იოანე არაბულის გზა დიდი მიზნებისკენ | Jolo.ge


იოანე არაბულის გზა დიდი მიზნებისკენ

იოანე არაბულის გზა დიდი მიზნებისკენ

მისთვის მუსიკა გრძნობების გამოთქმაა – ასე ქმნის ჟანრობრივად მრავალფეროვან კომპოზიციებს… მისი მუსიკის პირველი შემფასებელი კი მეუღლეა, „ადამიანი, რომელშიც სულის სიმშვიდე ვიპოვეო“, – ამბობს. უკვე ერთი წელია, რაც შეუღლდნენ… მანამდე საუკეთესო მეგობრები იყვნენ… თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ… ახლა კი სულ სხვა შემოქმედებითი კუთხით მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ბევრმა თქვენგანმა წლების წინათ მომღერლად გაიცნო.

ეს იოანე არაბულია დღეს უკვე 50-მდე მელოდიური კომპოზიციის ავტორი, დიჯეი და მუსიკოსი, რომელიც ძირითადად ეთნოელემენტებით გაჯერებულ ელექტრონულ მუსიკას ქმნის. იოანეს დიდი სურვილია, გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვა, დამწყებ მუსიკოსებს გაუზიაროს, და ამიტომაც გადაწყვიტა, მუსიკალური ონლაინსკოლა დააარსოს.

იოანე არაბული:

– მინდა ონლაინსკოლის საშუალებით, ჩემი ცოდნა დამწყებ მუსიკოსებს გავუზიარო და ცოტათი მაინც გავუიოლო ის გზა, რომელიც ჩემთვის ძალიან რთული გასავლელი აღმოჩნდა. წლების წინათ, როცა მიწისქვეშა გადასასვლელებში ვუკრავდი, გვერდით ჩემნაირი ადამიანი რომ მყოლოდა, რომელიც რაღაცას პროფესიონალურად მასწავლიდა, ბევრად გამიადვილდებოდა ამ გზის გავლა… ამიტომ ახლა მაქვს იდეა, ჩავატარო ონლაინგაკვეთილები, რომელიც რაღაც ეტაპზე უფასო იქნება, რადგან ვიღაცას შეიძლება ძალიან უნდოდეს სწავლა და ამის საშუალება არ ჰქონდეს.

– სანამ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებდეთ, ხომ ვერ გაიხსენებ შენს პირველ შეხებას მუსიკასთან?

– დაახლოებით 7 წლის ვიყავი, მშობლებმა მუსიკალურ სასწავლებელში რომ მიმიყვანეს, ფორტეპიანო-სოლფეჯიოს ვეუფლებოდი. მაგრამ წელიწად-ნახევარში გამოვედი, ფორტეპიანოს მასწავლებელი არავის უყვარს და მეც ჩავთვალე, რომ „თითებს მამტვრევდა“.

13 წლის ასაკში იყო ანსამბლი „ხარება“, ფესტივალზე გრან პრიც ავიღეთ და უზომოდ გახარებული ვიყავი. ხალხურმა სიმღერამ ძალიან იმოქმედა ჩემს ხმაზე და ამ მხრივ ძალიან გამზარდა. მერე ანსამბლი დაიშალა და გიტარა ავიღე ხელში.

ერთი წლის განმავლობაში სახლში მარტო ვუკრავდი, მასწავლებელი არ მყოლია. ერთი წლის შემდეგ, მეგობართან ერთად, მიწისქვეშა გადასასვლელში დავიწყე დაკვრა. ორი წელი ისე გავიდა, თითქმის ყოველდღე ვუკრავდით.  გიტარის შემოსვლასთან ერთად, ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დაიწყო.

სწორედ ამ დრომ განაპირობა, რომ მუსიკოსი ვარ და მუსიკას გავყევი. მაშინ შემიყვარდა მუსიკა, სხვანაირად დავინახე. ძალიან დიდი პრაქტიკა იყო ჩემთვის ის ორი წელი. მერე ჩემი ბენდი შევქმენი – SHELBY. დაახლოებით 4 წელი ვიყავით ერთად.

პირველი სიმღერა, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში დავწერე, —Woman On My Mind „იუთუბიზე“ დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხანდახან, როცა ვუყურებ, ძალიან მაბედნიერებს. ბენდის დაშლის შემდეგ ელექტრონულ მუსიკაში გადავედი… ბოლო ოთხი წელია, ფუნდამენტურად ვეუფლები ამ ცოდნას.

– როგორც მახსოვს, მანამდე იყო კონკურსები, რომლითაც ხალხმა გაგიცნო და პოპულარულიც გახდი…

– კონკურსები საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. პირველი იყო „ახალი ხმა“. ძალიან გამიმართლა, იმ მხრივ, რომ სტეფანესა და მაიას გუნდში მოვხვდი. ამ ადამიანების დამსახურებით მუსიკალურად ბევრად დავიხვეწე. ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და მათთან მუშაობამ ძალიან გამზარდა.

მერე „ერთი-ერთში“ მიმიწვიეს, იქ უფრო არტისტული მხარე განვავითარე. ამის შემდეგ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ აღმოვჩნდი. მანამდე არასდროს მიცეკვია და არ მეგონა, თუ ვიცეკვებდი, მაგრამ ორი-სამი კვირის შემდეგ ფორმაში ჩავდექი, ცეკვაც დავიწყე და… სამწუხაროდ, სწორედ მაშინ დავტოვე პროექტი… თუმცა ამ სამივე პროექტში მონაწილეობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.

ასევე იყო მუსიკის დღესთან დაკავშირებით მიწვევა ვილნიუსში. მერე ეს პროექტი თბილისშიც ჩამოიტანეს და აქაც გააკეთეს სამჯერ. ვილნიუსში მთელი მსოფლიოდან 50 მუსიკოსი იყო მიწვეული. ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მუსიკას, ხედვას, გამოცდილებას… უამრავი კარგი მუსიკოსი გავიცანი, რომლებთანაც ახლაც მაქვს ურთიერთობა. ჩვენ მთავარ სცენაზე გამოვედით და დიდი წარმატებაც მოვიპოვეთ, საოცარი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით.

– რას ნიშნავს მუსიკა შენთვის?

– მუსიკა ჩემთვის დიდი ემოცია, გრძნობა და განწყობაა… ამ გრძნობების გადმოტანა და ფიქრების გაჟღერება, ოღონდ მუსიკალურად და არა პირდაპირ… და როდესაც ასე აწვდი მსმენელს შენს აზრს, ბევრად საინტერესოა. ელექტრონული მუსიკაც სწორედ ამით არის საინტერესო, იქ შეიძლება არც სიტყვები იყოს, არც ტექსტი, მაგრამ გრძნობითა და ხმით ადამიანის ტვინზე ისე იმოქმედო, რომ საოცრებები მოახდინო… ეს ყოველივე დიდ ძალას გაძლევს… ჩემთვის მუსიკა, გრძნობების გამოთქმასთან და სიამოვნებასთან ერთად, თავისუფლება და დიდი ძალაა.

– ალბათ, ამიტომაც მოსწონს ბევრს შენი მუსიკა და მოსწონხარ შენ, როგორც დიჯეი…

– კი… ბევრი მეგობარი და მსმენელი მეუბნება, რომ ატმოსფერული მუსიკაა და დიდი სივრცეა შიგნით მუსიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი კომპოზიცია მაქვს დაწერილი, ჩემი თავის მიმართ მაინც ძალიან კრიტიკული ვარ… იმ შეგრძნებას ვერ ვიშორებ, რომ რაღაც ისე არ არის. ჯერჯერობით „საუნდქლაუდზე“ ვტვირთავ ჩემს ნამუშევრებს, დაახლოებით 50-მდეა, სამომავლოდ მინდა ალბომის სახითაც გამოვცე.

რამდენიმე წელია, საფუძვლიანად ვეუფლები ამ ცოდნას. კრეატიული განათლების სტუდიაში (CES) ვისწავლე ხმის ინჟინერია, ხმის დიზაინი, სინთეზისი… ძალიან საინტერესო იყო ნიკაკოისა და ტუსია ბერიძის ლექციები მუსიკის წარმოებაზე. გავიგე, როგორ შეიძლება ფილმის ჟანრი შეცვალო მუსიკით ან გახმოვანებით, შეგიძლია ბლოკბასტერი კომედიად გადააქციო, ან პირიქით, კომედია – საშინელებათა ფილმად, გამომდინარე იქიდან, როგორ ხმას დაადებ და როგორ იმუშავებ.

ამ წლების განმავლობაში საკმაო ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე და ახლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სხვებსაც გავუზიარო.

– ცოდნის გაზიარებაში რას გულისხმობ?

– ფუნდამენტურად შევისწავლით, რა არის ხმა, საიდან მოდის, როგორ იზომება, როგორ მუშავდება, როგორ დავიმორჩილოთ, როგორ მოვახდინოთ მანიპულირება სხვადასხვა ინსტრუმენტებით ხმაზე, შემდეგ როგორ ავაგოთ პროექტი ლაივ პერფორმანსისთვის, რომელიც შეიძლება საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდეს… ურთულესი პროცესია ამ ყველაფრის აშენება…

ამ ეტაპზე საქართველოს ძალიან სჭირდება ამ სახის პროდუქტი – საგანმანათლებლო, შემეცნებითი… ეს სწავლება ადამიანებს ისეთი რაღაცების სწავლაში დაეხმარება, რასაც დამოუკიდებლად ვერ შეისწავლიან…

დარწმუნებული ვარ, ეს ბევრს წაადგება და მათთან ერთად მეც.

ეს პროგრამა გაძლევს იმის საშუალებას, რომ საოცრებები გააკეთო… უბრალოდ, ამ საოცრებების გაკეთებამდე მისასვლელი გზა გჭირდება და მე გამარტივებულად მექნება ეს ყველაფერი.

ბევრი ადამიანია, ამ მხრივ, დაინტერესებული და ეს მახარებს.

– როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ბოლო წლებში საქართველოში საკლუბო მუსიკის განვითარება?

– თბილისში, მუსიკის განვითარების მხრივ, ბოლო სამ წელში ბევრი რამ შეიცვალა. ძალიან მაგარი ბიჭები და გოგონები არიან… საოცარ მუსიკას ქმნიან, საოცრად უკრავენ… სოციალური ძვრებია, ბევრი რამ კარგი ხდება, ახალი კულტურა მკვიდრდება, ბევრი ალტერნატივა ჩნდება.

ამაზე თავიდან უდიდესი გავლენა იქონია „ბასიანმა“, „ხიდმა“… ბევრი აქ ჩამოსული უცხოელი 90-იანი წლების ბერლინს ადარებს თბილისს. ტექნო ძალიან დიდ მასებზე გავიდა საქართველოში, გარღვევა მოხდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემი უცხოელი მეგობრები, როცა აქ ჩამოდიან,  გაკვირვებულები რჩებიან და ამბობენ: ვერც დაიჯერებენ ჩვენთან, რა ხდება, ამ მხრივ, თბილისშიო… ერთ-ერთ მოწინავე ქალაქად იქცა თბილისი მუსიკის მხრივ, მაგრამ დავამატებდი, რომ ჯერჯერობით ლაივ პერფორმები და ლაივ არტისტები იმდენად არ არიან წინ წამოწეულნი, როგორც დიჯეები. და ჩემი აზრით, თბილისშიც ისე იქნება, როგორც ბერლინში მოხდა. თავიდან იქაც ტექნო იყო, ახლა ძალიან უცნაურ მუსიკას უკრავენ. ვთქვათ, დიჯეი და აკუსტიკური გიტარა, ან ვიოლინო… და უცნაურ ჟღერადობებს აღწევენ.

– შენი ბოლო ნამუშევარი?..

– ბოლოს, ია ტომაშთან ერთად, ერთ-ერთ ქართულ სიმღერაზე ვიმუშავე, რომელიც ჩვენებურად გადავაკეთ-გადმოვაკეთეთ, არაფერში არ  შევიზღუდეთ და როგორც გვინდოდა, ისე გავაკეთეთ… საინტერესო გამოვიდა.

– მოდი, შენს პირად ცხოვრებასა და მეუღლეზეც გვითხარი რამე…

– მე და ჩემი მეუღლე ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ. ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი… მარიამი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მსმენელია ჩემი, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი აზრი ჩემთვის. როცა მუსიკას ვწერ, პირველად მარიამს ვასმენინებ.

– ცოლისთვის თუ დაგიწერია მუსიკა?

– რა თქმა უნდა, არის ასეთი კომპოზიცია – For her.

– რა პროფესიის არის შენი მეუღლე?

– მრავალპროფილიანია… პროფესიით პიარმენეჯერია, ასევე, საოცრად ხატავს, აკეთებს გრაფიკულ დიზაინსაც.

– რომელი უფრო მომთხოვნი და პრეტენზიულია თქვენ შორის?

– მარიამი უფრო მომთხოვნია. პრეტენზიები ძირითადად იმაზე აქვს, რატომ მაშინვე არ ვასაჯაროებ ჩემს მუსიკას და რატომ ვინახავ კომპიუტერში…

– რამ მოგხიბლა მარიამში? რით შეგაყვარა თავი?

– თავიდან გარეგნობამ და სილამაზემ, მერე უკვე შინაგანმა სამყარომ, რაღაცნაირად მშვიდი ადამიანია და მეც ძალიან მშვიდად ვარ მასთან. სიმშვიდე ვიპოვე მასში….

– თაფლობის თვე სად გაატარეთ?

– ულამაზეს ადგილას, კუნძულ კრეტაზე ვიყავით საბერძნეთში. არასოდეს დამავიწყდება ის პერიოდი, საოცარი მოგზაურობით, საოცარი ადგილებით. მთელი კუნძული შემოვიარეთ. ეს იყო ჩემი პირველი სრულფასოვანი დასვენება. პირველად მოხდა ჩვენს ცხოვრებაში ისე, რომ დამშვიდებულები ჩამოვედით, გამოძინებულები. როგორიც უნდა ყოფილიყო თაფლობის თვე, ზუსტად ისეთი იყო.

– რა ოცნება გაქვს?

– ჩემი ოცნებაა, ბევრმა ადამიანმა გაიგოს ჩემი მუსიკის შესახებ. მიზნად მაქვს, ბევრმა გამიცნოს და ბევრს შეუყვარდეს ჩემი მუსიკა…

ასევე, ძალიან მინდა კარგ საქართველოში ვიცხოვროთ, მშვიდსა და ბედნიერში.

მარიამ მჭედლიშვილი:

– იოანეს ძალიან უყვარს თავისი საქმე და როდესაც ადამიანს თავისი საქმის კეთება უყვარს და მთელ ენერგიასა და ძალებს ამაში დებს, ვფიქრობ, აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას.

– არ ეჭვიანობ მუსიკაზე? როცა ის ამდენ დროს უთმობს მუსიკას?

– არ ვეჭვიანობ, რადგან მეც არ მაკლებს დროს, რაღაცნაირად დაბალანსებული აქვს ეს. ზედმეტს არასოდეს მოგახვევს თავს… ძალიან მშვიდია, კეთილი და თბილი.

– სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– პირველად 6 წლის წინათ ვნახე, რუსთავში იმ კონცერტზე აღმოვჩნდი, სადაც იოანემ დაუკრა. შევხედე თუ არა, ეგრევე ვკითხე ჩემს მეგობარს, ეს ბიჭი ვინ არის-მეთქი. რაღაცნაირად მომეწონა და ისიც ვიგრძენი, ალბათ, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო. თუმცა, ერთმანეთი ორი წლის შემდეგ ბათუმში გავიცანით… ჩვენი ურთიერთობა კარგი მეგობრობით დაიწყო, არადა თურმე ორივეს მოგვწონდა ერთმანეთი, თუმცა არ ვუტყდებოდით. საბოლოოდ, 2 წლის მერე გავამხილეთ ჩვენი გრძნობები და მას მერე ერთად ვართ.

– მარიამ, შენ რა ოცნება გაქვს?

– მინდა ცხოვრების ბოლომდე ასე ბედნიერები ვიყოთ.

ავტორი: დეა თავბერიძე

ნანახია:(434)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

40 წლის შემდეგ ახდენილი ბავშვობის ოცნებები — ინტერვიუ-ტრენინგი

„ბავშვობაში, როგორც ყველა სპორტსმენი მეც ჩემპიონობაზე ვოცნებობდი, მაგრამ  ვერ გავხდი წარმატებული სპორტში, კიდევ მქონდა ერთი ოცნება, მინდოდა მომღერალი გამოვსულიყავი, ვერც ამას მივაღწიე,


ფარაჯანოვი და ბევრისთვის უცნობი ისტორია, რომელიც „ჩაის სახლს“ უკავშირდება

თბილისში, ყველამ იცის, რომ საუკეთესო ადგილი ჩაის მოყვარულთათვის არის  Althaus-ის ქსელის ორი კაფე — „ჩაის სახლი ოპერასთან“ და „ჩაის სახლი ქიაჩელზე“… პირველი შთაბეჭდილება ორივე ჩაის სახლში


17 წლის ბიჭის „არაფრით“ დაწყებული ბიზნესი და რეალური საქმე

„12 წლიდან ვარ ბიზნესში“ — მეუბნება ამაყად და პირველ ნაბიჯებს იხსენებს. ახლა 17 წლის არის, ისევ საკუთარი ბიზნესით, დიდი გეგმებით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*