„გახსოვს?“ – ქართველი ემიგრანტის მოგონება | Jolo.ge


„გახსოვს?“ – ქართველი ემიგრანტის მოგონება

„გახსოვს?“ – ქართველი ემიგრანტის მოგონება

უცხოეთში მცხოვრები დოდონა კიზირიას ბავშვობა, პლეხანოვი, „გორკის კლუბი, «Амурские волны» , დაუვიწყარი ვალსების მელოდია და კარლა დონნერი…

ყველაზე ძნელი, იცით, რა არის სიბერეში? როცა არავინ არის შენს გარშემო, ვისაც ეტყვი – გახსოვს…? ძალიან მძიმე, მძიმე და დარდიან ხასიათზე ვარ და ასეთ დროს, ყოველთვის უკან ვიხედები, ჩემი ბავშვობისკენ.

აი, პლეხანოვის გამზირი. ყველა შენობა ისეთი ნაცნობია, თითქოს მთელი ეს სივრცე ჩემი ეზოა. ამ შენობებს მივყვები ყოველ დილით, როცა სკოლაში მივდივარ და მერე სახლში ვბრუნდები. ეს არის კიევის ქუჩა, სადაც მე ვცხოვრობ და სადაც არის ორი ვაჟთა სკოლა, მე-19 და მე-20. იქ, სადაც ის პლეხანოვს უერთდება, ერთ მხარეს ახლახანს აბანო ააშენეს. ცხელი წყალი აღმოაჩინეს რაღაც სახლის მშენებლობის დროს და იმიტომ. მეორე მხარეს, კუთხეში მუნჯების კლუბია. დღისით კლუბი დაკეტილია, საღამოს კი იქ იკრიბება სხვადასხვა ასაკის ხალხი, კაცები და ქალები. რაღაცაზე ლაპარაკობენ ხელებით, თითებით, ტუჩებით, სახის კუნთებით. ჩვენ, ჩემი ეზოს ბავშვები ვდგავართ ქუჩში, ვიყურებით განათებულ ფანჯრებში და ვიცინით. ვცდილობთ გავიმეოროთ მათი ჟესტები. ზოგჯერ ისინიც გამოიხედავენ ჩვენკენ და თვითონაც იცინიან, თითს გვიქნევენ.

კიევის ქუჩიდან თუ მარჯვნივ მოუხვევ და პლეხანოვზე გაივლი მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით, სულ ათიოდე მეტრში არის ვიწრო გასასვლელი შენობებს შორის და მის ბოლოს რკინის ალაყაფი ზედ დიდი რკინის ასოებით – „გორკის კლუბი.“ კლუბი წარმოადგენს ერთ დიდ შემოღობილ ეზოს. მარცხენა მხარეს, სიღრმეში საწყობივით გრძელი შენობაა, ფაქტიურად ერთი დიდი ოთახი და იქ რა ხდება, ჯერ არ ვიცი. მოგვიანებით გავიგებ, რომ იქ ცეკვას ასწავლიან. მეც ვივლი იმ წრეში და ვისწავლი მარადიულ საბჭოთა ცეკვას – ვალსს. მაგრამ ეს იქნება რამდენიმე წლის შემდეგ. ეხლა კი მე მეორე კლასში ვარ და ჩემ თანაკლასელთან ერთად „ვსეირნობ“ გორკის კლუბის პარკში, ანუ ხელიხელგაყრილი „პადრუჩკით“ დავდივართ ათიოდე ხისა და ბუჩქებს შორის დანაყული აგურით გადაწითლებულ ბილიკებზე.

ერთი ბილიკის ბოლოში ნაყინს ყიდის მოხუცი კაცი, ან მე მგონია რომ მოხუცია, იმიტომ რომ მხოლოდ რვა წლის ვარ. „აბა მარუჟნი, მარუჟნიიიი! სიყვარულის კომპრესიიიი!“ – გაიძახის. ჩვენ ამ „სიყვარულის კომპრესს“ ვერ ვყიდულობთ, ფული არა გვაქვს. არა და რომ იცოდეთ, რა სწრაფად და გემრიელად აკეთებს ეს გამყიდველი ნაყინის სენდვიჩს – ვაფლის პატარა ოთხკუთხედზე დებს ერთ კოვზ ნაყინს და ზედ აფარებს მეორე ოთხკუთხედს. კარგა ხანს მონუსხულივით ვუყურებთ, როგორ ყიდულობენ „დიდები“ ამ ნაყინს და მერე ჩქარ-ჩქარა ვშორდებით იმ ადგილს, თორემ ნერწყვი დაგვახრჩობს.

შესასვლელიდან ცოტა მარჯვნივ, უკანა მხარეს პატარა მოედანი სამი მხრიდან გარშემორტყმულია ბაღის გრძელი სკამებით. მეოთხე მხარეს ესტრადაა „ნიჟარა“ ნახევარ სახურავით. ყველას გინახავთ ალბათ ფილმებში მაინც ასეთი „ნიჟარები“. არ ყოფილა ბაღი საბჭოთა კავშირის ქალაქებში, განსაკუთრებით საკურორტო ადგილებში, რომ ასეთი ესტრადები არ ყოფილიყოს. შაბათობით, საღამო ხანს აქ უკრავს ორკესტრი, დამკვრელები მხოლოდ მამაკაცები არიან სამხედრო ფორმაში. ზოგს ფეხი არა აქვს, ზოგს ცალ თვალზე რაღაც შავი აქვს გადაკრული. ზოგი საერთოდ ბრამაა. ომის ვეტერანები. ეს 1946 წელია.

ხშირად უკრავენ მელოდიას, რომელსაც თურმე ჰქვია «Амурские волны.» ეს ჩემმა უფრო გათვითცნობიერებულმა თანაკლასელმა გამანათლა. მოედანზე ცეკვავენ, რასაკვირველია, ვალსს წყვილები – ქალები ქალებთან. იშვიათად ქალი და კაციც მოჩანან აქა-იქ. ქმრები ომში დაიღპნენ, თუმცა ზოგს ისევ იმედით ელიან. თვალწინ მიდგას ქალების ვარცხნილობა – წინ თმა „ვალიკ“-ად უკან გადახვეული, კეფიდან დაბლა თითქმის მხრებამდე სწორად ჩამოვარცხნილი და ბოლოში ისევ დაკულულებული. ამ ვარცხნილობას ჰქვია „ბალშოი ვალს.“ ეს ეხლა მოდაშია, ხოლო სახელი ერთი ამერიკული „ტროფეინი“ ფილმიდან არის აღებული – „დიდი ვალსი“. იქ რომ მსახიობი ქალი თამაშობს, იმასა აქვს ასეთი ვარცხნილობა.

ეს ფილმიც უკვე ნანახი მაქვს, იოჰან შტრაუსის ცხოვრებაზეა. ცოლი ყავდა, მაგრამ სხვა ქალი შეუყვარდა, სახელად კარლა დონნერ! აჰ, როგორ მომწონდა ეს უჩვეულო სახელი! ირგვლივ არიან თინა, ლალი, ნანა, ნინო, ლეილა – ისეთი ნაცნობი და ჩვეულებრივი. ეს კი – კარლა დონნერ! აი, გაიმეორეთ, ენით დააჭაშნიკეთ ეს სახელი – კა-რლა დონ-ნერ! არ არის თავბრუდამხვევად მომხიბლავი?! თქვენთვის ალბათ არ არის, მაგრამ მეორე კლასელი საბჭოთა მოსწავლისთვის ეს ისე ჟღერს, როგორც თვით შტრაუსის დაუვიწყარი ვალსების მელოდია. უფრო უკეთესადაც! მერე, ბევრი, ბევრი წლის მერე ამერიკაში მე შევხვდები კარლა დონნერს. ეს პოლონელ-ესტონელი წარმოშობის მომღერალი, მილიცა კორიუსი მაშინ 69 წლის იქნება და მე მოვუყვები, როგორ მიყვარდა ეს ფილმი, როცა მეორე კლასში ვიყავი. აჰ, როგორ მიყვარდა!!! მაგრამ ეხლა, როცა გორკის პარკის საცეკვაო მოედნის გვერდითა ნაპირას „საკამეიკაზე“ ვზივარ და ვუყურებ, როგორ ცეკვავენ ქალები ქალებთან, ასეთი ფანტასტიური რამ თავშიც არ მომივა, ისევე როგორც მთვარეზე გაფრენა.

ჰოდა, ბოდიში, რომ პოლიტიკიდან გაცდენთ, მაგრამ ეხლა, ამ წუთს, თვალწინ მიდგას ეს სურათი -უკრავს ინვალიდი ვეტერანების ორკესტრი, ქალები ქალებთან ვალსს ცეკვავენ, ამტვერებენ დატკეპნილ მიწას, ისმის „აბა მარუჟნი, მარუჟნიიი!“ ბავშვები დარბიან, ყვირიან, ზოგი ჩემსავით ზის და პირდაღებული უყურებს მოცეკვავეებს, მესმის მელოდია – «Плааавно Амууур свои вооолны несёоот..» გახსოვთ?

საიდან გეხსომებათ! ისე შეგიძლიათ დაგუგლოთ და მოუსმინოთ ამ მელოდიას. ლედ ზეპელინი ნამდვილად არ არის, მაგრამ სასიამოვნოა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ბავშვობაში გადავყავარ, გორკის კლუბში…

ნანახია:(101)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


Tags assigned to this article:
დოდონა კიზირია

Related Articles

მონანიება ემიგრაციაში – მამა და „წითელი აკორდეონი“

სოციალურ ქსელში ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ემიგრანტის, მაია სასწარაფოშვილის (Maia Sastsraposhvili Ioreli Zalataja) წერილს წავაწყდი და ძალიან მომინდა ეს ამაღელვებელი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„ზოგჯერ, უბრალო სიტყვები სამუდამოდ რჩება ჩვენს გონებაში“…

დღე, როდესაც თვალის გახელა იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ცაზე ვარკვლავის მოწყვეტა. დღე, რომელსაც შენ დღედ არ თვლი, მაღვიძარის გაბმული ზარის


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„არაფერი არ შველის ამას…სამშობლო გშია“ – ემიგრანტი შვედეთიდან

„მგონი ნოსტალგია გრძნობა კი არაა, არამედ მატერიალური, კონკრეტული, …სახელს ვერ ვარქმევ, აი რაღაცაა. ბიოლოგიურ სოციალურ კულტურულ პიროვნული მიზიდულობა ადგილისადმი, სადაც


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*