ოცნებიდან რეალობამდე

by admin | 4 ноября, 2015 02:41

ოცნება – გარღვევაა!..

ეს არის ენერგია რომლითაც ჩვენი სული იკვებება და რომლის გარეშეც შეუძლებელია ბედნიერების მოპოვება,  ვინაიდან  ის არის ერთგვარი ხიდი, საშუალება, სამყაროსთან კონტაქტის დასამყარებლად, რათა მივიღოთ მისგან  ყველა ის სიკეთე, რისი მოცემაც მას შეუძლია…

ერთი წუთით დაივიწყეთ რომ უკვე ზრდასრული ადამიანი ხართ და მოძებნეთ თქვენში ის ბავშვი, რომელსაც ოდესღაც ლამაზი ოცნება ჰქონდა.

გაიხსენეთ, როგორ ჩაუთქვამდით სურვილებს ახალი წლის ღამეს და მერე ელოდებოდით თოვლის ბაბუა როდის აგისრულებდათ მათ.

შეიძლება, თქვენ იყავით ბიჭუნა, რომელიც ოცნებობდა  ფეხბურთელობაზე  და ყოველ ღამე ესიზმრებოდა, თუ როგორი ოვაციებით ხვდებოდა მის გატანილ გოლებს მილიონობით გულშემატკივარი.

ან შეიძლება გინდოდათ გამხდარიყავით ცნობილი რეჟისორი და მეზობლის ბავშვებთან ერთად ხშირად აწყობდით სხვადასხვა სახის თეატრალურ წარმოდგენებს.

ან იქნებ იყავით გოგონა, რომელსაც სურდა გამხდარიყო ცნობილი პრიმაბალერინა და ოცნებობდა საბალეტო სცენების ტრიუმფით დაპყრობაზე.

ან, როგორც ასოლი, ოცნებობდა ჭაბუკზე, რომელიც ალისფერი იალქნებით გაწყობილი გემით მოაკითხავდა, რომ მერე მასთან ერთად შეეცურა სიყვარულისა და ბედნიერების უკიდეგანო ოკეანეში…

[1]მაგრამ გავიდა წლები. ის პატარა ბავშვი უკვე დიდი ხანია გაიზარდა და იცის რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს.  ოცნებებს კი თანდათანობით დააკლდა  სითამამე, ჟინი და გაბედულება.

ჩვენ უკვე ზრდადსრული ადამიანები გავხდით და გვეღიმება იმ გულუბრყვილო ბავშვურ ოცნებებზე, რომლებიც ჩვენი მაშინდელი, გამოუცდელი გონების ფანტაზიის ნაყოფი იყო. ახლა უკვე რეალისტებად ქცეულები დროს არ ვკარგავთ ასეთ „ზღაპრებზე“ და მთლიანად სამსახურზე , ოჯახზე და სხვა ყოფით საკითხებზე გადართულებს გვიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, შევძელით რეალური ცხოვრებისთვის ფეხის აყოლა და მოვიპოვეთ სიმშვიდე… (?!)

და რა ხდება სინამდვილეში?

სინამდვილეში ეს ყველაფერი თავის მოტყუებაა, რადგან აუხდენელი ოცნება ეს არის ნელი, ხანგრძლივი მოქმედების შხამი, რომელიც შეუმჩნევლად, თანდათანობით გვიწამლავს  ცხოვრებას.

შედეგად, ჩვენ დღითიდღე ვკარგავთ ამ მოჩვენებით სიმშვიდეს, გვაღიზიანებს ყველა და ყველაფერი: ყოველდღე ადრე ადგომა და სამსახურში სიარული, კაპასი ცოლი თუ უვარგისი ქმარი, ინტრიგანი მეზობელი თუ უმადური შვილები და შეიძლება არ ვაღიაროთ, მაგრამ ვხვდებით, რომ ჩვენ ვუღალატეთ ჩვენს ოცნებას, ვუღალატეთ იმ ბავშვს, ვინც ამ ოცნებით ცხოვრობდა და რომ ჩვენმა შიშმა სინამდვილეში მიგვიყვანა იქამდე, რის გამოც თავის დროზე ოცნებაზე უარი ვთქვით – იმედგაცრუებამდე და მარცხამდე.

და რა უნდა ვქნათ ახლა?

პირველ რიგში, უნდა ვირწმუნოთ ოცნების ძალის! უნდა ვირწმუნოთ, რომ ოცნება, როგორც სომერსეტ მოემი ამბობდა, კი არ გვაშორებს მიზანს, არამედ პირიქით გვაახლოებს მას, ვინაიდან ოცნება სურვილების პირმშოა, სურვილი კი ეს არის ენერგია რომელიც მოდის გარესამყაროდან და თუ ვინმე გვაძლევს ამ ენერგიას, ის დაინტერესებულიცაა რომ ეს სურვილი აგვისრულდეს.

ადამიანის ტვინის შესწავლისას მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მას გააჩნია მაგნიტური თვისებები. მისგან გარემომცველ სამყაროში ვრცელდება ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ისინი იზიდავენ გარკვეულ მოვლენებს, ადამიანებს, საგნებს, რესურსებს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი აზრების საჭირო მიმართულებით ფორმირების მეშვეობით,  ავამუშავოთ ეს კანონები და სწორედ მათი გამოყენებით შევძლოთ ოცნებასთან მიახლოება.

მეორე: უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს, როგორ ფიქრებში ვატარებთ დღის უმეტეს ნაწილს, რაზე ვფიქრობთ ძილის წინ, დილით გაღვიძებისას თუ ტრანსპორტით მგზავრობისას და შევეცადოთ ყოველთვის და ყველგან, მუდმივად ვიფიქროთ კარგზე, ვიფიქროთ იმაზე რაც გვინდა და არა იმაზე რაც არ გვსურს, ვინაიდან ჩვენი აზრებით ჩვენ ვაპროგრამებთ საკუთარ  თავს და თანდათანობით, ყოველწამიერად ვქმნით ჩვენს მომავალს.

მესამე: ოცნებისგან უნდა გამოვძერწოთ რეალური მიზანი!

მაგალითად ოცნებაა როცა ვამბობთ, რომ გვსურს გავხდეთ მდიდარი, წარმატებული ადამიანი, მაგრამ თუ ჩვენს თავზე ვიმუშავებთ და გავარკვევთ, კონკრეტულად რა არის ჩვენთვის სიმდიდრე და წარმატება, რისი გაკეთებაა საჭირო მის მისაღწევად და რა დროის განმავლობაში გვინდა ამის მიღება – ეს უკვე მიზანია.

და ბოლოს: მოქმედება, მოქმედება და კიდევ ერთხელ მოქმედება!

ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ რჩება ჩვენი ოცნება აუხდენელი – უმოქმედობაა… უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ  არაფერს ვაკეთებ საიმისოდ რომ საწადელს მივაღწიოთ, ვზივართ და  ზურგის ქარს ველოდებით…

ფიქრობთ რომ თქვენთვის უკვე გვიანია?

გასულ საუკუნეში გერმანიის ერთ–ერთ პროვინციულ, მრავალშვილიან  ოჯახში დაიბადა გოგონა, სახელად ინგებორგა მოოტცი. ის ცხოვრობდა უკიდურეს სიღატაკეში და ოცნებად ჰქონდა ქცეული როდის გაიზრდებოდა და მიაღწევდა ფინანსურ დამოუკიდებლობას, გათხოვდებოდა საყვარელ მამაკაცზე და შექმნიდა ბედნიერ ოჯახს.

მაგრამ აი გაიზარდა, გათხოვდა და მისი ოცნებებიც ერფეროვანმა ოჯახურმა ცხოვრებამ შეიწირა. ქმარი მას არც  მუშაობის დაწყების უფლებას აძლევდა  და არც ფულს. ნებისმიერი წვრილმანის საყიდლად საჭირო თანხისთვის დიდი ხვეწნა და მუდარა სჭირდებოდა.

ასე განვლო საუკეთესო წლებმა და უკვე 75(!) წლის ასაკს მიღწეული, დაქვრივებული ქალი, სინანულით იხსენებდა თავის განვლილ ცხოვრებას, იხსენებდა როგორ ართმევდნენ ოცნებას ჯერ მშობლები,  და-ძმა, სიღატაკე და ხელმოკლე ცხოვრება, მერე მეუღლე და  მისი ძუნწი, აუტანელი ხასითი და თვალები სიმწრის ცრემლებით ევსებოდა. ის მისტიროდა თავის ბავშვობას და მაშინდელ ლამაზ ოცნებებს…

მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად მასში კვლავ გაიღვიძა ბავშვურმა სითამამემ და გაბედულებამ.

„არა თქვენ ვერ წამართმევთ ჩემს ოცნებას!“

იმეორებდა ის სულ უფრო ხშირად და ერთხელაც გადაწყვიტა ემოქმედა.  მან გამოძებნა დიდი ხნის წინ მივიწყებული ერთადერთი ქონება: ქმრის დანატოვარი რომელიღაც ფირმის რამოდენიმე აქცია და გადაწყვიტა მათი გაყიდვა. იმის შიშით რომ არავის მოეტყუებინა მარტოხელა მოხუცი, მან გადაწყვიტა თვითონ შეესწავლა ამ აქციების რაობა, ფასი. ის თანდათან გაიტაცა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობამ და ცოტა ხანში ისეთი ალღო გამოაჩნდა ამ საქმეში, რომ უზარმაზარი ქონება დააგროვა.

დღეს ინგებორგა მოოტცი 84 წლისაა და კვლავაც აქტიურად მოღვაწეობს საფონდო ბირჟებზე, ამასთანავე  ის მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, წერს წიგნებს, ატარებს ლექციებს, კონსულტაციებს. მისი დახმარებით ათასობით პენსიონერმა შეძლო ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება. მან იპოვა თავის მოწოდება და ცხოვრობს სიცოცხლით სავსე, შინაარსიანი, ბედნიერი ცხოვრებით.

დიახ, ოცნებას არა აქვს ასაკი! ის არ არჩევს ბავშვს, ყმაწვილს, ზრდასრულს თუ მოხუცს, ის ერთნაირად მშვენიერია ყველა ასაკში და მისი ხომალდი ყოველთვის მზადაა ასაფრენად ვარსკვლავეთში სამოგზაუროდ. მთავარია ჩვენ ვისწავლოთ მისი მართვა.

ასე რომ, ნუ გერიდებათ ოცნების, ის  დიდებული მეგზურია სულისა, რომელიც გვავსებს ღირსებით გრძნობით და გვაიძულებს გავიზარდოთ პიროვნულად!

ნურასოდეს დანებდებით იმ რეალობას, რომელიც ოცნებით არ არის ნასაზრდოები!

ნუ შეაქცევთ ზურგს საკუთარ ბავშვობას და ნუ უღალატებთ მაშინდელ ოცნებებს! უბრალოდ იოცნებეთ, შემდეგ  აქციეთ ოცნება მიზნად და რაც მთავარია იმოქმედეთ!

ფორტუნას უყვარს თამამი და გაბედული ადამიანები!

 

სიყვარულით და პატივისცემით, ხვიჩა მებონია

წყარო: mebonia.com[2]

ნანახია:(1412)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2015/11/gemi.jpg
  2. mebonia.com: http://mebonia.com

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ocnebidqan-realobamde/