რა იქნება, თუ მიხვდები, რომ საკუთარი თავი ნულიდან გაქვს შესაქმნელი? | Jolo.ge


რა იქნება, თუ მიხვდები, რომ საკუთარი თავი ნულიდან გაქვს შესაქმნელი?

რა იქნება, თუ მიხვდები, რომ საკუთარი თავი ნულიდან გაქვს შესაქმნელი?

ოდესმე თუ გიფიქრია, ვინ იქნებოდი, რომ არა შენი არსებული წარმოდგენები საკუთარ თავზე?

მე მიფიქრია და არაერთხელ…

აი, ერთ დღესაც რომ დამემართოს ამნეზია, დამავიწყდეს ყველა და ყველაფერი, ამქვეყნად ვერ გავიხსენო არათუ ისინი, ვინც მიყვარს, არამედ ისიც, თუ ზოგადად, ვინ ვარ და რა ინტერესები, რა მოთხოვნილებები, რა ნიჭები მაქვს… ვინ ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ისტორია?

ჩემი ძველი მეგობრის ძმას დაემართა ამნეზია… მხოლოდ ბავშვობა ახსოვდა და ოჯახს ცნობდა… შეყვარებული ვერ იცნო… რომ უთხრა, რამდენი წელია შენი შეყვარებული ვარო, გაეღიმა: ყოჩაღ, დათო, რა კარგი გემოვნება გქონიაო…

რა იქნება ხვალ რომ გაიღვიძო და აღარ გახსოვდეს შენ გვერდით მყოფი ადამიანი… არ გახსოვდეს შვილები… ვალდებულებები… მოლოდინები…

ხანდახან მიფიქრია, რა საშინელება იქნებოდა მეთქი, ხან კი მითქვამს, რამხელა პოტენციალი დევს ამაში, საკუთარი თავი იპოვო ნამდვილი და მხოლოდ შენს ნამდვილ გრძნობებზე და არა — ფიქრებზე დაყრდნობით მიხვიდე იქ, სადაც გული გაგიწევს და სული დაგიძახებს…

ჩვენ ხომ იმდენი რამ მოგვახვია გარემოცვამ დაბადებიდან — ჩაგვაცვა ტანსაცმელი, რომელიც იმ დროს «მოდაში» იყო, მოგვარგო მენტალიტეტს, რომელშიც დავიბადეთ, დაგვიწესა საზღვრები და ბარიერები, რომლებსაც გულმოდგინედ უწესებენ ხოლმე საქართველოში ქალებს… იქ ბებიამ ჩაგვაცვა თბილ წინდასთან ერთად სამყაროს მისეული ხედვა, იქ მამისგან გავიგეთ, რომ ადამიანების ნდობა მარტივად არ შეიძლება… აქეთ მასწავლებელი გიმეორებდა, რომ ვეფხისტყაოსნის 100 სტროფს თუ ისწავლი კარგად, მხოლოდ მაშინ იქნები საკმარისად კარგი, იქით მესანთლემ გაგკიცხა არასწორ ადგილზე დგომის გამო და გითხრა, რომ არასწორად იქცევი და დაისჯები და შენც მთელი ცხოვრება იწვალე და ზეპირად დაისწავლე ყველა წესი და ცნება, ყველა გაფრთხილება და რჩევა, რომ იქნებ და როგორმე მაინც გადარჩენილიყავი ამ რთულად მოწყობილ სამყაროში და ამასთან, დაგემტკიცებინა ყველასთვის, რომ ხარ საკმარისად კარგი… ხარ ღირსი, იყო ბედნიერი… ხარ ღირსი, ვინმეს უყვარდე…

ჰოდა, რა იქნება, ერთხელაც თუ დაგავიწყდება ეს ყველაფერი, ყველა წესი ერთ წამში დაკარგავს მნიშვნელობას და ძალას… რა იქნება, თუ მიხვდები, რომ საკუთარი თავი ნულიდან გაქვს შესაქმნელი და საკუთარი სურვილები ხელახლა აღმოსაჩენი, ცხოვრება თავიდან გამოსაძერწი…

იქნებ ეს არც ისე ცუდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს… შენ როგორ ფიქრობ?

მე პირადად, ვფიქრობ, რომ ბედნიერების გასაღები #3 იმალება იმაში, რომ ამნეზიის გარეშე შეძლო და წამით გაანულო ყველაფერი, რაც იცი შენ შესახებ… წამით იგრძნო ის, რასაც გრძნობენ ადამიანები, რომლებსაც მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ცხოვრებამ ერთ წამში გამოაცალა ყველა წესი და კანონი და დაუტოვა თითებზე ჩამოსათვლელი წამები და წუთები… რომ ეგრძნოთ ის, რაც ჩვენ ყველას შეგვიძლია დღეს და ახლავე ვიგრძნოთ… თუკი მივცემთ საკუთარ თავს ამის უფლებას… ვინ ვიქნებოდი მე, რომ არ მყავდეს ქვეყნად არავინ და არ მქონდეს ქვეყნად არაფერი, არც საკუთარი ისტორია? როგორი მნიშვნელოვანია ამაზე პასუხი…

ჩემი ლუკა იმალება ხოლმე გამჭვირვალე ფარდის უკან და მეძახის, თუ გამოიცნობ, ვინ ვარო…

ასე ვუდგავართ გამჭვირვალე ფარდის მიღმა ჩვენც საკუთარ თავებს სინამდვილეში… მაგრამ მაინც არ ვპოულობთ…

ვინ იცის, რატომ?..

ალბათ, ამნეზიას ველოდებით…

მწერალი — ნატა თვალაძე

ნანახია:(216)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წერის ძალა და სიგილები ანუ როგორ ავისრულოთ სურვილები

ფიქრებს,ძალიან დიდი ძალა აქვთ, ვინაიდან ისინი სიტყვებად გარდაიქმნებიან, შემდეგ ქმედებებად, ხასიათად და ბოლოს ჩვენს ბედს აყალიბებენ. შესაბამისად სიტყვასაც თავისი ძალა


7 დღიანი Facebook LIVE Challenge

დღეს იწყება 7 დღიანი Facebook LIVE Challenge მათთვის, ვისაც საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან ჰარმონიის მოპოვება სურთ ! Facebook LIVE-ების სერია


საუკეთესო მამა — წერილი, რომელიც დაგაფიქრებთ

დღეს მივხვდი, რომ მამაჩემი საუკეთესო მამაა ამქვეყნად, ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. ის დედაჩემის მოსიყვარულე ქმარია (და ყოველთვის აიძულებს მას, იცინოს და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<