როგორ გავშიფროთ სხვადასხვა ეროვნების ადამიანების ჟესტები…

by Ann | Март 18, 2016 15:16

 

ჟესტების ენა კაცობრიობისთვის იმდენად ბუნებრივია ხშრად ადამიანები საკუთარ ჟესტიკულაციას ვერც კი ამჩნევენ. ჟესტების სიმრავლე ხშირ შემთხვევაში ადამიანის ემოციურ განწყობაზე მიუთითებს და ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს საერთო ჟესტები, რომლებსაც კონკრეტული მნიშვნელობა აქვთ.

 

ესპანელებისთვის ჟესტები მიმართვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, უემოციო თანამოსაუბრეს ისინი ქედმაღლად მიიჩნევენ, თუმცა ძალიან თავისუფალი ჟესტებიც ვულგარულად მიაჩნიათ. ამ ქვეყანაში მეზობელთან მიუსალმებლობა მტრის შეძენას ნიშნავს, ძალიან სწრაფი მისალმება კი მის დამცირებას. როგორც კი ესპანელი მეზობელს დაინახავს სახეზე მისალმებისთვის მზადყოფნა გამოეხატება, სიტყვებით კი ამას მას შემდეგ გამოხატავს, რაც მასაც იმავე გამომეტყველებას შენიშნავს.

 

იტალიელები იმდენად აქტიურად ჟესტიკულირებენ, საუბრის დროს ხელები რომ შეუკრა ლაპარაკის უნარს დაკარგავენ. ამ ქვეყანაში მიმიკისა და ჟესტების ლექსიკონიცაა გამოცემული. ლექსიკონის მიხედვით ცერა და საჩვენებელი თითებით გამოსახული წრე ნიშნავს „ყველაფერი კარგადაა“. გვერდზე გაწეული ან ძირს დაწეული საჩვენებელი და შუა თითებით იტალიელები ავ თვალს იცილებენ. გემრიელი კერძის შესაქებად იტალიელი ლოყაზე თითს იტრიალებს.

 

ფრანგები ნაკლებად ჟესტიკულირებენ, თუმცა არსებობს რამდენიმე ჟესტი, რომელიც საყოველთაოდაა მიღებული. ცერა და საჩვენებელი თითების მოფშვნეტა ფულს აღნიშნავს. მარჯვენა ხელის ყველა თითის მომუჭვა შუა თითის გარდა და ორჯერ ზემოდან ქვემოთ მოძრაობა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პასუხისგებაში მოხვდეთ. ყველაზე კარგ შემთხვევაში სამ თვემდე ციხეში მოხვედრა გარდაუვალია. მარსელელი ფრანგები იმდენად აქტიურად ჟესტიკულირებენ საუბრის დროს ერთმანეთს ხელითაც ეხებიან. პარიზში მათ ძალიან მარტივად სცნობენ.

 

იაპონური კულტურა ყველასგან განსხვავებულია, აქ ნაკლებ ჟესტებს სცემენ პატივს. თავის დაქნევა იაპონელისთვის ნიშნავს „ყურადღებით გისმენთ“, მაშინ როდესაც საბერძნეთში, თურქეთსა და ბულგარეთში „არას“, ბევრ სხვა ქვეყანაში კი თანხმობას ნიშნავს. ქვემოთ დახრილი გაშვერილი ხელი ქვემოთ დახრილი ხელისგულით ნიშნავს — „მოდი ჩემთან“. თუ ხელს მხრის დონეზე ასწევთ ნიშნავს „ნახვამდის“. თუ საჩვენებელი და ცერა თითები ერთმანეთს ეხება და სხვები გაშლილია, ნიშნავს ფულს, ხოლო თუ საჩვენებელ თითებს გაშლიან და მოხრიან, ნიშნავს, რომ ახლოს მძარცველია და ფულს უნდა უფრთხილდეთ.

ენით დასველებული შუა თითით წარბების სრესა იაპონელისთის სიცრუის ნიშანია და შესაძლოა უცხოელი ამ დროს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რადგან იაპონელი შესაბამის რეაგირებას მოახდენს.  ხელის ჩამორთმევა ამ ქვეყანაში მიღებული არ არის, რადგან ისინი გაურბიან ხელით შეხებას.

თვალების ფართოდ გახელის ჟესტი იაპონიაში უკმაყოფილების გამოხატვას ნიშნავს, და ამიტომ ვერ ხვდებიან რატომ არიან ევროპელები მუდმივად გაბრაზებულები.

 

არსებობს რამდენიმე თავისებურება ჟესტებში:

თუ ინგლისელი ცხვირზე თითს მიირტყამს, ის თქვენ დაგცინით;

მაღლა აშვერილი ცერა თითი საბერძნეთში ნიშნავს — „გაჩუმდი“;

სიცილი აფრიკის ზოგიერთ მხარეში გაკვირვებას და დაბნეულობას გამოხატავს.

 

ნანახია:(131)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/rogor-gavshifrot-jestebis-ena/