„ფსიქოლოგიამდელი ადამიანის მარტივი ვნებანი“ — ლევან რამიშვილი

by admin | Май 21, 2018 00:18

დაე, იარონ უოქინგ დედებმა!..

ანუ ფსიქოლოგიამდელი ადამიანის მარტივი ვნებანი

 

რა მოხდა 12 მაისს?

არც მეტი, არც ნაკლები –  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  ლ უ  ს ტ რ ა ც ი ა ,   რ ო გ ო რ ც   ჰ ო მ ო ფ ო ბ ი   ქ ვ ე ყ ნ ი ს .

თუ აქამდე მთელი ქვეყანა ცალყბად იმეორებდა, თავისთვის იყონ კაცო, მე არ შემეხონ და თავის პირად ცხოვრებაში რაც უნდა, ის უქნიათო, ახლა გამოჩნდა, რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობა ოცნებობს ცემოს, წიხლებით შედგეს, დაასისხლიანოს, უკბინოს, დაგლიჯოს, დაანაკუწოს, თავი გაუჩეჩქვოს, თავის ქალიდან გადმოხეთქილი სისხლი მოწოვოს… საიდან ვიცი? გადახედეთ ნებისმიერ „ჩათს“ ამ თემაზე – რას წერს ხალხი, რაზე ოცნებობს, რისკენ მიიწევს…

[1]საქართველოს მოსახლეობას ისე მოაწვა ჰომოსექსუალთა და ზოგადად „სხვანაირების“ სისხლის ხვრეპის ჟინი და ვნება, რომ პირზე დუჟმორეული ვეღარ არჩევს „გომიკს“ და უბრალოდ კიკინიანს, და უკვე ყველა ნერვებს უშლის, ყველას ერჩის… მისთვის ყველა უცხოელი და ყველა ცოტა ნორმალურად ჩაცმული ქართველი „პიდარასტია“, და ყველა პიდარასტი უნდა დაპორჭყნილ–ქნას უსასტიკესად, სანამ სული არ ამოხდება.

აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რისი მაქნისიც არის ქართველი ერის, როგორც ასეთის, ინტელექტი, ეს ხუთსართულიანი და უბილწსიტყვიანესი დედის ღრძილების გინებაა! არ დაგავიწყდეთ, რომ ეს იმ ერზე გვაქვს საუბარი, რომლებიც რუსებს ჩამორჩენილებსა და ველურებს უწოდებს,ამერიკელებს კი – დებილებსა და განუვითარებლებს, რომელიც საკუთარი უძველესი კულტურითა და სულიერებით, „მართლმადიდებლობით“ კუდაბზიკობს 24/7–ის რეჟიმში…

აღმოჩნდა, რომ ქართველებს ისიც კი ვერ გაუგიათ, რომ დედის ღრძილების გინება, ცოფმორეული სიძულვილი და დახოცვის სურვილი ვერაფრით ვერ იქნება ქრისტიანობა, რადგან ერთადერთი, რასაც ქრისტე ქადაგებდა, მტრის სიყვარული იყო.

[2]აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტს ინტელექტის ნასახი არ გააჩნია, და მხოლოდ ბრმა სიძულვილისა და გინების მსგავსი გაურკვველი ბგერების გამოცემის უნარს ფლობს.

ახლა კი მოკლედ განვიხილოთ, ვინ არიან ჰომოსექსუალები, და არიან თუ არა ისეთი საძულველები, როგორც ეს ქართველებს გონიათ.

მათ წინააღმდეგ მხოლოდ ორი არგუმენტი არსებობს – ის, რომ მათი სექსუალური ორიენტაცია თანდაყოლილია, და ის რომ იგი შეძენილია. ორივე ეს გარემოება მათ წინააღმდეგ მუშაობს, მხოლოდ იმიტომ, რომ სიძულვილით შეპყრობილი ადამიანის ხელში შეუძლებელია რაიმემ არ იმუშაოს „პიდარასტების“ წინააღმდეგ. ეს ის შემთხვევაა, როცა აზროვნება უბრალოდ გამოირიცხება და ლოგიკური დასკვნები ეკზალტირებული ტვინის მიერ უბრალოდ აღარ აღიქმება…

სინამდვილეში კი, რომ დავუფიქრდეთ, ვერცერთი ეს ვარიანტი ვერ გამოდგება სიძულვილის მიზეზად. თუკი ადამიანს დედის მუცლიდან მოსდევს რაღაც, რისთვის უნდა გვძულდეს იგი? იმისთვის, რაც თვითონ არ აურჩევია და რისი თავიდან მოცილებაც არ შეუძლია?

თუკი ადამიანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე იძენს რაიმეს, თუნდაც ისეთ რამეს, რაც ჩვენთვის დიდი საშინელებაა, რისთვის უნდა გვძულდეს, რომ არ გაუმართლა და რაღაც შეემთხვა?

არ დაიჯერებთ, მაგრამ ჰომოფობებს ჰომოსექსუალად ქცევის სწორედ ის ვარიანტი წარმოუდგენიათ შესაძლებლად, რომელიც აბსოლუტურად შეუძლებელია. მათ გონიათ, რომ ერთ დღესაც ადამიანი იღვიძებს და გადაწყვეტს – „მორჩა, მეყოფა ჰეტეროსექსუალობა, დღეიდან „პიდარასტი“ ვიქნები!“ გადაწყვეტს და ასეც მოიქცევა… მათ გონიათ, რომ „გაპიდარასტება“ შეგნებული არჩევანია, და რაღა თქმა უნდა ასეთ არჩევანს მხოლოდ „გარყვნილი“, „ჩათლახი“ ხალხი აკეთებს..

ალბათ ზედმეტი იქნება იმის მტკიცება, თუ რამდენად პრიმიტიულია ასეთი წარმოდგენა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთ დილასაც ადგა და ჰომოსექსუალად გადაქცევა გადაწყვიტა. ეს პროცესი ასეც რომ გამოიყურებოდეს გარეგნულად, ეს ყოველთვის ფარული შინაგანი იმპულსების გაღვიძებასთან არის დაკავშირებული და არა შეგნებულ გადაწყვეტილებასთან. მართალი გითხრათ, მრცხვენია კიდეც, ამაზე საუბარი რომ მიხდება…

საერთოდ, მე თუ მკითხავთ, სულ ორი ტიპის ადამიანი არსებობს ამქვეყნად – ფსიქოლოგიამდელი, და ფსიქოლოგიისშემდგომი. ფსიქოლოგიამდელ ადამიანს არ ესმის, რა არის ფსიქიკა, არ ესმის, არ ესმის ქვეცნობიერი მექანიზმების მუშაობის კანონზომიერებები, არ ესმის ადამიანის შინაგანი ცხოვრების სირთულე. მის წარმოდგენაში ყველაფერი შეგნებული გადაწყვეტილებების შედეგად ხდება. ამიტომაც მას არ ესმის ადამიანის და არც მისი თანაგრძნობა შეუძლია. მისი აღქმა შავ–თეთრია: არსებობს „კარგი“ და ცუდი“, „კეთილი“ და ბოროტი“, „გარყვნილი“ და „ღირსეული“.

ფსიქოლოგიამდელი ადამიანი, როგორც წესი, ტრადიციული საზოგადოების შვილია. ამიტომ მის აღქმაში სექსი თავისთავად „ცუდის“ კატეგორიაში ხვდება. იგი არასოდეს დაფიქრებულა იმაზე, რომ შესაძლოა, სულაც არ გააჩნია საკუთარი აზრი, რომ მისი შეხედულებები მთლიანად იმ კოლექტივის მიერ არის თავს მოხვეული, რომელშიც ცხოვრობს, და რა თქმა უნდა, ვერც იმას ხვდება, რომ შესაძლებელია მისი წარმოდგენები, რომლებიც სულაც არ არის, მისი, შეიძლება სულაც არ ასახავდეს რეალობას.

ამიტომაც ფსიქოლოგიისშემდგომი ადამიანისთვის ტრაგიკულობამდე რთულია ფსიაოლოგიამდელ ადამიანთან ურთიერთობა. ფაქტობრივად, ეს ორი სხვადასხვა განზომილებაა, რომლებსაც ერთმანეთთან შეხების წერტილები არ გააჩნიათ. ეს იგივეა, რომ მესამე განზომილებაზე ელაპარაკო იმას, ვინც ორგანზომილებიან სამყაროში ცხოვრობს. ეს იგივეა რომ თევზს, რომელიც წყალში ცხოვრობს, კოსმოსში ფრენაზე ჩამოუგდო სიტყვა…

ფსიქოლოგიამდელ ადამიანს, რაც არ უნდა მონდომებული და გაწაფული იყოს რელიგიურ ცხოვრებაში, არ გააჩნია თანაგრძნობა. ან საიდან უნდა გააჩნდეს? მისთვის სამყარო „სწორ“ და „არასწორ“ ადამიანებადაა დაყოფილი. „არასწორი“ ადამიანები, მის წარმოდგენაში, რა თქმა უნდა შეგნებულად წყვეტენ, იყონ ასეთები და შემდეგ თანმიმდევრულად ასხამენ ხორცს ამ თავის „ზნედაცემულ“ სურვილს… ამიტომ ისინი არ და ვერ იმსახურებენ ფსიქოლოგიამდელი ადამიანის თანაგრძნობას.

[3]ამას გარდა, „ცუდი“, „გაფუჭებული“, „უზნეო“ ადამიანები, მისი აზრით, წამლავენ იმ სამყაროს, რომელშიც ის ცხოვრობს, ამიტომ ისინი ყოველთვის პირადად ეხებიან მას, რის გამოც მასში მუდმივად იბადება გაღიზიანება, წყენა და ბრაზი მათ მიმართ. და რადგან ფსიქოლოგიამდელი ადამიანი არ იცნობს ფსიქოლოგიას, იგი ვერასოდეს იხედება თავის თავში, და ამ გძნობების ბრმა მონა ხდება.

რადგან ფსიქოლოგიამდელმა ადამიანმა არ იცის, რამდენად რთულია ადამიანის ფსიქიკა, და რამდენად ძნელია ქვეცნობიერ იმპულსებთან თუ პროგრამებთან გამკლავება, იგი ვერასოდეს თანაუგრძნობს სხვებს. მას გონია, რომ იმისავის, რომ „კარგები გახდნენ“, სხვებმა მხოლოდ უნდა მოინდომონ ეს, და რადგან არ ინდომენენ, ესეიგი, „ჩათლახები“ არიან…

მიუხედავად იმისა, რომ იგი ხედავს, თუ რამდენად უსუსურია თვითონ საკუთუთარ „ცოდვების“ წინაშე, მიუხედავად იმისა,  რომ ყოველ კვირა იგი ინანიებს მათ და პირობას დებს, რომ აღარ ჩაიდენს, და მაინც ჩადის უსასრულოდ, ის ვერ იგებს, რატომ არ შეიძლება, ყველანი მისნაირი „სწორები“ და მორალურები იყვნენ. ვერ ხედავს, რადგან მას უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, რომ სხვა შეიძლება სხვანაირად ხედავდეს რეალობას. მას არ გაუგია, რა არის „სამყაროს სურათი“, და ფიქრობს, რომ მისი საკუთარი სამყაროს სურათი ერთადერთია, რომ სხვანაირი ხედვა, უბრალოდ არ არსებობს. სხვანაირ ხედვას იგი მორალურ იარლიყებს აწეპებს, და „ცოდვად“ ან „ჩათლახობად“ აღიქვამს…

ფსიქოლოგიამდელ ადამიანს არა აქვს ლოგიკური მსჯელობის, გარჩევის, გარკვევის უნარი. მას შეუძლია მხოლოდ შეაფასოს და იარლიყები აწეპოს, და ისიც მხოლოდ მისი კულტურის ცნებებისა და ტერმინოლოგიის ფარგლებში.

[4]ფსიქოლოგიამდელ ადამიანს არ გააჩნია არც ადამიანური გრძნობები, რომელთა მეშვეობითაც ის შეძლებდა „სხვანაირებთან“ არავერბალურ დონეზე კავშირის დამყარებას. ბუნების მიერ მომადლებული ადამიანური გრძნობები, რომლებიც ყოველთვის სპონტანურად წარმოიშვება, მასში ყოველთვის ჩანაცვლებულია ტრადიციის მიერ ნაკარნახები „სწორი“ გრძნობებით, რომლებიც წინასწარ არის დადგენილი სოციუმის მიერ…

ყველაფერ ამას ფსიქოლოგიამდელი ადამიანი გარდაუვალად მიჰყავს მისგან განსხვავებულად მოაზროვნეებთან ადამიანური ურთიერთობის დამყარების სრულ შეუძლებლობამდე, მათთან სრულ გაუცხოებამდე და იზოლაციამდე. ამიტომაც მისთვის მარად გაუგებარი და შეუცნობელი ხდება ნებისმიერი რელიგიისა და ზოგადად სულიერების ყველაზე მთავარი იდეა – სამყაროს მთლიანობის, ყველასა და ყველაფრის ერთობის იდეა. ასე და ამგვარად იგი მოწყვეტილია იმასაც კი, რასაც მიბმულია გარეგნულად. ანუ ისიც კი, რისიც სჯერა და მისდევს, მისთვის ყოველთვის გაუგებარი რჩება…

ფსიქოლოგიამდელმა ადამიანმა არ იცის ფსიქოლოგია. ამიტომ იგი ვერასოდეს გაიგებს, რასაც ახლა ვიტყვი: რომ გაუცხოებაში მხოლოდ სიძულვილი შეიძლება დაიბადოს, სიყვარული კი მხოლოდ გაერთიანებაში, შეერთებაში იბადება. „უცხო“ ყოველთვის გაურკვეველია, გაურკვეველი კი შიშის უმთავრესი წყაროა. სანამ ვინმე საშიშია, მის მიართ სიყვარული ვერ გაჩნდება. სიყვარული ყოველთვის გულისხმობს ნდობას, მინდობას, რადგან ასეთია მისი ბუნება, მაგრამ შიშს არ შეუძლია ასეთი რამ დაუშვას, იგი ვერასოდეს მიენდობა, რადგან ეშინია…

ამიტომ სიყვარული მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მცირდება, ან საერთოდ ქრება ერთმანეთში უცხო, ანუ გაურკვეველი ელემენტების ხედვა.

გამოდის, რომ ფსიქოლოგიამდელ ადამიანს არ შეუძლია შეასრულოს თავისივე რელიგიის მთავარი და ერთდერთი მოთხოვნა – მას არათუ „მტრის“ შეყვარება არ ძალუძს, მას უბრალოდ განსხვავებული ადამიანების შეყვარების მცირედი შანსიც კი არა აქვს.

ამიტომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს ფიქოლოგიამდელმა ადამიანმა „ქრისტესმიერ სიყვარულზე“, „შენდობასა“ და „კაცთა შორის სათნოებაზე“, რეალურად ის თანაგრძნობისა და სიყვარულის უნარს მოკლებულია და ყოველთვის ბრმა სიძულვილით, შავზე უფრო შავი ზიზღით არის სავსე იმათ მიმართ, ვინც მისგან ოდნავ მაინც განსხვავდება.

როგორც ჩანს, ერთადერთი განსხვავებული, რომლის ატანაც „ტრადიციონალისტებს“ შეუძლიათ, ეს განსხვავებული სასმისია…

ფსიქოლოგიამდელი ადამიანი ვერასოდეს ერკვევა ფაქიზ მატერიებსა და ნიუანსებში. იგი ვერასოდეს გაიგებს, რომ სოკრატეს სიყვარული პატარა ბიჭების მიმართ ბევრად უფრო ამაღლებული რამ გახლდათ, ვიდრე მისი ბინძური ლტოლვა საკუთარი ცოლის უკანალისადმი. რა თქმა უნდა, ის ვერასოდეს ვერ გაიგებს ვერც იმას, რომ ძველ საბერძნეთში არ არსებობდა ქრისტიანული მორალი, ანუ არ არსებობდა სექსის გაგება, როგორც რაღაც თავისთავად ცუდის, როგორც „გარყვნილების“, და ასევე არ არსებობდა ერთიდაიგივე სქესის წარმომადგენელთა შორის სქესის გაგება, როგორც „მომაკვდინებელი ცოდვის“.

ფსიქოლოგიამდელი ადამიანი ვერ გაიგებს და ვერ გაითვალისწინებს ვერასოდეს, რომ ძველი ბერძნები, ისევე როგორც რომაელები სულ სხვანაირად ხედავდნენ ყველაფერს, რადგან საბაზისო წარმოდგენები სხვანაირი ქონდათ.

იგი ვერ აპატიებს ვერც სოკრატეს, და ვერც სხვა ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს იმას, რომ ისინი პატარა ბიჭებს ეთაყვანებოდნენ. ისინი მისთვის ბოლომდე „ჩათლახებად“ და „პიდარასტებად“ დარჩებიან…

რაც ყველაზე სამწუხაროა, ფსიქოლოგიამდელი ადამიანი, ანუ თანამედროვე ქართველი „ჭეშმარიტი მართლმადიდებელი“, ვერასოდეს მიხვდება იმას, რომ სოკრატე ერთ–ერთი ყველაზე დიდი ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე დაბადებულა, და რომ ეს „ჩათლახი პიდარასტი“ ბევრად უფრო ახლოს იყო ქრისტესთან, ვიდრე თვითონ შეიძლება ოდესმე იყოს, თუნდაც მხოლოდ იმით, რომ ქრისტემდე საუკუნეებით ადრე მან, ქრისტეს მსგავსად, საკუთარი ნებით შესვა მომაკვდინებელი შხამით სავსე თასი…

ფსიქოლოგიამდელი ადამიანი ვერც ლეონარდო და ვინჩის, ან ჩაიკოვსკის გენიალურობას დააფასებს. ისინიც, როგორც უამრავი სხვა ჰომოსექსუალი გენიოსი, მისთვის „ბინძურ პიდარასტებად“ დარჩებიან, და რა თქმა უნდა, იგი ცამდე მართალი იქნება, ისევე როგორც უმანკო და მართალი იყო, როცა ჯორდანო ბრუნოს წვავდა, როცა ურთულეს საწამებელ იარაღებს იგონებდა და მილიონობით ადამიანს აწამებდა, როცა „ვეფხისტყაოსანს“ უკიდებდა ცეცხლს, როცა სულხან–საბას ათრევდა წვერით…

ახლა კი მთავარი რამ უნდა ვთქვათ. ის, რითაც ფსიქოლოგიამდელი ადამიანი ყოველთვის გამართლდება ჩვენს თვალში, რადგან ჩვენ დავინახავთ, რომ არ აქვს არავითარი შანსი იყოს სხვანაირი და მოიქცეს სხვანაირად.

ჩვენც რომ განკიცხვისა და დაპირისპირების ყოვლად უსარგებლო რეჟიმში არ ჩავვარდეთ, აუცილებელია, გავერკვეთ, რა ხდება ფსიქოლოგიამდელი ადამიანის ტვინში.

რატომ უჭირს მას ასე ძალიან სხვების მიღება? რატომ უჩნდება ასეთი ძლიერი, დაუძლეველი სურვილი, მოსპოს, გაანადგუროს ისინი?

ამის გასაგებად, მადლობა ღმერთს, დისერტაციის დაცვა არ დამჭირდება, რადგან ეს თემა უკვე ათასგზის შესწავლილია.

ფსიქოლოგიამდელ ადამიანს სხვებში უჭირს ზუსტად იმის მიღება, რაც თვით მასშია გადამალული და რისთვისაც მას თვალის გასწორება არ ძალუძს.

ამ რაღაცას, ტრადიციული მორალის მიერ ისეთი მომაკვდინებელი ტაბუ ადევს, რომ მისი დანახვა ფსიქოლოგიამდელ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია.

მან რომ აღიაროს, რომ გამოუვლენელი ჰომოსექსუალური იმპულსები თვით მასშია, იმ საზოგადოების თვალში, რომელზეც არის ის დამოკიდებული მატერიალურადაც და მორალურადაც, იგი ისეთივე საზიზღრობა და არარაობა გახდება, როგორებიც არიან „’პიდარასტები“ თავად მის თვალში.

ფსიქოლოგიამდელი ადამიანი სრულ სიბინძურედ გადაიქცევა საკუთარი თავის თვალშიც კი, რადგან მას არ გააჩნია სხვა აზროვნება და სხვა ფასეულობები, გარდა იმისა, რომელიც მას ბავშვობაში კოლექტივმა ჩაუპროგრამა.

ფსიქოლოგიამდელმა ადამიანმა თავის თავში რომ ჰომოსექსუალიზმის ნიშნები აღმოაჩინოს, ვეღარ აიტანს თავის თავს, ვეღარ აიტანს არსებობას და თვითმკვლელობის მეტი აღარაფერი დარჩება.

ამიტომაც მისი ფსიქიკა,მისი ქვეცნობიერი ამას არასოდეს დაუშვებს, რადგან ქვეცნობიერის უპირველესი ფუნქცია სიმართლის ძიება და თვითშემეცნება კი არ არის, არამედ თვითგადარჩენა.

ამიტომაც იბრძვიან ასე გამეტებით „ტრადიციონალისტები,“ ჰომოსექსუალთა და საერთოდ ყველანაირ განსხვავებულთა (როგორც პოტენციური „პიდარასტების“) მოსასპობად, გასანადგურებლად, მათი ყოველგვარი კვალის წასაშლელად. მათ გონიათ რომ გარე სამყაროში პედერასტიის გაქრობით ეს ფენომენი მათი არსების შიგნითაც გაქრება.

ალბათ გახსოვთ ათასობით ტაბურეტიანი მღვდელი, რომელიც ორი კინკილა გოგონას ჩასაქვავებლად გამოვარდა ბღავილით თბილისის ქუჩებში 17 მაისს. უმეტესი მათგანი ლატენტური ჰომოსექსუალი გახლდათ და ქვეცნობიერად იმედი ქონდა, რომ ამ გოგონების განადგურებით საკუთარ თავში გაანადგურებდა „მომაკვდინებელ ცოდვას“.

ეს რა თქმა უნდა უტოპიაა – ამ გზით „შინაგანი გომიკი“ არსადაც არ წავა, მაგრამ ამდენი ქვეცნობიერს აღარ ესმის…

ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ „შინაგანი გომიკი“ გაქრეს, არის მისი დანახვა, გაცნობიერება, აღიარება, პატიება, სიყვარულით მიღება და სიყვარულითვე გაშვება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფსიქოლოგიური პრობლემებისგან განთავისუფლება მხოლოდ ასე ხდება, მაგრამ აქამდე მისვლაა საჭირო…

ცნობიერება, შეგნება, ცნობიერი ცხოვრება „ტრადიციონალისთვის“ მეტისმეტად დიდი ფუფუნებაა. იგი მთლიანად არაცნობიერი იმპულსების ტყვეობაში იმყოფება, არაცნობიერი მას მთლიანად მართავს და თან ატყუებს, ვითომ ის თავად არის თავისი ცხოვრების ბატონ–პატრონი. ნეიროფიზიოლოგიაში უკანასკნელი კვლევების მიხედვით სწორედ ასე ასულელებს ქვეცნობიერი ცნობიერს.

ამიტომ არ ღირს ტაბურეტიან მკვლელებად ქცეულ „ტრადიციონალისტებზე“ და „პატრიოტებზე“ გაბრაზება. გაბრაზებას უბრალოდ აზრი არა აქვს… ამ ადამიანებს უფრო მოფერება, დაყვავება და თავზე ხელის გადასმა მოუხდებათ. აზრი არა აქვს არც მათთან კამათს, და მითუმეტეს, არც ბრძოლას. და რა თქმა უნდა, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ისინი ვერასოდეს ვერაფერს გაიგებენ და არც არსად არ გადაშენდებიან. ისინი ყოველთვის იქნებიან, რადგან მათი არსებობა ყოველთვის ხელს აძლევთ იმათ, ვინც მართავს ქვეყნებსა და ერებს „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით.

ისინი იქნებიან და იაქტიურებენ – შეიგინებენ, შეაფურთხებენ, მუშტებს მოიქნევენ… და ისინი ყოველთვის მართლები იქნებიან, რადგან არ იციან, რას იქმან… ისინი ყოველთვის იქნებიან, და თავიანთ მკვდრებს დამარხავენ. ისინი ყოველთვის ივლიან ამ ქვეყანაზე, როგორც „უოქინგ დედები“, ყოველთვის დედებს შეგვაგინებენ და ყოველთვის უმანკოები და მართლები იქნებიან… ისინი ყოველთვის ივლიან და რახან ასეა, რაღა გაეწყობა – დაე იარონ, იარონ, იარონ, ამინ!..

[5]

P.S. თუ თქვენ შეგაშფოთათ ან აღგაშფოთათ ამ სტატიაში გამოთქმულმა ყოვლად მიუღებელმა აზრებმა, ეს ნიშნავს, რომ ქვეცნობიერი თქვენც ისე გმართავთ, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს.

ლევან რამიშვილი

 

 

ნანახია:(341)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/05/ფფ1.jpg
  2. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/05/ტაბურეტ.jpg
  3. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/05/ტაბ1.jpg
  4. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/05/ცჰამა.jpg
  5. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/05/გიპი.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/fsiqologiamdeli-adamianis-marivi-vnebani/