„ეს წერილი სულ ერთი ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია“… | Jolo.ge


„ეს წერილი სულ ერთი ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია“…

„ეს წერილი სულ ერთი ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია“…

დედაჩემთან იოლი ურთიერთობა არასდროს მქონია. მისი აღზრდის წესი მკაცრ დათქმებს გულისხმობდა, ჩემი მისწრაფებები – ამ დათქმების დარღვევას. ჯიუტი ვიყავი და ვარ.

მგონი მაშინ უფრო – ბავშობისას.

აი, ვთქვათ, გაუგებრად ვითხოვდი – მეზობლის თხა დამიბით და მომიყვანეთ! ახლავე! იოლი ამბავი არ იყო. ჯერ თხის დაჭერა და რომც შეეპყროთ, მერე მეზობელი გახდებოდა დასაბმელი. თუ არა, თავს ჩამოვიხრჩობ მეთქი. ბოლო საქმე სად შევიტყვე, აღარ მახსოვს, მაგრამ ვიმეორებდი კი. ეს სცენა მახსოვს. სხვა ბევრი – სხვებს და მიყვებიან ხოლმე.

მერე სკოლაში ჩემს კალიგრაფიას, ლექსების დაზეპირებას, რუსულს, გერმანულს დააყოლა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი. მე ვიზრდებოდი. იზრდებოდა განსხვავება ჩვენს აზრებს შორის. თხის დაჭერას აღარ ვითხოვდი და კაცმა რომ თქვას, 14 წლიდან – არც არაფერს. 16 წლისამ საერთოდაც თბილისს მოვაშურე. თუმცა რაზეც ახლა გიყვებით, მანამდე დაიწყო.

დედაჩემი წერილებს მწერდა. აი, ისე, როგორც სადღაც ვლადივოსტკოში, ჯარში წასულ შვილებს წერდნენ. ისე, მაგრამ არა ისეთს. იწყებოდა კონკრეტული ამბით – ,,ქათმები შუუშვი საკარიაში’’ და გრძელდებოდა ზოგადით – ,,რამე შუუშვი თავში, ნახე, გივიეს ბაღნები რაფერი მაცადინები არიენ, შენ ბურთს დაზდევ მთელი დღეი და მოგვსპე ცოცხლათ ამ ნაკლეიკების თამაშით’’. ეს წერილები ყველგან იდო, კართან –,,ფეხზე გეიწმინდე’’, ფანჯარასთან – ,,პაწაზე ღიათაც არ დატიო, წყალი შემუუარს’’ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. განა გაბუტული იყო სულ. თუმცა მაინც.

მერე აქეთ, ავტობუსის მძღოლს ატანდა უზარმაზრ ეპოსტოლეებს. ქაღალდებში გახვეული მჭადი, ყველი და ქათამი ერთობლივი ძალით ნაწერს აზიანებდნენ და წერილი ნამარხში აღმოჩენილ პალიმფსესტს ჰგავდა. მისტიკა და სხვანი. მოკლედ, ახლა იგივე გრძელდება. სადმე საქმეზე მყოფი, ოზურგეთში, სახლში გვიან შევირბენ და მათ შორის აი, ეს წერილი მხვდება აივანზე და შემდეგ უკვე სხვა წერილები მიყვებიან ქვევით საფეხურ–საფეხურ კიბეს. ეს წერილი სულ ერთი ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია უცებ – წლების და წუთების, სადღაც უკან, ლამფიან და მოღლილ ღუმელიან საღამოების წაკითხვა და მით უფრო გრძელია ეს ერთი ხაზი, მით ღრმა, რაც ცოტანი ვრჩებით. ცოტა რა – სულ ორი – მე და დედაჩემი.
9 ივლისი. 2017 წელი
#გიორგიკეკელიძე #გურულიდღიურები წიგნი მესამე

ნანახია:(165)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ზურა ყიფშიძე, ლევან უჩანეიშვილის სპექტაკლში ბროდვეიზე

თეატრმა ნოსტალგია იცის, წყურვილი… თქვა მსახიობმა და ალბათ, სწორედ ეს არის მთავარი „დამნაშავე“ იმაში, რომ ლევან უჩანეიშვილი სპექტაკლს დგამს, ამ


KARAOKE PARTY ბექა გელენავასთან ერთად

29 ნოემბერს, 21:00 საათზე, კაფე «ტერემოკში» (ჯიქიას 8) მუსიკოსი ბექა გელენავა «კარაოკე ფართიზე» გეპატიჟებათ.  საღამოში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება,


თანამედროვე ბიბლიოთეკარის გიორგი კეკელიძის ხიბლი და მიღწევა — ინგა გოგიბერიძე

ბატონო გიორგი, გილოცავთ…..წარმატებულ და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ და ულამაზეს პირად ცხოვრებას…თქვენ ამას იმსახურებთ…… ორი წლის წინ დაწერილი წერილით გეფერებით,რადგან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<