«მხოლოდ ასეა შესაძლებელი საკუთარ თავში, სხვა ადამიანებსა და სამყაროში სიმშვიდის მოპოვება» …

by admin | 13 мая, 2020 10:55

თითქმის სამი თქვეა სახლში ვარ.
ალბათ სულ ათჯერ თუ ჩავედი, მაღაზიაში რაღაცების საყიდლად.

დღეს გასეირნება გადავწყვიტე. ჩავიცვი ჩემი შლაქსის შარვალი, ნაიკის ბოტასები, სპორტული პერანგი, ჟაკეტი და სასეირნოდ წავედი.

რაც არ უნდა ვთქვა, რომ კარანტინში მშვენივრად ვარ და მასში გატარებულ დროს, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად მივიჩნევ, თან მარტოობაც მიყვარს, ძალიან, ძალიან მომნატრებია სამყარო, ოთხკუთხედი ყუთის გარეთ.

[1]მივდიოდი, ხალხით სავსე არა, მაგრამ ხალხმრავალ ქუჩაში. მუშთაიდის ქუჩაზე (მე ვეძახი ასე, სინამდვილეში დ. ყიფიანის ქუჩა ჰქვია). დაკეტილ მუშთაიდის ბაღს მივუყვებოდი, თან შიგნით ვიყურებოდი. ჩემთვის ეს ბაღი მართლაც მშვენიერია. ღობიდან ჩიტების ჭიკ-ჭიკი და გაუკრეჭავი ბალახის შრიალი მესმოდა, (სიმართლე გითხრათ, ბალახი გაუკრეჭავი უფრო მემშვენიერება).

გავცდი მუშთაიდს და თუმანიშვილის ქუჩიდან (ასე, ამ ქუჩასაც თუმანშვილის თეატრის გამო ვეძახი, სინამდვილეში დ. აღმაშენებელია) აღმაშენებელზე გადავედი.

ვუახლოვდებოდი «კახიძის პარკს». გულში ვფიქრობდი- ნეტავ, ხალხი იქნება? ნეტა, შადრევანი იქნება? ნეტავ, ბავშები იქნებიან?- უცებ ფიქრიდან გამოვერკვიე. ვხედავ რომ ტროტუარსა და ეზოს გამოსასვლელის გადაკვეთაზე, მანქანაა გაჩერებული. ისე რომ ფეხით მოსიარულეები ვერ გაივლიან, შესაბამისად ვერც მე. გავლის ორი საშალებაა თუ გადავალ სამანქანო გზაზე, თუ მძღოლი მანქანას გადააყენებს. მანქანასთან ბიჭები დგანან, რაღაცაზე საუბრობენ (სინამდვილეში ლაზღანდარაობენ). რაზე არ ვიცი.

რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ახლა ამათ სერიოზული სახით ვეტყვი,- გავლა მინდა, გადააყენე მანქანა!- მაგრამ გადავიფიქრე. პირველი ვარიანტი ავირჩიე. სამანქანო გზაზე გადავედი. მანქანას გაცდენილი არ ვიყავი, რომ 14-15 წლის ბიჭი დავინახე, ველოსიპედით იგივე მანქანას მიადგა. მოზარდმა ველოსიპედი გააჩერა. ცდილობდა გვერდის ისე ავლას, რომ სამანქანო გზაზე არ გადასულიყო, (პატრული იდგა, ველოთი გზაზე სიარულისთვის ჯარიმაა). ბიჭები იდგნენ და ველოსიპედიან მოზარდს ინტერესით უყურებდნენ თუ როგორ გაივლიდა ბარიერს.

იცით, სიმართლე გითხრათ ბრაზი მომაწვა. ვიფიქრე- ახლა ოთხივეს ნამდვილად მივუჩენ თავის ადგილს! — ცხადად ვიგრძენი ამ ბიჭების ემოციაც, პასუხის დასაბრუნებლად მოემზადნენ. ვიცი ზედმეტს ვერაფერს მეტყოდნენ, მაგრამ გავაღიზიანებდი. უცებ თავი ხელში ავიყვანე და მთავარს მივხვდი… შემდეგ გავუღიმე. ვუთხარი, — გეთაყვა, თუ შეიძლება გადააყენეთ მანქანა, რომ გავლა შევძლოთ. ვიგრძენი რომ ოთხივე დაიბნა, მანქანის მეპატრონე (ალბად), მაშინვე მიუჯდა საჭეს და მანქანა უკან დახია.

მადლობა გადავუხადე. მოზარდმა გაიარა. ბიჭები მიღიმოდნენ და ეს იყო პატივისცემა და მადლიერება მათი მხრიდან, მე იმავეს ვგრძნობდი მათ მიმართ..

გზა გავაგრძელე, მარჯანიშვილის მეტრომდე მივედი და უკან დავბრუნდი. ისევ ამოვუყევი აღმაშენებელს. ვფიქრობდი სიყვარულის ძალაზე, ვფიქრობდი ამ ბიჭებზე. ბედნიერი და სიყვარულით სავსე ვიყავი. გადაკვეთაზე ბიჭები აღარ იდგენ. ხალხი თავისუფლად გადაადგილდებოდა და ჩემთვის, თითქოს იმ ადგილზე რაღაცნაირი სიყვარული ტრიალებდა. 

გადმოვკვეთე გზა თუმანიშვილზე (თუმანიშვილის თეატრის გამო, რომ ვეძახი თუმანიშვილს, ისე კი აღმაშენებელი რომ ჰქვია). ამ ადგილიდან დიდი ხეები იწყება. ბედნიერი ვიყავი, თითქოს ტყეში მივაბიჯებდი. ვღელავდი სიხარულისგან. შუქნიშანზე გავჩერდი. მერე გადავკვეთე და გადმოვედი მუშთაიდის ქუჩაზე და რამდენიმე წამში გავიაზრე რომ, მე მივრბოდი, ბედნიერების, სიხარულისა და სიყვარულის ძალით სავსე. მე ბედნიერი და მადლიერი ვიყავი, საკუთარი თავის, იმ ბიჭების, იმ ხეების, იმ მოზარდის, ბაღის, ყველაფრის…

ძალიან ღრმა ბავშვობაში, პაპაჩემის და ბიძაჩემის საუბარს შევესწარი. (ორივეს სახელი ვახტანგია). პაპა სწუხდა და ბიძაჩემს ეუბნებოდა- ვახო, მე სულ კი არ ვიგინები, მხოლოდ მაშინ, როდესაც ნერვები მეშლება, ვბრაზდები და თავს ვეღარ ვიკავებ.
ბიძაჩემმა ძალიან მარტივად და მართლაც გენიალურად უპასუხა, — ვახტანგ, მაშინ უნდა შეიკავო თავი როცა ბრაზდები, თორე როცა კარგად ვართ, გინება რაღაში გვინდა?

დღემდე, ხშირად მახსენდებობდა მათი დიალოგი. არ ვიცოდი რატომ მივანიჭე ამ სიტყვებს ასეთი დიდი მნიშვნელობა. ზოგჯერ, მარტივი სიბრძნის გააზრება არც თუ ისე ადვილია.

ჩემი და ამ ბიჭების შემთხვევამ, კიდევ ერთხელ გამააზრებინა, რეალურად რას ნიშნავს, რომ ბრაზს, უმეცრებას, ბოროტებას, სიმშვიდით და სიყვარულით ვუპასუხო, კრიტიკულ სიტუაციებში შევინარჩუნო «იობის მოთმინება». რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი საკუთარ თავში, სხვა ადამიანებსა და სამყაროში სიმშვიდის მოპოვება და განვითარების შესაძლებლობა.

შეიძლება მითხრათ სათქმელად ადვილიაო. კი გეთანხმებით ადვილი არაა, მე ნამდვილი გაცნობიერებისთვის წლები დამჭირდა, ბავშვობიდან დღემდე.

მე მჯეროდა და მჯერა მაღალი იდეალების. მჯერა რომ სიყვარული, თავისუფლება, თავგანწირვა, პატივისცემა წარმოადგენს დედამიწაზე და ჩვენს გულებში მშვიდობის საფუძველს.

მჯერა რომ დედამიწას მართლაც სიყვარული ატრიალებს და რაც არ უნდა ბევრი იყოს ბოროტება — სიყვარული გაიმარჯვებს.

ხშირად მისვამენ ხოლმე კითხვას, როგორ ახერხებ?… პასუხიც არ აყოვნებს, მე შეყვარებული ვარ 

მარიამ ტატუაშვილი

ნანახია:(211)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/05/mar.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/mxolod-asea-shesadzlebeli-sakutar-tavshi-simshvidis-mopoveba/