იმისთვის, რომ კარგი სიახლე შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში — გააკეთეთ ეს!

by admin | Декабрь 29, 2016 14:30

იმისათვის, რომ რაიმე ახალი შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, ძველი უნდა დავალაგოთ, დავახარისხოთ, შევაფასოთ და მივუჩინოთ კუთვნილი ადგილი, — ამბობს „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი თამარ საგინაშვილი და სასარგებლო სავარჯიშოს გვთავაზობს.

თამარ საგინაშვილი: იმისათვის, რომ გონებამ რაიმე ახალზე დაიწყოს ფიქრი და ახალი ენერგიები ამოძრავდეს, ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ ძველს. გავაკეთოთ ერთგვარი დეკლარირება — ეს კარგი იყო, ეს არც ისე,  დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და დავასრულოთ პროცესი.

სანამ გონება არ გააკეთებს ამა თუ იმ ფაქტის შეფასებას, ის რჩება ღიად და იკავებს უამრავ ადგილს და ენერგიას.

ჩვენს შემთხვევაში ეს არის გასული მოვლენების ანალიზი და რესურსების პოვნა. იმ რესურსების, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.

რა არის ამისათვის საჭირო?

აიღეთ სამი რვეული ან ბლოკნოტი გასული ერთი წლის ანალიზისთვის. პირველს დააწერეთ: «რითი ვამაყობ». ჩამოწერეთ თქვენი გამარჯვებები. ოღონდ ყველა გამარჯვება ახალ გვერდზე დაიწყეთ, რათა ქვემოთ თითოეულს მიუწეროთ ის, რაც მომდევნო პუნქტებში იქნება.

მეორე ბლოკნოტს დააწერეთ: «ის, რაც მარცხად მივიღე». დიახ, ჩემი მარცხები კი არა, ის, რაც მე მივიღე მარცხად. ცოტა მოითმინეთ და დაინახავთ, რომ ბევრი შემთხვევა, რაც თქვენ წარუმატებლობად აღიქვით სერიოზული ნაბიჯი იყო თქვენს ცხოვრებაში.

მესამე ბლოკნოტს  დააწერეთ: «ჩემი სიმდიდრე — ჩემი რესურსები». ეს შეიძლება არ იყოს  დიდი მოცულობის ბლოკნოტი. პატარაც გეყოფათ.

პირველი ეტაპი:

ჩამოწერეთ თქვენი გამარჯვებები. გამარჯვებებში მხოლოდ ევერესტის დაპყრობა, ოსკაროსანი ფილმის გადაღება ან ნობელის პრემიაზე წარდგენა არ  იგულისხმება:)))

გამარჯვებაა ყველაფერი, რამაც სიხარული მოგიტანათ.

გამარჯვებაა ყველაფერი, რისი გაკეთებისაც გეშინოდათ, მაგრამ მაინც გააკეთეთ.

გამარჯვებაა, როდესაც ჩვენ ვიზრდებით, ვმუშაობთ საკუთარ თავზე და ვღებულობთ წარმოუდგენელ შედეგებს საკუთარ თავშიც და გარე სამყაროსგანაც.

გამარჯვებაა, როდესაც სიკეთეს გავაკეთებთ.

გამარჯვებაა, როცა სიზარმაცეს დავძლევთ და თუნდაც ერთ ნაბიჯს გადავდგავთ წინ.

გამარჯვებაა, როდესაც ურთიერთობებს ვალაგებთ.

გამარჯვებაა, როცა უჟმურად კი არა კარგ ხასიათზე ვატარებთ დღეს.

გამარჯვებაა, როცა დილიდან მადლიერებით ვიღვიძებთ.

როცა საკუთარ სხეულზე ზრუნვა გვეხალისება.

როცა ოჯახში სიმშვიდე და სიხარული გვაქვს.

როცა ერთი შეხედვით მოსაბეზრებელ საქმეებსაც კი უკვე გააზრებულად და სიამოვნებით ვაკეთებთ.

გამარჯვებაა, როცა კომფორტის ზონიდან გამოვდივართ….

მოკლედ, გამარჯვებები კი არ არის ცოტა, ჩვენ ვერ ვამჩნევთ მათ.

დარწმუნებული ვარ, თქვენც არც ისე ცოტა გამარჯვება გქონდათ გასულ წელს, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

ალბათ თავიდან ისიც კი იფიქრეთ, რად უნდა ერთი რვეული ჩემი წარმატებების ჩამოწერას და იმის გახსენებას, რითიც შეიძლება ვიამაყოო. მაგრამ დამიჯერეთ, დაიწყეთ წერა და მერე ვილაპარაკოთ ერთ რვეული გეყოფათ თუ არა:))

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

მეორე ეტაპი:

როდესაც დაამთავრებთ თქვენი გამარჯვებების ჩამოწერას, ანუ დაწერთ რითი ამაყობთ, რა გააკეთეთ ძალიან კარგად გასულ წელს, შემდეგ გააკეთეთ ანალიზი. გარდა იმისა, რომ ეს იყო გამარჯვება, რა გასწავლათ ამ სიტუაციამ, რა გაკვეთილი მიიღეთ აქედან?

მესამე ეტაპი:

შემდეგ კი მთავარი: გააანალიზეთ, რამ შეგიწყოთ ხელი ამ წარმატების მიღწევაში? ანუ როგორ ემზადებოდით ამ სიტუაციისთვის?

როგორი განწყობა გქოდათ?

რას აკეთებდით განსხვავებულად?

რა გეხმარებოდათ მოტივაციის შენარჩუნებაში და რა იყო საერთოდ თქვენი მოტივაცია — შინაგანიც და გარეგანიც ( წიგნები, ტრენინგები, მუშაობა პროფესიონალთან, კონსულტაციების მიღება თუ კოუჩის დახმარება).

რა წინააღმდეგობები შეგხვდათ ( შინაგანი თუ გარეგანი) და როგორ დაძლიეთ ეს წინააღმდეგობები?

და ასე შემდეგ. ეს მონაცემები დააჯგუფეთ და საბოლოოდ მიიღებთ თქვენი რესურსების ზოგად სიას ანუ ჩამონათვალს იმ რესურსებისა, რაც გეხმარებათ გამარჯვების მიღწევაში.

თქვენი რესურსები — თქვენი სიმდიდრეა.

გააკეთეთ ეს სია და თქვენ ხელთ გექნებათ მზა გეგმა, რომლის მიხედვითაც ყოველთვის შეძლებთ მიაღწიოთ მიზანს.

ჩვენ ხომ ყველაფერი გვაქვს მოცემულობაში, უბრალოდ სტრუქტურირება გვაკლია ხოლმე ჩვენი შესაძლებლობების და ნიჭებისა.

ამიტომ სერიოზულად მოეკიდეთ ამ მარტივ სავარჯიშოს და ის თქვენი დიდი დამხმარე გახდება.

ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ.

თამარ საგინაშვილი

http://www.jolo.ge/sami-bloknotis-principi/

სამი ბლოკნოტის პრინციპი – მეორე დღე

 

ნანახია:(5483)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/imistvis-rom-argi-siaxle-shemovides/