„რა იცით.. იქნებ “ფსკერზე” თქვენს მარგალიტს პოულობთ?!“ | Jolo.ge


„რა იცით.. იქნებ “ფსკერზე” თქვენს მარგალიტს პოულობთ?!“

„რა იცით.. იქნებ “ფსკერზე” თქვენს მარგალიტს პოულობთ?!“

ხშირად, როდესაც გვინდა რაღაცას უფრო მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ, უფრო მეტად ჩავწვდეთ, ან ძვირფასად წარმოვაჩინოთ, ვიყენებთ სიტყვა “სიღრმეს”.. პრინციპში “ჩაწვდომაც” და “ჩაღრმავებაც” ისრის მიმართულებას ქვემოთ მიუთითებს და არა ზემოთ. როდესაც გვინდა ადამიანს ვაგრძნობინოთ, რამდენად ძვირფასია, ვეუბნებით: “მე ვხედავ შენი სულის სიღრმეს”.. როდესაც გვინდა სიყვარული გამოვხატოთ, ვეუბნებით რომ მისი თვალების სიღრმე გვიზიდავს, და ამ ყველაფრით ჩვენს “ღრმა გრძნობას” გამოვხატავთ მის მიმართ.. ბრძენ ადამიანს ხშირად მოვიხსენიებთ როგორს “ღრმა ადამიანს”.

სცადეთ და იგივე აზრი ჩადეთ სიტყვებში: “მე ვხედავ შენს თვალებში სიმაღლეს”.. ან “ჩემი გრძობები შენს მიმართ მაღალია”.. არ გამოგივათ.

ჩვენ ხშირად ვამბობთ (უფრო სწორედ ვიმეორებთ ბევრჯერ და ბევრისგან თქმულ სიბრძნეს), რომ უნდა ჩავწვდეთ საკუთარ თავს და ჩვენში, ჩვენ სიღრმეში ვიპოვოთ ის, რისთვისაც ამ რეალობას მოვევლნეთ, სადაც მთელი ჩვენი არსებობის აზრი და არსი დევს.. ჩვენ საკუთარ თავში უნდა ჩავყვინთოთ და ვიპოვოთ ეს “მთავარი”.

ჩვენ ხშირად ვიხსენებთ “მარგალიტს”, რომლის არსებობის შესახებაც იმ ბრძენი ადამიანებისგან შევიტყვეთ, ვინც თავის დროზე “ჩაყვინთა” საკუთარ თავში და იპოვა ის.

ჩვენ უბრალოდ ვიმეორებთ, ვიმეორებთ, ვიმეორებთ.. და არ ვუკვირდებით თავად ამ სიტყვის არსს — “სიღრმეს”, რომელიც თავის თავში უკვე მოიცავს ფსკერს. ის “მარგალიტიც” ხომ სწორედ იმ ფსკერის ბინადარია, ყველაზე ქვედა ზღვარის, ყველაზე მიტოვებული, უკაცრიელი, უდაბური და ბნელი ადგილის.. ფსკერის, სადაც ჩაყვინთვისაც მაინც ბევრს ეშინია (მიუხედავად ცურვის ცოდნისა, რომელსაც მხოლოდ ზედაპირზე იყენებენ). ჩვენი უსასრულო გამეორებები სწორედ ასეთ ცურვას მაგონებს, ტალღების ზედაპირზე ფართხალს, რომელსაც სუნთქვის შეკავება და ჩაყვინთა აზრადაც არ მოსდის თავში.
მახსენდება სიტყვები (არ მახსოვს ვისი): სიცოცხლე იზომება არა ჩასუნთქვა — ამოსუნთქვის რაოდენობით, არამედ რამდენჯერ შეგვეკვრება სუნთქვა ბედნიერებისგანო..

ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ “სულის სიღრმეზე”, საკუთარი თავის ძიებაზე ჩვენივე სიღრმეში, და ვერ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ამ სიღრმეს ფსკერამდე ჩავყავართ, იმ ფსკერამდე, რომელსაც ბევრი სწორედ საკუთარი თავის ძიების დროს გაურბის, ვინაიდან “სიღრმე” მათთვის (რატომღაც) პირდაპირ სიმაღლესთან ასოცირდება. ზედაპირზე ცურვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში “სიმაღლედ” ნამდვილად ვერ ჩაითვლება, პირდაპირი გაგებით — ზედაპირულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ცოტა ხნით გადავდებ სიტყვა “სიღრმეს” და “ფსკერს” გამოვიყენებ.
რა ხდება ფსკერზე??
რა ხდება, როდესაც ვცდილობთ შევიჭყიტოთ ჩვენი სულის იმ ბნელ კუთხეებში, სადაც კომფორტულად მოთავსებულან შიშები, ფობიები, ეჭვები, წყენები, სიძულვილები?.. რა ხდება, როდესაც “სულს გვიტრიალებენ ზედაპირზე”?..

…ვთავისუფლდებით!!!

ვთავისუფლდებით ყველაფრისგან, მტვრისგან, ჭუჭყისგან, ნაგვისგან.. რომელიც “შავი მარგალიტის” დანახვაში გვიშლიდა ხელს. ამღვრეულ წყალში ხილვადობა თითქმის ნულის ტოლია, წყალი გამჭვირვალე უნდა იყოს. სიბრძნე სხვა არაფერია, თუ არა გათავისუფლებული სული… ნუ შეგეშინდებათ ღრმად ჩასუნთქვის და ჩაყვინთვის, ნურც იმისი, თუ უცებ ცხოვრება ამოგიტრიალდათ და ყველაფერი თავდაყირა დადგა, რა იცით.. იქნებ “ფსკერზე” თქვენს მარგალიტს პოულობთ?!

ემა ომანაძე

Emma

ნანახია:(131)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

,,თუ გინდა სამყარო შეცვალო” – სოკრატეს 11 რჩევა, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ

ის ამბობდა, რომ ვერავინ ვერავის ვერაფერს ასწავლის, ერთადერთი რის გაკეთებაც ადამიანისთვის შეგიძლია არის მისი იძულება, იფიქროს. მხოლოდ ასე მოახერხებ გაახელინო


უპირობო თუ პირობითი სიყვარული

ცხოვრება, ეს ერთი დიდი სკოლაა, სადაც გავდივართ გაკვეთილებს. ამ გაკვეთილების წყალობით ვსწავლობთ მიმღებლობას და სიყვარულს. ვიღებთ ადამიანებს, ისეთებად როგორებიც არიან… უპირობოდ გიყვარდეს


«მიეცით საკუთარ თავს და თქვენს გონებას შანსი!!!» – თამარ კვარაცხელია

მინდა პოსტი მივუძღვნა ადამიანს, რომელიც სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. მასში არსებულ უმძლავრეს შინაგან ძალას, რომელიც რაღაც მიზეზებით მიძინებია. გრძნობს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*