რას ვჭამთ?! — შემაშფოთებელი რეალობა! ის, რაც ბევრმა არ იცის … | Jolo.ge


რას ვჭამთ?! — შემაშფოთებელი რეალობა! ის, რაც ბევრმა არ იცის …

რას ვჭამთ?! — შემაშფოთებელი რეალობა! ის, რაც ბევრმა არ იცის …

თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ერთერთ მთავარ ფაქტორ ჯანსაღი კვება. მაგრამ საკითხავია, რამდენმა ვიცით იმ პროდუქტების ვარგისიანობის შესახებ, რომლებსაც დღევანდელი ბაზარი გვთავაზობს?! რამდენად ჯანსაღია თუნდაც ის ხილი და ბოსტნეული, რომელსაც საქართველოში ვყიდულობთ? მარაგდება თუ არა ჩვენი ორგანიზმი იმ საჭირო და აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც  ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია?

თუ პირიქით ხდება?!

გიფიქრიათ ამის შესახებ? გიფიქრიათ, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ?

გიფიქრიათ თუ არა, რომ, დაბინძურებულ ჰაერთან და გარემოსთან ერთად, შხამქიმიკატებით გაჟღენთილი პროდუქტებითაც ვიწამლებით? რომ ბაქტერიებით თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვები უამრავ დაავადებას იწვევს? რომ ქვეყანაში ძალიან იმატა სიმსივნით დაავადებულთა რიცხვმა?!

„დღეს შხამქიმიკატების გამოყენება აბსოლუტურად არ რეგულირდება და ამ მხრივ, მომხმარებელი დაუცველია“, – ამბობს ბიოლოგიური პროდუქციის ონლაინ მაღაზიიის დამფუძნებელი უშანგი კევლიშვილი. მასთან ინტერვიუს ჩასაწერად სწორედ ამ თემამ მიმიყვანა. რეალობა ბევრად შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.

უშანგი კევლიშვილი:

– ეს არის ძალიან სახიფათო ნივთიერებები. ზედმეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში ზიანდება ნიადაგი, გარემო, ვნებს მომხმარებლის ჯანმრთელობას. ფაქტობრივად, წამლავს ორგანიზმს.

პირადად მქონდა ამ ყველაფერთან შეხება და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი ძალა და ენერგია ამ საქმისკენ მიმემართა.

დაახლოებით 7-8 წლის წინათ, მამაჩემმა სათბურში დანამატების გამოყენებით კიტრი და პომიდორი მოიყვანა და აგრონომს ჩააბარა. მოსავალი ვიზუალურად ძალიან კარგი იყო, მაგრამ როდესაც ლაბორატორიაში წავიღეთ და შევამოწმეთ, გვითხრეს: ეს რომ ბავშვმა შეჭამოს, ჩათვალეთ, რომ კლავთო. ეს იყო შოკისმომგვრელი ფაქტი, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. მაშინვე გავანადგურეთ ყველაფერი, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც, რომლებიც ამ საქმეს აგრძელებენ?

მაშინ არაფერი ვიცოდი ამ პროდუქტების შესახებ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიზუალურად ლამაზი პროდუქტი მეყიდა ბაზარში. ამის შემდეგ დავინტერესდი, მოვიძიე მასალები, გავიცანი ადამიანები, რომლებიც ძირითადად ჯანსაღი პროდუქტის მოყვანითა და წარმოებით არიან დაინტერესებულნი და ბოლოს გადავწყვიტე, თავადვე ჩავდგომოდი ამ  საქმეს სათავეში. ასე შეიქმნა ეს გვერდი, რომლითაც თქვენ აღმომაჩინეთ და რომელიც მომხმარებელს ჯანსაღი საკვები პროდუქტის ონლაინშესყიდვას სთავაზობს.

არიან თუ არა სხვებიც ამ საქმით დაკავებულნი?

– კი, მაგრამ ერთი და ორი ადამიანი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ეს უფრო ფართო მასშტაბებზე უნდა გავიდეს. აუცილებელიც არის. უმეტესობამ იცის, შხამქიმიკატს რომ ასხამს, არ ვარგა, მაგრამ არ იცის, რით უნდა შეცვალოს ეს შხამქიმიკატი. არადა, არის ბევრი ბიოპრეპარატი, რომლითაც შეუძლიათ ჩაანაცვლონ. თუმცა, აქაც არის პრობლემა. გასულ წელს ბიოლოგიური პრეპარატების მაღაზია გავაკეთე. მაგრამ გლეხებმა, რომლებმაც საკვები ამ პრეპარატით მოიყვანეს, იზარალეს და ამის მიზეზი ის იყო, რომ მათი პროდუქტი მაღაზიებმა არ გაიკარეს. იმიტომ რომ  ვიზუალურად არ იყო ისეთი ლამაზი, როგორიც შხამქიმიკატით მოყვანილი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, თავად მიმეხედა ამ ყველაფრისთვის. თუმცა, ძალიან რთულია.

ყველაზე დიდ სირთულე რა არის?

– ამ პროდუქტების მოძიება. ასევე, ყველაზე დიდი სირთულეა ნდობა. მომხმარებელს ჰგონია, რომ ვატყუებთ, მაგრამ, თუ ერთხელ მაინც წაიღებენ ჩვენგან პროდუქტს, მეორედ და მესამედ ყოველთვის რეკავენ და ისევ ყიდულობენ. ასევე, ძალიან რთულია ამ პროდუქტების მოძიება.

და როგორ ხდება ათი მოძიება?

– იმ ფერმერებთან მაქვს ხელშეკრულება, რომელთაც ეს პროდუქტები მოჰყავთ. ძირითადად კი იმ ადამიანებისგან ვყიდულობთ, რომლებსაც იმის საშუალება არ აქვთ, რომ შხამქიმიკატებით შეწამლონ მოსავალი. ეს უკვე სარგებელია ჩვენთვისაც და მათთვისაც. ვცდილობთ, უფრო მეტი გადავუხადოთ, ვიდრე ბაზარზე, და ამით კიდევ უფრო დავაინტერესოთ. ბევრი გამოჩნდა ასეთი და სამომავლოდ უფრო მეტი იქნება.

იმ ადამიანებს რას ეტყოდით, რომლებიც ვიზუალურად ლამაზ პროდუქტს ყიდიან, მაგრამ არაჯანსაღს?

– თვითონაც არ იციან, რას ყიდიან, ეს რომ გათვითცნობიერებული ჰქონდეთ, არ გაყიდდნენ. მათთვის მთავარია, სარგებელი მიიღონ და ამაზე აქვთ მთელი ყურადღება გადატანილი. რამდენიმე მათგანს გავესაუბრე და დავასკვენი, რომ ძალიან რთულია, გააგებინო, რა ზიანს აყენებს ეს შხამქიმიკატები ადამიანს, არ ესმით, რომ კლავს. მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებსაც ესმით, მაგრამ მაინც აკეთებენ. გორში ერთ-ერთმა მითხრა, მეზობელს მოჰყავს სუფთა პროდუქტი და მე და ჩემი ოჯახი იმას ვჭამთ, ჩემს პროდუქტს არ ვეკარებიო. წარმოგიდგენიათ? ხალხის თუ არა, ღმერთის ხომ მაინც უნდა ეშინოდეს? უნდა კონტროლდებოდეს ეს ყველაფერი… მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

ორი წლის წინათ საქართველოში გერმანიიდან იყვნენ ჩამოსულები, სხვადასხვა რეგიონში ნიადაგისა და წყლის ანალიზი აიღეს და გაგიჟდნენ, საოცარი მიწა გაქვთ და აქ მოყვანილი პროდუქტი ამიტომაც არის უგემრიელესიო. გვინდა, ვითანამშრომლოთ და ევროპაში გავიტანოთო… ხალხთან არ მიდის ეს ინფორმაცია.

თქვენ როგორ შეიტყვეთ?

– როდესაც ჯანსაღი კვების პროდუქტების წარმოებითა და რეალიზაციით დავინტერესდი, სხვადასხვა სასწავლო კურსი გავიარე. ერთ-ერთი კურსის გავლისას კაჭრეთში სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც ეს გერმანელები იყვნენ და პირადად შევხვდი მათ.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მცხოვრებთა ნახევარი უვარგის და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტს მიირთმევს?

– ნახევარი არა, თითქმის ყველა… პროცენტულად, ალბათ, 90%. ერთ მაღაზიაში იყიდება სუფთაც და დაბინძურებული პროდუქტიც, ამიტომ მომხმარებლისთვის რთულია გარჩევა, რომელია კარგი და რომელი – ცუდი. უმეტესობა სილამაზით გამოარჩევს პროდუქტს, არადა რაც უფრო ლამაზია და დიდია პროდუქტი, მით უფრო უვარგისია. შეიძლება ჩვენ ახლა ვერ ვგრძნობთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დაბინძურებული საკვები ილექება ორგანიზმში და წლების შემდეგ, რაღაც დაავადების სახით, არ არსებობს, თავი არ იჩინოს…

გამოსავალი?

– ბევრი მეუბნება, ნუ ამბობ ასეთ რაღაცებს, ნუ აშინებ ხალხსო. არადა აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს, რომ სათანადოდ მიექცეს ყურადღება ამ ყველაფერს. აუცილებლად უნდა დაწესდეს კონტროლი. შხამქიმიკატები უნდა ჩაანაცვლოს ბიოპრეპარატებმა. გლეხს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და შრომაც სათანადოდ დაუფასდეს. ბიოპრეპარატებით მოსავალი ბევრად ცოტა მოდის. თუ შხამქიმიკატების შემთხვევაში ყურძნის მოსავალი ჰექტარზე 20 ტონაა, ბიოპრეპარატით შეიძლება 5-დან 7 ტონამდე მიიღონ. თანხა კი იგივეა, 60 თეთრს იხდიან სუფთა ყურძენშიც. ამიტომ ურჩევნია, შხამქიმიკატებით მოწამლოს, რომ უფრო მეტი მოსავალი მიიღოს და თანხაც უფრო მეტი შემოუვიდეს. ეს უნდა დავარეგულიროთ, 7 ტონას რომ მოიყვანს გლეხი, იმ 20 ტონას უნდა გაუტოლდეს მისი შემოსავალი.

პროდუქტი ისეთ ადგილზე უნდა დაითესოს, სადაც სუფთა ჰაერია, სუფთა ნიადაგია. ის პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი ჩვენთან ყიდულობს, ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში მოდის, ფეხით მაქვს შემოვლილი სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე, სვანეთი, კახეთი… დავდივარ, ვეძებ, ვპოულობ, ვუთანხმდები… აი, ამ მხრივ, უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, ამას უნდა მიექცეს ყურადღება.

უშანგი კევლიშვილთან საუბრის შემდეგ დავუკავშირდით ბიოფერმერს, რომელიც წლებია, ბიოპროდუქციას აწარმოებს და ამ კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბატონი ემზარი უკვე რამდენიმე თვეა, უშანგი კევლიშვილთან ერთად უძღვება საქმეს, რომლის მისიაც გლეხისა და საზოგადოების გამოფხიზლებაა.

ემზარ ქურდაძე, ბიოფერმერი:

– საქართველოში დღეისთვის, ამ მხრივ, სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. შხამქიმიკატების გარეშე გლეხს არ შეუძლია, მოსავალი მოიყვანოს. ის არ არის გათვიცნობიერებული ბიოლოგიური პროდუქციის წარმოებაში. სამწუხაროდ, მას არ აქვს ის საბაზისო ცოდნა, რომელსაც შემდგომში გამოიყენებს. პირველ რიგში, გლეხს უნდა ავუხსნათ, რამდენად მოთხოვნადია ბიოლოგიური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, უნდა დავაჯეროთ და ნელ-ნელა გადავიყვანოთ ბიოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე.

ამას, რა თქმა უნდა, თავისი დანახარჯები აქვს, მაგრამ არანაკლები დანახარჯები აქვს ქიმიური შხამქიმიკატებით პროდუქციის  მოყვანისაც. თანაც ეს უკანასკნელი ძალიან სახიფათოა, ადამიანის ორგანიზმში ილექება და ვინ იცის, წლების შემდეგ როგორ და რა დაავადების სახით იჩენს თავს.

რამდენად მოგვარებადია ეს პრობლემა?

– ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოგვარებადია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ინიციატივა უნდა გამოიჩინოს და მხარდაჭერა გამოუცხადოს. უნდა გამოიყოს ბიოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო თანხები. ბიოსტიმულატორები ბაზარზე კი არის, მაგრამ საკმაოდ ძვირია და გლეხის შესაძლებლობებს სცდება. თუ ამაში სახელმწიფოს ინტერესი არ ჩაიდო, დარგი ვერ განვითარდება და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაც არ გვექნება.

ბატონო ემზარ, რას იტყვით იმ პროდუქტებზე, რომლებიც ფაროსან გამო რამდენჯერმე  იწამლება?

– ფაროსანასთან საბრძოლველად გამოიყენება როგორც ბიოლოგიური, ისე ქიმიური პესტიციდები, რომლებიც გაცილებით ეფექტურია, მაგრამ ბევრად ტოქსიკური.

ფაროსანების გამო, დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქცია რამდენჯერმეა შეწამლული ჯანმრთელობისთვის საშიში პრეპარატებით და ამდენად, მათი მოხმარება დიდ საფრთხეს შეიცავს. ეს ყველაფერი ხარისხობრივადაც ძალიან ცუდად აისახება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე.

დასავლეთში წარმოებული ნებისმიერი პროდუქცია ლაბორატორიაში რომ შევამოწმოთ, შემაშფოთებელ პასუხს მივიღებთ.

თუნდაც სიმინდი, რომელიც 2-3-ჯერ მაინც იწამლება და რომელიც შემდეგში მჭადის ფქვილის ან ღერღილის სახით გამოიყენება საკვებში.

არამარტო ხილი და ბოსტნეული, თაფლიც კი გაჯერებულია შხამქიმიკატებით.

რამდენიმე ხნის წინ ჩატარდა გამოკვლევა, თაფლის სინჯები ლაბორატორიული კვლევისთვის გერმანიაში გაიგზავნა. 30 მეფუტკრე მონაწილეობდა ამ კვლევაში. გერმანიიდან ჩამოსული დასკვნის შედეგად თაფლის 73 პროცენტი ქიმიკატებით იყო გაჟღენთილი.

დიდი ალბათობით, ეს გამოწვეული უნდა იყოს იმ წამლებით, რომლებითაც ფაროსანას ებრძვიან. გარდა ამისა, ფუტკრის ტკიპის საწინააღმდეგო წამლებითაც, რომლებსაც ტკიპის გასანადგურებლად სკებში, ჩარჩოებს შორის ასხურებენ და რომელთა ჩანაცვლებაც თავისუფლად შეიძლება ბიოლოგიური პრეპარატით.

დეა თავბერიძე

ნანახია:(878)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„აბა, შენ იცი სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს“ — გიორგი კეკელიძე

ჩემი წერილი სანტ-კლაუსს. პირველი. გამარჯობა სანტა-კლაუს! რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიური სურვილებს ასრულებ, ასე მგონია, იმქვეყნადაც მიგიწვდება ხმა.


„ჩვენ ყველა ერმთმანეთს ვკლავთ, ვასამარებთ, არ ვინდობთ, ვანადგურებთ“ — პეტრე კოლხი

კლინიკის შუშებიანი კარი შევაღე, მენეჯერი ჰოლში მიცდიდა. შორიდან გამიღიმა, მომიახლოვდა, ხელი ჩამომარვა და კარდიოლოგთან შემიძღვა… მკურნალი ექიმი გამაცნო… -ხო მშვიდობა


პატარა გოგონა ცოცხალი იყო! — ძაღლი გმირად იქცა

ბრაზილიის ქალაქ კამპინასში ბავშვით პირში ძაღლი უახლოეს სახლთან მივიდა. დიასახლისი, რომელმაც ეს სურათი დაინახა, შოკირებული იყო. თუმცა გადალახა თავდაპირველი შიში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*