„ქართველები დამნაშავეები ვართ რუსთაველის წინაშე“ — ლევან რამიშვილი და „დაფარული ვეფხისტყაოსანი“ | Jolo.ge


„ქართველები დამნაშავეები ვართ რუსთაველის წინაშე“ — ლევან რამიშვილი და „დაფარული ვეფხისტყაოსანი“

„ქართველები დამნაშავეები ვართ რუსთაველის წინაშე“ — ლევან რამიშვილი და „დაფარული ვეფხისტყაოსანი“

„დაფარული ვეფხისტყაოსანი“, — წიგნი, რომელსაც მკითხველი ცნობიერების სხვა დონეზე გადაჰყავს და იმ სიღრმეებს აცნობს, რაც ბევრი მკვლევარისთვისაც კი მიუღწეველი დარჩა.  რუსთველოლოგმა ლევან რამიშვილმა ეს შეძლო. ის, სიტყვებისა და მოვლენების იმ სიმბოლურ დატვირთვაზე საუბრობს, რომელსაც რუსთაველი შეგნებულად იყენებს ნაწარმოებში და ამით პოემის დაფარულ, პარალელურ განზომილებას ქმნის.

„ვეფხისტყაოსანი არის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიმნი, რაც კი მსოფლიოს ისტორიას ახსოვს“ — ამბობს ლევან რამიშვილი და ამ თავისუფლებას აღმოსავლურ მსოფლმხედველობას უკავშირებს. მისივე თქმით ყველაზე მეტი კავშირი ვეფხისტყაოსანს აღმოსავლეთთან აქვს.

— თქვენს წიგნში, „დაფარული ვეფხისტყაოსანი“ საუბრობთ ვეფხისტყაოსნის კავშირზე აღმოსავლურ ფილოსოფიასთან, ეს პარალელი რატომ გაავლეთ?

-წინა თაობების რუსთველოლოგებისგან განსხვავებით მე არ ვთვლი, რომ რუსთაველი რაიმე აღმსარებლობას მიეკუთვნება, მე უბრალოდ ვამბობ, რომ რუსთაველს აქვს სულიერი კავშირი აღმოსავლეთთან და მისი მსოფმხედველობა არის აღმოსავლური და არა ქრისტიანული. ჩვენ თუ ვერ დავინახავთ, თუ რა განმასხვავებელი ნიშანია იუდაისტურ რელიგიებსა და აღმოსავლურ მსოფლმხედველობას შორის, ვერასოდეს გავიგებთ ვეფხისტყაოსანს.

მთავარი განსხვავება ისაა რომ იუდაიზმი დამყარებულია ადამიანის სოციალიზაციაზე, კანონმდებლობაზე და არა შემეცნებაზე. ეს კანონმდებლობა კი ყოველთვის მოქმედებს დანაშაულისა და სასჯელის პრინციპით. ანუ აქ ადამიანი არ არის აღიარებული, როგორც თავისთავად თავისუფალი და სრულყოფილი ბუნების მქონე.

ადამიანის მიმართ დამოკიდებულება საბოლოო ჯამში სულ ორნაირი არსებობს: ეთიკა, — რომელიც ამბობს რომ ადამიანი არის, მარტივად რომ ვთქვათ შინაგანად კარგი ბუნების და ეთიკა, — რომელიც დამყარებულია იმაზე რომ ადამიანი არის თავისთავად ცუდი ბუნების.

ამ ორ მიმართულებას ჩვენ დავინახავთ ყველგან,  ყველა სახის ეთიკაში რაც კი ადამიანს შეუქმნია.

ამ ორ მიდგომაში არის მთავარი განსხვავება, ესაა თავისუფლებასა და ტოტალიტარულ იდეოლოგიებს შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. თუ შენ ფიქრობ რომ ადამიანი თავისთავად კარგი ბუნების არის,  შესაბამისად შენ მას ენდობი , რადგან იცი რომ გარემოსთან ჰარმონიულ კავშირს დაამყარებს და აძლევ თავისუფლებას. ხოლო თუ ფიქრობ, რომ ადამიანი ცუდი ბუნებისაა, შენ მას უწესებ კანონებს, სჯი და ცდილობ ამ სასჯელებით გამოასწორო, რომ გახდეს კარგი და სოციალური.

ეს ორი მიდგომა აღმოსავლეთშიც არის დაყოფილი, მაგალითად ლაო-ძისა და კონფუცის მსოფლმხეველობაში. ლაო-ძი ამბობს რომ ადამიანმა თავისთავად ყველაფერი იცის, არ არის საჭირო მასზე ზემოქმედება და მისთვის კანონების დაწესება, მისი თქმით რაც უფრო მეტია კანონი, მით უფრო მეტია დანაშაული. ამ მხრივ ლაო-ძი ალბათ პირველი ანარქისტია. საპირისპიროს ამბობს კონფუცი, რომელსაც ათასობით კანონი აქვს შექმნილი — მისი თქმით, ადამიანს, უნდა დაუწესო რაც შეიძლება  მეტი კანონი რომ უკეთ მოიქცეს.

ლეგენდის მიხედვით, ლაო-ძისა და კონფუცის შეხვედრისას, ლაო-ძიმ განაცხადა, რომ საერთოდ არ იყო საჭირო კანონები. რამაც კონფუცი იმდენად გააღიზიანა, რომ მოითხოვა ლაო-ძი მოეკლათ,- ამას ითხოვდა ყველაზე დიდი მორალისტი.  ანუ ადამიანი, რომელიც მორალისა და ზნეობის მამად ითვლებოდა და ყველაზე მეტ მორალურ კანონებს ქადაგებდა ერთ წამში მკვლელი გახდა,  ეს არის ზუსტად ამ მსოფლმხედველობის კრახი.

ვეფხისტყაოსანში არის ძალიან სერიოზული და მიზანმიმართულად შექმნილი ეპიზოდები, რომლებსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. აქ ვითარდება ორი სიუჟეტი — ავთანდილისა და ტარიელის ხაზი და ორივე სიუჟეტში რუსთაველი ერთი და იგივეს აგვიღწერს, — როგორ მიდის კეთილშობილი, პოეტის მიერ ხოტბაშესხმული გმირი და კლავს ვიღაცას, რასაც მერე არ ნანობს, ანუ ტარიელი მკვლელია, ავთანდილიც, ისინი კლავენ, მაგრამ მონანიება არსად გვხვდება.  ეს  და სხვა ბევრი მომენტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსთაველი ემიჯნება იმ სამყაროს, სადაც ადამიანი მოქმედებს მისთვის გარედან დადგენილი წესებით. ის ემიჯნება ქრისტიანულ მორალს და გვეუბნება, რომ ადამიანი შინაგანი ხმის მიხედვით უნდა მოქმედებდეს, ის შინაგანად თავისუფალი უნდა იყოს იმ ყველაფრისგან რასაც მას საზოგადოება გარედან ახვევს თავს. თუნდაც ეს ფრაზა ავიღოთ „ათასს ჰკითხე ჰქმენ გულისა ვინც რა უნდა გივაზიროს.“

— აქამდე რუსთაველს დასავლუყრ სამყაროს უფრო მიაკუთვნებდნენ, თქვენ კი ამბობთ რომ ის აღმოსავლურ სიბრნეს გადმოგვცემს …

-ის რომ რუსთაველი უძველეს აღმოსავლურ სიბრძნესთან თანხმიერებაშია ერთია, მაგრამ ამ სიბრძნესთან ერთად, რუსთაველი გადმოგვცემს იმ ინდივიდუალიზმს, რომელიც ევროპაში, მხოლოდ რვა საუკუნის შემდეგ დაიბადა. ანუ ადამიანი მეთორმეტე საუკუნეში გვაძლევს ყველაზე ღრმა ფორმით აღმოსავლურ სიბრძნეს, და თან უახლეს დასავლურ იდეას — ინდივიდუალიზმს. ამასთან  კი არ ემიჯნება ძველ ცოდნას, კი არ ანგრევს და მხოლოდ ინდივიდუალიზმს კი არ ქადაგებს, როგორც ეს დასავლეთში მოხდა, არამედ ათავსებს მათ; ის ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია ვითარდებოდეს იმისთვის, რომ შეუერთდეს რაღაც უმაღლეს სფეროებს და ამავე დროს იყოს თავისუფალი. რუსთაველი გვიჩვენებს კოლექტიური მორალისგან გამიჯვნის გზას და ამბობს რომ  განვითარება იწყება მაშინ, როდესაც შენ ხდები ყველასგან და ყველაფრისგან თავისუფალი.

ვიფხისტყაოსანი არის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიმნი რაც კი მსოფლიო ისტორიას ახსოვს. ეს პოემა თავისუფლებაზეა პირველ რიგში.

ადამიანის შინაგანი თავისუფლების აღიარება რელიგიურ ცხოვრებაში, ეს არის ერთი ნიშანი, რაც აკავშირებს  სულიერად (და არა აღმსარებლობითად) რუსთაველს აღმოსავლეთთან.

— კიდევ რა სხვაობაა აღმოსავლურ რელიგიურ მსოფლმხედველობასა და დასავლურ რელიგიურ მსოფლმხედველობას შორის?

დასავლური, ქრისტიანული სამყარო თავის  ეთიკას აგებს მცნებებზე და გარეგნულზე, ანუ იმაზე თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რა არის სწორი საქციელი, აღმოსავლეთი ჩადის უფრო ღრმად, ის სწავლობს იმას თუ რა არის საგანთა არსი.  ანუ მოქმედება მეორე ხარისხოვანია, მოქმედება არის შედეგი, როგორც რუსთაველმა თქვა „კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების“. რაც წარმოდინდების ის არის ჩვენი მოქმედებები, სწორედ ამას შეისწავლის დასავლეთი, მას არ აინტერესებს თუ რა დგას კოკასა შიგან, რუსთაველისთვის კი პირიქით — მნიშვნელოვანია თუ რა დგას შიგნით, ანუ რა არის ადამიანის არსი.  თუ ადამიანი შეიცნობს თავის არსს, მაშინ მისი მოქმედებები იქნება მისი არსის შესაბამისი. ეს არის აღმოსავლეთის იდეა, რომ უნდა შეიცნო თავი, უნდა შეიცნო სამყარო და ამის შემდეგ შენი მოქმედება, თავისთავად იქნება ისეთი, როგორიც საჭიროა და შენ არ დაგჭირდება გარედან მოცემული კანონები.

აღმოსავლეთი ეს არის შემეცნების, თვითგანვითარებისა და რელიგიური აზროვნების აკვანი და დასავლური რელიგიები, ვერ უახლოვდებიან ამ სიღრმეებს, რადგან მათ ხელს უშლით ის დოგმატიკა, რომელსაც ისინი ვერ სცილდებიან.

მაგრამ რუსთაველმა შეუძლებელი შეძლო.

რუსთაველი მოგვითხრობს სრულყოფილ ადამიანზე,  ის რამაიანას სიუჟეტს იყენებს, მთელ მის სიმბოლურ სიბრძნეს ამუშავებს და მიდის უფრო შორს, იმდენად შორს რომ წარმოუდგენელია მისი სითამამე, როგორც მოაზროვნის.

რამაიანაში, რამა არის ზეკაცი , სრულყოფილების განსახიერება, იმიტომ რომ ის სრულყოფილად ასრულებს დჰარმას, ინდუიზმის  მთავარ მცნებას (რელიგიურობა, პატიოსნება, სიქველე, სიკეთე) იგივეს აკეთებს რუსთაველი, გვიხატავს ზეკაცს ტარიელის სახით, მაგრამ ტარიელი რამასგან განსხვავებით სრულყოფილია, არა იმიტომ რომ საზოგადოებრივ მორალს ასრულებს უნაკლოდ, არამედ იმიტომ რომ ის შინაგანად თავისუფალია, და თავისი შინაგანი ცხოვრებით მიდის უმაღლეს სიღრმეებამდე, უმაღლეს სიყვარულამდე და აბსოლუტის შეცნობამდე. ის არ არის გარე სოციალური მორალის აღმსრულებელი, ის არის ინდივიდუალისტი.

რუსთაველი აკავშირებს რამაიანას 5000 წლის წინანდელ, ანუ ერთ-ერთ ყველაზე  ძველ ნაწარმოებს და დასავლურ ცივილიზაციას ნიცშეს სახით, რომელიც ამბობდა — „მთელი ჩემი აზროვნების მთავარი მოტივი და  მიზანი არის ის, რომ შევძლო შევქმნა ჩემი პირადი მორალი. “

კიდევ ერთი მომენტი, რომლითაც რუსთაველი აღმოსავლურია

იგი შინაგანი განვითარების გზად  დამკვირვებლობას ასახელებს. რაც საერთოა ბუდიზმისთვის, დაოსიზმისთვის, ინდუიზმისთვის… ზოგჯერ ამას მოწმის როლს უწოდებენ.

ჩვენ გაიგივებულნი ვართ ჩვენს ფიქრებთან, ჩვენს ეგოსთან… უმაღლესი ცნობიერება აღმოსავლური რელიგიების მიხედვით მიიღწევა საკუთარ ფიქრებზე, საკუთარ ეგოზე დაკვირვებით, ამ ფიქრებისა და ეგოს გაცნობიერებით.  ანუ დაკვირვება გვაძლევს გაცნობიერებას, გაცნობიერება კი უკვე არის საშუალება იმისა რომ ჩევნ მოვიშოროთ გაიგივება საკუთარ ფიქრებთან და ეგოსთან, ანუ გავაცნობიეროთ, რომ არ ვართ ჩვენი ფიქრები და ემოციები, არ ვართ ჩვენი ეგო…

აღმოსავლური რელიგიების მიხედვით უმაღლესი ცნობიერება არის ის ცნობიერება, რომელიც ფიქრის გარეთ არის, ვეფხისტყაოსანში ეს დამკვირვებლობა, გაცნობიერებლობა და მოწმეობა ძალიან კარგად არის მოცემული.

„თუ თავი შენი  შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები“ — ამბობს რუსთაველი.

ანუ რას ნიშნავს თავი შენი შენ გახლავს?

შენ შენი თავი გახლავს, როდესაც შენ ხვდები შენი თავის დამკვირვებელი, მოწმე და ამ დროს შენ იწყებ შენი თავის გვერდიდან ყურებას. მე ვამბობ, მე ვფიქრობ, მე ვაკეთებ რაღაცას და მე ვაკვირდები ამას. მევე შევიცნობ,თუ რატომ ვთქვი, რატომ გავაკეთე, რატომ ვიფიქრე. ..

სიტყვა ღარიბი ვეფხისტყაოსანში ორი მნიშვნელობით იხმარება  — ერთია ღარიბი და მეორე არის ყარიბი, რომელიც  ნიშნავს მაწანწალას, მოგზაურს ანუ საყრდენდაკარგულ ადამიანს, ამ მნიშვნელობით თუ გავიგებთ, ეწყობა ის აზრი, რომ თუ მე ჩემი თავის დამკვირვებელი ვარ, მე აღარა ვარ დაკარგული, ხოლო თუ მე დაკვირვება არ შემიძლია ჩემ თავზე მე გაიგივებული ვარ ეგოსთან რომელიც სინამდვილეში არ არის ჩემი ნამდვილი არსი…

ზუსტად ამ გაცნობიერებლობისა და დამკვირვებლობის გზით ხდება ნამდვილი საკუთარი თავის მოპოვება ეს არის აღმოსავლური გზა, აღმოსავლური ხედვა…

სამწუხაროდ ამ ყველაფერს ჩვენ ვერ ვამჩნევთ , ვერ ვხედავთ და შოთა რუსთაველი ქართველების ხელში არის ყველაზე უბედური, ყველაზე უიღბლო და საცოდავი ფიგურა მთელს მსოფლიო ლიტერატურაში…

ლაო-ძი და კონფუცი ჩინელებმა გახადეს მსოფლიოში ცნობილი. ასევე ბუდა ჩინელებმა და ინდოელებმა გახადეს ცნობილი.

უკვე მერამდენე  წელია ვამბობ, რომ ჩვენ გვყავს ზუსტად ბუდას და ლაო-ძის დონის  ფიგურა, რომელიც მსოფლიოში სულ თითზე ჩამოსათვლელია, რუსთაველი მსოფლიოს მასშტაბით  უმაღლესი რანგის ფიგურააა, კაცობრიობის მანათობელია, იმ მხრივ , რომ გვაძლევს უმაღლესი ცნობიერებისა და მასთან მისასვლელი გზის აღწერას და ამას აკეთებს ოსტატურად და გენიალურად. მთელი სიბრძნე რაც ამ გზის აღწერას ახლავს ვეფხისტყაოსანში მოცემულია მთელი სისრულითა და სისავსით.

ქართველები დამნაშავეები ვართ რუსთაველის წინაშე,  9 საუკუნეა ვუმალავთ მსოფლიოს რუსთაველს, ეს შეგნებულად არ მომხდარა. უბრალოდ არ გვესმოდა, ვერ ვიგებდით… მაგრამ ახლა უკვე როცა ვიცით ეს ყველაფერი, ჩვენ არ გვაქვს ამის იგნორირების უფლება, როგორც ამას აკეთებს დღევანდელი საქართველო.

უკვე 7 წელია ამას ხმამაღლა ვამბობ, პროექტიც კი შევქმენი, თუ როგორ უნდა გავაცნოთ სწორად რუსთაველი მსოფლიოს, მაგრამ არანაირი დაინტერესება არ ყოფილა არსაიდან…

ჩვენ გულზე მჯიღს ვიკარავთ და პატრიოტიზმს ვქადაგებთ, სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ გვინდა საქართველოსთვის და ვეფხისტყაოსნისთვის. მე ამ შემთხვევაში კონკრეტულ პროექტზე მაქვს ლაპარაკი, რაც გულისხმობს იმ ინსტიტუტის დაარსებას, რომელიც იმუშავებს ყოველწლიურად ათწლეულების მანძილზე, იმისთვის რომ გააცნოს რუსთაველი მსოფლიოს.

ტელევიზიითაც გავაჟღერე, გაზეთებითაც და კულტურის სამინისტროსაც წარვუდგუინე, მაგრამ არავინ ყურს არ იბერტყავს. არავის არ აინტერესებს. მთელი ქვეყანა თითქოს გაშტერებულია „ნატვრის ხის“ გასულელებული პერსონაჟივით, შემოლაწუნება რომ სჭირდება.

-რატომ ხდება ასე? რა ხდება? რითი შეიძლება ეს აიხსნას?

ჩემი აზრით ჩვენ ქვეცნობიერად გვეშინია რუსთაველის, რადგან რუსთაველთან ნამდვილი შეხება იწვევს შენს სიღრმისეულ, პიროვნულ ცვლილებას. ამიტომ იყო რუსთავერლი ასეთი პოპულარული, ამიტომ იზეპირებდა ხალხი, ადამიანები ამაში პოულობდნენ თავისი განვითარებისა და ცვლილების გასაღებს, ამიტომ იყო დიდი სიყვარული რუსთაველის მიმართ.

მაგრამ დღეს ჩვენ რუსთაველის გვეშინია, იმიტომ რომ ის ეწინააღმდეგება ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეწინააღმდეგება ჩვენს დოგმატიკას, ჩვენს დაკომპლექსებულ აზროვნებას.

რუსთაველი დღესაც რევოლუციონერია ქართველებისთვის და დღესაც მეომბოხეა. რუსთაველი ჩვენ არ გვინდა, არ გვაწყობს, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჩარჩოებში, შემოზღუდულ, პატარა ვიწრო ნაჭუჭში, რომელსაც რუსთაველი დაგვინგრევს თუ მას შევეხებით, ამიტომ გვირჩევნია შემოვდოთ მუზეუმში, ან თაროზე და გავაფეტიშოთ, ოღონდ არ ვიფიქროთ მასზე. იმიტომ რომ ჩვენ ვართ შინაგანად ღრმად დაავადებული, ავადმყოფი ნაცია, რომელსაც არასოდეს შეუძლია შეხედოს  თავისთავს.

რუსთაველი იყო ერთადერთი, რომელიც ამ ხალხს ახედებდა სარკეში, ამიტომაც ის გააფეტიშეს და რეალურად დაივიწყეს.

იუბილეების ჩატარება და მაისურებზე დაწერა — „მე რუსთველის ქვეყნიდან ვარ“, ეს არაფერს ნიშნავს. ეს იგივეა რასაც კომუნისტები აკეთებდნენ — დიდება  მარქს, დიდება ენგელსს, მაგრამ ვინმეს ჰქონდა მარქსი და ენგელსი წაკითხული?

მე ვამბობ რომ რუსთაველი არის ერთადერთი შანსი ქართველების, როგორც ნაციის, რომ გამოვიდეთ ამ ტოტალური ავადმყოფობიდან და გავხდეთ ჯანმრთელები. რუსთაველი არის ქართული წიაღიდან წამოსული და ამიტომ არის ჩვენთვის აქტუალური, იმისთვის რომ ჩვენ ვიქცეთ კულტურულ ერად და არა კულტის მსახურ ერად.

როდესაც ამბობენ ქართული ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთო, რომელი ტრადიცია უნდა შეინარჩუნო, თუ რუსთაველი გადაგდებული გაქვს, შენი უმაღლესი ტრადიცია?!

 

ირაკლი მენთეშაშვილი

დეა თავბერიძე

 

 

ლევან რამიშვილის წიგნი „დაფარული ვეფხისტყაოსანი“ მინიმალურ ფასში (15 ლ) იყიდება მხოლოდ კაფე «144 საფეხურში» (ტელ.: 596 444 144)

ასევე არის მაღაზიებში:

«წიგნის სახლი ბახტრიონზე» (ბახტრიონის ქუჩაზე),

«ლატერნა» (ცოტნე დადიანის ქუჩა, სავაჭრო ცენტრი «ქარვასლა»),

«წიგნები ვაკეში» (ფალიაშვილის 66),

«შაქრო პაპა» (ჭავჭავაძის 17ა),

„სანტა ესპერანსა» (სანკტ-პეტერბურგის 12, მარჯანიშვილზე, თი-ბი-სი ბანკთან ახლოს)

 

 

ნანახია:(1546)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მთელი ეს ცირკი წინასწარ არის გათვლილი და დადგმული“ — ლევან რამიშვილი

12-13-14 მაისი, 2018 „ყველამ მინდა იცოდეთ, რომ მთელი ეს ცირკი წინასწარ არის გათვლილი და დადგმული. იცოდეთ, ხალხო, რომ ნებისმიერ მთავრობას


„არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს“… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი3)

ტანტრა — ენერგია და ექსტაზი  ოშო რაჯნეში ბუნების საჩუქარი სექსი მოღვაწეობის ერთ-ერთი სახეობაა, ბუნების მიერ ნაბოძები, რომელიც მასში მყოფთ კვლავ


„და ეს არის სწორედ დასტური იმისა, რომ საქართველო მოკვდა“ — ლევან რამიშვილი

არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, რომ საქართველო მოკვდა. მოკვდა ძალიან დიდი ხნის წინ. სიკვდილისწინა აგონიაში იფართხალა კიდევაც, მაგრამ მე მგონი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*