„იმ დღის მერე, მე სახლიდან არაფერი მომითხოვია“ — გიორგი კეკელიძე | Jolo.ge


„იმ დღის მერე, მე სახლიდან არაფერი მომითხოვია“ — გიორგი კეკელიძე

„იმ დღის მერე, მე სახლიდან არაფერი მომითხოვია“ — გიორგი კეკელიძე

ორიათასიანების დასაწყისია. სტუდენტობის პროლოგი. თვეში ერთხელ, ვაგზლის მოედანზე ავტობუსს ვხვდები და მძღოლს ,,გამოტანებულს’’ ვართმევ — ჭადი, მოხარშული ქათამი და 30 ლარი. ჭადი, შებოლილი ყველი და 40 ლარი. კიდევ დედაჩემის გრძელი წერილები, სადაც დიდწილად ჩემი ლანძღვაა, რომ უვარგისი გამოვდექი, აბა, ამდენი ხანი ტელევიზორში რაფერ არ ვჩანავარ ამფერი ნიჭიერი ბაღანა. ან ვხალტურობ ანდა აფერი ნიჭიერი თურმე მე არ ვყოფილვარ — ეს უკანასკნელი ეტყობა, ,,აგდების’’ თავისუბერი ხერხი იყო.

ჰოდა, ეს დროა მეთქი, ცუდი დრო და თან შეყვარებული დამშორდა. დეპრესიების და ვალების ნაკლებობას მანამდეც არ ვუჩიოდი, მაგრამ ორივე გაორმაგდა. პირველი ,,მე’’ მაიძულებს დავწვე, საბანი წავიფარო და ვიფიქრო, რომ ყველაზე ბანძი ვარ.

პირველი ,,მე’’ დეპრესიების პარტიას უჭერს მხარს. მეორე მეუბნება, რომ რაც დავპირდი, ის აუცილებლად, აუცილებლად უნდა ავასრულო. მეორე ვალების პარტიის გულშემატკივარია. და ვისესხე ასი ლარი. და დინამოზე ვიყიდე მობილური ტელეფონი, სონი-ერიკსონ რაღაცა. და გავუგზავნე.
მოვიდა ვალის გადახდის დრო. ვისთან არ მივედი, არავის ჰქონდა. არც სამსახურის კონტურები ჩანდა და არაფერი. ჩემებს, იმ ოცდაათი ლარის გამოგზავნაც უჭირთ და ახლა შევუთვალო, რომ ასი მინდა, არ გამოდის. უნდა ჩავიდე და ავუხსნა. ეგებ იქ ვისესხოთ სადმე ან რამე. დავიმატე ვალად კიდევ 11 ლარი, გზის ფული და წავედი.
ცხოვრებაში ბევრი დრამატული სცენა ყოფილა. უამრავი. მაგრამ ეს მთავართაგანია. დედაჩემმა ტირილი დაიწყო. მამაჩემმა უხმოდ შემოდო კაჭკაზე უკანასკნელი თხილი და ჩასაბარებლად წაიღო.

ღამით, ქვევით დავრჩი. ოდნავ ციოდა. გარეთ გაფითრებული მთვარე და რაღაც მეჩხერი ქარი, ხან რომ დაიწუვლებს და ხან დუმს. ზევით, დედაჩემი ამბობდა, რომ დაიქცა ოჯახი. მამაჩემი არაფერს ამბობდა. მეგონა, გული გამისკდებოდა. უცებ შუქი მოვიდა. ვერ ვიძინებდი. რაღაც ხომ უნდა მექნა და ძველი მაგნიტოფონი ჩავრთე. კასეტაც ინერციით ჩავდე. სულ ოდნავ, თუ მოინდომებდი — შეუმჩნევლადაც, წელავდა — ABBA — I Have A Dream. არ ვიტყუები და არც ვაპოეტურებ ამბავს — მართლა ეს ჩაირთო, ყველაფერს გეფიცებით. სიტყვები ნორმალურად არც მესმოდა, უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი. ვტიროდი და თან საიდანღაც ვგრძნობდი ახალ ძალას, რომლითაც ეს სამყარო უნდა გადამელახა — უფულო, უშეყვარებულო, უიმედო მშობლებით და გაზეთში გახვეული ჭადით.
იმ დღის მერე, მე სახლიდან არაფერი მომითხოვია. იმ სიმღერის მერე, რომელიც თავისთავად და ცალკე შეიძლება არც არაფერია, მაგრამ ფრთხილ მთავრესთან, ქართან, ოდნავ სიცივესთან და ხმებთან, მშობლების ხმებთან და ყურში ჩარჩენილ კაჭკის ბორბლების ხმებთან ერთად ჩემ ყურებში ახლაც გაისმის. ცხოვრება შემთხვევითობების ჯაჭვია. ასეთი შემთხვევითი და სხვისთვის გაუგებარი ბიძგებით.
საგანგებოდ არასდროს, მაგრამ როცა წავაწყდები ან თვითმფრინავის მენიუში ან მანქანაში, ვრთავ და ვუსმენ. ვუსმენ და იქ ვბრუნდები, იმ ოთახში. და ვგრძნობ — ყველაფერი, რასაც მივაღწიე, საკუთარ თავზე შურისძიებით მოხდა და აწიც ასე იქნება. იმ უცნაური საუნდტრეკით.

გიორგი კეკელიძე

ნანახია:(163)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფაქტები ავსტრალიის შესახებ 

ავსტრალია ამავე სახელწოდების კონტინენტზე მდებარე განვითარებული სახელმწიფოა, რომელიც ბრიტანეთის თანამეგობრობაში შედის. ქვეყანას არცერთ სხვა სახელმწიფოსთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია. არსებობს


ბლეიქ შელტონი გვენ სტეფანს მალე ოფიციალურად სთხოვს ხელს

როგორც უცხოური პრესა წერს წყვილი ხუთთვიანი ურთიერთობის შემდეგ, უკვე მზადა ოფიციალურად გააფორმოს ერთად ყოფნა. ბლეიქ შელტონმა უკვე მედიასაც აცნობა, რომ


ჩარლზ ბუკოვსკის რჩევები ახალგაზრდებს

ნუ დასჯერდები მინიმუმს; „მე მინდოდა მთელი მსოფლიო, ან არაფერი“; გიყვარდეს საკუთარი თავი; „არასოდეს შევხვედრივარ ისეთ კაცს, რომელიც სიამოვნებით ვიქნებოდი.“ იცხოვრე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*