ორჯერშობილი | Jolo.ge


ორჯერშობილი

ორჯერშობილი

ეს ამბავი იმ შორეულ დროში მოხდა, როცა ადამიანები ღვთისმოშიშები და უბრალოები იყვნენ, წესის და კანონის გადამბიჯებელი კი გამონაკლისი იყო. ცხოვრობდა ქვეყნად ერთი კაცი, სახელად ვალმიკი. მძარცველი იყო და წინააღმდეგობას თუ გაუწევდნენ, არც დაფიქრდებოდა, ისე მოკლავდა ადამიანს.

იმ დროსვე ცხოვრობდა ერთი მუსიკოსი, პოეტი და საკვირველი ადამიანი სახელად ნარადა. მხიარული იყო და ყველას უყვარდა. პირზე სულ ღიმილი ეკერა, სულ ხუმრობდა და დაკვრას თუ სთხოვდნენ, უარს არასოდეს იტყოდა. თავისი ერთსიმიანი საკრავიც, ეკტარაც მუდამ თან ჰქონდა. ცნობილია, რომ რაც უფრო უბრალოა საკრავი, მით უფრო მაღალი ოსტატობა მოეთხოვება მუსიკოსს. ნარადა თავის ეკტარას ჯადოსნური ხმით ამღერებდა.

ერთხელ ნარადამ მეზობელ სოფელში წასვლა დააპირა. გზა ტყეში გადიოდა, იქ კი ვალმიკი თარეშობდა. ხალხმა ნარადას სთხოვა, ამ საშიში გზით ნუ წახვალო:

— ვალმიკი სასტიკია, არაფრად ჩააგდებს, მუსიკოსი და კარგი ადამიანი რომ ხარ.
ნარადამ უთხრა:
— მინდა ვნახო ის კაცი, ვინც ლაჩრებად გაქციათ. ერთი კაცის გამო გზაზე რომ ვერ გაგივლიათ.
ნარადა წავიდა, რადგან მუსიკის ჯადოსნური ძალის უფრო სჯეროდა, ვიდრე ადამიანის სისხლისმსმელობის.
ვალმიკიმ მუსიკის დამატყვევებელი ჰანგები გაიგონა და გზაზე გამოვიდა. მისდა გასაკვირად გზაზე მხოლოდ ერთი უიარაღო კაცი მოდიოდა, რის გამოც ის და მისი მუსიკა კიდევ უფრო მშვენივრად მოეჩვენა.

— შენ რა არ იცი, რომ ამ გზაზე სიარული საშიშია? — ჰკითხა კაცს ვალმიკიმ.
ნარადამ დაკვრა განაგრძო, გზიდან გადაუხვია და ვალმიკის გვერდით ჩამოჯდა. ვალმიკი ხანჯალს ლესავდა. ნარადამ მელოდია დაასრულა და მძარცველს მიმართა:

— ძალიან კოლორიტული ვინმე ხარ, მაგრამ აქ, ამ ბნელ ტყეში მარტო რას აკეთებ?
— ხალხს ვძარცვავ, — მიუგო ვალმიკიმ, — აი ახლაც მთელს შენს ავლა-დიდებას წაგართმევ.
— ჩემი ავლა დიდება სულ სხვანაირია, _ უთხრა ნარადამ, _ მე მხოლოდ შინაგანი სიმდიდრე მაქვს და ბედნიერი ვიქნები, შენთვის გაზიარება რომ შემეძლოს.
— მე მარტო მატერიალური ფასეულობა, — უთხრა ვალმიკიმ.
— კი მაგრამ ეს ხომ არაფერია სულიერ ფასეულობებთან შედარებით, შენ კი ასეთი ძლიერი კაცი ხარ. მითხარი, რატომ აკეტებ ამას?
— ოჯახის გულისთვის, — უთხრა ვალმიკიმ, — დედაჩემის, ჩემი ცოლის და შვილების გულისთვის. ფული რომ არ მივუტანო, იშიმშილებენ, მე კი სხვა არაფრის კეთება შემიძლია.
— სჭირდებათ კი მათ ასეთი მსხვერპლი? — ჰკითხა ნარადამ, — თუ გიკითხავს მათთვის, მზად არიან თუ არა ღმერთის წინაშე შეცოდებისთვის შენი პასუხისმგებლობა გაინაწილონ?
ვალმიკი პირველად დაფიქრდა.
— ამაზე არასოდეს მიფიქრია, _ თქვა მან, _ მაგრამ ახლა…
— მერე წადი და კითხე, _ უთხრა ნარადამ, _ მე კი აქ დაგელოდები.
ვალმიკი სახლში წავიდა და დედამისს ჰკითხა.
— მე რატომ უნდა გავინაწილო შენი ბოროტმოქმედების პასუხისმგებლობა, _ უპასუხა მან, _ მე შენი დედა ვარ და ვალდებული ხარ გამომკვებო.
ცოლმაც იგივე უთხრა:
— შენი ცოდვებისთვის მე რატომ უნდა ვაგო პასუხი? ამქვეყნად არაფერი დამიშავებია და ღმერთის წინაშე პირნათელი ვარ! არ ვიცი, როგორ შოულობ ლუკმაპურს. ეგ შენი საქმეა.
— არავის უნდა ჩემი პასუხისმგებლობა გაინაწილოს. — უთხრა ვალმიკიმ ნარადას, _ მარტო ვარ და რაც უნდა გავაკეთო ოჯახისთვის, პასუხს მარტო მე ვაგებ. მინდა გავიგო, ვინ ვარ. დამაყენე ჭეშმარიტების გზაზე, რომ ერთხელ მეც ვიგრძნო ის მუსიკა და ის სიხარული, შენს სახეზე რომ ვხედავ.

ისინი ერთად წავიდნენ… ვალმიკი თავისი ბოროტმოქმედების გამო დიდ სინანულში ჩავარდა და ჩადენილ ცოდვებს მრავალი წელი მკაცრი ასკეზით ისყიდიდა. სახელი ვალმიკი „ჭიანჭველების ბუდეს“ ნიშნავს. ასე იმისთვის შეარქვეს, რომ რამდენიმე წელი გაუნძრევლად იდგა თავიდან ფეხებამდე ჭიანჭველებით დაფარული. განწმენდის შემდეგ ვალმიკი ლეგენდარული პოეტი გახდა.

ვალმიკი ითვლება ეპიკური ლექსის ზომის, შლოკის გამომგონებლად. იგია აგრეთვე ცნობილი პოემის, „რამაიანას“ ავტორი.

ლევან რამიშვილის თარგმანი

 

 

ნანახია:(104)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სიყვარული“ და „სექსი“, — სექსუალური რევოლუცია (ნაწილი5)

სიყვარული ჩვეულებრივ ჩვენ ისე ვხმარობთ სიტყვებს „სიყვარული“ და „სექსი“, თითქოს მათ შორის შინაგანი მსგავსება არსებობდეს. ეს ასე არ არის. სიყვარული


სიცილის იოგა ლევან რამიშვილთან ერთად

თბილისში, ყოველ შაბათ-კვირას, ფსიქო-ფიზიკური გამაჯანსაღებელი ტრენინგი — „სიცილის იოგა“ ტარდება. „სიცილის იოგას“ საერთაშორისო ლიცენზირებული ტრენერი, ლევან რამიშვილი ატარებს. ტრენინგი მოიცავს შემდეგ პრაქტიკებს: 1) მედიტაცია; 2) პრანაიამა (იოგური სუნთქვა); 3) სიცილის იოგა. ამ


სექსუალური რევოლუცია ( ნაწილი2) ენერგია

ტანტრა — ენერგია და ექსტაზი  ოშო რაჯნეში ენერგია სექსუალური ენერგია, როგორც ასეთი, არ არსებობს. ენერგია ერთიანია — ერთი და იგივე.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*