ღები — „ელდას არ გაუვლია, გული ისევ შეკუმშული მაქვს“… | Jolo.ge


ღები — „ელდას არ გაუვლია, გული ისევ შეკუმშული მაქვს“…

ღები — „ელდას არ გაუვლია, გული ისევ შეკუმშული მაქვს“…

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი რაჭის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელ ღებზე  მოგვითხრობს:

რისთვისღა უნდა ჩამოვიდე ღებში? — ვეკითხები ჩემს თავს. ელდა მეცა, როცა რაჭაში შემორჩენილი ერთადერთი დუროიანი სახლის ნანგრევები და ერთი მეტ-ნაკლებად შემორჩენილი კედელი დამხვდა. ასე გულშეკუმშული იდგა ჩემი ამბროლაურელი თანამგზავრი დათოც. სულ რაღაც 5 წლის წინ ის მთელი იყო, 1991 წლის მიწისძვრას გაუძლო. ეს ძეგლი სიმაღლით არა, მაგრამ დანიშნულებითა და არქიტექტურით ძალიან წააგავს სვანურ კოშკს,  თავშესაფარიც იყო, საცხოვრებელიც და საქონლის სადგომიც.

დათომ და მე ონიდან 35 კილომეტრი ვიარეთ, რომ ეს უნიკალური ძეგლი გვენახა. არადა, მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ აქ 7-8 ასეთი სახლი-კოშკი იდგა.

ენით ვერ ავწერ, როგორი გულდაწყვეტილი ვუყურებდი რაჭის ერთ-ერთ  სიამაყეს. ღები, რომელიც ისტორიული სოფელია და სადაც ქრისტეშობამდეც კი უცხოვრიათ, დღეს ცარიელი მეჩვენა. 21-ე საუკუნის დასაწყისში 500-მდე ადამიანი ცხოვრობდა, დღეს იმის ნახევარიც აღარ დარჩა.

მატიანე ღებს პირველად 1503 წელს მოიხსენიებს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ უწინ აქ სვანები ცხოვრობდნენ. თუმცა, სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები ან სხვა ნიშნები ღებში აღარ არის. მხოლოდ ეს დუროიანი სახლი. ვარაუდობენ, რომ  დასახელება  შემორჩა სვანური. „ღებ“ ჩაღრმავებულ ადგილს ნიშნავს და გეოგრაფიულად ჩაღრმავებულ ადგილზე მდებარეობის გამო სოფელს ეს სახელი დაერქვა.

აქ რაჭველები გვიან შუა საუკუნეებში გადმოსახლებულან. კიდევ ერთი გადმოცემით, აქ მკვლელობის გამო შურისძიებას გამოქცეულ მღებავს უპოვია თავშესაფარი  და რადგან ხელობა აქტიურად გაუგრძელებია, სოფლისთვისაც „ღები“ დაურქმევიათ.

ღებელი ალექსანდრე, ჭარმაგი კაცი მზეს ხელით იჩრდილავს და თან დანანებით, თან სიამაყით ჰყვება სოფლის ისტორიას. იმასაც ამბობს, რომ ღებში გმირი დოდუკის გამო ქალის კულტია. აი, რა გვიამბო ამ ძველებურპიჯაკიანმა და სუფთად ჩაცმულმა, თანაც, ძალიან გამხდარმა ადგილობრივმა:

_ ღებელები ბატონებს ვერ იტანდნენ, ქუცქუცებსა და სუნტალებს ეძახდნენ. თავადი არიშიძე თუ არეშიძე ისე გადიდგულებულა, ჩვენი სოფლისთვის დიდი ხარკი დაუწესებია. ადგილობრივებმა ზვიადა ლობჯანიძის მეთაურობით აჯანყება მოაწყეს, ორი  ძმა მოკლეს, მესამე კი ცხენით გაიქცა. მდინარესთან ახალგაზრდა ქალი დოდუკი დაუხვდა, შემომისვი, რიონს გადამიყვანეო. შუა მდინარეში ქალმა თავადს ხელი ჰკრა, ორივე აქაფებულ მდინარეში ჩაცვივდნენ და დაიხრჩვნენ. დოდუკს შემოუთვლია, ჩემი სულის საოხად ტაბლა კვერი გამოაცხვეთო. ჩვენც ამ ანდერძს მივდევთ და ჭირისუფლის სუფრაზე მის სახელზე ორ ტაბლა კვერს ვაცხობთ.

ალექსანდრემ მდინარეს გახედა და თქვა, ღმერთმა აცხონოს — მერე პიჯაკი ჩამოიბერტყა — დოდუკი ისეთი ვაჟკაცი და თვალფოხიანი ქალი იყო, მაგის გამო ჩვენთან ყველა ქალს პატივსა ვცემთო.

ღებელმა მთხრობელმა „ქუცქუცა“ და „სუნტალი“ განმარტა. ეს რივნისთაური, ანუ რიონის სათავეებთან მცხოვრები ხალხის კილოა და პირველი ცბიერს ნიშნავს, მეორე —  კი  მუქთახორას, ღორივით რომ დაძვრებაო. „თვალფოხიანზე“ კი თქვა, რომ ძალიანსა და კუნთმაგარს ვუწოდებთო.

სტალინის მმართველობის დროს ღებსა და მიმდებარე სოფლებში წინაქრისტიანული სამარხები, ბრინჯაოსა და თიხის ნივთები, ქამრის ბალთები და მონეტები აღმოაჩინეს. ესენი მუზეუმში თუ გვიამბობენ, რა ისტორია შეიქმნა ღებში. დუროიანი სახლი კი, თუ ის ერთი კედელიც ჩამოინგრა, ულამაზესი სოფლის ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას სულ მალე დაკარგავს.

ვდგავარ მის წინაშე, ელდას არ გაუვლია, გული ისევ შეკუმშული მაქვს. ეს ერთი კედელიც თუ დაინგრა, მაშ, რისთვისღა ჩამოვიდე ღებში?

წყარო:http://likaniwith.me/

ნანახია:(137)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

უიშვიათესი და ძვირადღირებული წიგნები

ნორტუმბერლენდის ჰერცოგის ბესტიარიუმი – $ 5.850 მლნ ბესტიარიუმი – ეს არის უძველესი ილუსტრირებული ცნობარი რეალური და მისტიური ზოოლოგიის შესახებ, ცხოველთა


„ეს რაღაც ხარისხით ყველას გვეხება… ყველანი ვატყუებთ საკუთარ თავს“…

— გაიხსენეთ, როგორ იტყუებოდით ბავშვობაში. როგორ ატყუებდით მშობლებს. რა საგულდაგულოდ თხზავდით ტყუილებს. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ აგეხსნათ, რატომ გააცდინეთ გაკვეთილები,


7 რამ, რაც ბიჭის დედამ უნდა იცოდეს

როგორ აღზარდოს დედამ გოგონა, მან ასე თუ ისე იცის. მაგრამ ბიჭის შემთხვევაში როგორ მოიქცეს? გოგონები და ბიჭები რომ აბსოლუტურად განსხვავდებიან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*