მორაგბე მხატვარი და რაგბის სკოლა | Jolo.ge


მორაგბე მხატვარი და რაგბის სკოლა

მორაგბე მხატვარი და რაგბის სკოლა

იცოდით, რომ რამდენიმე თვის წინ თბილისის ერთ-ერთ გალერეაში 40 მორაგბე მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა? პირადად მე ამ ფაქტმა ძალიან გამაოცა. არ ველოდი, ამდენი მორაგბე მხატვარი თუ გვყავდა, არადა მათი რიცხვი გაცილებით მეტი ყოფილა. ჰოდა, დღეს მინდა, ერთ-ერთი მათგანი გაგაცნოთ. ახალგაზრდა მორაგბე, საოცარი ნახატებითა და ბავშვთა რაგბის სკოლით.

ვახო მძინარიშვილი პროფესიით მხატვარ–მულტიპლიკატორია. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მისი საქმე პერსონაჟების შექმნა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფერწერამ გაიტაცა და ახლა დიდ ფორმატებზე თანამედროვე შერეული ტექნიკით ხატავს. ხატავს ბავშვობიდან, რაგბისაც ბავშვობიდან თამაშობს და ტიტულოვანი მორაგბეც გახლავთ. უფრო მეტიც, წლებია უკვე, რაც ლიცენზირებული მწვრთნელია, რაგბის სკოლა „ძმებს“ უდგას სათავეში და მომავალ მორაგბეებს, თამაშთან ერთად, წარმატების გაკვეთილებსაც უტარებს. თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ…

ვახო მძინარიშვილი: რაგბის თამაში 11 წლის ასაკში დავიწყე რაგბის კლუბ «აკადემიაში» და გავაგრძელე „ლელოში“, ასევე ვთამაშობდი ახალგაზრდულ ნაკრებში, რომლის რიგებში ერთი ევროპის და სამი მსოფლიო ჩემპიონატი ვითამაშე, ხოლო ლელოს რიგებში ხუთჯერ გავხდით საქართველოს ჩემპიონი უმაღლეს ლიგაში.

ბევრს უკვირს, სად რაგბი და სად ხელოვნება და ხატვაო, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მათი შეთავსება შეიძლება. თუმცა იმ პერიოდში, როცა ვთამაშობდი, ხატვის სურვილი დიდად არც მქონია, მთლიანად რაგბიში ვიყავი ჩართული. აი, სახელოსნო კი სულ მქონდა, შეიძლება წელიწადში რამდენიმე ნახატი დამეხატა, მაგრამ მთელ სულსა და გულს ვდებდი მათში. სამი წელია, აღარ ვთამაშობ და დაახლოებით ერთი წელია, შეიძლება ცოტა მეტიც, რაც ხატვის ძლიერი სურვილი გამიჩნდა.

— შემოქმედების პროცესი როგორია, რა ხდება ამ დროს შენში?

— სრულიად ვითიშები… იმდენად ხარ ჩართული პროცესში და ნამუშევარში, რომ ვეღარც კი იხსენებ, რას ფიქრობდი ხატვის დროს. ან ფიქრობდი თუ არა საერთოდ. არტთერაპია მართლაც საუკეთესო თერაპიაა… რამდენიმესაათიანი ხატვის შემდეგ ბევრად უფრო მსუბუქად გრძნობ თავს და ბევრად კარგ განწყობაზე ხარ… მარტო ის არ არის, რომ რაღაც ლამაზი შექმენი, მთავარია, შენი ქვეცნობიერიდან გამოიტანო რაღაც… და მერე ფერებად გამოსახო ეს ყველაფერი. არტთერაპია, ალბათ, იმიტომ არის ყველაზე ძლიერი თერაპია, რომ ყველაზე ახლოსაა ქვეცნობიერთან.

— ანუ შენი ნახატები შენი სულის ამბებს ყვებიან?

— ალბათ. ყველა მხატვარი თავის შინაგან სამყაროს ხატავს. ყველაზე ფასეული ეს არის, ჩემი აზრით. ნახატები საინტერესო და რაღაცის მთქმელი რომ გამოვიდეს, მხატვარიც საინტერესო უნდა იყოს. მხატვრის ხედვა და ენერგია უნდა იგრძნობოდეს ნახატებში. ნამუშევრების დათვალიერებისას ეგრევე ხვდები, რა ტიპია მხატვარი — დეპრესიულია, მხიარულია… ფერებზეც ეტყობა და თემებზეც…

— ძირითადად რას ხატავ?

— ცხოველების ხატვა მიყვარს, ყველაფრის ჩადება შემიძლია ცხოველში, ხასიათის დაჭერაც. ყოველთვის ვცდილობ, რომ ნახატი ემოციას იწვევდეს, გელაპარაკებოდეს, რაღაცას გეუბნებოდეს და იმ ინტერიერს, სადაც მოხვდება, ხასიათსა და აურას სძენდეს.

ყოველი ახალი ნახატი უფრო მომწონს წინა ნახატებთან შედარებით, მაგრამ მერე მალევე მბეზრდება და მალევე მინდება ახლის შექმნა. თავისუფლად შემიძლია ლამაზი ნამუშევრების დახატვა და ერთი პლუსიც მაქვს, ძალიან მალე შემიძლია ვხატო. ერთ დღეში შემიძლია დიდი ნამუშევარი დავიწყო და დავამთავრო, მაგრამ ესეც არ მაკმაყოფილებს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ძიებაში ვარ, ჩემი შინაგანი სამყაროს გადმოსატანად კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მჭირდება…

— გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ თურმე 40 მორაგბე მხატვარი გვყავს…

— გაცილებით მეტი. უბრალოდ, ამჯერად 40 მორაგბის ნახატები გამოიფინა. უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი გვყავს და მათგან ერთ-ერთი სამხატვრო აკადემიის გუნდი „აკადემიაა“. მართლაც საუკეთესო გუნდი. რაც საქართველოში რაგბის ლიგა არსებობს, იქიდან მოყოლებული არსებობს „აკადემიაც“, დღემდე თამაშობენ. როცა „ლელოში“ ვიყავი და „აკადემიას“ ვეთამაშებოდით, ჩვენი მწვრთნელი სულ გვაფრთხილებდა, – მხატვრებთან ფრთხილად იყავით, რას მოიფიქრებენ და რას დაგეგმავენ, მაგის ამოხსნა რთულიაო. „აკადემია“ სულ რაღაც თავისებურ, კარგ თამაშს თამაშობს დღემდე.

— რაგბის სკოლა „ძმებზეც“ მინდა გკითხო, როდის დააფუძნე და რატომ დაარქვი „ძმები“?

— როცა „ლელოში“ ვთამაშობდი, ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა და ჩემმა აღმზრდელმა, ბატონმა ბათუ კევლიშვილმა ბავშვთა რაგბით დამაინტერესა და რაგბის კლუბ „ლელოში“ საფესტივალო ასაკის გუნდების მწვრთნელად დამნიშნა. მას მერე 10 წელი ვავარჯიშებდი „ლელოში“ ბავშვთა გუნდებს, მწვრთნელობა ჩემს პროფესიად იქცა. ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა მიხეილ ჩხარტიშვილმა გადავწყვიტეთ, რაგბის სკოლა გაგვეკეთებინა და ორი წლის წინათ დავაარსეთ კიდეც რაგბის სკოლა „ძმები“.

ბავშვებს, როცა ვავარჯიშებ, ასე მივმართავ: ძმებო! ამიტომ, როცა რაგბის სკოლისა და კლუბის ჩამოყალიბების იდეა გამიჩნდა და სკოლის სახელზე ფიქრი დავიწყეთ, ბევრი არც მიფიქრია — „ძმები“ დავარქვი.

ისედაც ისეთი თამაშია რაგბი, გუნდი რომ შეიკრას, პირველ რიგში, სიყვარული და ძმობა სჭირდება. რაც უფრო შეკრულია გუნდი, მოთამაშეც უფრო კარგად თამაშობს.

— ტერიტორიულად სად არის თქვენი სკოლა და რა ასაკის ბავშვებს ავარჯიშებთ?

—  ჩვენთან 5-დან 14 წლამდე ბავშვები დადიან. სკოლა მუშტაიდის ბაღშია, დინამოსთან. მისადგომად ყველა ცენტრალური უბნისთვის კარგი ადგილია. ახლა რემონტი გვქონდა და მომავალ სეზონს განახლებული სტადიონით შევხვდებით. მთლიანად ახალი ბაზა გვაქვს — საფარი შეცვლილი, გასახდელები განახლებული, შენობა მთლიანად გარემონტებული.

ჩვენი სკოლა გამორჩეულია იმითაც, რომ, პრაქტიკულთან ერთად, თეორიული გაკვეთილებიც გვაქვს. ვატარებთ ვიდეოგანხილვებს. ბავშვები სწავლობენ რაგბის ფასეულობებს და არამარტო რაგბის. რაგბისთან ერთად ვსაუბრობთ ცხოვრებისეულ თემებზე, პრობლემებზე.

– როგორც ვიცი, უცხოეთში სპორტული ფსიქოლოგებიც მუშაობენ ბავშვებთან, ჩვენთან რატომღაც ჯერ კიდევ არ არის ეს გამოცდილება სათანადოდ დანერგილი.

– არადა აუცილებელია. მე ზუსტად ამ კუთხით ვმუშაობ და ვაპირებ, კიდევ უფრო გავაღრმაო. ამისთვის მწვრთნელებმა სპეციალური კურსები გავიარეთ. ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, მით უმეტეს პატარებთან, ძალიან ფაქიზები არიან, ყველა ბავშვი თავისებურია. როცა ბავშვთან მუშაობ, კარგად უნდა იცოდე მისი ხასიათი. ჩვენთან ხშირად ხდება იმ თემების გარჩევა, რაც ფსიქოლოგიურად ბავშვისთვის მძიმეა და რასაც ვერ იღებს. ამ საუბრებით ბევრ რამეში ერკვევიან, უფრო თავდაჯერებულები და მოტივირებულები ხდებიან, თვითშეფასებაც უმაღლდებათ.

– და მაინც, ყველაზე მეტად რა თემაზე ესაუბრებით?

– ბოლოს შიშზე ვისაუბრეთ, ზოგს ამ შიშის ეშინია, ზოგს რცხვენია, ზოგი ფიქრობს, – სუსტი ვარ იმიტომ, რომ მეშინიაო…  ავუხსენი, რომ შიში არ არის სირცხვილი, რომ თავდაცვის ინსტინქტია და თუ სწორად გამოიყენებ, შეიძლება შიშისგან ძალაც მიიღო.

ტაისონის მწვრთნელი ამბობდა, შიში ცეცხლივითაა, ამ ცეცხლმა შეიძლება სახლი დაგიწვას, მაგრამ, თუ სწორად გამოიყენებ, შეიძლება მასზე სტეიკები შეწვაო.

— მაინტერესებს, სხვადასხვა სპორტსმენის ცხოვრებასაც თუ ეცნობიან ბავშვები — როგორ მიაღწიეს წარმატებას, როგორ გახდნენ ჩემპიონები?..

— ეს ცოტა უფროსებთან, პატარებს ძირითადად გართობა და თამაში აინტერესებთ. ამიტომ მათთან მხოლოდ ის საუბრები გვაქვს, რაც მოცემულ სიტუაციაში სჭირდებათ. 10 წელს ზემოთ 14 წლამდე ბავშვებს კი წარმატებული სპორტსმენების ცხოვრებას ვაცნობთ. მათ ფსიქოლოგიასა და წარმატებული ადამიანის აზროვნებაზე ვესაუბრებით.

მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვებში ცნობიერების დონე ავამაღლო. რაც უფრო მაღალია ცნობიერება, მით უფრო მარტივია ყველაფრის კეთება, თამაშიც ბევრად კარგად გამოდის და ურთიერთობაც. ურთიერთობა კი მთავარია რაგბიში, რადგან გუნდური სპორტია. რაგბი რთული სტრატეგიული თამაშია,  გარდა იმისა, რომ მებრძოლი ხასიათი სჭირდება, სჭირდება ფიქრი, აზროვნება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

ამიტომ ის ბავშვები, რომლებიც, ფიზიკურ მონაცემებთან ერთად, კარგად სწავლობენ და გონებაგახსნილებიც არიან, გაცილებით კარგად თამაშობენ რაგბის.

– სწავლაზე ისეთ აქცენტს აკეთებ, ალბათ, მშობლები ძალიან გემადლიერებიან. ბავშვები თუ ითვალისწინებენ ამას?

– ამიტომაც გვაქვს თეორიული გაკვეთილები. ბევრჯერ გამეორება კი თავისას აკეთებს. რაც შეეხება მშობლებს, ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ორი დღის მოყვანილი ჰყავთ ბავშვი და გეკითხებიან, — გამოვა რამე ამისგან? ორი დღის მოყვანილს კი არა, შეიძლება ხუთი წელი დადიოდეს და არ ეტყობოდეს ბავშვს, მერე კი გარდატეხის ასაკში შეიცვალოს და იფეთქოს. ასეთი ძალიან ბევრი მოთამაშე ვიცი, ჩემი აღზრდილიც, ჩემი გუნდელიც და ჩემზე დიდებიც, რომლებიც წლების განმავლობაში შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ და მერე ეროვნულ ნაკრებში  მოხვედრილან… ბევრი წარმატებას დიდი შრომის შედეგად აღწევს. რაგბიში თან ბევრი პოზიციაა — 15 და თხუთმეტივეს სხვადასხვა ფიზიკური მონაცემი სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია მიგნებაც, ამ 15 პოზიციიდან რომელია მისი.

— ყოველთვის მაინტერესებდა, რა განაპირობებს იმას, რომ საქართველოს დღეს ძალიან მაგარი მორაგბეები ჰყავს, ფეხბურთელები კი — არა?

— საქართველოს მთელი ყოფა ომში, ბრძოლასა და თავდაცვაში აქვს გატარებული, სისხლში გვაქვს უკვე ეს ბრძოლა, მებრძოლია ქართველი, წარმოიდგინე ტრადიციულ სამოსზეც კი, ჩოხაზე, ხანჯალი გვიკეთია, ქართველი ყოველთვის მზად იყო ომისთვის. რაგბის მოედანზე კი პატარა ომია გაჩაღებული და ჩვენ ვიბრძვით. ვამჟღავნებთ იმას, რაც ხასიათში გვაქვს, რაც ჩვენია. ქართველის ხასიათია რაგბის ხასიათი. ამიტომაც არის – „რაგბი ჩვენი თამაშია“.

აქვე ლელობურთსაც გავიხსენებ, რომელიც დღემდე იმართება გურიაში. მართალია, რაგბი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალით ჰგავს მას. ასევე, კარგად თამაშობენ ის ქვეყნები, რომლებსაც ჩვენნაირი მებრძოლი ხასიათი აქვთ.

– დაბოლოს, რა არის შენთვის მთავარი — რაგბი თუ ხატვა? რომელი უფრო დიდ სიამოვნებასა და ბედნიერებას განიჭებს?

– მთავარია იმ საქმის კეთება, რაც გიყვარს და რაც შენთვის ძვირფასია. მე ეს ორივე საქმე მიყვარს, ორივე ძვირფასია და მნიშვნელოვანი. ადამიანი უნდა თვითრეალიზდეს, თავისი თავი უნდა იპოვოს და სიმშვიდეს მიაღწიოს. ეს არის მთავარი სპორტშიც და სხვა პროფესიაშიც. უნდა გააცნობიერო, რომ ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა და საკუთარ თავში ჩაიხედო… ბედნიერებისთვის არც არაფერი უნდა გჭირდებოდეს. უბრალოდ, ბედნიერი უნდა იყო… ყოფით, არსებობით…

დეა თავბერიძე

ნანახია:(1627)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ათშვილიანი ოჯახის რესტორანი და 22 წლის გენერალური მენეჯერი

22 წლის არის და უკვე ქალაქში ყველაზე ორიგინალური და განსხვავებული რესტორნის მთავარი მენეჯერი და მმართველია. ეს საოჯახო ბიზნესია, რომელიც ქურასბედიანების


როგორ  ვიცხოვროთ  სტრესის გარეშე და ვიპოვოთ საკუთარი თავი — გათავისუფლდით ბლოკებისგან

დღევანდელ სამყაროში გადაღლილობა და უენერგიობა, დატვირთული გრაფიკი და დროის მენეჯმენტის პრობლემა ბევრისთვის, ყოველდღიურობად იქცა, ეს ყველაფერი ადამიანზე უარყოფითად აისახება და


„ასჯერ რომ დაეცე, უნდა წამოდგე და გზა გააგრძელო“ — 25 წლის მსოფლიო ჩემპიონის ისტორია ამერიკიდან

ამერიკაში, ამ ქართველი ბიჭის ნაცნობობით უცხოელები ამაყობენ და ჩვენი მეგობარიაო ხარობენ. 25 წლის გიორგი ჯიქია, უკვე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*