„მთავარია ეძებდე, მთავარია გინდოდეს და ზუსტად იქ მიხვალ, სადაც გინდა, რომ მიხვიდე“ — ნინა ორჯონიკიძე | Jolo.ge


„მთავარია ეძებდე, მთავარია გინდოდეს და ზუსტად იქ მიხვალ, სადაც გინდა, რომ მიხვიდე“ — ნინა ორჯონიკიძე

„მთავარია ეძებდე, მთავარია გინდოდეს და ზუსტად იქ მიხვალ, სადაც გინდა, რომ მიხვიდე“ — ნინა ორჯონიკიძე

ვინ არის თურქეთში მცხოვრები ემიგრანტი, რომელიც იტალიაში, კარანტინში მყოფ ქართველებს უანგაროდ ეხმარება, მათთვის ქოუჩსესიებსა თუ არტ-თერაპიებს ატარებს და შიშს, პოზიტივითა და სიმშვიდით უნაცვლებს?

დედაზე ზრუნვით დაწყებულისიმშვიდის გაკვეთილებიდა ემიგრანტებისთვის დაბრუნებული რწმენაეს გახლა ამბავი, რომლითაც დავინტერესდი და რომელმაც საოცარ რესპონდენტთან, ნინა ორჯონიკიძესთან მიიყვანა. ნინა ქოუჩია და სხვებზე ზრუნვა მისი პროფესიაა. 

ჟოლომას თურქეთში დაუკავშირდა

ნინა ორჯონიკიძე: დედაჩემია იტალიაში და ყველაზე კარგად ვიცი, თუ რა ხდება იქ მყოფ ქართველებში. უმეტესობა პანიკური შიშით არის შეპყრობილი. დედაც ასე იყო, როცა მას ამ მხრივ ვუშველე, გადავწყვიტე სხვებსაც დავხმარებოდი.

განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია ყურადღების კონცენტრირება პოზიტივზე და სასიხარულო ამბებზე მოვახდინოთ, ეს კი მაშინ გამოგვივა, როცა ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებას და სიმშვიდის შენარჩუნებას შევძლებთ. კარანტინში მყოფ ადამიანებს სწორედ ამ კუთხით ვეხმარები.

— თქვენც თუ გიხდებათ ხოლმე მუშაობა საკუთარ განწყობაზე?

— სხვათაშორის, ზუსტად ახლა დავასრულე 21 დღიანი ჩელენჯი საკუთარ თავთან. 21 დღის განმავლობაში ყოველი განაფიქრი პოზიტივში უნდა გადამეყვანა. არავისზე და არაფერზე არ უნდა გავბრაზებულიყავი და როგორც ჩემთვის, ასევე გარშემომყოფებისთვისაც კარგი განწყობა უნდა შემექმნა.

ვფიქრობ, საუკეთესოდ გავართვი თავი. დილით ძალიან ადრე ვდგებოდი და ყოველდღე ჩემს თავზე ვმუშაობდი. ბოლოს, ისეთ სიტუაციებში ვხვდებოდი, რომელზეც სხვა დროს არაფრით გამეცინებოდა, მაგრამ ჩემმა ჩელენჯ–თამაშმა ამჯერად ეს სიტუაციები სასაცილოდ აქცია. ძალიან მაგარია როდესაც ცუდ განწყობას, რომელიც შეიძლება გარე ფაქტორებისგან შეიქმნა, მომენტალურად პოზიტივით ცვლი.

ამასაც ალბათ სწავლა უნდა

— რა თქმა უნდა, სწავლა ყველაფერს უნდა. ჩემს ცხოვრებაშიც იყო პერიოდი, როდესაც ამინდიც კი ცუდ განწყობაზე მაყენებდა, ჩემი ყოველი დილა საშინელი თავის ტკივილით იწყებოდა. ამის გამო გაღვიძების მეშინოდა, პირველი რასაც თვალების ახელვისთანავე გავიფიქრებდი იყო — თავი მტკივა?! ასე ვიცხოვრე რამდენიმე ხანი… მერე კი საკუთარ თავზე, ფიქრებზე თუ რწმუნებულებებზე მუშაობამ შიში და ტკივილი ჩამომაშორა. ახლა, ვიღვიძებ თუ არა, მომენტალურად მადლიერება ირთვება, მერე ვიღიმები და აი, აქედან იწყება ყოველი დღე.

დღეს ვარ ადამიანი, რომელსაც უხარია დილით ადრე ადგომა, რომელმაც ამ სამყაროში იპოვა თავისი ადგილი, თავისი მიზანი და რომელიც პირველ რიგში კონცენტრირებულია საკუთარ თავზე. არადა იყო დრო, როცა უფრო მეტად სხვა ადამიანებზე ვიყავი მიჯაჭვული, სხვებისგან მქონდა მოლოდინები, ახლა ასე არ არის.

ახლა დილით ბედნიერი ვიღვიძებ, იმიტომ რომ მე ვარ მე! მე, ჩემი თავი ვიპოვე, დავინახე!

მე, ჩემს თავს შევურიგდი, ვაპატიე, შევიყვარე და მივიღე ისეთად როგორიც ვარ.

რამდენი ხანია რაც ეს მოხდა და რამ განაპირობა, როგორი იყო პირველი ნაბიჯები?

— წლების წინ, 2014 წლის დასაწყისში ძალიან უცნაური ისტორიით დაიწყო ყველაფერი. აქ იოგაზე დავდიოდი, ერთხელაც, ზუსტად მაშინ, როცა სუნთქვაზე ვიყავი კონცენტრირებული ერთ–ერთი მონაწილე სიცილის ხასიათზე დადგა და ხელი შემიშალა. ეს მერეც რამდენჯერმე განმეორდა, რაზეც ბოლოს ისტერიკა დამემართა, ინსტრუქტორთან მივედი და მკაცრად გავაფრთხილე, რომ შენიშვნა მიეცა მისთვის. ერთ დღესაც, როდესაც იოგას ვარჯიში დასრულდა ინსტრუქტორი ჩემთან მოვიდა, რაღაც წიგნი მომცა და მითხრა – ნინა, ვფიქრობ, ეს წიგნი ძალიან დაგეხმარება. ეს იყო ჯო ვიტალის წიგნი „ცხოვრება ლიმიტის გარეშე“, ჰიუ ლინის საოცარი ტექნიკის „ჰოოპონოპონოს“ შესახებ.

მეორე თუ მესამე დღეს საქართველოში მოვფრინავდი, ნახევარი წიგნი თვითმფრინავში წავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ რაღაცების შეცვლა შემეძლო. ზუსტად არ ვიცოდი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვიცოდი, რომ როგოც ჩემი, ასევე სხვისი ცხოვრებაც შემეძლო რადიკალურად შემეცვალა. ვერ აგიღწერთ იმ შეგრძნებას, როცა ამ საოცრებას მივაგენი.

თურქეთში დაბრუნებულმა გადავწყვიტე სხვა მსგავსი ლიტერატურაც შემეძინა. სწორედ მათი საშუალებით აღმოვაჩინე ახალი შესაძლებლობები საკუთარ თავში. ამ წიგნებს რომ ვიმარაგებდი და ვკითხულობდი, ზეინეფმა, ქალბატონმა, რომელთანაც აქ ვცხოვრობ და რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს ცხოვრებაში, დაბადების დღეზე მიყიდა 7 საათიანი ონლაინ ტრენინგი დიპაკ ჩოპრას მოსწავლესთან.

ტრენინგების შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი, იმდენად უცხო იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ ერთი საათი შეგუებისთვის დამჭირდა, მერე კი იმდენად საინტერესო გამოდგა, დანარჩენი 6 საათი როგორ გავიდა ვერ გავიგე. ამ ტრენინგმა ბევრი რამ მომცა. გავიცანი უამრავი ახალი ავტორი, ვისწავლე სხვადასხვა ტექნიკები, გავიგე რა არის და რისთვის არის საჭირო მედიტაცია…

ამან მიგაღებინათ გადაწყვეტილება, ქოუჩი გამხდარიყავით?

— არა, ამის მერე დავინტერესდი, თუ რა ხდებოდა ამ მხრივ საქართველოში. ასე აღმოვაჩინე თამარ კვარაცხელია. მაშინვე დავუკავშირდი და „ზრდისფაქტორში“ მივიღე მონაწილეობა. მერე კი მასთან ინდივიდუალური სესიის დროს, რაღაც ისეთი მოხდა, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ხედვა. ხშირად ვამბობ, თამარმა ჯადოქრობა ჩაიდინა-მეთქი. ეს როგორი რაღაც იყო იცით? რომ ჩაისუნთქავ და მიხვდები რომ არსებობ… შავი სათვალე რომ გიკეთია, ვერ ხედავ,  ჩამოგხსნიან და გეტყვიან, — აქ ხარო.

გამოდის, რომ მანამდე ფაქტობრივად არც ვარსებობდი.

რატომ ფიქრობთ ასე?

— ჩემს გარშემო ძალიან არეული იყო ყველაფერი, გაუცნობიერებლად ვცხოვრობდი… იყო კონფლიქტები, სხვებთან, საკუთარ თავთან…  როგორ შეიძლებოდა, რომ ყველა ყოფილიყო ჩემთან დამნაშავე, მაგრამ ყველა დამნაშავე იყო. ვერავის ვერ ვეგუებოდი, ახლანდელი გადასახედიდან საშინლად აუტანელი ვიყავი. მაგრამ მაშინ მსხვერპლის როლი მქონდა მორგებული და ჩემი თავიც ძალიან მეცოდებოდა.

თამარმა ეს რეალობა დამანახა — მოდი ჯერ შენს „მეს“ მიხედე და მერე დანარჩენიც დალაგდებაო. ამის შემდეგ უკვე რაღაც ძალა რომ მოგკიდებს ხელს და თვითონ მიგარბებინებს, ასე მოხდა… ამის შემდეგ გამოჩნდნენ სხვადასხვა ტრენერები, სერთიფიცირებული კურსები… თინი ბასილაია, მარინა კვატაია, ხვიჩა მებონია, ეთერ ფილიპოვიჩი.  თითოეულმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში.

ზეინეფზე მინდა გკითხოთ, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მასაც დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს ცხოვრებაში, ვინ არის?

— ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს ადამიანი. მეც ასე ვარ მისთვის. 13 წელია რაც ემიგრანტი ვარ, ზუსტად 13 წელია ზეინეფთან ერთად ვცხოვრობ.

ჩემი აქ წამოსვლა ეკონომიურ სირთულეს არ გამოუწვევია, სულ ძიებაში ვიყავი, რას ვეძებდი ვერ გეტყვით, ყველას და ყველაფერს გავურბოდი… რომ გეკითხათ კონფლიქტებს და პრობლემებს ვერიდებოდი, მაგრამ ყველგან იგივე სიტუაცია მხვდებოდა, ადამიანები იცვლებოდნენ უბრალოდ. აქ ჩამოსვლაც ერთ-ერთი გაქცევა იყო…

ჩემს თავს ვეძებდი ალბათ…

ზეინეფი ამაში ძალიან დამეხმარა. ასეა დღემდე. თუკი რამეს ვაკეთებ დღეს და თუკი რამეს მივაღწიე ეს ზეინეფის დამსახურებაცაა. დღეს რომ თურქეთში, თურქულ ენაზე არტ-თერაპიას ვატარებ, ამაშიც მისი დიდი წვლილია. უცხო ენას, რომ უმაღლეს დონეზე დავუფლებოდი და სერთიფიკატიც მიმეღო აქ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში მიმიყვანა.

ეს არის ადამიანი, რომელიც მაშინ როცა ყველა არ გამოგივას ამბობდა, მტკიცედ მეუბნებოდა — გააკეთე, შენ აუცილებლად გამოგივა!

ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე, ალბათ მეც… რადგან ყოველთვის აღნიშნავს თუ ვინ ვარ მისთვის.

როდესაც თურქეთში ჩამოვედი, მაშინ არ დადიოდა… საერთოდ არ იძვროდა საწოლიდან. მიზეზი ავტოკატასროფა იყო, 40 წლის ასაკში ხევიდან მანქანით გადავარდა…

იმ პერიოდში არც პიროვნული ზრდა ვიცოდი და არც პოზიტივის ძალა, მაგრამ როდესაც ზეინეფის ოთახში შევდიოდი, ფარდებს გადავწევდი და ხმამაღლა, ღიმილიანი სახით ვამბობდი, — დილა მშვიდობის ცაო, დილა მშვიდობის ზღვაო, დილა მშვიდობის მზეო, დილა მშვიდობის მეგობრებო… ლამაზი და მშვიდობიანი დილა ზეინეფ… თავიდან გაკვირვებული მიყურებდა — ალბათ გულში ფიქრობდა — ვერ არის კარგადო. მერე ამ რიტუალს შეეჩვია და თითქოს ელოდებოდა კიდეც ჩემს მისალმებას. სახე სიხალისით ევსებოდა და ეს ძალიან მახარებდა. ნელ-ნელა დავახლოვდით. მერე დაიწყო ხელ-ფეხის ამოძრავება, საწოლზე წამოჯდომა… და ასე ჩემთან ერთად დადგა ფეხზე. ჩემთან ერთად გაიარა. დღეს, მისი ოჯახის წევრი ვარ.

იმ ანგელოზებზეც მინდა გკითხოთ, რომელსაც აკეთებთ და რომელიც თბილისში, როგორც მითხრეს ძალიან პოპულარულია. „ნინას ანგელოზებიდღეს ბევრმა იცის.

— ანგელოზების გაკეთება ანგელოზებმა დამაწყებინეს.

მარინა კვატაიასთან ერთ–ერთ პროგრამაში ჩვენი მიზანი უნდა დაგვეწერა, რაზეც ძალიან ვინერვიულე, ჩემს თავს ვეკითხებოდი — რა დავწერო? რა გავაკეთო? არანაირი მიზანი არ მაქვს. არ ვიცი რა მინდა ცხოვრებაში… რაღაცნაირ უხერხულობასაც ვგრძნობდი ამის გამო.

და ანგელოზებს ვთხოვე დახმარება…

მალევე იმდენი მინიშნება მივიღე, რომ იმ საღამოსვე ვიყიდე საჭირო მასალა და ღამის 2 საათამდე ანგელოზებს ვაკეთებდი… 2 ცალი გავაკეთე, მაგრამ ეს ის არ იყო რაც მინდოდა. მეორე დღეს თინი ბასილაიას უნდა შევხვედროდი ანტალიაში. დავჯექი, თინიზე დავიწყე ფიქრი და წარმოვიდგინე, რომ უსაზღვრო ენერგია მქონდა და ამ ენერგიას ამ ანგელოზით თინის გადავცემდი და გავახარებდი…

იმ პირველ ორზე ლამაზი და საოცარი ენერგიით სავსე გამოვიდა… მას შემდეგ ჩემი ყოველი ანგელოზი ასე დადებითი ენერგიებით იმუხტება… თითოეული მათგანი უსაზღვრო ენერგიის მატარებელია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მთელი ბავშვობა ასთმური სუნთქვა მაწუხებდა და მატყლზე ალერგია მქონდა. ჩემი ანგელოზები თექისგან იქმნება. ფაქტია, რასაც სიყვარულით აკეთებ, იმას ვერანაირი ალერგია ვერ მოერევა.

მარინას ძალიან მოეწონა ჩემი შემოქმედება, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ანგელოზებმა დღის სინათლე იხილეს.

მალევე გავიცანი საოცარი ეთერ ფილიპოვიჩიც, რომელთანაც ჯერ ზღაპართერაპიას, მერე კი არტ-თერაპიას დავეუფლე. მერე ქოუჩინგის სკოლაში ვისწავლე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ამის შემდეგ თინი ბასილაიასთან ბირონ ქეითის კურსი გავიარე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ «ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს»…

პირველ რიგში ეს ყოველივე იყო ჩემთვის, რადგან ძალიან მჭირდებოდა… რაც უფრო მეტს ვიგებდი, უფრო და უფრო მეტის გაგება მინდოდა. მერე ერთ–ერთმა ძალიან კარგმა ქოუჩმა მითხრა, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება იმდენი დაგროვდა შენში, აუცილებლად უნდა გასცეო… და მართლაც, სიყვარულით ვაკეთებ ამას. ვატარებ ინდივიდუალურ ქოუჩ სესიებს. ვეხმარები უამრავ ადამიანს და ყველაზე მაგარი ის არის რომ ეს ყველაფერი ათმაგად მიბრუნდება უკან.

დავწერე 4 კვირიანი ონლაინ პროგრამაც, რამდენიმე დღიანი ვორქშოფების გაკეთებასაც ვგეგმავ.

თურქეთში ძირითადად არტ-თერაპიით ვმუშაობ. მაისში, იოგას ინსტრუქტორთან ერთად, სამდღიან პროგრამას ვაკეთებ, იოგა და არტ თერაპია იქნება ერთად.

ემიგრანტებთანაც მაქვს ინდივიდუალური სესიები. თვეში ოთხი სესია ტარდება და ამ ოთხი კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება. ვმუშაობთ ბაირონ ქეითის «სამუშაოს» ტექნიკით, პლუს ქოუჩინგი. პარალელურად მეტაფორულ ბარათებზე მუშაობასაც ვთავაზობ, არის ასევე ხატვითი თერაპია. არტ თერაპიიდან ეძლევათ დავალებები…

ხშირად ისეთი სიყვარულითა და მადლიერებით სავსე წერილებსა და გამოხმაურებებს ვიღებ, რომ უბედნიერესი ვარ.

— დღეს რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი?

— ჩემი მთავარი მიზანია ბედნიერი ვიყო მე და ბედნიერი იყოს ჩემს ირგვლივ ყველა… მინდა, ვისთანაც კი შეხება მექნება აბსოლუტურად ყველამ დაინახოს ის, რაც მე დავინახე, მინდა ადამიანებს მივცე ის სიკეთე, რაც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, ისე როგორც მე შევცვალე. მთავარია მონდომება, სურვილი და პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. საკუთარ თავთან მიცემულ პირობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი ენერგიის მატარებელია და დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე.

— რაც ჩამოთვალეთ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი გამოვიდეს დეპრესიული მდგომარეობიდან და დატკბეს იმ წუთით რომელშიც არის?

— პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ უპირობო სიყვარული და შევეშვათ რაღაცების სხვებზე გადაბრალებებს. საერთოდ ადამიანებს გვიყვარს ხოლმე სხვების დადანაშაულება, ეს შეიძლება იყვნენ მშობლები, ახლობლები… ერიხ ფრომის „ სიყვარულის ხელოვნებაში“  წერია — ჩვენ ზრდასრულები მაშინ ვართ, როდესაც შეგვიძლია საკუთარი თავის მშობლები ვიყოთ. როცა საკუთარი თავის მშობელი ხდები აბსოლუტურად ყველაფერს ცვლი.

მთავარია ეძებდე, მთავარია გინდოდეს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ და უნდათ იქ ყოფნა, სადაც არიან. მთავარია იყოს სურვილი, როდესაც გაქვს სურვილი, რომ რაღაც შეცვალო, სამყარო აუცილებლად ბევრ „ხსნას“ გიგზავნის.

ჯო ვიტალი „საიდუმლოში“ ამბობს — სიბნელეში, მანქანით როდესაც მიდიხართ მთლიან გზას ვერ ხედავთ,  ხედავთ მხოლოდ რამდენიმე მეტრს. მერე კიდევ რამდენიმეს და ასე…  როცა გინდა, რომ რაღაც შეიცვალოს შენს ცხოვრებაში და ამისთვის ნაბიჯს გადადგამ, გზაც გამოჩნდება… და ზუსტად იქ მიხვალ, სადაც გინდა, რომ მიხვიდე.

დეა თავბერიძე

https://www.facebook.com/orjonikidzenina/

ნანახია:(2850)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მაშინ ამის ახდენა აბსურდად მიმაჩნდა, თუმცა გავიდა ერთი წელი და“…

„ერთ-ერთი დაბრკოლების შემდეგ მივხვდი, ეს რომ არ ყოფილიყო მე ვერ გავიზრდებოდი“ — ამბობს მარი ბეკურიშვილი, ბიზნესლედი, რომელმაც წლების წინ თავისი


ათშვილიანი ოჯახის რესტორანი და 22 წლის გენერალური მენეჯერი

22 წლის არის და უკვე ქალაქში ყველაზე ორიგინალური და განსხვავებული რესტორნის მთავარი მენეჯერი და მმართველია. ეს საოჯახო ბიზნესია, რომელიც ქურასბედიანების


„მეუბნებიან ამერიკაში ხარ და აქ რა გინდაო“- ქართველი მხატვრის წარმატებები და ოცნება …

ოთხი წლიდან მღერის და მსოფლიოც, ანსამბლთან ერთად, ჯერ კიდევ, საბჭოთა პერიოდში მოიარა, მაგრამ მაშინ უცხოეთში დარჩენისა და იქ ცხოვრების სურვილი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<