„მოუსმინეთ სხეულს… ის ყოველთვის ყველაზე პირველი იგებს რა სჭირდება თქვენს სულს“

by admin | Октябрь 12, 2018 14:51

ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, ერთ ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან თემას შევეხო. ამ თემასთან დაკავშირებით, ყოველთვის ვფრთხილობდი, ვინაიდან, იმდენად ფაქიზია, რომ მეშინოდა არასწორი გაგების შემთხვევაში უარესი ტკივილი არ მიმეყენებინა მათთვის, ვისაც ასე თუ ისე ეხება, და ალბათ შეეხება ბევრს…

მედიცინაში ძალიან დიდი ხნის მანძილზე უგულვებელყოფდნენ ამ საკითხს. ბოლო პერიოდში, რამდენადაც ვიცი აქტუალური გახდა, ოღონდ ჯერ კიდევ ფარულად. ეს არის ფსიქოსომატიკა. ვინც არ იცის რას ნიშნავს ეს ტერმინი, ეს არის სულის დაავადების სხეულზე ასახვა. ანუ სულიერი (შინაგანი) პრობლემების გამოვლენა სხეულის საშუალებით. როცა ვამბობ «დაავადება»-ს, არ ვგულისხმობ იმ გავრცელებულ, თქვენთვის ცნობილ «სულიერ დაავადებებს», როგორიც არის შიზოფრენია და მსგავსი, ეს სხვა სფეროა, მე ვგულისხმობ სულიერ ტკივილს, რომელსაც მეტნაკლებად ყველა ვატარებთ და რომელიც შეიძლება მერყეობდეს მარტივი წყენიდან — გლობალურ ემპათიამდე.

[1]ბევრისთვის შეიძლება ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ დამიჯერეთ, აქ არაფერია არარეალური ან მისტიური. ეს ჩვეულებრივი და ამავე დროს, იმდენად მარტივი სისტემაა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ექიმების გარეშეც კი დაუსვას თავს დიაგნოზი. შესაბამისად მკურნალობის გზაც გამონახოს. მეტი თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან ერთ ასეთ «ღიმილისმომგვრელ» მაგალითს: ადამიანს, რომელსაც არ უხარია სიცოცხლე (ცხოვრება), მას ყოველთვის ექნება პრობლემები სისხლის დაავადებებთან. მკითხავთ, რა შუაშია სიხარული სისხლთან? მედიცინურად რომ ავხსნა, ენდორფინების ნაკლებობა, პირდაპირკავშირშია ერითროციტების ზრდასთან. დააკვირდით ლეიკემიანი ბავშვების სახეებს, ისინი ყველა მოწყენილები არიან. სხვანაირად მოწყენილები, ზრდასრული გამოხედვით, ტკივილით სავსე. კი, ყველა ავადმყოფი ბავშვი მოწყენილია მეტნაკლებად, მაგრამ მე ბევრი მინახავს მაღალ სიცხიანი, «დაზილიონკებული», ჩუტყვავილებით დაკოპლილი მხიარული ბავშვიც.

ამიტომ, მსგავსი ფრაზები, როგორიცაა «ნუ ბრაზობ თორემ მაგ ლამაზ სახეზე ნაოჭები გაგიჩნდება!», რაც ალბათ ყველას გვსმენია ბებიებისგან, ბაბუებისგან, და რაც ხშირად სასაცილოდ მოგვჩვენებია, არაფერი აქვს საერთო მისტიკასთან. ყოველი ჩვენი ემოცია, განცდა, სტრესი, ტკივილი, დარდი აისახება ჩვენს ფიზიოლოგიაზე, ზოგი ადრე, ზოგი გვიან, მაგრამ აუცილებლად აისახება, თუ იქამდე ვერ მოვერიეთ და ვერ გადავხარშეთ ჩვენს თავში. ყველაზე ნათელი მაგალითი, უცაბედი სტრესისგან მიღებული გულის შეტევაა, ყველაზე ჯამრთელ ადამიანსაც რომ შეიძლება დაემართოს.

ზემოთ უკვე ვთქვი, სულის ტკივილი არ ნიშნავს იმ სულიერ დაავადებას, რომელსაც დღეს ვიცნობთ მედიცინაში, თუმცა, ძალიან ძნელია მსგავსი რამ უთხრა ადამიანს, ვინც სერიოზული დაავადებით არის ავად. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ავად ხდებიან როგორც შურით და ბოღმით სავსე ადამიანები, ასევე დიდი სიყვარულის მატარებელი და ემპათიით სავსე ადამიანებიც, ვინაიდან, ისინი ამ დროს სხვის ტკივილსაც ისევე იზიარებენ, როგორც საკუთარს. ძალიან მნიშვნელოვანია იპოვო ის საწყისი მიზეზი, რამაც ავად გაგხადა, რამაც გატკინა, რამაც გაგანადგურა პირდაპირი და ირიბი გაგებით. ტკივილის განცდა, აპრიორი არ ნიშნავს მის მიღებას და გადახარშვას, ბევრს ტკივილი აბოროტებს, ბევრს პირიქით… აი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, გააცნობიერო შენი ტკივილი და რაღაც უფრო მეტში გადაზარდო.

ჩვენ ყოველდღე ათასობით მაგალითს ვუყურებთ, ვუსმენთ, ტაშსაც კი ვუკრავთ, მოგვწონს სხვისი ტკივილი, სხვისი განცდების ყურება, მაგრამ იშვიათად, რომ მათი ტვირთის შემსუბუქებას ვეცადოთ. მოკვდება ადამიანი და მერე ვიხოკავთ სახეებს. ამის საპირისპიროსაც ვიტყოდი აქვე, რომ სხვისი სიხარული ნაკლებად გვიხარია, მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე. მაგრამ ფაქტია, ჩვენ სხვისი ტკივილის ყურება ბევრად გვსიამოვნებს, ვიდრე ბედნიერების «უი, რა მაგარი ადამიანი იყო, რამხელა სიმძიმეს ატარებდა თურმე, როგორი სევდიანი იყო, როგორი გულჩათხრობილი…» და ტაშს ვუკრავთ. კი, ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ აპლოდისმენტებსაც და ბევრად მეტსაც, მაგრამ უფრო მეტად იმსახურებენ ამ ყველაფრის შემსუბუქებას, რაც ხშირად ჩვენს ხელშია და არასოდეს ვაქცევთ ყურადღებას, იქამდე, სანამ ხელიდან არ გამოგვეცლებიან.

არ არსებობს უკურნებელი დაავადება!! ყველა დაავადებას აქვს თავისი მიზეზი, შესაბამისად ამ მიზეზის აღმოფხვრის საშუალებაც. უბრალოდ, რაც დიდხანს გროვდება, მით მეტი დრო სჭირდება აღმოფხვრასაც. მენანება ყველა ის ადამიანი, ვინც ვერ მოასწრო და ტკივილი წაიღო თან. მამარდაშვილი ამბობდა «კარიერა უნდა დაასრულო მაშინ, როცა მის პიკზე ხარო», მე იგივეს სიცოცხლეზე ვიტყოდი, ადამიანი სიკვდილის მომენტში, ჯობია აბსოლუტურად ბედნიერი იყოს, და მხოლოდ ბედნიერების განცდა გაიყოლოს თან. ამიტომ მწყდება ხოლმე გული, უფრო მეტად იმ ადამიანებზე, ვინც ვერ მოასწრო ეს.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და საკუთარ თავსაც მათ შორის! მოვეფეროთ, გავათბოთ, განვკურნოთ და მეტი სიხარული და სიყვარული ვაჩუქოთ ტკივილის ნაცვლად, რაც ხშირად ჰაერზე უფრო საჭიროა. მეტს მაინც ვერაფერს წავიღებთ აქედან. რუმის აქვს ერთი ძალიან კარგი გამონათქვამი: «ჩვენ ჩვენივე დაავადებით ვიკურნებითო!»
მოუსმინეთ სხეულს… ის ყოველთვის ყველაზე პირველი იგებს რა სჭირდება თქვენს სულს.

 ემა ომანაძე

ნანახია:(349)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/10/ტილო.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/mousminet-sxeuls-is-yoveltvis-yvelaze-pirveli-igebs/