მიზიდულობის კანონი და წარმატება | Jolo.ge


მიზიდულობის კანონი და წარმატება

მიზიდულობის კანონი და წარმატება

ამბობენ, მსგავსი მსგავსს მიიზიდავსო. მაგალითად, თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ისეთმა ადამიანმა შემოაბიჯოს, რომელიც თქვენს აზრებსა და შეხედულებებს იზიარებს.

ჩვენ ერთის მხრივ გვიზიდავს სხვადასხვა საგნები, მოვლენები და ადამიანები, მაგრამ მეორეს მხრივ თვითონ ვართ როგორც ერთგვარი მაგნიტი, რომელიც იზიდავს მოვლენებსა და ადამიანებს.

ჩვენი შინაგანი განწყობები ის ფილტრია, რაც ჩვენს სამყაროში შემოიყვანს მაინცადამაინც იმას, რაც ან ვინც შესაბამისობაშია ჩვენსავე განწყობებთან.

მაგალითად, თუ ჩვენში ჭარბობს ნეგატიური განწყობები, მაშინ მოვიზიდავთ იმ ინფორმაციასა და ამბავს, რაც ნეგატიურ ემოციებს იწვევს. თუ ჩვენ ვფიქრობთ, ფული ხელის ჭუჭყია, ბოროტების სათავეა და ამიტომ ცუდია ის ხალხი, ვინც დიდ ფინანსებს ფლობს, მაშინ ამით ჩვენ იმთავითვე განვიზიდავთ ჩვენი ცხოვრებიდან ფინანსურ წინსვლას და მოვიზიდავთ უფულობას; ხოლო ისინი, ვინაც მაღალ ღირებულებას ანიჭებენ, ერთის მხრივ, საკუთარ პიროვნებას, ხოლო მეორეს მხრივ ფულის კეთებას და ყაირათიანობას, მაგნიტივით მოიზიდავენ დიდ ფულს.

თუ თქვენ ტრაბახობთ, იშვერთ უწმაწურ ფრაზებს, დაიგინებთ საკუთარ დედას, ანთხევთ ბოღმასა და აგრესიას, მაშინ თქვენს ცხოვრებაში მოიზიდავთ ისეთ ახალ ადამიანებს, რომლებიც უშვერად იგინებიან, უსაქმოდ ტრაბახობენ და აგრესიულად იქცევიან, მზად არიან „გადაგაგდონ“ და გაგწირონ, ყველაზე რთულ მომენტში გადაგიდგნენ და ჩაგწიხლონ, და ყველაფერი ეს თქვენივე კარმის შედეგია. თუკი თქვენ ახდენთ ზნეობისა და სულიერების კულტივირებას, თქვენს ცხოვრებაში მაგნიტივით მოიზიდავთ და შემოიკრებთ მაღალი მორალური ღირებულებების მქონე ადამიანებს. ასეთ მიზიდულობას განსაზღვრავს ის ენერგო–ინფორმაციული ვიბრაციები, რასაც თქვენ ავლენთ და რაშიც თქვენ „ზიხართ“.

მთელი სამყარო და მათ შორის ჩვენ წარმოვადგენთ ვიბრაციების ერთობლიობას. კვანტური ფიზიკის დონეზე ელემენტარული ნაწილაკები უზარმაზარი სიძლიერის ქარის სიჩქარით დაჰქრიან.

ნებისმიერი ძალზე მყარი საგანი, მაგალითად, კლდის დიდი მასივი ან მაგარი ქვა ან გრანიტი, წარმოადგენს ატომებისა და ელემენტარული ნაწილაკების ქარისხლისებური მოძრაობის ნაკადს; უბრალოდ ამას შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, მაგრამ საკმარისია სათანადო აპარატურა მოვიმარჯვოთ, ეს ვითარება ნათელი ხდება.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ელემენტარულ ნაწილაკებს მასა არა აქვს და იგი მასას იძენს სწორედ წარმოუდგენლად სწრაფი მოძრაობის წყალობით. მაგრამ თუკი მას მასა არა აქვს, მაშ რას წარმოადგენს ის, მატერიალური სხეული როგორ შეიძლება მასის გარეშე არსებობდეს? აი, სწორედ აქ არის იდეის მთავარი კვანძი: თავის პირველად მდგომარეობაში ეს ელემენტარული ნაწილაკები ენერგო–ინფორმაციული სისტემაა, რომელიც ვიბრირებს, და მთელი სამყაროს საფუძველს სწორედ ის ქმნის.

ყველაფერი ვიბრირებს და ერთნაირი ვიბრაციები ერთმანეთს იზიდავენ. ეს ყველაზე უკეთ მუსიკალური საკრავების მაგალითზე მტკიცდება. იცით რაიმე სიმპათეტიკური რეზონანსის შესახებ? ოთახის ორ ბოლოში როიალი ან გიტარა რომ დავდოთ და ერთ თავში როიალზე ერთი ნოტი „დო“ ავკრიფოთ ან გიტარაზე ერთი სიმი ავაჟღეროთ, ოთახის მეორე ბოლოში როიალზე იგივე „დო“ ნოტის კლავიში ან გიტარის იგივე სიმი იწყებს იგივე სიჩქარით ვიბრირებას, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ როიალზე ან გიტარაზე.

ამის მსგავსად, ადამიანებიც ენერგო–ინფორმაციულ სისტემას წარმოვადგენთ და გავცემთ ან ვიჭერთ მსგავს ვიბრაციებს. ჩვენი აზრები თუ ქმედებები, ემოციები, უნარები თუ ჩვევები, ჩვენი ხასიათი თუ ბედისწერა ერთგვარი ენერგო–ინფორმაციული სისტემაა და გამოსცემს ამა თუ იმ სახის ვიბრაციებს. ამ აზრით ვწერდი ლექსის სახით „წარმატების 365 დღის“ ერთერთი საწყისი დღეების სტატიაში:

„ჩვენ ვთესავთ აზრებს და ვიმკით ქცევებს, ვთესავთ ქცევებს და ვიმკით ჩვევებს, ვთესავთ ჩვევებს და ვიმკით ხასიათს, ხასიათის დაღი კი ბედისწერას ატყვია“.

ყველაფერი – წარმატება იქნება ის თუ წარუმატებლობა, ბედნიერება თუ დეპრესია, სიღარიბე თუ ფინანსური მდგრადობა და წინსვლა, ქრონიკული შფოთვა თუ სულიერი სიმშვიდე, იღბალი თუ უიღბლობა – ჩვენს აზრებში იღებს სათავეს, რაც გადადის შესაბამის ქმედებებში, ქმედებების განმეორება აყალიბებს ჩვევებსა და უნარებს, ჩვეევები გადადიან ჩვეულებაში, რაც ქმნის ჩვენი ხასიათის მყარ წახნაგებს, ხასიათის წყობა კი თავს ავლენს კარმისა და ბედისწერის ხაზებსა და სცენარში.

ხოლო თითოეული ეს მითითებული მდგომარეობა წარმოადგენს ენერგო–ინფორმაციული ვიბრაციების სისტემას.

მაგრამ თუკი სათავე ჩვენს აზრებშია, ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ვმართოთ და შევცვალოთ სწორედ ჩვენივე აზრებია. ამდენად შეგვიძლია ჩვენივე ცხოვრება შევცვალოთ სასიკეთო მიმართულებით, თუკი დავიწყებთ ჩვენი ხედვების, წარმოდგენებისა და აზრების მართვასა და შეცვლაზე შინაგან მუშაობას.

რახან, თქვენი აზრები ენერგიის ფორმაა, რაც ვიბრირებს და განსაზღვრულია იმ ემოციების ინტენსივობით, რაც ამ აზრებს თან ახლავს, ჩვენზეა დამოკიდებული აზრების შეცვლა და „გადააზრება“, რაც შეცვლის ამ ენერგიათა ფორმას. და რახან მსგავსი მოიზიდავს მსგავსს, თქვენი აზრების შეცვლით შეგიძლიათ სათავე დაუდოთ იმას, რომ სიღარიბის ნაცვლად თქვენს ცხოვრებაში მოიზიდოთ ბარაქა, დეპრესიის ნაცვლად ბედნიერება, მოწუწუნე ენერგო–ვამპირების ნაცვლად ბედნიერებისა და სიხარულის მასხივებელი ადამიანები, დაუსაქმებლობისა და უიღბლობის ნაცვლად თქვენთვის სასიამოვნო სამსახური და წარმატებულობა, პესიმიზმის ნაცვლად ოპტიმიზმი, ცხოვრების სტაგნაციის ნაცვლად განახლება და ენთუზიაზმი და ყოფნის სისხლსავსეობა.

ნოდარ სარჯველაძე

 

ნანახია:(3496)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარმატების 12 პრინციპი სტივ ჯობსისგან

აკეთე საყვარელი საქმე ნუ იქნები ისეთი, როგორიც არის ყველა. იაზროვნე არასტანდარტულად რასაც არ უნდა აკეთებდე, აკეთე საუკეთესოდ იმუშავე SWOT ანალიზზე


როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა? — ხათუნა მუზაშვილი

„დაიმახსოვრეთ — საკუთარ თავში დარწმუნებული და ბედნიერი ყველაზე მეტად თქვენივე თავს სჭირდებით“- წერს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი …   1. რაც


რას ნიშნავს «ოსიმ ხაიმ» და როგორ დავტკბეთ ცხოვრებით?

ეს წერილი ერთმა ებრაელმა მეგობარმა გამიზიარა და იმდენად დიდი პოზიტიური ენერგიით ამავსო, მაშინვე ვთარგმნე ჩემი ონლიან-პროგრამის მონაწილეებისთვის და დავდე პროგრამის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<