მე და „შენ“ | Jolo.ge


მე და „შენ“

მე და „შენ“

მე ბევრი სილამაზე დამინახავს იქ, სადაც შენ მხოლოდ სიცარიელეს ხედავ.

ვხედავ სიკეთეს იქ, სადაც შენ ბოროტებას,
და ბოროტებას იქ, სადაც შენ — სიკეთეს..

ბევრი რამ მიყვარს, რაც შენ გძულს,
და ბევრი რამ მძულს, რაც შენ გიყვარს..

მე მძულს შეცოდება, შენ კი გძულვარ იმის გამო, რომ არ მეცოდება არავინ, მაგრამ… როგორ ველაპარაკო უმაღლეს თანაგრძნობაზე მას, ვინც შეცოდებაში შენიღბულ დამცირებას ვერ ხედავს?..

მე არ მესმის ფარისევლური ზრდილობა, შენ კი ვერ მიტან იმის გამო, რომ ზრდილობას არ ვცნობ, მაგრამ როგორ ავუხსნა რა არის გულწრფელობა მას, ვინც მათ შორის სხვაობას ვერ ხედავს?.. ვერ ხედავს, რომ «ზრდილობა» ხელოვნებამდე აყვანილი ტყუილის ნიღაბია მხოლოდ, მაგრამ როცა გული წრფელი გაქვს, ღიმილი კი უნებლიე, ის უბრალოდ არ გჭირდება.

მე ვერ გავუგე მორალს, შენ კი ამორალურად მიგაჩნივარ, მაგრამ… როგორ შევეხო მის სინდისს, ვინც ის საკუთარ თავში… საკუთარ სულში უნდა იპოვოს თვითონ!.. და თუ იპოვის, ძალიან შორს აღმოჩნდება იმ ეგოისტური საზოგადოებრივი “მორალისგან”, რომელიც ასე უსასრულოდ გვაშორებს სინდისს, ჩვენი სულის კარნახს!..

მე არ ვცნობ წესებს, შენ კი უწესოს მიწოდებ, მაგრამ როგორ გაგაგებინო, რომ მხოლოდ წესების დარღვევით შეგიძლია ფრთების ბორკილებისგან დახსნა და თავისუფლების ქარს აყოლა, მაშინ, როცა ბორკილებში კომფორტულად გრძნობ თავს და პასუხისმგებლობაც მათზე გაქვს აკიდებული…

მე დავცინი მორცხვობას, შენ კი უსირცხვილოდ მიგაჩნივარ, მაგრამ რითი მიგახვედრო, რომ სამარცხვინო ნიღბის ტარებაა მხოლოდ!.. ხელოვნური ნიღბის, რაც შენში იმ სინათლეს ახშობს, რომლის შესახებაც თავად არ იცი. ეს რომ იცოდე, არ შეგრცხვებოდა იმ სინათლის, რომლის მატარებელიც სინამდვილეში ხარ. სირცხვილი ხომ მხოლოდ ნიღბის ტარების ნიშანია!

ჰო!.. მე მძულს ყველაფერი, რაც შენ ბუნებას აკნინებს და ამცირებს, და რა უფლებით მოგთხოვო გამიგო ის სიყვარული და ნოსტალგია, რაც შენი სულის სიღრმეში დიდი ხნით დაასამარე, სიყვარულს კი ცხვირწინ მიუჯახუნე კარი!

არა, მე ვერ გამიგებს ადამიანი, რომლის სულშიც ეს ნოსტალგია მკვდარია…

მხოლოდ ცაში მონავარდე ქარი გამიგებს ლაღი ფრენის წყურვილს;
მხოლოდ თავისუფლად მდინარე ნაკადული იგრძნობს ჩემ ურცხვ დინებას;
მხოლოდ ზღვაში ჩავარდნილი წვეთი მიხვდება მის ფსკერზე დაშვების ამორალურობას;
მხოლოდ კლდეზე ამოზრდილი ყვავილი დამეთანხმება, რომ ყველა წესი დარღვევადია;
მხოლოდ მზე მეტყვის, რომ ვარსკლავების შეცოდება განთიადის გამო სიბრიყვეა…

 

ემა ომანაძე

Emma

ნანახია:(348)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფრანგი ქალების საიდუმლო — ანუ «ფრანგ ქალებს მარტო არ სძინავთ»

ქეთ ჯეიმი ქალანის წიგნი „ფრანგ ქალებს არ სძინავთ მარტო“ არ არის საჭმელებზე ან დიეტაზე, მაგრამ ის უნდა წაიკითხოს ყველამ, ვინც


5 მიზეზი, რატომ ვერ ხვდებით სწორ მამაკაცს

ძალიან ცოტაა ისეთი ქალბატონი, რომელსაც ჰკითხავთ როგორი მამაკაცი ჰყავს გვერდით და გიპასუხებთ, რომ ზუსტად ისეთი, როგორიც სურდა. რა არის მიზეზი


ქალი – მარტო, საკუთარ თავთან

ქალი – მარტო, საკუთარ თავთან საკუთარ ცხოვრებაში მამაკაცის დროებით არ არსებობას ბევრი ქალი კატასტროფად აღიქვამს. ამ დროს მსგავსი აზრები უკიდურესად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*