კონსტრუქტივისტული მიდგომა — პიაჟე და ვიგოტსკი | Jolo.ge


კონსტრუქტივისტული მიდგომა — პიაჟე და ვიგოტსკი

კონსტრუქტივისტული მიდგომა — პიაჟე და ვიგოტსკი

კონსტრუქტივისტული მიდგომის მიხედვით, ადამიანები სწავლობენ აზროვნების და გამოცდილების საფუძველზე, რის შედეგადაც უფრო რთული შემეცნებითი უნარები უვითარდებათ. აქედან გამომდინარე, კონსტრუქტივიზმი ორიენტირებულია მოსწავლის ძალისხმევაზე. მოსწავლე სწავლის (ან შემეცნების) პროცესის აქტიური მონაწილეა. იგი პასიურად კი არ ისრუტავს ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია მასწავლებლის მიერ, არამედ მწყობრად აშენებს საკუთარ ცოდნას მისთვის უკვე ცნობილისა და წინა გამოცდილებების საფუძველზე.

 

თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება პიაჟსა და ვიგოტკის ნაშრომებს ეფუძნება. ლევ ვიგოტსკი რუსი ფსიქოლოგი იყო, ჟან პიაჟე შვეიცარიელი. ამ ორი მეცნიერის ნაშრომებს რამდენიმე ასპექტი განასხვავებს:

 

პიაჟე: ბავშვი თვითმოტივირებული არსებაა, რომელიც თავად იკვლევს და შეიმეცნებს სამყაროს, თავად მართავს თავისი კოგნიტური განვითარების პროცესს.

ვიგოტსკი: საზოგადოება და კულტურა  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვთა კოგნიტურ განვითარებას.

 

პიაჟე: განვითარება წინ უძღვის სწავლას.  ბავშვს ჯერ  გარკვეული კოგნიტური სტრუქტურები (სქემები) უნდა ჩამოუყალიბდეს, რათა შეძლოს სამყაროს შეცნობა.

 

ვიგოტსკი: სწავლა წინ უძღვის და ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას. ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში არსებულ სიმბოლოებს სხვა ადამიანების მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

პიაჟე: ბავშვი დამოუკიდებლად შეიმეცნებს სამყაროს

 

ვიგოტსკი : სულაც არ არის აუცილებელი უკვე არსებული ცოდნის თავიდან აღმოჩენა. სოციალური კომუნიკაციის შედეგად ბავშვი  ვითარდება. ბავშვის აზროვნება ვითარდება უფრო მცოდნე და გამოცდილ ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად.

 

 

ლევ ვიგოტსკი თვლიდა, რომ საზოგადოება და კულტურა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვთა კოგნიტურ განვითარებას. მისი სოციო-კულტურული თეორია ხაზს უსვამს სოციალური კომუნიკაციისა და ენის გავლენას ბავშვთა კოგნიტურ განვითარებაზე. სწავლა წინ უძღვის და ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას. ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში არსებულ სიმბოლოთა მნიშვნელობებს სხვა ადამიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. განვითარება მოიცავს ბავშვის მიერ სიმბოლოთა მნიშვნელობების ისე გათავისებას, რომ მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება და პრობლემების გადაჭრა. ამ უნარს თვითრეგულირების უნარი ეწოდება. ვიგოტსკის მიაჩნდა, რომ სოციალური კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ბავშვების აზროვნება ვითარდება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად. ამ დროს ბავშვები იძენენ ისეთ ცოდნას,რომლის შეძენასაც ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ. ბავშვები სწავლობენ მოქმედებაში, ანუ როდესაც ისინი უფრო მცოდნე ადამიანებთან ერთად ჩართულნი არიან გარკვეულ საქმიანობაში. ამ დროს ბავშვები აქტიურად შედიან დიალოგში.

 

პიაჟეს შემეცნებითი თეორიისათვის ამოსავალია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განვითარების პროცესში ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს ზეგავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გარემოსთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება ვითარდება არა მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც.

 

ბავშვის მიერ აღქმული სამყარო განსხვავდება მოზრდილის მიერ აღქმული სამყაროსაგან. პიაჟეს მიხედვით, ინფორმაციის გადამუშავება შემეცნებითი სტრუქტურების — სქემების საშუალებით ხდება. სქემები არის ინფორმაციის მიღების, შენახვის, გარდაქმნის შინაგანად არსებული ჩარჩოები. სქემები იცვლება ბავშვის განვითარებასთან და ცოდნის დაგროვებასთან ერთად. თუ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის შემეცნებით სტრუქტურებს (სქემებს), მაშინ ხდება ბავშვის მიერ ამ ინფორმაციის გაგება ანუ ასიმილაცია. თუ ინფორმაცია არ შეესაბამება სქემებს, მაშინ ინფორმაციის გაგება ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ შემეცნებითი სტრუქტურა მომწიფებულია შესაცვლელად, მაშინ იგი გადაეწყობა ახალი ინფორმაციის შესაბამისად ანუ განხორციელდება აკომოდაცია. ამგვარად, არის ახალი გამოცდილების გააზრება არსებულ შემეცნებით სტრუქტურებზე დაყრდნობით, ხოლო არის არსებული შემეცნებითი სტრუქტურების გარდაქმნა ახალი და ძველი ცოდნის გაერთიანების მიზნით.

 

მაშინ, როდესაც ჟან პიაჟემ სწავლის   სოლო კონსტრუქტივისტული   თეორია ჩამოაყალიბა (რითაც ხაზი გაუსვა თვითონ ბავშვის, როგორც ინდივიდის, აქტიურ როლს თავისი ცოდნის აგებაში), ვიგოტსკიმ სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორია შექმნა. ის ამტკიცებდა, რომ   პიროვნების განვითარება სხვებთან ურთიერთობის შედეგად ხდება, რაც უზრუნვეყოფს სოციალური ურთიერთობების გონებრივ ფუნქციებად ჩამოყალიბებას. ეს არ არის ცოდნის   ცალმხრივი გადაცემა. ეს ათვისების პროცესია — შეძენილ ინფორმაციას მომავალში ბავშვი ახალი უნარ-ჩვევების   სახით   გამოავლენს. მაგალითად, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვი წიგნთან მოპყრობას მშობლებთან ერთად იწყებს, ის თანდათან ითვისებს ამგვარი აქტივობისათვის საჭირო წესებს და უნარებს. დროთა განმავლობაში ბავშვს შეუძლია აკონტროლოს ეს წესები და უნარები, გამოიყენოს ეს ცოდნა იმისათვის, რომ უკვე სხადასხვაგვარი მონაწილეობა მიიღოს წიგნის კითხვაში. საბოლოოდ, ბავშვი იმდენად ითვისებს ამ წესებს და უნარებს, რომ შეუძლია დამოუკიდებლად იკითხოს. თვითრეგულაციის და დამოუკიდებლობის დაუფლების პროცესში, ბავშვები ითვისებენ არა მხოლოდ მეცნიერულ ცოდნას, არამედ ოჯახის წევრებთან ურთიერთობით — სოციალურ და კულტურულ ფასეულობებს, რაც მისი ღირებულებებიც ხდება.

 

ვიგოტსკი აღიარებდა პიაჟეს დიდ ღვაწლს განვითარების ფსიქოლოგიაში. პიაჟე წერდა: სწავლის დროს ბავშვები ქმნიან მოსაზრებებს და მოლოდინებს, რომლებიც არ ემთხვევა საყოველთაოდ მიღებულ აზროვნებას. განვითარების თვალსაზრისით, ეს   შეცდომები ნეგატიურად არ განიხილება, არამედ ითვლება ცოდნის ტრანსფორმაციის პოტენციურ შესაძლებლობად.   იგი გვიჩვენებს იმ შემეცნებით სისტემებს, რომლებსაც ბავშვები იყენებენ სამყაროს შესწავლის მიზნით ამა თუ იმ ეტაპზე. აანალიზებს რა პიაჟეს მიერ გამოთქმულ ამ მოსაზრებას, ვიგოტსკის აზრით, მარტო ამ პოზიციისთვისაც უდიდესი იქნებოდა პიაჟეს ღვაწლი ფსიქოლოგიაში, რადგან   მან ბავშვის მიმართ ტრადიციული ნეგატიური ხედვა (ანუ ბავშვის დახასითება იმ კუთხით თუ რა აკლია მას უფროსთან მიმართებაში), პოზიტიური ხედვით შეცვალა (ბავშვს ახასიათებს ის, რაც ბუნებრივი და ნორმალურია მისთვის, მისი ასაკისთვის). ეს კი უმნიშვნელოვანესი მომენტია, აღნიშნავს ვიგოტსკი. თუმცა იგი სერიოზულად აკრიტიკებს პიაჟეს და რიგ მოსაზრებებში არსებითად ეწინააღმდეგება.

 

ერთი სიტყვით, ვიგოტსკისეული ხედვა  სწავლისა და განვითარების ურთიერთდამოკიდებულებისადმი რადიკალურად განსხვავებულია პიაჟესაგან. მოსწავლის ზრდასა და ქცევაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიგოტსკი სწავლას უწოდებს, ხოლო პიაჟე – განვითარებას.

 

                                                                                                              თათია ქვილითაია

ნანახია:(4974)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გაიკეთეთ ლამაზი ვარცხნილობა რამდენიმე წუთში

ვარცხნილობა ქალბატონებისთვის ყოველთვის განსაკუთებულად სათუთი თემაა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარცხნილობის ილუსტრაციას, რომელთა გაკეთებაში დაახლოებით 5 წუთს დახარჯავთ.        


როგორ იქცნენ ძმები დებად…

  ეს გოგონები სინამდვილეში სულაც არ არიან გოგონები. უფრო სწორად, ისინი დებად არ დაბადებულან. ჯემი და ქლოე ოჰარლები მამრობით სქესად


ეგვიპტის დაკარგული ქალაქი 1,200 წლის შემდეგ

გასაოცარი აღმოჩენა, უძველესი ეგრვიპტური ქალაქი ჰერაკლეონი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ ლეგენდა ეგონათ, წყლის ქვეშაა. ჰერაკლეონი იყო საპორტო ქალაქი, რომელიც ეგვიპტეს იცავდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<