„მე ვიცნობდი ღმერთს“ — დინა მირცხულავა

by admin | Февраль 7, 2019 13:20

მე ვიცნობდი ღმერთს.
მიწისქვეშა გადასასვლელის ბოლოში იჯდა.
მუყაოს ყუთზე მზესუმზირა და გოგრის გარჩეული გული დაეწყო და ჰყიდდა.
მოხუცი და დალეული იყო.
რამეს რომ მივუტანდი, იმ ცივ ხელებში მოაქცევდა ჩემს ხელს და მლოცავდა — ათი ჩემი ხნისა მოიყარეო.
ერთხელ შავი ჟაკეტი მოვპარე დედას და მივუტანე.
რა უნდა აჩუქოს ადამიანმა ღმერთს ზამთარში, თუ არა თბილი ჟაკეტი ?!
მერე თბილი ფეხსაცმელები მივუტანე.
— ღმერთო, ნუ გამაგიჟებ, სახლიდან მეკარგებაო ტანსაცმელი — მხრებს იჩეჩავდა დედაჩემი.
ჰოდა, არ აგიჟებდა ღმერთიც.
გასუსული ვიჯექი მეც.
რომ მეთხოვა, არ მეტყოდა უარს, მაგრამ არავის უნდა სცოდნოდა, რომ ღმერთი იჯდა მიწისქვეშა გასასვლელის ბოლოში და მზესუმზირას ჰყიდდა…
და რომ მე ვიცნობდი გაადამიანებულ ღმერთს — ყველაზე მარტოსულსა და მოწყენილს მთელს პლანეტაზე.
რამდენიმე დღით მომიწია ქალაქიდან წასვლა და უკან მობრუნებულს მიწისქვეშა გასასვლელი სულ სხვანაირი დამხვდა.
პატარა ჯიხურები ჩაედგათ და გაენათებინათ…
იყო უფრო ლამაზი, მაგრამ უღმერთო.
გარემოვაჭრეები აყარეს — არც შემოუხედავს ქალს, ისე მიპასუხა ჯიხურიდან.

დადის ღმერთი დედაჩემის თბილი ჟაკეტითა და თბილი ფეხსაცმელებით…

დავდივარ მეც ღმერთისტოლა ნაბიჯებით და მიხარია, რომ მილიონ ადამიანში ამოვიცნობ ღმერთს დედაჩემის ტანსაცმელში…

დინა მირცხულავა

[1]

ნანახია:(91)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2019/02/დინა.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/me-vicnobdi-gmerts/