„მხოლოდ ეს არის ნამდვილი პროგრესი – ყოველი ინდივიდის სრული თავისუფლება“ | Jolo.ge


„მხოლოდ ეს არის ნამდვილი პროგრესი – ყოველი ინდივიდის სრული თავისუფლება“

„მხოლოდ ეს არის ნამდვილი პროგრესი – ყოველი ინდივიდის სრული თავისუფლება“

ჩვენი, ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ერთდროულად დავეძებთ სიყვარულს და უსაფრთხოებას, მაშინ როცა ეს ორი რამ ერთმანეთს გამორიცხავს. იქ, სადაც უსაფრთხოებაა, არის საზღვრებიც – «მისაღები» და «მიუღებელი» (იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დაგვირღვევს მყუდროებას, ანუ «კომფორტის ზონას» ესა თუ ის ადამიანი), სიყვარულმა კი არ იცის არც საზღვრები და არც «მიუღებელი»… ნამდვილი სიყვარულისთვის ყველა და ყველაფრი მისაღებია… ამიტომ ამბობს ვინმე იესო, ნაზარეთიდან, რომ «ვერ შევა მდიდარი «სასუფეველში».’ სამოთხეში», რომელიც ყოველთვის აქ და ახლაა, ზუსტად იქ, სადაც ჩვენ ვდგავართ, მდიდარი ვერ შევა, რადგან მას არ შეუძლია უყვარდეს ღარიბი, არ შეუძლია, რადგან არ აწყობს უყვარდეს ბომჟი.

მაგრამ იესოს დაავიწყდა ეთქვა, რომ ვერც ღარიბი შევა სასუფეველში, რადგან მასაც არ შეუძლია უყვარდეს მდიდარი, არ შეუძლია დაძლიოს წყენა და სიძულვილი მის მიმართ…

მდიდარს შეუძლია გაიღოს ღარიბისთვის ის, რაც მისთვის უმნიშვნელოა, რაც მის ცხოვრებაში არაფერს ცვლის, და დაარქვას ამას «ქველმოქმედება», «მეცენატობა», მაგრამ მას არ შეუძლია ნამდვილად გასცეს. მის «ქველმოქმედებაში» არ არის ნამდვილი თანაგრძნობა, რადგან რომ იყოს, ის, ვერ დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ უმნიშვნელოს გაცემით! აი, აქ არის სწორედ ის მთავარი, რაზე ფიქრიც არავის არ სურს, არ აწყობს და არ უნდა. ჩვენ ყველანი, სულ მთლად უქონელი ბომჟების გარდა, მდიდრები ვართ, რადგან გვაქვს რაღაც, რაც შეგვიძლია გავცეთ, მაგრამ ჩვენში აღარ არის თანაგრძნობა.

თანამედროვე ადამიანში თანაგრძნობა აბსოლუტურად, 100%–თ მკვდარია. იგი შეცვალა მათემატიკურმა გათვლამ. გული მოკლა ტვინმა! ტვინმა, რომელიც კონკრეტული იდეოლოგიით იმართება..

მე არ ვამბობ, რომ ვინმე «დამნაშავეა», მე არ ვამბობ, რომ ვიღაც «ცუდია», და არც იმას ვამბობ, რომ ბომჟი «კარგია» და ყოველთვის იმსახურებს იმას, რომ დაეხმარონ… არც იმას ვამბობ, რომ ყველანი უნდა გავვარდეთ და ჩვენი სახლები დღესვე ბომჟებს დავურიგოთ…

არა, ასე მარტივად არ ვხედავ ყველაფერს, რადგან კარგად მესმის, რომ ნამდვილი სიყვრული უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის სიყვარულია (ვისაც თავი არ უყვარს, ვერ შეიყვარებს სხვას), ამიტომ საკუთარი თავის ნგრევა გამოსავალი არ არის…

ისიც მესმის, რომ ნამდვილი თანაგრძნობა და სიკეთე გულისმიერი და სპონტანურია, და არა გონებაჭვრეტითი, და ამიტომ შორს ვარ იმ ინფანტილური აზრისგან, რომ «ყველაფერი ერხელ და სამუდამოდ კარგად უნდა მოვაწყოთ», მაგრამ იმის დაუნახაობაც არ შემიძლია, რომ აბსოლუტურ, უკვე სადიზმში გადასულ ნიჰილიზმსა და გულგრილობაში ვცხოვრობთ, რომ მთლიანად დავკარგეთ მთავარი ადამიანური თვისება – თანაგრძნობის უნარი…

მართალია, რომ სოციალიზმის იდეა რყვნის ადამიანის ფსიქიკას, რომ ის მას ჩააგონებს, იყოს უძლური და სხვისი ხელის შემყურე, მაგრამ მეორეს მხრივ კაპიტალიზმის იდეაც ბრუტალურია თავისი არსით, რადგან ის გვეუბნება, რომ არ უნდა გვეცოდებოდეს, არ უნდა გვქონდეს თანაგრძნობა, რადგან «ვინც ფსკერზეა, იმის ღირსია, რომ იქ იყოს, რადგან ხელის განძრევა არ უნდა».

მინდა იცოდეთ, რომ როცა ამას გვეუბნება, კაპიტალიზმი გვატყუებს ბევრ რამეში, პირველ რიგში კი იმაში, რომ ის იმთავითვე, დასაწყისიდანვე არ აძლევს (და არც არსდროს მიუცია) ადამიანებისთვის ერთნაირი შესაძლებლობა «ხელის განძრევისთვის, მას არ მიუცია ადამიანებისთვის ერთნაირი შანსი. ამის ნაცვლად მან ერთნი გაწირა შთამომავლობით სიღარიბეზე, მეორეთ კი შთამომავლობით სიმდიდრე აჩუქა.

ამასთან ერთად კაპიტალიზმის იდეა იმთავითვე გულიხმობს, რომ ბომჟები აუცილებლად უნდა არებობდნენ, რადგან სხვებს ქონდეთ მათ მდგომარეობაში ჩავარდნის შიში. ბომჟები კაპიტალიზმის მოტორია, რომელიც აიძულებს «საშუალო კლასსაც» და უფრო მდიდრებსაც, შიშით გულგახეთქილებმა და დაფეტებულებმა ციყვებივით იბზრიალონ ფულის შოვნის ბორბალში…

კაპიტალიზმს ბომჟები ისევე ჭირდება, როგორც მდიდრები, და შეიძლება მათზე მეტადაც… მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ეს სისტემა, რომელსაც დღეს ჩვენ ვაღმერთებთ და შეუცვლელი გვგონია (ანუ გვგონია, რომ სულ იქნება), კ ლ ა ვ ს ა დ ა მ ი ა ნ ი ს ს უ ლ ს ! ის ძირშივე კლავს, ჩანასახის, იდეის დონეზე ანადგურებს თანაგრძნობის უნარს. რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? სოციალიზმი? ის, რომ ადამიანთა ნაწილს ფსიქიკა გაერყვნეს და სხვისი ხელის შემყურე გახდეს? არა მგონია! მე ვფიქრობ, რომ თვით ყველაზე უკიდურესი და ავადმყოფურად მახინჯი სოციალიზმიც კი, მაგალითად საბჭოთა სოციალიზმი (რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო სოციალიზმი, არამედ სახელმწიფო კაპიტალიზმი გახლდათ…) ისე არ კლავდა ადამიანის სულს, არ ხდიდა მას ისეთ უსულგულო, თანამგრძნობის ვერშემძლე რობოტად, როგორც ეს ჩვენი «ყველაზე სწორი» სისტემა – კაპიტალიზმი.

უკიდურესი სოციალიზმი კლავს ადამიანის სულს მისთვის თავისუფლების წართმევით, უკიდურესი კაპიტლიზმი კი – თანაგრძნობის უნარის განადგურებით.

რომელია უარესი? ალბათ ორივე… და რა თქმა უნდა ისმის კითხვა, რაშია გამოსავალი?

ეს რომ გავიგოთ, უნდა მივხვდეთ როგორმე, რომ კოლექტიური გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.

გამოსავალი მხოლოდ ინდივიდუალური შეიძლება იყოს, რადგან მხოლოდ ინდივიდს აქვს ცოცხალი გული, სული და განსჯის უნარი…

სახელმწიფოს უკიდურესი გაძლიერებით, გაფეტიშებით და საკუთარ თავზე დასმით ადამიანმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, რადგან ნამდვილი, ცოცხალი სიცოცხლე მკვდარ ნორმებსა და კანონებს დაუქვემდებარა…

ამიტომ ერთადერთი, რაც ადამიანს შეუძლია კოლექტიურ დონეზე გააკეთოს, ეს სახელმწიფოს განადგურებაა, ანუ ან–არქიაა (ძალაუფლების არარსებობა).

დიახ, ანარქია, მომავლის იდეაა, და ის მომავლის ადამიანს ელოდება! ის ელოდება ნამდვილ ინდივიდებს, არა ჩვენ – იმათ, ვინც უკვე აკვანში დაგვაზომბეს, დაგვაპროგრამეს «საყოველთაო ჭეშმარიტებებზე»…

«…ცოდნა სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით სიცოცხლე… – აი, რას უნდა ვებრძოლოთ!» ამას დოსტოევსკი ამბობს, და ეს ყველაზე ღრმა აზრია, რაც კი ოდესმე წაგვიკითხავს! ჩვენ აკვნიდანვე გვტენიან ცოდნას სიცოცხლის შესახებ («სწორ» იდეებს, «სწორ» ქცევებს, «სწორ» წესებს…), რითაც გვართმევენ თვით სიცოცხლეს, ნამდვილ და ერთადერთ სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ ცოცხალი განცდიდან იბადება და არა ქცევის დაშტამპული, ნორმირებული მოდელებიდან…

ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც ყოველ ახალ თაობაში საკუტარ სიცოცხლეს გაჩენისთანავე კლავს …

მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია!

ვიცი, რომ ეს დღეს დაუჯერებლად ჟღერს (და სწორედ ამიტომ ეს არ არის შესაძლებელი ახლა…), მაგრამ საბოლოოდ ასე უნდა მოხდეს, რადგან მხოლოდ ეს არის ნამდვილი «პროგრესი» – ყოველი ინდივიდის სრული თავისუფლება არის ევროპული ინდივიდუალისტური მსოფლმხედველობის და ცივილიზაციის განვითარების ერთადერთი შესაძლო საბოლოო წერტილი.

ეს განვითარება დაიწყო თვით ევროპელების განთავისუფლებით, შემდეგ კი ზანგების გამოხსნით ტყვეობიდან და გაგრძელდა ქალების ემანსიპაციით, და იგი უნდა დასრულდეს ბავშვის განთავისუფლებით! და ეს არა მხოლოდ პროგრესის უკიდურესი წერტილია, არამედ ბუნებასთან, ნამდვილ და ერთადერთ სიცოცხლესთან დაბრუნებაც, რადგან მხოლოდ დაუპროგრამებელი, სპონტანური სიცოცხლე არის სიცოცხლე და სხვა ყველაფერი სიკვდილია.

ჩვენ შევქმენით სიკვდილის ცივილიზაცია, და აქედან გზა მხოლოდ საბოლოო ფიზიკური განადგურებაა, ან კვლავ სიცოცხლესთან დაბრუნება. მაგრამ სიკვდილი იმდენად ყოვლისმომცველი გახდა, რომ ეს დაბრუნებაც ვერ იქნება ნაწილობრივი და კომპრომისული, ამიტომ ისიც ყოვლისმომცველი და ტოტალური უნდა იყოს. მხოლოდ ეს გამოიღებს შედეგს. როგორც იესო იტყოდა, «ვინც ვერ ემსგავსება ამათ (ბავშვებს), ვერ შევა «სასუფეველში», რომელიც, ამ გენიალური ადამიანის რწმენით, სხვათა შორის მიწაზე იყო, და არა ზეცაში…

ლევან რამიშვილი

ნანახია:(197)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ღვთის იმედზე იყავი

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ხელმწიფე აკბარი გახლათ. კეთილგანწყობისა და სამართლიანობის გამო მას კაცთა მოდგმის მფარველს უწოდებდნენ. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა და


იცხოვრე ამ საიდუმლოსთან ერთად და ერთხელაც გაოცდები — რა ნეტარებაა სიცოცხლე!

გამოწვევა (ოშო რაჯნეშის გადმოცემით) ცოტაოდენი წინააღმდეგობა -აი რა გვჭირდება. ქარიშხალი, ელვა და ქუხილი მხოლოდ გაგვამდიდრებს, ისევე, როგორც სიხარული და ბედნიერება.


«სიცილის იოგა» თბილისში — „კაიფი“ ნარკოტიკების გარეშე!

ამ ძალიან მარტივი და სახალისო მეთოდით თქვენ შეძლებთ ძალისხმევის გარეშე გაუშვათ შიშები და სტრესები, მიიღოთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, დაიბრუნოთ ხალისი და სიხარული…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*