„მასწავლებელიც შემეშვა. ყველა. არც დედაჩემს უკითხავს, რა მოხდაო“ — მაია სარიშვილი | Jolo.ge


„მასწავლებელიც შემეშვა. ყველა. არც დედაჩემს უკითხავს, რა მოხდაო“ — მაია სარიშვილი

„მასწავლებელიც შემეშვა. ყველა. არც დედაჩემს უკითხავს, რა მოხდაო“ — მაია სარიშვილი

თოჯინების თეატრიდან ისევ სკოლაში დაგვაბრუნეს ავტობუსით. მშობლებიც სკოლასთან უნდა დაგვხვედროდნენ და წავეყვანეთ სახლებში — ასეთი იყო შეთანხმება. ხოდა, ზოგს დედა დახვდა, ზოგს — მამა, ზოგს — ბებია, ზოგს — ვინ, ზოგს — ვინ, მოკლედ, გაიკრიფა ყველა და მხოლოდ მე ერთი შევრჩი დაცარიელებულ სკოლასა და ორ მასწავლებელს.
ქარი გლეჯდა და ფლეთდა ყველაფერს. ისე გუგუნებდა ცარიელი დერეფანი, მინებიც ისე ზრიალებდნენ, ხეებიც ისე ეხეთქებოდნენ ერთმანეთს, მომეჩვენა, რომ დრო ვეღარაფერს შეცვლიდა და მარადიულად ასე ვიდგებოდი: გაყინული, შეშინებული და შერცხვენილიც, რადგან მასწავლებლებს ჩემს გამო უწევდათ ლოდინი.
„აი, სულ ასეთი უპატრონოა” — თქვა ერთმა და ეს სიტყვა: „უპატრონო“ არაერთხელ დაირეკა ჩემს ცხოვრებაში — სამყაროს ყველა სკოლის ზარი რომ გააერთიანო, იმაზე მილიონჯერ ხმამაღლა.

ისეთი მგრგვინავი წუთები იყო, ყველაფერი დეტალურად მახსოვს: როგორ ნერვიულად ვცდილობდი ცალ ფეხზე შემოგრეხილი შოკოლადისფერი რეიტუზის გასწორებას და ის მაინც როგორ თავიდან იგრიხებოდა. ბეწვის ქუდს როგორ ვიხურავდი სამ წუთში ერთხელ, რადგან მციოდა და მერე ისევ როგორ ვიხდიდი, რადგან ოფლით მისველდებოდა აწეწილი თმა. როგორ ველოდი, ველოდი, ველოდი დედას და ის კი არ მოდიოდა.
იქვე კედელზე ხუთოსანი ბავშვების სურათები იყო გაკრული და რამდენჯერაც ამ სურათებს შევხედავდი, იმდენჯერ გული მიჩერდებოდა სინანულითა და დანაშაულის განცდით, რადგან კარგად ვიცოდი, რა ძალიან გაუხარდებოდა ცხოვრებით გადაქანცულ და გულსაკლავი იმედით ჩემზე ჩაბღაუჭებულ დედას, რომ ჩემი სურათიც ენახა აქ, ამ კარგი, ძალიან კარგი, ძალიან, ძალიან კარგი ბავშვების ფოტოების გვერდით, მათი ფოტოების გვერდით, ვინც ჩემზე ძლიერი, ჩემზე ნიჭიერი, ჩემზე ყოჩაღი, ჩემზე ბეჯითი და თავიანთ დედებზე ჩემზე მეტად შეყვარებული აღმოჩნდა.

„მოვედი“ — შემოანგრია შუშის კარი დედაჩემმა. მასწავლებლებმა თავები სინქრონულად გადაიქნიეს. „დამაგვიანდა“ — თქვა დედამ, როგორც კი სკოლის კარი გამოვიხურეთ და ქარმა ეს სიტყვა წამში დაფლითა და კორპუსებს იქით მოისროლა. დედაჩემს შეეძლო ასე უცნაურად ელაპარაკა: ერთ სიტყვას იტყოდა და ნიშნავდა მთელ ამბავს.

ახლა ეს „დამაგვიანდა“ ნიშნავდა იმდენ მწარე კადრს, რომ მე აღარაფერი ვკითხე. იცოდა, ის ვიყავი, ვინც ერთი სიტყვის უკან აზრიალებულ ყველაზე დაუტეველ სათქმელსაც რომ გრძნობდა და ჩუმად მოვდიოდით ქარში.
ამ დღიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ ქართულის გაკვეთილზე ერთ-ერთმა სხვა კლასის მასწავლებელმა შემოყო თავი: „სარიშვილი გარეთ გამოუშვი!“ გავედი. მიატოვა გაკვეთილი და გამომყვა გარეთ ჩემი მასწავლებელიც. „სარიშვილო, ქუდი რომ მოპარე ჩემს მოსწავლეს, ხვალვე დაუბრუნე, თორემ სკოლიდან გაგრიცხავთ!“კი დამიცვა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა — არაა ასეთი გოგოო, მაგრამ ის მასწავლებელი ამტკიცებდა, ჩემს კლასში შემობოდიალებული ნახეს ბავშვებმა და მას მერე დაიკარგა ქუდიო.
ერთმა ბავშვმა დაინახა კიდეც, წინსაფრის ქვეშ რაღაცას რომ მალავდაო. ჯერ გაოგნება მოვიდა, მერე შიში, მერე ცრემლები და საცოდავი ფიცი: „დედას გეფიცებით…“ მხოლოდ ამ ორ სიტყვას ვიმეორებდი ისტერიულად და მეგონა, როგორც მე ვხედავდი სიტყვების უკან ატუზულ სიმართლეებს, სხვებიც ასე უნდა მიმხვდარიყვნენ.
არ ყოფილა ასე. წლების მერე, ბევრი წლის მერე მივხვდი — რა დგას სიტყვებს უკან, ამას რომ ხვდებოდეს, ერთს ან ორს თუ გადაეყრები მთელი ცხოვრების მანძილზე.
ატირებული შევბრუნდი კლასში. საჯაროდ ტირილი არასდროს მიყვარდა. მხოლოდ ამ ერთხელ ვიტირე მგონი მთელი თერთმეტი წლის განმავლობაში. მეორე დღეს ქუდის პატრონი ბიჭი და მისი კლასელები დამდევდნენ და დამცინოდნენ, პანღურებს მირტყამდნენ, კაბას მიწევდნენ და ქურდს მეძახდნენ.
მესამე დღეს ისევ ის მასწავლებელი გამომეცხადა დერეფანში და ისევ გარიცხვით დამემუქრა, თუ სასწრაფოდ ქუდს არ დავაბრუნებდი. მომეჩვენა, რომ გამოსავალს მივაგენი და ვეკითხები ამ მასწავლებელს: „რა ფერის იყო ქუდი?“გაოცდა ჩემი ღიმილით: „ლურჯი. მუქი ლურჯი“.
საღამოს დედა სიცხიანი დაბრუნდა სამსახურიდან და ლოგინში ჩაწვა. დედა კარგად ქსოვდა და ამოვატრიალე მთელი კარადა, ვიდრე მისი ხელით მოქსოვილი ჯემპრი არ ვიპოვე. ლურჯი და ნაცრისფერი ზოლებით იყო. დავიწყე დარღვევა და ლურჯი ძაფი ცალკე გადავახვიე, ათას ადგილას მომიწია გადაკვანძვა. ნაცრისფერი გადაუხვეველად შევჩურთე უჯრაში.
დავადექი თავზე სიცხიან დედაჩემს და დავუწყე ხვეწნა, გთხოვ, ხვალ დილისთვის ქუდი მომიქსოვე-მეთქი. კი დამისვა რამდენიმე კითხვა გაოცებულმა, მაგრამ სულ რომ არ ველოდი, აი, ასე, დილით დამხვდა ქუდი, რომელიც იმ ბიჭს წავუღე სიხარულით და შემეშვა.
მასწავლებელიც შემეშვა. ყველა. არც დედაჩემს უკითხავს, რა მოხდაო, არ ეცალა ჩემს ამბებში საძრომიალოდ, ბევრად მძიმე ხლართებით იყო გაკოჭილი.
იმ ზაფხულს ყაზბეგში წავედით მთელი ოჯახი. ჩავედით თუ არა ავტობუსიდან, გაწვიმდა ოდნავ და მესმის შორს, ნისლიდან მეძახის ვიღაც. მივედი და დგანანის ლურჯქუდინი ბიჭი და მამამისი. მიცინიან ორივენი: ვახ — ეს კაცი ამბობს — საოცრება არაა, აქ რომ გნახეთო. თანაც — ნახეო — და თავზე უკაკუნებს თავის შვილს გრძელ საჩვენებელ თითს — შენი მოტანილი ქუდი ახურავსო.
ვერასდროს გავბედავდი ალბათ, მაგრამ არ ვიცი, რა დამემართა: გთხოვთ, დამიბრუნეთ ეს ქუდი, დედაჩემის მოქსოვილია-მეთქი. ეტყობა ისეთი ხმითა და სახით ვითხოვე, მომცეს. ჩავიდე ჯიბეში და წამოვიღე, როგორც უძვირფასესი რამ. მთელი სხეული მიკანკალებდა. პირველი რამდენიმე ღამე ბალიშის ქვეშ ვიდებდი და ისე ვიძინებდი.
ერთ დღეს კი მამაჩემმა — მათხოვეო. საერთოდ ქუდს არ იხურავდა, მაგრამ: მოხალისეები რაღაც მწვერვალის საპყრობად მივყავართ და შემცივდებაო. ვათხოვე. რომ დაბრუნდა, ქუდი აღარ ეხურა, სადღაც გზაში დავკარგეო და დავინახე,სიცხიანი დედაჩემის აკანკალებული ხელებით მოქსოვილი ქუდი როგორ ეგდო სიჩუმესა და სიმარტოვეში და როგორ იყინებოდა და იფარებოდა თოვლით. სამაგიეროდ, ნახე, რითი დამაჯილდოვეს მწვერვალის დაპყრობისთვისო — და წერაქვი გამომიწოდა. მამა აღარაა ცოცხალი. აღარც — დედა. წერაქვი ისევ მამას ოთახში დევს

მაია სარიშვილი

ნანახია:(183)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„თუ ერთ ადამიანს უყვარხარ, ყველა სიყვარულით შემოგცქერის“ — პაულო კოელიო

„ყოველ დილით, მზესთან ერთად, ღმერთი იმ შესაძლებლობასაც გვიგზავნის, რომ შევცვალოთ ის ყველაფერი, რაც უბედურებას გვანიჭებს.“   „“სხვა“ ეს ის ადამიანია


წერილი ჩემს მომავალ სიძეს :):):):):)

გამარჯობა ჩემო ძვირფასო, ამ წერილს გაცილებით ადრე გწერ ვიდრე უნდა გაგიცნო, შენი გაცნობა სიმართლე გითხრა არ მეჩქარება, მაგრამ რაღაცეების თქმა


«ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს_წარსული»_ოსკარ უაილდი

1)ადამიანი ყველაზე გულწრფელი მაშინაა, როცა საკუთარ თავს ესაუბრება. მიეცით მას ნიღაბი და იგი სიმართლეს გეტყვით. 2)ყველა წმინდანს აქვს საკუთარი წარსული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*