„მინდა უკიდეგანო მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც“…

by admin | 9 июня, 2018 22:18

არასდროს გიგრძვნიათ? რაც უფრო იზრდება ჩვენი გულწრფელობის ხარისხი, როცა ცუდად ვართ, მით უფრო მარტონი ვრჩებით. თითქოს ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ჩვენი რუხი ამბებით მათ სიმწრით მოპოვებულ სინათლეს, როგორც ძვირფას მონაპოვარს, ვაფუჭებთ.

ვითომ გვერდით გვიდგანან, რომ სინდისი არ აუჯანყდეთ და სინამდვილეში ყველა სიტყვა იმ უჯრიდან აქვთ ამოღებული, რომელშიც პლასტმასის, ხელოვნური, უკაპილარებო გრძნობები აქვთ გადანახული ჩვენისთანებისთვის.

ისე ამაყად გვანუგეშებენ, თითქოს გვციოდა და ჩაგვაცვეს, მაგრამ რის გადაგდებასაც აპირებდნენ, ის მოგვცეს.

ცხადია, მადლიერნი უნდა ვიყოთ, გვათბით, მაგრამ ჩვენ მაინც სულ ისეთს ველოდებით, ვინც იმას გაიღებს, რაც უყვარს, იმიტომ, რომ ცისფერი თვალები გვაქვს და ჩვენ უფრო მოგვიხდება მისი ჯემპრი…

ასეთები თითქმის არ არსებობენ და მინდა უკიდეგანო მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ზღურბლთან კი არ მოვგაწვდის ხურდას, როცა მარტონი ვართ და ამაყად კი არ მოხურავს კარს, ადგება და საკუთარი გულის მისაღებ ოთახში გვასადილებს მზით და ისე უხმოდ და ჩვეულებრივ გააკეთებს ამას, თითქოს უბრალოდ ერთი ყლუპით ნაკლები ჟანგბადი ჩაისუნთქა ჩვენს გამო. ან ერთი ყლუპით მეტი. სხვა არაფერი.

მაია სარიშვილი

ნანახია:(202)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/minda-ukidegano-madloba-vutxra-yvelas/