რენტგენი — მაია სარიშვილი | Jolo.ge


რენტგენი — მაია სარიშვილი

რენტგენი — მაია სარიშვილი

შემიყვანეს თუ არა პალატაში, მაშინათვე ვიცანი ნანა — ჩვენი ყოფილი პიონერთა ხელმძღვანელი. მეოთხე კურსზე ვიყავი, ეს რომ მოხდა. ტოქსიკური განყოფილება იყო და ყველანი მოწამლულები ვიწექით. ნანას რაღაც მჟავა დაელია ქმრის გამო და ტუჩებიც ამომწვარი ჰქონდა. ძმა უვლიდა გასაოცრად. არ შორდებოდა. ღვეზელების გამყიდველ პუტკუნა სომეხ მალვინას წამლები დაელია ცოლ-შვილიანი საყვარელის გამო.  და თამარა — სარეცხის ფხვნილით მოწამლულიყო შემთხვევით. უზომოდ მშვიდი ბებო — ულამაზესი ისტორიებით ამ ჯოჯოხეთში.

11 წლის ვიყავი, ნანა რომ გავიცანი. ვაკის პარკში პიონერთა ბანაკი იყო გახსნილი. იქ მტოვებდა დედაჩემი დილაობით და საღამოს, ინსტიტუტიდან რომ ბრუნდებოდა, მეც სახლში მივყავდი. დაგვსხა ერთხელ ამ ნანამ რამდენიმე გოგო ნაძვნარში და გვეკითხება: იცით, როგორ ჩნდებიან ბავშვები? ყველას გაეცინა, ეტყობა რაღაც იცოდნენ ნაწილობრივ მაინც, მე კი გული შემიღონდა. აივანზე მოგრძო კალათა გვედო, რომლითაც ვარსკვლავიდან ჩამომიშვა ღმერთმა ერთ ზამთარს. ვიცოდი, რომ ყველანი სხვადასხვანაირად იბადებოდნენ და მე კი _ ასე. და ვიცოდი, რომ არავისთან არ უნდა მეთქვა ეს… ნანამ კი სულ ღიმილ-ღიმილით აღგვიწერა ყველაფერი და გაოგნებული ვიყავი _- აბა კალათა?.. ხოდა, ეს ნანა იწვა ახლა ჩემგან ორ მეტრში და ვერაფრით ვბედავდი თავი შემეხსენებინა. ან კი სად ჰქონდა ჩემი თავი? მილიცია იძიებდა მის საქმეს და დაკითხვაზე მოდიოდნენ, ქმრის პასუხისგებაში მიცემას აპირებდნენ.

პუტკუნა მალვინა კი სულ ტიროდა და ტიროდა. ობოლი ყოფილა, დების გაზრდილი. იმ ცოლ-შვილიანი კაცის ნაჩუქარი ზამთრის ქუდი მოატანინა სახლიდან და ის ეხურა ხუთივე დღე იმ გაგანია მაისში.

თამარა ბებო კი იწვა რაღაც სინათლის სვეტივით, ფარდასა და ფარდას შორის შემოპარული მზის შუქივით. გვიყვებოდა, როგორ კეთდება გემრიელი ვარდის მურაბა, როგორ ღებავდა ძაფებს ლილაში, როგორ ქსოვდა ამ ლურჯი ძაფებით პატარა ჩიტებს, რომლებშიც ბამბას ჩურთავდა მერე… თუ სიბერე მეღირსა, ასეთი მინდა ვიყო. მშვიდი, ვარდის მურაბების გემრიელად გამკეთებელი და ლურჯი ჩიტების მქსოველი.

ჩემი გამოწერის დროც რომ დადგა, ეტყობა თავს მოდუნების უფლება მისცა და საწყალ დედაჩემს, ამდენი ღამის უძილოს, სკამზე ჩამოეძინა მთელი გულითა და არსებით. და ზუსტად ამ დროს, ჩვენი მოშლილი ფანჯრიდან, რომელიც ბოლომდის არ იხურებოდა, უცებ საშინელი ხმა შემოვარდა საშიში ნადირივით. ატყდა ერთი ამბავი: პაციენტებისა და მათი მომვლელების ხმამაღალი ლაპარაკი, ექიმების ახსნა-განმარტებები და ათასი სხვა ხმა ირეოდა ერთად, ძაღლებიც კი აყეფდნენ.

როგორც გაირკვა, ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, ბაბლუანის ,,უძინართა მზის,, და კინოსტუდიის მანქანის ხმა ყოფილა, რამაც ყველა ასე გაანერვიულა. მეც შევწუხდი. ჩემს გამო კი არა, დედას გამო, არ მინდოდა გაღვიძებოდა. ავდექი და ფანჯრის დახურვა ვცადე, მაგრამ არაფრით დაიხურა. გავგიჟდი. ავძვერი უცებ რაფაზე და ბეჭებით ავეფარე ამ ღრიჭოს. პალატაში აბსოლუტური სიჩუმე ჩამოდგა. ნუ, მე მომეჩვენა ასე. ვზივარ, ვზივარ, თან დედაჩემის სუნთქვას ვითვლი. ორი ათასამდე თუ ავედი, ეყოფა გამოსაძინებლად-მეთქი, მაგრამ სათვალავი მალევე ამერია. არ მახსოვს, რა დრო გავიდა. უცებ ექიმის გაოგნებულ სახეს ვხედავ. ,,ნუ გეშინიათ, პირველი სართულია., _ ღიმილით ვამშვიდებ. ,,არ ჩამოდის, შვილო, ხმაურს ვაკავებ ბეჭებითო,, -თამარა ბებოა. ექიმი მკლავზე ჩამეჭიდა და ჩამოვედი.

მეორე დილით ე.წ. შემოვლა უნდა გამეკეთებინა გაწერის წინ და ფილტვებზეც გადამიღეს რენტგენი. ეს სურათი დიდხანს მქონდა შენახულის და ზოგჯერ შუქზე გავხედავდი ხოლმე შესამოწმებლად — სულ მეგონა, რომ სადღაც აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო ეზოს ის დამანგრეველი ხმაური, ბეჭებით რომ ვაკავებდი და იმ ოთხი ქალის სუნთქვა, რომელთაგანაც სამი ქიმიით იყო მოწამლული და ერთი, რომელსაც ეძინა — ჩემით.

მაია სარიშვილი

ნანახია:(25)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჩვენი ბოზი ემა“

ვიცოდი რომ ბოზს ეძახდნენ, მაგრამ არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა… ის ჩემთვის ერთი ლამაზი და კეთილი ქალბატონი იყო,რომელიც უბნის ბავშვებს


ზოგიერთ სიკეთეს ბოროტება მოაქვს

ჩვენ რომ გვგონია კეთილ საქმეს ვუკეთებთ ადამიანს, ხანდახან სიავით შემოგვიტრიალდება და განსაცდელში გვაგდებს. ამიტომაა გონიერება და წინდახედულება აუცილებელი. ზოგჯერ ჩვენს


სად გინდათ იყოთ ხუთი წლის შემდეგ და ვინ გინდათ იყოთ ხუთი წლის შემდეგ?

წარმოიდგინეთ, რომ ხუთი წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს. თქვენ მეუბნებით, „იცით, მე ხუთი წლის უკან ფეისბუქში თქვენს გვერდს ვკითხულობდი, საინტერესო პოსტები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*