოალაგა ტანსაცმელი და ტაში შემოჰკრა. ცისფერი მაქმანისაგან შეკერილი ქვედაბოლო განსაკუთრებით მოეწონა, ტანზე მიიზომა და ოქროსფერ ფოთლებში გაუჩინარდა.

მას შემდეგ ყოველთვის ჩემი ნაჩუქარი კაბებით მოდიოდა ტაძარში ანა – მარია. შემოდგომის წვიმებისათვის რომ ვინახავდი, ის ლამაზი ფეხსაცმელი ეცვა. გოგონა ზოგჯერ გალობდა,ზოგჯერ ეკლესიაში საქმიანად ფუსფუსებდა. იყო მასში ძალიან მიმზიდველი ქალურობა და სილამაზე. მე კი ვფიქრობდი, რადგან მისი გახარება შევძელი, სულაც არ ვიყავი ღარიბი. ახლა უკვე ვიცოდი, რას გრძნობენ ქალები, როდესაც მათთვის მოსაწონი სამოსი აცვიათ.

საღამოობითაც ერთად ვსეირნობდით მე და ანა – მარია. ის ცისფერ კაბებს იცვამდა კვლავ . მე ახლა უკვე ყვითელი ფოთლებით მქონდა გადავსებული ჯიბეები. შემდეგ დაუბერა ქარმა. მოიბუზნენ ჩიტები.ზამთრის დადგომისთანავე ბებოს ნაქონი პალტოც ვუსახსოვრე. მას კი ისევ გაუთბა ხელები. მერე მე გარინდებით ვიჯექი ბაღში, ვითვლიდი ციდან ჩამოცვენილ ფიფქებს და ბედნიერი თეთრად შეფენილ დაღმართს დავუყვებოდი ფეხით.

დადუნა ნადარაია

წიგნიდან «საკვამურიდან ამოსული სითბო»

ნანახია:(249)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იგავი ბედნიერების შესახებ — დააფასეთ ის რაც გაქვთ

…ერთხელ ბრძენთან მივიდა ერთი ქალი და შესჩივლა მას: – თითქოს ყველაფერი მაქვს, რასაც ვისურვებ: ოჯახი, შვილები, საუკეთესო მეუღლე, კეთილდღეობა, მაგრამ


როგორ დავიძინოთ ბავშვივით, 6 მარტივი წესი

სრულფასოვანი ძილი მანამ გადაწყვეტს იმას, თუ რამდენად წარმატებული იქნება თქვენი დღე, სანამ თქვენ საწოლიდან წამოდგებით. სამწუხაროდ, მოუსვენრობა და უძილობა ბევრ


არასოდეს არის გვიან — ამაში ამ 10 ადამიანის ისტორია დაგარწმუნებთ

ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზები: “აი, ახლა რომ ვიყო 20 წლის…”,  ან: “ჩემი შანსი უკვე ხელიდან გავუშვი, უკვე ახალ საქმეზე ფიქრს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*