ლოგოსის კრახი მაგიურ სამყაროში | Jolo.ge


ლოგოსის კრახი მაგიურ სამყაროში

ლოგოსის კრახი მაგიურ სამყაროში

ფილოსოფია მოკვდა, გაუმარჯოს…

„ბევრი რამ არის, ჰორაციუს, ისეთი, ჩვენს ფილოსოფოსებს რომ არც კი დაესიზმრებათ…

შექსპირი

ფილოსოფია მოკვდა! უფრო სწორად – მან თავი მოიკლა. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან მას, სხვა ყველასაგან განსხვავებით, არასოდეს არ ესმოდა, რომ სამყარო მაგიურია და არა ლოგიკური. დიახ, სამყარო ჯადოსნურია, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით – ის ზღაპრულიცაა, რომანტიულიც, მხიარულიც, მოწყენილიც… მასში არის ჯადოს ელემენტი, რომელიც მუშაობს როგორც მჩხიბავების, ისე კვანტური ფიზიკის დონეზეც…

კვანტური ფიზიკა ალბათ ბოლო ლურსმანი იყო ფილოსოფიის კუბოში ჩარჭობილი… ბოლოსწინა ლურსმანი გახლდათ თვით ფილოსოფიიდან წამოსული – პოსტმოდერნი. მან საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ფილოსოფია არ მუშაობს, რომ სამყაროს ახსნისათვის ის გამოუსადეგარია. ეს მან დაამტკიცა ყველაფერ იმის ეფექტური დეკონსტრუქციით, რაც მანამდე იყო და საკუთარი შეუმდგარობით. მან დაამტკიცა, რომ ნებისმიერი კონსტრუქცია მხოლოდ კონსტრუქციაა, რომელსაც ვერასოდეს გუობს ცოცხალი რეალობა, და წამოაყენა უკონსტრუქციობა (ღმერთო, როგორ დაგვცინი!..), როგორც ერთადერთი კონსტრუქცია. მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანებს (როგორც ჯერ განუვითარებელ არსებებს), ჭირდებათ კონსტრუქციები, და თანაც კოლექტიური ფუნქციონირებისათვის, პოსტმოდერნის ფილოსოფია იქცა გახდა მეინსტრიმულ პარადიგმად.

პოსტ–მოდერნმა დაამტკიცა, რომ პლატონის იერარქია მხოლოდ კონსტრუქციაა, მაგრამ ვერ შეამჩნია, რომ ჟაკ ლაკანის „რეალურ–სიმბოლურ–წარმოსახვითის“ ტრიადაც ასეთივე უსარგებლო კონსტრუქციაა, რადგანაც ახლოსაც ვერ მიდის რეალობის ადეკვატურ ასახვასთან…

პოსტ–მოდერნმა მოკლა მეტაფიზიკა, მაგრამ მხედველობიდან გამორჩა, რომ მან მხოლოდ მოშინაურებული ცხოველი მოკლა, მაშინ როცა ნამდვილი მხეცები ტყეში დარბიან… მას გამორჩა, რომ მეტაფიზიკაც აღწერის მცდელობაა, რეალობის სიტყვებში გადმოტანის მცდელობა, და რომ მისი მოკვლით თავად რეალობა ხელშეუხებელი რჩება.

მაშინ როცა იუნგის არქეტიპები ხან გროფის „ელესდე“ ფსიქოტერაპიის, ხან მისივე ჰოლოტროპული სუნთქვის, ან სხვა ფსიქოპრაქტიკების დროს დაუსრულებლად გამოვარდებიან ხოლმე ცალკეული ინდივიდების არაცნობიერიდან,

მაშინ როცა არსებობს ჯონ ლილის (ან იგივე გროფის) მრავალფეროვანი „ფსიქიკის რუკები“,

მაშინ როცა ტერენს მაკენა “დიემტი“ თრიფებში ადამიანისთვის წარმოუდგენელ არსებებს ებაასება,

როცა რალფ მესინგი და ედუარდ კეისი მომავალს წინასწარ ხედავენ,

ნიკოლო ტესლას კი ხელშეუხებლად გადმოაქვს „შეცვლილი დგომარეობებიდან“ იმ გამოგონებების ნახაზები, რომლებიც საუკუნეებით უსწრებენ მეცნიერების განვითარებას,

მაშინ როცა ფსიქოდელიკები მეცნიერებს ურთულესი მათემატიკური გათვლების წარმოებაში ეხმარება და ნობელის პრემიის ღირს აღმოჩენებს აკეთებინებს,

მაშინ როცა იოგები თვეობით ტოვებენ სხეულს და შემდეგ უვნებლად ბრუნდებიან მასში,

მაშინ როცა არსებობს ასტრალში მოგზაურობის ყველასათვის ხელმისაწვდომი ტექნიკები,

მაშინ, როცა წყალი სიტყვა „სიყვარულის“ გაგონებისას სიმეტრიულ სტრუქტურას იღებს, სიტყვა „სიძულვილის“ გაგონებისას კი – ასიმეტრიულს,

და მაშინ, როცა ატომი ერთდროულად ნაწილაკიც არის და ტალღაც, არაფერი ისე სულელურად არ გამოიყურება, როგორ სამყაროს ფილოსოფიურ ტერმინებსა და მოდელებში წიხლით ჩატენვის უბადრუკი მცდელობები…

ამიტომაც ფილოსოფია მოკვდა, რადგან არსებობის აზრი დაკარგა. ის ყოველთვის იარსებებს, როგორც თვითშემეცნების იარაღი ინდივიდის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ან როგორც სხვა ფილოსოფიურ დებულებათა დეკონსტრუქციის საშუალება, მაგრამ ვეღარასოდეს ვეღარ იქნება სამყაროს გაგების მეთოდი და მითუმეტეს ვერ ექნება ასეთი გაგებების მასებისთვის თავს მოხვევის უფლება.

ამიტომაც მოკვდა პოსტ–მოდერნიც თავისი უსაზრისობის საზრისით, უკონსტრუქციობის კონსტრუქციით…

როგორც ვთქვი, ადამიანებს ჯერჯერობით მაინც ჭირდებათ გამაერთიანებელი იდეები, ამიტომაც პოსტ–მოდერნის უსაზრისობა შეიჭრა ყველგან – ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიპლომატიაშიც კი, მაგრამ უსაზრისობა დამანგრეველია სიცოცხლისთვის, ის მომაკვდინებელია იმისათვის, რასაც „სული“ ეწოდება, რაც არ უნდა გაუგებარი იყოს ეს სიტყვა ფილოსოფოსის ტვინისთვის. ამიტომაც პოსტ–მოდერნი ვერასოდეს გახდება მასობრივი, ან თუ გახდება, ეს ყველაზე ტრაგიკული რამ იქნება ადამიანის ისტორიაში. ეს ასეა, რადგან პოსტ–მოდერნის უსაზრისობა არ არის პასიური, იგი ებრძვის საზრისს, როგორც ასეთს, პატარა ბავშვივით ისტერიკას იმართებს, იატაკზე გორდება, ჩხავის, ფეხებს აბაკუნებს და ყველა საზრისის დანგრევას მოითხოვს.

ამიტომაც იყო მისი ისტორია ასეთი ხანმოკლე. ამიტომაც ყველა ეძებს მისგან გამოსავალს. ამიტომაც იქმნება ათასნაირი „ალტერ–მოდერნი“ თუ „მეტა–მოდერნი“…

სასაცილოა მეტა–მოდერნის მცდელობა, შეარიგოს შეურიგებელი, შეარიგოს პრინციპული უსაზრისობა სუსტი საზრისების მკრთალ გამონათებებთან, რადგან შეუძლებელია ხან გვქონდეს საზრისი და ხან არა.

დასავლური აზრის განვითარების ასეთ სიტუაციაში, სიტუაციაში, სადაც ყველა „იზმს“ თავისი სიმართლე აქვს და სადაც ყოველი მათგანი უარყოფს სხვა „იზმებს“, სიტუაციაში, სადაც აზრმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები სამყაროს შეცნობის საქმეში და ყველაფერს გაუკეთა დეკონსტრუქცია, თავისი თავის გარდა, ანუ ყველაფერს მიხვდა, გარდა იმისა, რომ თავად არის შეცნობის ძალზე უსუსური მეთოდი; სიტუაციაში, სადაც ყველაფერი დაინგრა, თვით ნგრევაც კი, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი, რაც დაინგრა თავის ადგილზე დარჩა და მშვენივრად „მუშაობს“ (გახედეთ კაცობრიობას – ქრისტიანებს ისევ ემართებათ „გამოცხადებები“, ბუდისტები ისევ ნირვანაში სხედან ბედნიერად, მეცნიერება, მიუხედავად პოზიტივიზმის ფილოსოფიის კრახისა, მაინც სასარგებლოა, ფსიქოთერაპიის სხვადასხვა სკოლები, რომლებიც ერთმანეთს უარყოფენ, ერთნაირად ეფექტურად კურნავენ, ჯადოქრების გაკეთებული ჯადოები ბედს უკეტავენ იმათ, ვისაც ჯადო გაუკეთეს, ვუდუს შამანები კი ისევ იპარავენ ადამიანის სულებს…); ასეთ სიტუაციაში ერთადერთ შესაძლო ფილოსოფიად ყველაფრის დაშვებისა და მიღების ფილოსოფია მიმაჩნია და არა გამორიცხვისა და დეკონსტრუქციის.

ჩვენ უნდა მივხვდეთ, ბოლოსდაბოლოს, რომ სამყარო იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ჩვენ გვგონია, და რომ მისი სხვადასხვა ახსნები ერთმანეთს კი არ გამორიცხავენ, არამედ უფრო გასაგებს ხდიან მას. ჩვენ უნდა მივხვდეთ, როგორც ეს ძველ ინდურ იგავშია, რომ სპილო არ არის არც მხოლოდ მისი ხორთუმი, არც მხოლოდ მისი მუცელი, და არც მხოლოდ მისი ფეხი…

დასავლური აზროვნების ბობოქარმა ტალღამ გადაიარა და გამოჩნდა, რომ აღმოსავლური სიბრძნე, როგორც სალი კლდე, ისევ ადგილზე დგას.

აღმოსავლური აზრის საუკეთესო გამოვლინება, გამოხატული სამ პოსტულატში:

1. სამყარო შეუცნობელია;

2. მისი დანახვა შესაძლებელია აზრის გარეთ; და

3. „საბ კუჩ მილეგა“ (ყველაფერი შესაძლებელია) – ისევ ისე აქტუალურია, როგორც ათი ათასი წლის წინ…

რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ეს პოსტ–მოდერნულ შტუდიებში ჩაძირულ გონებას, სიცოცხლე მაინც თავისი გზით მიდის – დედები ბავშვებს აჩენენ, ხეები ისევ იწოვენ წყალს მიწიდან და შრიალებენ, მუსიკოსები უკრავენ, ადამიანებს კი ისევ უყვართ ხუმრობა და ისევ ჰაერივით სჭირდებათ სიყვარული, რომელიც ისევ აუხსნელ ფენომენად რჩება როგორც ფილოსოფიისთვის, ისე მეცნიერებისთვის…

ფილოსოფიამ სიცოცხლე ვერ ახსნა (მას ეს არც შეეძლო, როგორც წყალს არ შეუძლია ახსნას ცეცხლი…), მან მხოლოდ ის შეამჩნია, რომ ყველა „სიცოცხლის ფილოსოფია“ სინამდვილეში სიკვდილის ფილოსოფიაა, ოღონდ ვერ მიხვდა, რომ ეს ასე მხოლოდ იმიტომ გამოდის, რომ ის ფილოსოფიაა…

ფილოსოფია მოკვდა, გაუმარჯოს სიცოცხლეს!

ლევან რამიშვილი

http://www.jolo.ge/category/levan-ramishvilis-blogi/

ნანახია:(320)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„საქართველოს ვერაფერი გადაარჩენს, რადგან ასეთ ადამიანებს ვერ აღიქვამს“…

თუ ვინმემ არ იცით – ეს არის გენიალური მიხეილ კაზინიკი, მსოფლიო დონის მევიოლინე, ხელოვნების ექსპერტი, მოაზროვნე, ადამიანი, რომელსაც გახსნილი აქვს


„დაკარგული სამოთხე“ — ლევან რამიშვილი

ვუძღვნი ჩემს მოსწავლეებს, როცა დიდები იქნებიან… დილით რაღაც უჩვეულოდ კარგ გუნებაზე გამეღვიძა, მაგრამ ყავას რომ ვსვამდი, ცოლმა ისე მომშხამა, სახლიდან


«სიცილის იოგა» თბილისში — „კაიფი“ ნარკოტიკების გარეშე!

ამ ძალიან მარტივი და სახალისო მეთოდით თქვენ შეძლებთ ძალისხმევის გარეშე გაუშვათ შიშები და სტრესები, მიიღოთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, დაიბრუნოთ ხალისი და სიხარული…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*