„მეუბნებიან ამერიკაში ხარ და აქ რა გინდაო“- ქართველი მხატვრის წარმატებები და ოცნება … | Jolo.ge


„მეუბნებიან ამერიკაში ხარ და აქ რა გინდაო“- ქართველი მხატვრის წარმატებები და ოცნება …

„მეუბნებიან ამერიკაში ხარ და აქ რა გინდაო“- ქართველი მხატვრის წარმატებები და ოცნება …

ოთხი წლიდან მღერის და მსოფლიოც, ანსამბლთან ერთად, ჯერ კიდევ, საბჭოთა პერიოდში მოიარა, მაგრამ მაშინ უცხოეთში დარჩენისა და იქ ცხოვრების სურვილი არ გასჩენია…  დიდ სცენასა და ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ბევრის გასაკვირად სიმღერას ხატვა არჩია …  

ნიჭიერი მხატვარი ხარო, როდესაც აქებენ, გენეტიკას „აბრალებს“, მისი დამსახურებააო…

ახლა ამერიკაში ცხოვრობს. იქ წლების წინ, საკუთარი ნახატების გამოფენამ „მიიტყუა“ და რამდენიმე თვით ჩასული მხატვარი 15 წლით დატოვა. ამერიკამდე კი საქართველოში, აკვარელის ოსტატად მონათლეს და დიდი მომავალი ამ სფეროშიც უწინასწარმეტყველეს. ახლა უკვე ცნობილი მხატვარია… დღეს, ცირა ახობაძის ნამუშევრები მსოფლიო დონის გალერეებში იფინება. მას კერძო კოლექციონერები ყიდულობენ. 

რამდენიმე კვირის წინ კი მანჰეტენზე, არტპრომოუშენ კომპანია Madatart-ის ორგანიზებით, მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო. ამ გამოფენის შემდეგ  ცირა ახობაძის ნამუშევრების გაყიდვებისა და შეკვეთების რაოდენობამ 60% -ით იმატა.

ქართველი მხატვრის  ნახატები, მსოფლიოში ხელოვნების ყველაზე დიდ ბაზრობაზე  Art expo New York — ზეც გამოიფინა და მალევე ამ საერთაშორისო გამოფენის ვებ. გვერდზე განთავსდა. ნიუ იორკის არტ ექსპო ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ მხატვრებს მასპინძლობს. ვებ. გვერდზე მოხვედრა კი ცნობილი მხატვრებისთვისაც სირთულეს წარმოადგენს…

„აქ ჩემ ნახატს არ ველოდი… ეს სიურპრიზი და დიდი სიხარული იყო, რამაც ძალიან დიდი სტიმული მომცა“ — ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალბატონი ცირა.

-როგორც ვიცი 15 წლის წინ, თქვენი ამერიკაში გამომგზავრებაც გამოფენას უკავშირდება

— კი ასე იყო, ჩემი ნახატები გამოფენილი იყო ამერიკაში, ვფიქრობდი რამდენიმე თვით გავემგზავრები და მერე უკან დავბრუნდები-მეთქი. მადლიერების დღეს ჩამოვფრინდი. სამის ნაცვლად, 6 თვიანი ვიზა მომცეს. ამერიკელმა მესაზღვრე ოფიცერმა მომილოცა,  ვუთხარი აქ არ ვრჩები-მეთქი. გამიღიმა, —  აქ დარჩებიო. მისი დასკვნა გამართლდა. მართლაც ასე მოხდა. არეულობა იყო თბილისში , კოლეჯი, სადაც ვასწავლიდი დროებით დაიხურა… ამიტომ ვიფიქრე ერთი წელი გავჩერდები და მერე დავბრუნდები მეთქი. საბოლოოდ ეს ერთი წელი 15 წლად იქცა …

 

— დღეს განწყობა როგორია?

— განწყობა? მებრძოლი… შემიძლია, თუ არ შემიძლია, მაინც უნდა გავაკეთო, ამ განწყობით მოვდივარ მთელი ცხოვრება. სტუდენტობისას ჩემი ლექტორი ხუმრობდა — „მაინც ამოვთხრი“ მოდისო… ეს შემართება მაქვს დღესაც … ამის გარეშე გამიჭირდებოდა…

ყოველ დილით ჩემ თავს ვეუბნები — ყველაფერი კარგად იქნება. უფრო მეტიც ირგვლივ, რომ ყველაფერი ინგრეოდეს, მაინც გავიძახი, — ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ეს დიდ ძალას მაძლევს და მერე ყველაფერი მართლა ისე მიდის, როგორი შინაგანი დამოკიდებულებაც მაქვს.

აქ იმხელა მეგაპოლისია, ისეთი არეულობაა და სიგიჟე, რომ თავიდან ძალიან იმოქმედა… დაძაბული ცხოვრების რიტმიდან  გამოსავალს ვეძებდი და ვიპოვე…

ახლა სულ კარგზე ვფიქრობ, კარგს ვეძებ… ხშირად ვპოულობ… თუ ვერ ვპოულობ, ჩემს ნახატებში ვინაცვლებ,  ნახატები დადებითად მმუხტავს… ლამაზი და თბილი ფერები მამშვიდებს და მავსებს…

დიდ ენერგიას ვღებულობ ხატვის პროცესშიც…

მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ხატვა შემიძლია, ეს არის ის, რასაც ყველანაირი დაძაბულობიდან გამოვყავარ…

თვითონაც ვერ ხვდები რა ხდება…

როგორც კი დასახატად ჯდები აბსოლუტურად წყდები მდგომარეობას, არაფერზე ფიქრობ, არაფერი გეხება ამ ქვეყნად… თითქოს ამ ზონიდან გადიხარ სადღაც… დროს ვერ გრძნობ…

-ეს პროცესი რამდენ ხანს გრძელდება?

-ხშირად 12-14 საათი … გამთენიისას ჩიტების ჭიკჭიკი მაფხიზლებს, დილის 6 საათზე ვწვები დასაძინებლად, მუშაობა ძირითადად ღამით მიყვარს, სიმშვიდეში.

— 12-14 საათი ხატვა, ეს რთული არ არის?

-არა, პირიქით, ეს ყველაზე კარგი და სასიამოვნო მომენტია ცხოვრების. უბრალოდ ამ ბოლო დროს ხელმა შემაწუხა და ამას განვიცდი. ტკივილი მაღვიძებს… ხელის ზედმეტად დატვირთვამ გამოიწვია დაავადება, რომელიც ძირითადად მხატვრებს, მოქანდაკეებსა და ტენისის მოთამაშეებს ემართებათ…  ხატვას მაინც ვერ ვეშვები, ვერ ვასვენებ ხელს…

-ზოგადად სირთულეებთან ჭიდილი გიყვართ?

-მიყვარს, სტუდენტობის დროსაც ასე იყო და ახლაც ასე გრძელდება …

როდესაც თბილისში მოდელირების ფაკულტეტზე ვსწავლობდი კოსტიუმი ძალიან ადვილი მეჩვენა და ტრიკოტაჟზე გადავედი, ის უფრო მერთულებოდა და ეს მომწონდა.

ორნამენტებზე 6-7 საათი ვმუშაობდი. მაშინ არც კომპიუტერი იყო და არც ასე შეზავებული ფერები, საღებავებს ჩვენ ვამზადებდით.

ეროვნული მოტივი თანამედროვე მოდაში ამ განხრით საკმაოდ კარგი ნამუშევრებიც მქონდა,  ყოველდღიურ ხმარებაში მინდოდა მომექცია ქართული ორნამერნტები … მაშინ ეს ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე.

არ ფიქრობთ, რომ როდესმე დადგება ამის დრო და გააკეთებთ?

აუცილებლად გავაკეთებ, ახლა ბევრად უფრო ადვილია. დღეს კომპიუტერით კეთდება ის, რასაც მაშინ ძალიან დიდ დროს ვანდომებდით. მაშინ ყველაფერს ვაკეთებდით ხელით. სულ მილიმეტრობით ვხატავდით.

-თქვენი ნახატები მაისურებზეც ვნახე, ძალიან ლამაზი და ორიგინალურია…

-კი, პრინტად გადავიტანე მაისურებზე. ამერიკელებს ძალიან მოსწონთ… თბილისშიც აცვიათ, რაც ძალიან მახარებს…

ვიყენებ ორნამენტებსაც, ოღონდ ამჯერად ხელნაკეთ საახალწლო სათამაშოებში, ამ სათამაშოების შექმნა აქ დავიწყე. თავიდან ვერთობოდი, გაყიდვაზე არც მიფიქრია, საერთოდ გაყიდაზე რომ მიდგება საქმე, რაღაც მემართება, მირჩევნია გავასაჩუქრო, ვიდრე გავყიდო. ნახატებზეც ეს მჭირდა დიდი ხნის განმავლობაში…

დღეს იმდენი მწერს შენი ნაჩუქარი ნახატი გვაქვს სახლშიო, მე თვითონვე გაკვირვებული ვრჩები… სათამაშოების გაყიდვა წელს დავიწყე. უამრავი შემოთავაზება მივიღე, 2018 წლის კონტრაქტები გავაფორმე, 2019-ში ან 20-ში ამ ორნამენტების რამდენიმე ხაზის გამოშვებას აპირებენ.

 

 

— მხატვრები ზედმეტად მგრძნობიარენი და ასევე  ცოტათი უცნაურებიც არიან, ალბათ უცნაურობები თქვენც გახასიათებთ?

-ალბათ მახასიათებს…

ხმაურში ვერ ვხატავ , ვხატავ მაშინ, როცა სიმშვიდეა და როცა არავის ხმა არ მესმის. ვხატავ აუცილებლად მუსიკის ფონზე, მუსიკის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

სულ რაღაცის ძიებაში ვარ, საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასოდეს ვარ, როცა  რამეს გავაკეთებ არ მომწონს, სხვებს შეიძლება ძალიან მოსწონდეთ, მე არა. ყოველთვის რაღაცა მეტი მინდა, ყოველთვის რაღაცას ვეძებ…

ცუდი თვისებაც მაქვს, — რაც მომწონს მომწონს, რაც არ მომწონს ვერ მაღიარებინებ. ან მომწონს ან არ მომწონს. ან მიყვარს ან არ მიყვარს. საშუალო არასოდეს მქონია და არც დღეს მაქვს. ისწავლიო მითხრეს, მაგრამ ვერ ვისწავლე ვერანაირად.

უცანაურობაა ალბათ ისიც, რომ ნახატებს სახელსა და გვარს არ ვაწერდი. ასე ვიყავი სტუდენტობიდან მოყოლებული ძალიან დიდხანს… წლების წინ პავლოვზე, ერთი ცნობილი სახელოსნო-სალონი იყო. პირველ ან მეორე კურსზე, იქ რამდენიმე ნახატი მივიტანე, მაინტერესებდა ვინმე თუ იყიდდა. მაშინ აბსტრაქციას ვხატავდი აკვარელში. ერთი თვის შემდეგ, როდესაც სახელოსნოს მივაკითხე დირექტორი მეუბნება, — შვილო, დაგავიწყდა, რომ სახელი და გვარი უნდა მიაწერო ნახატს? იყიდეს, მაგრამ გული დასწყდათ ინიციალები მაინც ჰქონოდაო…

წლები გავიდა ასე, რამდენიმეს მამიდაჩემის ხელით აწერია ცირა ახობაძე. კი არ მავიწყდებოდა, უბრალოდ ვფიქრობდი — ჩემი სახელი და გვარი იმდენად არაფერს წარმოადგენს როგორ მივაწერო-თქო.

ახლა ვაწერ, ეს ჩვევა აქ გამომიმუშავდა. ერთ-ერთ გალერეაში მისაყვედურეს,  — ფრანგებმა იყიდეს შენი ნახატები და რადგან არცერთს შენი ხელმოწერა არ ჰქონდა, ჩვენ მივაწერეთ, რაც ძალიან არ მოეწონათო… ამათთვის  მიუღებელია, ჰოდა, გავხდი „იძულებული“.

-ამერიკაში მცხოვრები ქართველები თუ ყიდულობენ ნახატებს?

-იშვიათად… პერსონალურმა გამოფენამ ჩემი ნახატების გაყიდვა საგრძნობლად გაზარდა, ძირითადად მანჰეტენზე იყიდეს, მყიდველებს შორის კოლუმბიის უნივერსიტეტის რამდენიმე ლექტორიც იყო …

მადლობა ღმერთს რომ, ნახეს და ასე ძალიან მოსწონთ. მაგრამ სამწუხაროა რომ ძირითადად უცხოელები ყიდულობენ, არადა ისეთი ფასებია, რომელსაც ქართველიც შეწვდება, მინდა ქართველსაც ჰქონდეს ჩემი ნამუშევარი, მაგრამ?…

-ამერიკაში პერსონალური გამოფენის მოწყობა არ უნდა იყოს ადვილი

ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ Madatart -მა ეს შეძლო. ამ კომპანიის დამფუძნებელმა მარიტა დამენიამ ყველანაირად შეგვფუთა და წარმოგვაჩინა. ეს, ამერიკელებს ძალიან მოსწონთ და ჩვენთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს. აქ თუ მენეჯერი არა გყავს, რაც არ უნდა კარგი მხატვარი იყო.  არავინ გიკარებს.

მიხარია, რომ გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ამდენი ქართველი მხატვარი გამოჰფინა. თან სად — ჩელსიში. ამაზე უკეთეს ადგილას არა მგონია ამერიკაში ვინმე იფინებოდეს. ეს ყველაზე დიდი არტ სივრცეა. Madatart-ი კი უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით.

მადლიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ ამ კომპანიის წევრი ვარ.

ახლა სექტემბრის გამოფენისთვის ვემზადებით…  გრაფიკისა და აკვარელის შემდეგ, ვფიქრობ ზეთში შესრულებული ნამუშევრები გავიტანო. მიუხედავად ჩემი ხელისა, ნამუშევრები თითქმის მზად მაქვს.

— ყველაზე დიდი ბედნიერება თქვენთვის რა არის?

-ახლა ერთი ისტორია გამახსენდა.

თბილისში ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტზე კომპოზიციასა და ფერწერას ვასწავლიდი…

წლების წინ კი ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე ვიღაცის ყვირილი მესმის — ცირა მააასწ. ვერ გეტყვით რა დამემართა. სუნთქვა შემეკრა, ერთიანად გამაჟრიალა. ჩემი სტუდენტი იყო საქართველოდან…

წლების შემდეგ იგივე განმეორდა თბილისშიც, გასულ წელს ერთ-ერთი ჩემი სტუდენტი, დათო კვანტალიანი, რომელიც უკვე თავად გახლავთ ლექტორი, შემთხვევით  ბაზრობაზე მხვდება და ბოლო ხმაზე ყვირის, — ცირა მააასწ — ეს, ყველაზე დაუვიწყარი შეგრძნებაა…

15 წლის შემდეგ სტუდენტი რომ გცნობს ქუჩაში, გეხვევა, მიყვარხარო გეუბნება, ბევრ რამეს გახსენებს — თქვენ რაც მასწავლეთ იმან ძალიან ბევრი რამ მომცაო… მდლობებს გიხდის… აი, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.  ამ სიყვარულს ვერანაირი გამოფენა ვერ შეცვლის…  მოსწავლეები, სტუდენტები, — ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა… რაღაც რომ ჩადე და სადღაც გააამართლა. ჩემშიც ხომ, ჩადო ჩემმა ლექტორმა ის კოდი, რომელიც მთელი ცხოვრება მომყვება. დღემდე მახსოვს ია ფიცხალაური და სახელოსნო, ომის პერიოდში, იმ ჩაბნელებულ და ცივ ქალაქში ყველაზე ნათელი ადგილი ჩვენთვის…. მადლიერი ვარ მისი…

 

— რა ოცნება გაქვთ?

-ძალიან მინდა საქართველოში… მინდა საქართველოში ვიყო წარმატებული და არა ამერიკაში.  ზოგი, პირიქით არის, ამერიკაში მკვიდრდება და ეს არის მისთვის ბედნიერება… მე ჩემ პატარა საქართველოს არაფერი მირჩევნია… იქ არის ყველა — ჩემი კოლეგები, ჩემი სტუდენტები,  ჩემი ბევრი ახლობელი, ნაცნობი, ნათესავი, მეგობარი…

ვიცი, რომ ერთ დღესაც ეს ოცნება  აუცილებლად ამისრულდება… მაგრამ ეს დღე როდის იქნება არ ვიცი….

მეუბნებიან ამერიკაში ხარ და აქ რა გინდაო… მე ვპასუხობ — თქვენ არ იცით სად ხართ!

— სად ვართ?

-ყველაზე თბილ გარემოში, იქ სადაც შენი ნახვა უხარიათ მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, სტუდენტებს, მეზობლებს… ყველას… როდესაც საქართველოში ჩავდივარ ისეთ დიდ ენერგიას ვღებულობ, აქ დაბრუნებულს მთელი ერთი წელი მყოფნის.

 

ავტორი: დეა თავბერიძე

 

http://madatart.com/index.php?main_page=index&cPath=2_88

 

ნანახია:(1438)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

ექსკლუზივი: პირველად ქართულ რეალობაში 13 წლის ბიზნესლედი დიდი გეგმებით

„ფიქრები რეალობაში გადადის, როდესაც ამას აცნობიერებ, სტიმული გეძლევა რომ ოცნებები მიზნებად აქციო, მიზნები კი საქმედ“ — მეუბნება 13 წლის ელენე(დოდოლი)


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ათშვილიანი ოჯახის რესტორანი და 22 წლის გენერალური მენეჯერი

22 წლის არის და უკვე ქალაქში ყველაზე ორიგინალური და განსხვავებული რესტორნის მთავარი მენეჯერი და მმართველია. ეს საოჯახო ბიზნესია, რომელიც ქურასბედიანების


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ჭურჭლის მწმენდავიდან უმსხვილესი კომპანიის გენერალურ დირექტორობამდე

რვა ქვეყნის ლიდერიდან ეს ჯილდო მხოლოდ მას ხვდა წილად. რაც, მთავარ პოზიციაზე დანიშვნიდან პირველივე წელს მოხდა. საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების კავშირის


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*