„ის იატაკის ჯოხი რაღაც სხვანაირად ეჭირა, მტკიცედ, აი კვერთხი რომ უჭირავთ ხოლმე“…

by admin | Апрель 30, 2016 05:15

„ეს იოანას ბაღის მეგობარი ანია და მისი დედაა. ერთი უცნაური რამ შემემთხვა ამ ქალთან დაკავშირებით, ჩემი ფიქრების პასუხად“ — წერს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში…

ania[1]„რამდენჯერ მიოცნებია იოანას ბაღში რომ ვტოვებდი დილაადრიან, რომ რა იქნება, მეც ამ ბაღში ვმუშაობდე, არ დავეძებ რას გავაკეთებ, სულერთია, მთელი დღე ჩემს შვილთან ვიქნებოდი მეთქი. ფიქრები ფიქრებად, მაგრამ კარიერული მისწრაფებები სხვაგან მიგვაქანებს ხოლმე.

ერთხელაც, იოანა მივაბარე მასწავლებელს, ჩამოვრბივარ კიბეებზე, სინდისი ყოველ დილით მჩქმეტს ამ დროს, მაგრამ სადღაც ჯანდაბაში შეხვედრაზე მაგვიანდება, გამოწყობილი ვარ საქმიანად, და უცებ შევეჩეხე ანიას დედას, იატაკის ჯოხი ეკავა და კიბეებს წმენდდა. აქ ვმუშაობო, ანიას ბაღში, დამლაგებელი ვარო, დინჯად და მშვიდად გამიღიმა. ფარ-ხმალი დავყარე, რას ამბობ, შენი შვილის გვერდით ხარ მთელი დღე თქო?! კიო, ხანდახან ვხვდები ანიას, ეზოში სათამაშოდ რომ გამოჰყავთ ან სასადილო ოთახშიო. რომც ვერ ვხედავდე, ხომ ვიცი რომ იქ არის, ამ კედლის მიღმაო.

არ მინდა ეხლა ღრმად გავშალო, მაგრამ სადღაც გამახსენდა, რომ მოსე დედამ გაზარდა ისე, რომ არავინ იცოდა დედა თუ იყო მისი, მოახლე ეგონათ. ასე მგონია ანიას დედა განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყოს, ასეთ საჩუქარს უფალი დაუმსახურებლად არ უგზავნის ადამიანს.

ის იატაკის ჯოხი რაღაც სხვანაირად ეჭირა, მტკიცედ, აი კვერთხი რომ უჭირავთ ხოლმე, თითქოს ეს უბრალო ჯოხი კი არა, ეს იყო, აი, ზღაპრებში რომ არის ხოლმე, რასაც გინდა რომ გაგიჩენს. ამ ჯოხს შეეძლო სასწაულებრივად ანიას დედისთვის შვილი გაეჩინა თავისთან ახლოს.

ნინო დალი ბიწაძე ოლოფსონი

ნანახია:(61)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2016/04/ania.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/is-iatakis-joxi-sxvanairad-echira-mtkiced/