გადარჩენილი სიცოცხლე და ქართველი გოგონას კეთილი საქმეები ათენიდან | Jolo.ge


გადარჩენილი სიცოცხლე და ქართველი გოგონას კეთილი საქმეები ათენიდან

გადარჩენილი სიცოცხლე და ქართველი გოგონას კეთილი საქმეები ათენიდან

დღეს, მინდა გაგაცნოთ ათენში მცხოვრები ქართველი გოგონა, რომლის ინიციატივითაც საბერძნეთსა თუ საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვის ძალიან ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა.

მე ის რამდენიმე თვის წინ ათენში ყოფნისას გავიცანი, — პოზიტიური, ენერგიული და დაუზარელი, — ეს იყო პირველი შთაბეჭდილება გაცნობიდან რამდენიმე წუთში. კიდევ რამდენიმე წუთიც და ჩვენმა ჯგუფმა აღმოაჩინა რომ „სუპერ ნესისთან “ გვქონდა საქმე, გოგონასთან რომელმაც უნებლიედ წარმოქმნილი რამდენიმე პრობლემის მოგვარება ისე ადვილად, გულიანად და სწრაფად შეძლო რომ ყველა გაოცებული დაგვტოვა. იმ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა დიდი მეგობარი შეიძინა და ეს „ყოვლისშემძლე“ ნესი იყო …

მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის ბევრი საქველმოქმედო აქციისა თუ ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ…

და აი დღეს, თბილისში მყოფს ერთ-ერთი ახლობელი მიყვება თუ როგორ ივაჟკაცა ათენში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ, როგორ შეაგროვა თანხა და როგორ იზრუნა პატარა რეზიკოს სიცოცხლის გადასარჩენად, რეზიკო გადარჩა …

ათენში მცხოვრები ქართველი გოგონა კი ნესი აღმოჩნდა …

სურვილი გამიჩნდა მისი კეთილი საქმეების შესახებ ბევრს გაეგო და ინტერვიუს ჩასაწერად ათენში დავუკავშირდი …

ნესი 11 წელია რაც საბერძნეთში ცხოვრობს. საქართველო 18 წლისამ დატოვა…

ნესი რობაქიძე:  როცა საქართველოდან მოვდიოდი არ მიფიქრია იმაზე თუ რამდენი ხნით დავტოვებდი ქვეყანას, მთავარი წასვლა იყო … ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, უმუშევარი მამა, ავადმყოფი დედა და სკოლის მოსწავლე და, რომელიც მალე სტუდენტი გახდებოდა, ჩემი მიზანი მისი განვითარება და ოჯახის დახმარება იყო.

დღესდღეობით კმაყოფილი ვარ შედეგით… საბერძნეთში წამოსვლამდე ვსწავლობდი და პარარელურად ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი, ყველაფრის მიტოვება მომიხდა, მიუხედავად ამისა დღეს არაფერს ვნანობ. დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, იგივეს გავაკეთებდი. აქ უფრო გავიზარდე. აქ უფრო მეტს ვაკეთებ, როგორც ჩემებისთვის ასევე ჩემი ქვეყნისთვისაც.

— რამდენად რთული იყო უცხო გარემოსთან შეგუება?

 — თავიდან რთული იყო, მაგრამ მალევე მოვხვდი ქართულ გარემოში და მივხვდი რომ «შინ» ვიყავი. ეს მაშინ, როცა ქართულ-ევროპული სახლის კარი შევაღე და განათლებისა და კულტურის ცენტრი «კავკასია» აღმოვაჩინე, ზუსტად მახსოვს როგორი შეგრძნება დამეუფლა — „ჩემი საქართველო აქ არის“.

მალევე მოვხვდი არასამთავრობო ქართულ ორგანიზაციაში «ემიგრანტი ქალი», მერე თითქმის ყველა  დიასპორულ ორგანიზაციებთან დავიწყე თანამშრომლობა და ჩავერთე სხვადასხვა საინტერესო პროგრამაში, იყო ბევრი კარგი ღონისძიება, მოსაწყენად არ მეცალა. დრო ისე გავიდა ვერც კი მივხვდი…

ვთანამშრომლობდი ჟურნალ «ემიგრანტ ქალთან» გაზეთ «ელადასთან», «ქართულ გაზეთთან». მახსოვს ჩემთან პირველი ინტერვიუ გაზეთ „ელადაში“ გამოქვეყნდა, ქალბატონი ანა ყურშავიშვილი იყო კორესპოდენტი…

სხვადასხვა საქმიანობის ფონზე თავი ნელ-ნელა დავიმკვიდრე, აუცილებელია გარემო იპოვო ისეთი, სადაც თავს უცხოდ არ იგრძნობ.

მერე სწავლა დავიწყე ხელოვნების სკოლაში, ვზრდიდი საკუთარ თავს, სტიმულს ის ადამინები მაძლევდნენ, რომლებიც ჩემს ირგვლივ იყვნენ და დღემდე არიან.

რა იყო ყველაზე დიდი სიძნელე რისი გადალახვაც მოგიხდა?

— გაუსაძლისი იყო საყვარელი ადამიანების გარდაცვალება, მათი სხვა განზომილებაში გადასვლა. აქ მყოფმა დავკარგე ბებო, ბიძაშვილები და ძალიან ახლობელი ადამიანები…

მეორე განსაცდელი, რომელიც სულ თან დამსდევს დედის ავადმყოფობაა, ყოველთვის როცა  ცუდად არის შიში მეუფლება — „დედა არ დავკარგო“.

სხვა სიძნელეებს მივეჩვიე…

მიყვარს დამოუკიდებელი ცხოვრება, წინსვლისთვის და მიზნისთვის საფეხურების ავლა.

როგორც ვიცი საბერძნეთში მყოფ ქართველებს ეხმარებოდი და მათთვის ფულს აგროვებდი, გაიხსენებ რამდენიმე ისტორიას?

— თავიდან, ყუთით დავდიოდი და შემოწირულობას ასე ვაგროვებდი. წმინდა პამტელეიმონის ტაძარს ვსტუმრობდი ქართული წირვის დროს, მერე ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებდი, ვხატავდი, პოეზიის საღამოებს ვაწყობდი და ამ ნივთებს ვყიდდი.

მე არ ვიყავი მარტო, ჩემთან ერთად ქართველი ახალგაზრდები იყვნენ, საუკეთესო გუნდი მყავდა, ისინი დღემდე ჩემთან არიან. მყავს ძლიერი მხარდამჭერი განათლებისა და კულტურის სახლის «კავკასიის» სახით, ამ ცენტრის დამფუძნებელი ავთანდილ მიქაბერიძე  ნებისმიერ ჩემს ღონისძიებას მხარს უჭერს და ყველაფერი გამომდის.

პირველად ყუთით სიარული ვის გამო და რატომ გადაწყვიტე?

-შემთხვევით ფეისბუქზე პოსტი ვნახე… პატარა იოანე, რომელსაც ხალხის დახმარება სჭირდებოდა 2 წლის იყო, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება და მეგობრებთან ერთად აქცია დავგეგმე, როდესაც პირველად ყუთი ხელში ავიღე ძალიან ვინერვიულე, არა იმიტომ რომ ყუთი მეჭირა, ეს უკვე პასუხისმგებლობა იყო … აუცილებლად უნდა შეგვეგროვებინა თანხა…

პირველი დიდი სიხარულიც მაშინ განვიცადე, როცა თანხა იოანეს მამას გავუგზავნეთ. ეს იყო ჩვენი წვლილი იოანეს სიცოცხლოსთვის.

ამის შემდეგ ბევრი საქველმოქმედო აქცია მოვაწყვეთ, რამდენიმე განსაკუთრებით მახსოვს, მათ შორის პატარა ნიკოლოზ გვენეტაძე, რომელიც გამოჯამრთელდა და მამამისმა საკმაოდ გულისმაჩუყებელი წერილი მომწერა, რომელსაც ცრემლიანი და ამაყი ვკითხულობდი…

ტკივილით მახსენდება 34 წლის ქართველი გოგონას გარდაცვალება, მისი საქართველოში გადასასვენებელი თანხა რომ მოგვეგრივებინა ყველა გავერთიანდით.

ვიყავი აქტიური მონაწილე და წევრი საქველმოქმედო ორგანიზაციისა „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი» .

— როგორც ვიცი პოეტების წიგნი გამოცემაშიც წვლილი გაქვს შეტანილი

— ეს იყო მეცამეტე თვის პოეტების წიგნი, წინასწარი შესყიდვის აქცია გავაკეთეთ, რისი საშუალებითაც გარკვეული თანხა შეგროვდა და გადავრიცხეთ. შედეგად წიგნი დაიბეჭდა, რამაც ძალიან გამახარა.

მახსენდება ასევე ძალიან კარგი დღეები, 2016 წლის დეკემბერში, ჩემი ინიციატივით მოწვეული  ბათუმელი თანამედროვე პოეტები, — აჩი ბერიძე, როი აბუსელიძე, გენრი დოლიძე, გიორგი გაბაიძე. მათი ერთობლივი ლექსების კრებულის»აბგდ»  წარდგინება „კავკასიაში» გაიმართა.  პოეტებმა საინტერესო საღამოები გვაჩუქეს…

დავდიოდით შეხვედრებზე, ვიყავით ბერძენი მწერლის ქალბატონ ელენი ლადიას წიგნის პრეზენტაციაზე, ასევე მოგვეცა საშუალება შევხვედროდით სხვა ბერძენ მწერლებსაც, ერთ-ერთი იყო მარტი ლაბრუ, რომელთანაც თანამშრომლობა დავიწყეთ, ვთარგმნით მოსი მოველების კრებულს. ამ კრებულში ერთი ნოველა ქართველ გოგონაზეა.

მახარებს ის ფაქტი, რომ აქ მყოფ ახალგაზრდებთან ერთად, ერთ აგურს მეც ვდებ ჩემი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ადათ-წესებს ვაცნობ ყველას. ვმონაწილეობ სხვადასხვა ღონისძიებაში, მინდა ყველამ იცოდეს, რომ სადღაც არსებობს ულამაზესი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია…  გვქონია არაერთი ქართულ-ბერძნულო ღონისძიება.

ტრადიციად გვექცა აგვისტოს ომის შემდეგ ყოველ 8 აგვისტოს ათენის მთავარ მოედანზე»სინტაგმაზე» ღონისძიების გამართვა, ცეკვავენ და მღერიან «კავკასიის»აღსაზრდელები, ჩვენ კი დაბეჭდილი ბროშურების საშუალებით ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას უცხოელებს.

 

საქართველოში რომ დარჩენილიყავი რას ფიქრობ, როგორი იქნებოდა შენი დღევანდელი დღე?

— საქართველოში რომ დავრჩენილიყავი არვიცი როგორ ვიქნებოდი, თუმცა ის რესურსი რაც აქ მივიღე, ალბათ, საქართველოში არასდროს მექნებოდა. აქ არაერთი თანამედროვე, წარმატებული, საინტერესო და ცნობილი ადამიანი გავიცანი, განათლებისა და კულტურის ცენტრის «კავკასიის» საშუალებით, რომელიც ახალგაზრდების შუამავალია ამ მხრივ და დიდი წვლილი მიუძღვის თითოეულის განვითარებაში.

— რას ეტყვი საქართველოში მყოფ ახალგაზრდებს?

— ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, განვითარება ყველაზე ძალიან გვჭირდება ახლა, იბრძოლონ სიმართლისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავალი ხომ ჩვენს მხრებზეა, მომავალი თაობების მხრებზე…

დეა თავბერიძე

 

ნანახია:(3388)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ძნელია ემიგრანტობა, მაგრამ როცა ასეთ კეთილ საქმე აკეთებ ტკივილი გიმსუბუქდება

სოფო ფოცხვერაშვილის სახელი და მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, დიდი ხანია გასცდა საზღვრებს. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაური ქართველი ემიგრანტი პოეტი, თავისივე


„ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს“ — რას ჰყვება ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

დღეს უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი(, სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება- ქართველი


„ლამაზი თვალები და ფულიანი მამა სულაც არ არის საჭირო წარმატებისთვის“ — თეო ოთარაშვილი

„ლამაზი თვალები და ფულიანი მამა სულაც არ არის საჭირო იმისთვის რომ წარმატება მოიპოვო. მთავარი არის —  რას გეგმავ, რას ფიქრობ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*